გზამკვლევი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შესახებ
გზამკვლევმა არა მხოლოდ ქართული სამედიცინო საზოგადოების გასტრო-ენტეროლოგთა ფრთისგან მოიპოვა აღიარება, არამედ ამ დარგის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა სპეციალობის ექიმთა დიდი ინტერესი და მოწონებაც დაიმსახურა.
ქართველი სპეციალისტების ეს საინტერესო ნაშრომი არის ქართულ ენაზე ადაპტირებული ცნობარი გასტროენტეროლოგიური და ნუტრიციოლოგიური კოლაბორაციის შესახებ IBS-ის მართვის რთულ და აქტუალურ საკითხებზე.
სწორედ ახალ გზამკვლევსა და მასში განხილულ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება წიგნის ავტორი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, კლინიკური ნუტრიციოლოგი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელი - ელისაბედ (ლიზი) კუჭავა:
- ქალბატონო ლიზი, უპირველესად მადლობა გაწეული ღვაწლისთვის, ასეთი საინტერესო და ამომწურავი ნაშრომისთვის. რამ გადაგაწყვეტინათ ამ გზამკვლევზე მუშაობა?
- ჩვენი მიზანი იყო, ამ ნაშრომით IBS-ის შესახებ ცნობადობის გაზრდა, რათა გავამარტივოთ სინდრომის მართვა და დავეხმაროთ როგორც ექიმებს, ასევე პაციენტებსა და ფართო საზოგადოებას, უკეთ გააანალიზონ პათოლოგიის სიმპტომები, მართონ რისკები და ეფექტურად დაგეგმონ მკურნალობის სტრატეგიები.
მოგეხსენებათ, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანზე მთელ მსოფლიოში და ხშირად იწვევს დიდ დისკომფორტს, ტკივილსა და ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს სინდრომი საკმაოდ გავრცელებულია, მისი დიაგნოსტიკა და მართვა ხშირად სირთულეებთან არის დაკავშირებული.
სწორედ ამიტომ მე და ჩემმა თანაავტორმა, ზაქარია როჭიკაშვილმა (რომელიც არის გასტროენტეროლოგი, ენდოსკოპისტი, ონკოლოგი, გასტროენტეროლოგიური კლინიკა „ესკულაპის“ ხელმძღვანელი), მიზნად დავისახეთ, გაგვეერთიანებინა და შეგვეხსენებინა სპეციალისტებისათვის ის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შესახებ, რომლებიც დაფუძნებულია უახლესი პერიოდის სამეცნიერო კვლევებსა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე.
ნაშრომში მოცემულია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის პათოლოგიური ფიზიოლოგია, გლობალური სტატისტიკური მონაცემები IBS-ის გავრცელების შესახებ, დიაგნოსტიკური ალგორითმები, მედიკამენტური მკურნალობის მიდგომები და თანამედროვე ნუტრიციოლოგიური სტრატეგიები, ასევე ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება დაინტერესებულ პირებს უკეთესად გაერკვნენ IBS-ს მართვის საკითხებში, მართონ სიმპტომები და გაუუმჯობესონ პაციენტებს ცხოვრების ხარისხი.
მნიშვნელოვანია, რომ წიგნი-გზამკვლევი პაციენტების უკუგებითა და თანადგომით დაიწერა, რისთვისაც მადლობას ვუცხადებთ მათ და ასევე ჩვენს უახლოეს გარემოცვას, რომელიც მოგვიწოდებდა არ დაგვეყარა ფარ-ხმალი და შეგვექმნა ქართულ ენაზე ადაპტირებული ცნობარი გასტროენტეროლოგიური და ნუტრიციოლოგიური კოლაბორაციის შესახებ IBS-ის მართვის რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე.
გვინდა, გამოვხატოთ მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არაერთი წელია ერთგულად ემსახურებიან მედიცინის სფეროს და კოლეგათა წამოწყებებს მხარდაჭერითა და ინსპირაციით ეხმარებიან. სწორედ მათი პროფესიული ცოდნა გახდა წიგნის შთაგონების წყარო!
