ხანდაზმულთა კვების ძირითადი პრინციპები
- ქალბატონო ლია, ენერგეტიკული თვალსაზრისით როგორი უნდა იყოს ხანდაზმულთა დაბალანსებული საკვები?
- საკვები კალორაჟის გათვალისწინებით უნდა დაბალანსდეს. არ შეიძლება ნაყროვანება და ბევრი ცხიმიანი და ნახშირწყლიანი (პური, ფაფები, შაქარი) საკვების მიღება. ხშირად ეს შეიძლება გახდეს ჯანმრთელობის დარღვევის მიზეზი.
- ასაკოვანი ადამიანების მძიმე დაავადებებისა და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სისხლძარღვების ათეროსკლეროზია. ამ პრობლემის პროფილაქტიკა კვებით რამდენად შესაძლებელია?
- ასაკოვანმა ადამიანმა უნდა შეზღუდოს ცხოველური ცხიმები, მოიხმაროს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველი თევზი, ხაჭო, მაწონი, კეფირი, ზღვის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული. ამგვარი რაციონი სისხლში ქოლესტერინის დონეს აქვეითებს და ეწინააღმდეგება ნაწლავიდან სისხლში მის უკუშეწოვას.
რაციონი მაქსიმალურად მრავალფეროვანი უნდა იყოს. საკვები უნდა შეიცავდეს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისათვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას. ამიტომ ყოველდღიურ მენიუში უნდა ჩავრთოთ სხვადასხვა პროდუქტი: ხორცი, თევზი, კვერცხი, სხვადასხვა ცხიმი, ხილი და ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ბურღულეული.
გარდა იმისა, რომ რაციონში ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები უნდა იყოს, საჭიროა კულინარიული დამუშავების წესების დაცვაც, სხვაგვარად, აღნიშნული ვიტამინები შეიძლება სრულად დაიშალოს.
ძალიან სასარგებლოა უმი ხილისა და ბოსტნეულის, ჩირის მიღება მთელი წლის განმავლობაში, რითაც ორგანიზმი მომარაგდება საკმარისი ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით. ასაკოვანთათვის მიზანშეუწონელია კონსერვირებული პროდუქტების სისტემატური მოხმარება, რადგანაც ტექნოლოგიური დამუშავების პროცესში ვიტამინები ნაწილობრივ იშლება. საჭიროა რაციონში მარილის რაოდენობის შემცირებაც. ჭარბმა მარილმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, ორგანიზმში სითხის შეკავება, გულის მუშაობის გაუარესება. ნაკლებადაა მისაღები ქაშაყი, მჟავე კიტრი, დამარილებული სოკო და სხვა მარილიანი საკვები.
რადგანაც ასაკოვნებთან მომნელებელი ფერმენტების აქტივობა დაქვეითებულია, ამიტომ პროდუქტები და კერძები მსუბუქი და კარგად ასათვისებელი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ხორცის ცილების ნაცვლად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს თევზისა და რძის პროდუქტებს. არ არის საჭირო შებოლილი, სოკო, პარკოსნები. ეს პროდუქტები ართულებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას.
საკვები გემრიელად უნდა გამოიყურებოდეს. ხანდაზმულებს მადა ხშირად დაქვეითებული აქვთ, ამიტომ მნიშვნელოვანია კერძების მიმზიდველი შესახედაობა, უფრო მეტი მწვანილით, ნივრით, ხახვით. ეს პროდუქტები არა მარტო კერძის გემოს აუმჯობესებს, ორგანიზმს სასარგებლო მინერალური ნივთიერებებით, ვიტამინებით, ფიტონციდებით ამარაგებს. ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციის რეგულაციისთვის რეკომენდებულია ხახვისა და ნივრის სისტემატურად მიღება. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ხახვი გაზაფხულზე, რადგანაც ხილსა და ბოსტნეულში С ვიტამინის მარაგი იწურება.