იმედი გვაქვს, რომ ეს ნაშრომი დაეხმარება მათ IBS-ის მართვის ახალი მიდგომების ათვისებაში, პაციენტებს კი - დაავადების შესახებ მეტი ცოდნის მიღებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
- რას გვეტყვით თავად პრობლემაზე, სახელად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი?
- გაღიზიანებელი ნაწლავის სინდრომი (IBS) წარმოადგენს ქრონიკულ ფუნქციურ გასტროინტესტინალურ აშლილობას, რომელიც ხასიათდება განმეორებადი აბდომინალური (მუცლის) ტკივილით ან დისკომფორტით და ნაწლავის მოტორული ფუნქციების ცვლილებებით: დიარით, ყაბზობით ან მათი მონაცვლეობით. ეს მდგომარეობა ხშირად უკავშირდება ნაწლავის სენსიტიურობის მატებას და ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული სიმპტომების გაუარესებას.
IBS არ იწვევს მუდმივ დაზიანებებს ნაწლავებში ან სერიოზულ გართულებებს, თუმცა, მას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუარესოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი. ამ სინდრომის მართვა მოიცავს დიეტური რეჟიმისა და ცხოვრების სტილის ცვლილებებს, სტრესის მართვას და საჭიროებისამებრ, მედიკამენტურ ჩარევას.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან ცხოვრება ჰგავს არაპროგნოზირებადი მომენტების ატრაქციონს; IBS-ის ცნობადობის გაზრდამ და პაციენტების მხარდაჭერამ შეიძლება ამ გზაზე მოგზაურობა ოდნავ გაამარტივოს. ეს არის ერთგვარი შეხსენება, რომ ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სხეულს, გონებას და ამგვარად დავიცვათ ჩვენი კეთილდღეობა.
უნდა გვახსოვდეს, რომ IBS-ი არ განსაზღვრავს პიროვნებას, არამედ მხოლოდ მისი ცხოვრების ისტორიის ნაწილი ხდება. ცოდნით, მოთმინებით, მხარდაჭერითა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ნეგატიური გამოვლინებების გაცნობიერებული მართვით, შესაძლებელია ჯანმრთელობაზე სრული კონტროლის აღდგენა და პაციენტისთვის ნანატრი სულიერი სიმშვიდის მოპოვება!
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს ხშირად სხვა სახელწოდებებითაც მოიხსენიებენ...
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS) ცნობილია რამდენიმე სინონიმით, რაც ამ მდგომარეობის მნიშვნელობასა და მისი ცნობადობის ევოლუციას ასახავს. ზოგიერთი მათგანი მედიცინის ისტორიის კუთვნილება გახდა. მათგან ყველაზე გავრცელებული სინონიმებია:
- სპასტიკური მსხვილი ნაწლავი (Spastic Colon): ეს ტერმინი ხაზს უსვამს ნაწლავის მოძრაობების სპაზმურ ბუნებას, რომელიც ხშირად ასოცირდება IBS-თან;
- ლორწოვანი კოლიტი (Mucous Colitis): ასახავს ლორწოს არსებობას განავალში, რაც შეიძლება იყოს IBS-ის სიმპტომი ზოგიერთ პაციენტთან;.
- ნერვული მსხვილი ნაწლავი (Nervous Colon): ხაზს უსვამს ნაწლავ-ტვინის ღერძის (Gut-Brain Axis) როლს და ფსიქოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობას IBS-ის მიმდინარეობაში;
- ნაწლავთა ფუნქციური დარღვევა (Functional Bowel Disorder): უფრო ფართო ტერმინია, რომელიც დღესაც გამოიყენება ისეთი დარღვევების აღსაწერად, როგორიცაა IBS. იგი ვლინდება ნაწლავთა ფუნქციის დარღვევით სტრუქტურული ანომალიების გარეშე.
- გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავი (Irritable Colon): ტერმინი, რომელიც გამოიყენება IBS-ის პაციენტებთან მსხვილი ნაწლავის მგრძნობელობისა და გაღიზიანების აღსაწერად.
- არსებობს სხვა ტერმინებიც: ნაწლავური აშლილობა (Gut Disorder), წვრილი ნაწლავების მობილობის დარღვევა (Intestinal Dysmotility) და სხვ.