ხილი და ბოსტნეული შეიცავს დიკუმარინის რიგის ნივთიერებებს, რომლებიც სისხლის შედედების უნარს აქვეითებს და ამცირებს პროთრომბინის დონეს. ხილისა და ბოსტნეულის დღიური ნორმა ასაკოვანი ადამიანისთვის დღეში დაახლოებით 300-400 გ-ია. მათი დაბალი კალორიულობა ამცირებს რაციონის კალორიულობას, მნიშვნელოვანი მოცულობა კი ნაყროვანების შეგრძნებას იძლევა. ბალასტური ნივთიერებები (უჯრედული გარსები, პექტინი) ასტიმულირებს ნაწლავის მუშაობას, ანადგურებს მავნე მიკროფლორას, ხელს უწყობს ქოლესტერინის გამოყოფას. ამას გარდა, ხილსა და ბოსტნეულში დიდი რაოდენობითაა კალიუმის მარილები, რომელთაც დიურეზული და ანტიარითმიული მოქმედება აქვს, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას აუმჯობესებს. ხილითა და ბოსტნეულით ვღებულობთ С ვიტამინის ძირითად რაოდენობას. ამ ვიტამინის საშუალებით მაგრდება სისხლძარღვების კედლები, ნორმალიზდება ქოლესტერინის ცვლა და ინფექციებისადმი ორგანიზმის მედეგობა.
- უშუალოდ პროდუქტებზე რას გვეტყოდით?
- ყველაზე საყვარელ და გავრცელებულ ბოსტნეულად ჩვენთან კარტოფილია მიჩნეული, რომელიც შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებსა და მინერალურ მარილებს. მცენარეული ცილებიდან კარტოფილის ყველაზე სრულყოფილია. ასკორბინის მჟავას შემცველობა კი კარტოფილში მცირეა, მაგრამ რადგანაც მას დიდი რაოდენობით ჭამენ, ის ამ ვიტამინის მნიშვნელოვან მიმწოდებლად ითვლება.
როგორც კალიუმის მარილების წყარო, გამომცხვარი ან კანიანად მოხარშული კარტოფილი შეიძლება ჰიპერტონიული დაავადების მქონე პაციენტების დიეტაში ჩაერთოს.
კომბოსტოში ბევრია С ვიტამინი, კაროტინი, В1, В6, ე.წ. U ვიტამინები. კომბოსტო მდიდარია მინერალური შემადგენლობითაც: კალიუმის, ფოსფორის, გოგირდის მარილებით. კომბოსტო შეიცავს ცილასა და ნახშირწყლებს. კარტოფილისგან განსხვავებით, ის დაბალკალორიულია და მისი მიღება რეკომენდებულია სიმსუქნისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის.
როგორც წესი, ხანდაზმულები სტაფილოს შედარებით ცოტას ჭამენ. მასში კი ბევრი სამკურნალო ნივთიერებაა: კაროტინი, კალიუმის მარილები, ლეციტინი. სტაფილო განსაკუთრებით სასარგებლოა А ვიტამინის დეფიციტის, ღვიძლის, თირკმელების დაავადებების დროს, ყაბზობის მოსახსნელად.
- გავრცელებული მოსაზრებით, პომიდორი ნაკლებად სასარგებლო ბოსტნეულია. რამდენად მართებულია ეს აზრი?
- პომიდორი უმნიშვნელო რაოდენობით მჟაუნმჟავას შეიცავს, რომლის მარილები (ოქსალატები) უკუნაჩვენებია წყალმარილოვანი ცვლის დარღვევისას. პომიდორი ძირითადად შეიცავს ვაშლისა და ლიმონის ორგანულ მჟავებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ცვლით პროცესებზე. მასში შედის კაროტინი, С, Р, В ჯგუფის ვიტამინები. პომიდორში ბევრია კალიუმის მარილი და სხვა მინერალური ნივთიერება. ამიტომ ხანში შესულებმა უნდა მიიღონ ახალი პომიდორი ან დალიონ მისი წვენი. კონსერვირებული და დამარილებული პომიდორი, ტომატ-პასტა შეიძლება, თუ არ აღინიშნება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები.
კიტრის კვებითი ღირებულება დიდი არაა და მხოლოდ 15 კალორიაა.
ძალიან სასარგებლოა ვაშლი, რომელსაც კოლიტების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და პოდაგრის დროს სამკურნალო ეფექტიც კი აქვს.