- რატომ უწოდებენ აღნიშნულ პათოლოგიას გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს და არ მოიხსენიებენ დაავადებად?
- სამედიცინო პრაქტიკასა და ლიტერატურაში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS) „სინდრომად“ მოიხსენიება და არა „დაავადებად“ რამდენიმე მიზეზის გამო:
- სიმპტომების მრავალფეროვნება: IBS-ს ახასიათებს მრავალფეროვანი სიმპტომები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ეს სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მუცლის ტკივილს, შებერილობას, დიარეას, შეკრულობას ან ამ ყველაფრის მონაცვლეობას. ამასთან, აღნიშნული სიმპტომები ერთნაირი ინტენსივობით ან სიხშირით არ არის ყველა პაციენტთან გამოხატული.
- კონკრეტული ორგანული ცვლილებების არარსებობა: დაავადებას, როგორც წესი, ახასიათებს კონკრეტული ორგანული ცვლილებები ან დაზიანება, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს ან აღიარონ კლინიკური ტესტებით ან გამოსახულებით. IBS-ის შემთხვევაში არ არსებობს განსაზღვრული ორგანული ან სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც შეიძლება აღმოცენდეს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ მნიშვნელოვანი დისკომფორტი, IBS არ იწვევს ნაწლავების სერიოზულ ორგანულ დაზიანებებს.
- ეტიოლოგიური ფაქტორების მრავალფეროვნება: IBS-ის მიზეზები არ არის ბოლომდე ცნობილი, მაგრამ ის მოიცავს სხვადასხვა ფაქტორს, ასეთებია: ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსი, ნაწლავების მგრძნობელობის ზრდა, ტვინისა და ნაწლავის ღერძის დარღვევები, ფსიქოლოგიური ფაქტორები და სხვა. იმის გამო, რომ კონკრეტული ერთიანი მიზეზი არ არის დადგენილი, მისი დაავადებად კლასიფიკაცია რთულია.
- სინდრომების შემთხვევაში ყურადღება ძირითადად სიმპტომების მართვისკენაა მიმართული, ვიდრე კონკრეტული ეტიოლოგიური მიზეზის მოშორებაზე, რადგან მდგომარეობის მიზეზი, შესაძლოა, სრულად არც იყოს ცნობილი.
- კლინიკური მიმდინარეობის კონტროლთან დაკავშირებული სირთულეები: რადგან IBS-ის სიმპტომები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი და ცვალებადი, მათი კონტროლი და მკურნალობა რთულია. სინდრომი უფრო მეტად აღწერს მდგომარეობას, რომელსაც მართვა და კონტროლი სჭირდება, ვიდრე მკურნალობა ან განკურნება. არსებული სიმპტომატიკა უფრო შეესაბამება „სინდრომის“ კრიტერიუმებს, ვიდრე ტრადიციული „დაავადების“ განსაზღვრას. თუმცა, ზოგი მეცნიერი IBS-ს ქრონიკულ დაავადებად აღიარებს.
- რას გვეტყვით გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის კლასიფიკაციასა და ფორმებზე?
- ზოგიერთ ადამიანთან, IBS-ს შეიძლება ჰქონდეს მწვავე დაწყება და განვითარდეს ინფექციური დაავადების შემდეგ, რომელსაც ახასიათებს ორი ან მეტი სიმპტომი: ცხელება, ღებინება, დიარეა ან განავლის დადებითი კულტურა. ამ პოსტინფექციურ სინდრომს, შესაბამისად უწოდეს პოსტინფექციური IBS (IBS-PI). საზოგადოდ კი, IBS-ის კლასიფიკაცია ასეთია:
- დიარეით დომინირებული ფორმა - Diarrhea-predominant (IBS-D) - აღინიშნება თხევადი ან წყლიანი განავალი (ტიპი 6-7 BSFS ბრისტოლის განავლის ფორმის სკალით). პაციენტს IBS-D-ით აწუხებს ნაწლავის ხშირი და სწრაფი დაცლა, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს აბდომინალურ დისკომფორტსა და ტკივილთან.