ასკორბინის მჟავას ნამდვილი წყაროა ასკილი, ციტრუსები, რომლებიც ასევე შეიცავენ კალიუმის მარილებს, ორგანულ მჟავებს, უჯრედისს, ეთერზეთებს. ყურძენი კი მხოლოდ მცირე რაოდენობითაა დასაშვები, მასში დიდია შაქრის შემცველობა, რაც ნაწლავში დუღილის პროცესსა და მუცლის შებერილობას იწვევს.
- შესაძლოა ამ ასაკში ადამიანი ვერ იღებდეს უმ ხილსა და ბოსტნეულს, მაშინ როგორ მოვიქცეთ?
- უმი ხილი და ბოსტნეული ასეთ დროს შეიძლება შეიცვალოს წვენებით.
- რა დოზით უნდა იყოს რაციონში რძე და რძის პროდუქტები?
- ხანდაზმულის რაციონში რძე და რძის პროდუქტები მნიშვნელოვანია. მაწონი, კეფირი შეიცავს რძემჟავა ბაქტერიებს, რომლებიც სწორ ნაწლავში მოხვედრისას მასში ქმნიან სუსტ მჟავა გარემოს და პათოგენური მიკრობების განვითარებას აფერხებენ. რძის ეს პროდუქტები კლავს წყურვილის შეგრძნებას, ზრდის მადას და აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას.
ცილის კარგი წყაროა ყველი. რაციონში საკმარისი რაოდენობით მოხარშული ხორცისა და თევზის ჩართვაც აუცილებელია.
- პური როგორ მიიღება?
- ხანდაზმულთათვის პურის დღიური ნორმა დაახლოებით 300 გ-ს შეადგენს. ყველაზე სასარგებლოა ჭვავისა და მსხვილად დაფქული ფქვილის პური.
- ხანდაზმულ ასაკში ხშირია გაუწყლოება. როგორია სითხის დღიური ნორმა?
- ზომიერი კლიმატისას ორგანიზმი დღეში 1,5ლ სითხეს ითხოვს. თუ სპეციალური ჩვენება არ არის (გულის დეკომპენსაცია, თირკმლების დაავადებები), რაციონში სითხის შეზღუდვის აუცილებლობა არ არსებობს. სითხესთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება ნივთიერებათა ცვლის დაუჟანგავი, ტოქსიკური პროდუქტები. მაგარი ჩაისა და ყავისათვის უმჯობესია თავის არიდება, რადგან მათში აღმგზნები ნივთიერებები და პურინებია, რომლებიც ბევრი ორგანოს მუშაობაზე ცუდად აისახება. ასევე არასასურველია ბევრი კაკაო და შოკოლადი.
მინერალური წყალი ყველასთვის მისაღებია, მაგრამ კუჭის, ნაწლავების, ღვიძლის დაავადებებისას ექიმის კონსულტაცია აუცილებელია.
- როგორი უნდა იყოს კვების რეჟიმი?
- საჭმლის იშვიათი და უწესრიგო მიღება, ძალიან ცხელი ან ცივი საკვები, მსუყე ვახშამი უშუალოდ ძილის წინ, სწრაფად ჭამა საჭმლის მომნელებელი სისტემისა და სხვა ორგანოების მოქმედებას არღვევს.
ცუდად დაღეჭილი საკვები კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის დიდი დატვირთვაა, ის ცუდად გადამუშავდება და შეიწოვება. ძალიან ცივი ან ცხელი საკვები, როგორც წესი, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევებს იწვევს.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება დღის განმავლობაში საკვების გადანაწილებას მოცულობისა და კალორიულობის მიხედვით. საუზმე უნდა შეადგენდეს დღის რაციონის 35-40%-ს, სადილი - 40-45%-ს, მსუბუქი ვახშამი კი - 15-20%-ს. ზედმეტად მსუყე ვახშამი იწვევს წონის მატებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულის მუშაობის რიტმისა და ძილის დარღვევას. ზოგს მიაჩნია, რომ გახეხილი და დაქუცმაცებული საჭმელი უფრო სასარგებლოა, რაც არასწორია, რადგანაც დამზოგველი საკვები ხშირად იწვევს ყაბზობის განვითარებას.