- ყაბზობით დომინირებული ფორმა - ჩონსტიპატიონ-პრედომინანტ (IBS-C) - განავლის ტიპი: მყარი, მკვრივი კვანძებისებრი (ტიპი 1-2 BSFS - ბრისტოლის განავლის ფორმის სკალით). პაციენტები IBS-C-ით ტიპურად აღნიშნავენ გარკვეულ სირთულეებს დეფეკაციის დროს, არარეგულარული ნაწლავური მოქმედებით, ხშირად გართულებულ და მტკივნეულ დაცლას.
- შერეული ტიპი (დიარეა და ყაბზობა მონაცვლეობით)- Mixed/alternating stool pattern (IBS-M/IBS-A) - განავლის ტიპი მონაცვლეობს მკვრივ - კვანძებისებრ და თხიერ - წყლისებრ კონსისტენციას შორის (ტიპი 1-2 და 6-7 ბრისტოლის სკალით). პაციენტი IBS-ის დროს უჩივის შერეული ტიპის ნაწლავურ მოქმედებას: ფაღარათისა და შეკრულობის სახით, ხშირად მათი მონაცვლეობის ეპიზოდებს.
- არაკლასიფიცირებული, დაუკონკრეტებელი ტიპი, რომელშიც სიმპტომები არ შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ ტიპებს (IBS-U) - განავლის კონსისტენცია არ აკმაყოფილებს IBS-C, IBS-D ან IBS-M კრიტერიუმებს. ეს ქვეტიპი ნაკლებად გავრცელებულია და გამოიყენება, როდესაც პაციენტის სიმპტომები არ ჯდება სხვა კატეგორიებში. ზოგიერთი მეცნიერი აქვე ვარაუდობს: ტკივილის სიჭარბით მიმდინარე - პაინ-პრედომინანტ-სა და პოსტინფექციურ ტიპს - პოსტ-ინფეცტიოუს IBS (IBS-PI).
მინდა აღვნიშნო, რომ IBS-ის დიაგნოზი ემყარება დამახასიათებელ სიმპტომებს შემაშფოთებელი ან სახიფათო ნიშნების არარსებობის შემთხვევაში. თუ მსგავსი ფაქტი მაინც არსებობს, ექიმი ვალდებულია გააღრმავოს კვლევა დიაგნოზის შეცვლის, დაავადების გართულებების ან სხვა დიაგნოზის თანდართვის შემთხვევაში.
IBS-ის დროს ე. წ. შემაშფოთებელი ან „განგაშის“ ნიშნებია (ALARM features):
- 50 წელზე მეტ ასაკში დიაგნოსტირება და სინდრომის დაწყება;
- წონის მკვეთრი და არანებაყოფილობითი კლება;
- სისხლი განავალში (ამასთან IBS-ის მქონე ადამიანების 31%-ს აქვს სისხლი განავალში, უმეტესობას, შესაძლოა, ჰემოროიდული სისხლდენის გამო);
- ოჯახური ანამნეზი ნაწლავის ანთებითი დაავადების შესახებ;
- სხვა მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ანალოგიურად, მოიცავს ცელიაკიას, მიკროსკოპულ კოლიტს, ნაწლავის ანთებით დაავადებას, ნაღვლის მჟავას მალაბსორბციას და მსხვილი ნაწლავის კიბოს.
- რომელია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ყველაზე ხშირი გართულებები?
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ასოცირდება ხშირად გამოვლენილ სიმპტომებთან, თუმცა, შესაძლოა, აღინიშნოს დამატებითი გართულებები, რომლებიც ზემოქმედებენ პაციენტების ცხოვრების ხარისხსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამ გართულებებს შორის აღსანიშნავია:
1. ფსიქოლოგიური გართულებები: IBS-ის მქონე პაციენტებთან ხშირია ფსიქოლოგიური სირთულეები, როგორებიცაა სტრესი, დეპრესიული მდგომარეობა და საერთო ფსიქოლოგიური დაძაბულობა. კვლევებმა აჩვენა, რომ IBS ხშირად ასოცირდება ხასიათის ცვლილებებთან, დეპრესიასა და შფოთვებთან, რაც ასახავს დაავადების ფსიქოსოციალურ ასპექტებზე გავლენას.
2. ფუნქციური დაზიანებები: IBS-ის დროს ხშირად აღინიშნება ნაწლავის ფუნქციური დარღვევები, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს სერიოზული მუცლის ტკივილი, დიარეა ან შეკრულობა, რაც პაციენტებს უმძაფრებს სირთულეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
3. ხშირი ინფექციები: IBS-ით დაავადებულ პაციენტებთან შესაძლებელია, აღინიშნოს ხშირი ინფექციები და ნაწლავის ანთება, რაც ხშირად მოჰყვება პაციენტების იმუნური სისტემის დარღვევებს.
4. კვების რეჟიმი: IBS-ის მქონე პირები ხშირად უნდა იცავდნენ კვების სპეციალურ რეჟიმს, რაც მათ გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. ჰიგიენური წესების, კვების რეჟიმის დაცვის სირთულეებმა შეიძლება გამოიწვიოს პაციენტების ჯანმრთელობის გაუარესება.
5. ხშირი გართულებები: IBS-ის გართულებები, შესაძლოა, მოიცავდეს შემაწუხებელ მუცლის ტკივილებს, წონის კლების პრობლემებს და სხვა. ეს გართულებები ხშირად მოქმედებს პაციენტებისა და მათი გარემოცვის ცხოვრების ხარისხზე და მათი ყოველდღიური საქმიანობის პროცესზე.
- რა დიაგნოსტიკური შეცდომები ახლავს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დადგენას და რას უკავშირდება ეს?
- მწვავე მუცლის გამო, IBS-ის მქონე ადამიანებს აქვთ არასათანადო და არასაჭირო ოპერაციული ჩარევის ჩატარების რისკი, რასაც კლინიკური ინტერპრეტაციის დეფიციტისას შეიძლება შედეგად მოჰყვეს ისეთი ოპერატიული მანიპულაციები, როგორებიცაა: აპენდექტომია, ქოლეცისტექტომია, ოვარექტომია, ჰისტერექტომია, სხვა. არასწორი დიაგნოზის ზოგიერთი გავრცელებული მაგალითია ისეთი მცდარი დასკვნის გამოტანა, როგორიცაა: ინფექციური დაავადებები, ცელიაკია, Helicobacter pylori-ს არსებობა, პარაზიტებით ინვაზია და სხვა.
გასტროენტეროლოგიის ამერიკული კოლეჯის რეკომენდაციაა IBS-ის სიმპტომების მქონე ყველა ადამიანმა გაიაროს ტესტირება ცელიაკიაზე.
დადგენილია, რომ ბოლო ათწლეულში, IBS-ის მქონე ადამიანებს ჰქონდათ ნაღვლის ბუშტის ამოღების არასაჭირო ოპერაციის გაზრდილი რისკი არა ნაღვლის ბუშტის შესაძლო დაზიანების გამო, არამედ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს არსებული მუცლის ტკივილის არასწორად ინტერპრეტაციის დროს გაცემული არასათანადო ქირურგიული ჩვენებებით.
ამ ადამიანებს ასევე აქვთ 87%-ით მეტი რისკი (ჯანმრთელ პოპულაციასთან შედარებით), დაექვემდებარონ მუცლისა და მენჯის ღრუს ოპერაციებს და სამჯერ უფრო გაზრდილი ალბათობა გაიკეთონ ნაღვლის ბუშტის ოპერაცია. ასევე, IBS-ით დაავადებული ადამიანები ორჯერ უფრო ხშირად ექვემდებარებიან გინეკოლოგიური პარამეტრებით არასაკმარისად არგუმენტირებულ ჰისტერექტომიას.
ამრიგად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ცნობადობის ამაღლება მნიშვნელოვანი ამოცანაა. ის დაეხმარება სპეციალისტებს სწორ დიაგნოსტიკასა და ეფექტური მკურნალობის სტრატეგიის შემუშავებაში.
მილიონობით ადამიანს საშუალებას მისცემს, გაუმკლავდეს ამ მდგომარეობას და გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი!