როგორ დავიცვათ თავი პარაზიტული დაავადებებისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიცვათ თავი პარაზიტული დაავადებებისგან

პროფილაქტიკური გამოკვლევები გაახსენდება. რამდენად ხშირია დღეს პარაზიტული დაავადებები, როგორ ხდება მათი გადაცემა და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან? ამაზე სასაუბროდ სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, ექიმ პარაზიტოლოგ ირმა კოკაიას ვეწვიეთ.

- დაგვეთანხმებით, რომ მშობლებს არცთუ იშვიათად შეუმჩნევიათ ბავშვის განავალში პარაზიტები და საკვლევი მასალით უმალვე ლაბორატორიისთვის მიუმართავთ. რომელი პარაზიტები შეიძლება აღმოვაჩინოთ ასეთი კვლევით?

- პაციენტები მართლაც ხშირად აღნიშნავენ განავალში პარაზიტების არსებობას, თუმცა მათ შთაბეჭდილებას ყოველთვის არ აქვს რეალური საფუძველი. განავალში უმეტესად არა პარაზიტი, არამედ მისი კვერცხები ხვდება, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველია, მხოლოდ მიკროსკოპიული გამოკვლევით შეიძლება აღმოვაჩინოთ. საზოგადოდ კი განავლის გამოკვლევით მართლაც შესაძლებელია ნაწლავური პარაზიტების გამოვლენა. ამათგან მოსახლეობა კარგად იცნობს ასკარიდოზს, ენტერობიოზს, ტენიოზს.

- როგორ ავადდება ადამიანი ენტერობიოზით?

- ენტერობიოზის გამომწვევია კუდმახვილა ანუ წვეტა ჭია – მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული ნაწლავის პარაზიტი. ამ პარაზიტით ინვაზიას პაციენტები ხშირად "წვრილი ჭიებით დაავადებას" უწოდებენ. ენტერობიოზით უმეტესად სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვები ავადდებიან, მაგრამ პარაზიტული ინვაზია ნებისმიერ სხვა ასაკშიც შეიძლება შეგვხვდეს.

ადამიანი ავადდება კუდმახვილას მომწიფებული კვერცხის ჩაყლაპვით. კვერცხიდან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გამოდის მოძრავი მატლი. ნორჩი კუდმახვილები მაგრდებიან ნაწლავის ლორწოვან გარსზე. დროთა განმავლობაში მდედრი ჭიის ორგანიზმში კვერცხები მწიფდება, პარაზიტი სწორი ნაწლავისკენ გადაადგილდება და უკანა ტანის გარეთა ნაოჭებში კვერცხებს დებს. ეს უკანა ტანის არეში ქავილს იწვევს. ხშირად სწორედ ქავილია ამ პათოლოგიის ერთადერთი და მკვეთრად გამოხატული ჩივილი. ჭიის გამოსვლა და კვერცხის დადება ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი, თუმცა უმეტესად ეს ხდება ღამით, ძილის დროს.

ენტერობიოზი კონტაქტური ჰელმინთოზია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ადვილად ვრცელდება საყოფაცხოვრებო ნივთების საშუალებით. დადგენილია, რომ ენტერობიოზით ინვაზიის წყარო მხოლოდ დაავადებული ადამიანია. ენტერობიოზის დროს ხდება როგორც აუტოინვაზია ანუ თვითდასნებოვნება - ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მისივე უკანა ტანის არეში არსებული კვერცხების მოხვედრა, ასევე ჰეტეროინვაზია – სხვა პირის დასნებოვნება.

პარაზიტის მიერ გამოყოფილი მომწიფებული კვერცხები მიმოიფანტება ტანსაცმელზე, სათამაშოებზე, ჭურჭელზე, ისვრება ხელები, ხელებიდან კი კვერცხები პირის ღრუში ხვდება ბავშვთა ასაკში ფართოდ გავრცელებული ჩვევის – თითების პირში ჩადების გამო. გარდა ამისა, დაავადება გადაეცემა ჰაერისა და მტვრის საშუალებით, რომელიც შეიცავს პარაზიტის კვერცხებს.

ზაფხულში კვერცხების გადატანაში მონაწილეობენ ბუზებიც. დადგენილია, რომ ბავშვებში ენტერობიოზისადმი მიმღებლობა განსაკუთრებით მაღალია, რასაც ხელს უწყობს ოჯახში, საბავშვო ბაღში, სკოლაში ბავშვების ახლო კონტაქტი ერთმანეთთან. მოზრდილებში დაავადება შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული, რადგან მოზრდილ ადამიანს უკვე გამომუშავებული აქვს ჰიგიენის ჩვევები, ორგანიზმიც აღჭურვილია ერთგვარი რეზისტენტობით, თუმცა იმუნიტეტი ენტერობიოზის წინააღმდეგ არ არის დადასტურებული.

- რომელი სიმპტომებით ვლინდება ენტერობიოზი? რა საფრთხეს უქადის ის ადამიანის ორგანიზმს?

- ჩვეულებრივ, ენტერობიოზი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ რიგ შემთხვევაში იწვევს მნიშვნელოვან დისკომფორტს. ენტერობიოზის დროს ყველაზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომია უკანა ტანის ქავილი, რომელსაც ხშირად ერთვის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქცია, ტკივილი ბრმა ნაწლავის ირგვლივ, ზოგჯერ - თავის ტკივილი და თავბრუხვევა. ხშირად ამ პათოლოგიის თანამდევი ანუსის აუტანელი ქავილი იწვევს ნერვული აგზნებადობის მომატებას, უძილობას, საერთო სისუსტეს, შრომის უნარისა და მეხსიერების დაქვეითებას. ქავილის შედეგად ანალურ არეში შესაძლოა გაჩნდეს ნახეთქები ან კანის უფრო სერიოზული დაზიანება.

- როგორ ხდება ენტერობიოზის დიაგნოსტიკა?

- უშუალოდ განავლის გამოკვლევით ენტერობიოზის კვერცხების აღმოჩენა იშვიათად ხერხდება. დიაგნოსტიკისთვის იკვლევენ ანალური ხვრელის ირგვლივ არსებული ნაოჭების ანაფხეკს. გარდა ამისა, ძილის დროს ბავშვის დათვალიერებისას შეიძლება შევამჩნიოთ, რომ ანუსიდან პატარა თეთრი ჭიები გამოდიან.

- როგორია ენტერობიოზის მკურნალობის ტაქტიკა ან როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადება?

- ენტერობიოზს წარმატებით მკურნალობენ სხვადასხვა ანტიჰელმინთური – პარაზიტების საწინააღმდეგო - საშუალებით. პრეპარატის შერჩევა და დოზირება ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის მონაცემების გათვალისწინებით. ვინაიდან ენტერობიოზი კონტაქტური ჰელმინთოზია, ხშირია ამ დაავადების ოჯახური შემთხვევები. ამ დროს აუცილებელია ოჯახის ყველა წევრის მკურნალობა, რათა მოხდეს დაავადების კერის სანაცია და თავიდან იქნეს აცილებული განმეორებითი ინვაზირება.

ენტერობიოზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, ადამიანს ბავშვობიდანვე გამოვუმუშაოთ პირადი ჰიგიენის დაცვის ჩვევები; აუცილებელია ხელების ხშირი ბანა საპნით, სათამაშოების რეგულარული გარეცხვა.

- ზოგჯერ შეშფოთებული მკითხველები გვწერენ, რომ განავალთან ერთად საკმაოდ გრძელი - 20 სანტიმეტრამდე ზომის ჭია "დაბადეს". რომელი დაავადების ნიშანია ეს და საშიშია თუ არა თავად აღნიშნული ფაქტი?

- ამ ზომის პარაზიტის გამოყოფა შესაძლოა მოხდეს ასკარიდოზის დროს. თავად პარაზიტის გამოყოფა (ჩვეულებრივ, ეს სიცოცხლისუუნარო პარაზიტია) საშიში არ არის, მაგრამ რიგ შემთხვევაში ასკარიდოზი ადამიანის ჯანმრთელობას მართლაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის, რადგან შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს.


- როგორ ხდება ასკარიდოზით დაავადება და რა გზით შეიძლება მისგან თავის დაცვა?

- ასკარიდოზის ერთადერთი წყარო დაავადებული ადამიანია. ასკარიდის კვერცხები დაავადებულის ორგანიზმიდან განავალთან ერთად გამოიყოფა გარემოში და განვითარებას ნიადაგში განაგრძობს. თუ განაყოფიერებული კვერცხი დაბინძურებული პროდუქტების ან წყლის მეშვეობით ადამიანის ორგანიზმში მოხვდა, მოხდება ინვაზია.

ასკარიდოზი ტიპური გეოჰელმინთოზი - გეოჰელმინთებით გამოწვეული დაავადება გახლავთ. გეოჰელმინთები ის პარაზიტები არიან, რომლებიც გარემოში გამოყოფენ ჯერ კიდევ მოუმწიფებელ კვერცხებს, რომლებიც ნიადაგში მწიფდება. გარემოში ასკარიდის კვერცხის განვითარება დამოკიდებულია კლიმატზე, უწინარესად კი მის ორ ფაქტორზე – ჰაერისა და ნიადაგის ხელსაყრელ ტემპერატურასა და ტენიანობაზე. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნიადაგს, მის თვისებებს, ქიმიურ შემადგენლობას.

დადასტურებულია, რომ ასკარიდის კვერცხის ხელსაყრელი განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია თიხიან და ტყის ნიადაგებში, სადაც სინოტივე შედარებით მაღალია. ასეთ ნიადაგებში კვერცხები რამდენიმე წლის განმავლობაში ინარჩუნებენ სიცოცხლის უნარს.

შესაძლოა, მკითხველებს დაუჯერებელი მოეჩვენოთ, მაგრამ მკაცრ ზამთარშიც კი, როცა ტემპერატურა -27 გრადუსამდე ეცემა, კვერცხები თოვლის საფარქვეშ ინახება, რადგან თოვლქვეშ ტემპერატურა გაცილებით მაღალია. კვერცხები "გამოიზამთრებენ" და გაზაფხულზე განვითარებას განაგრძობენ.

ასკარიდას კვერცხებზე დამღუპველად მოქმედებს მზის პირდაპირი სხივები, რაც უკავშირდება როგორც ტემპერატურას, ასევე ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას. საქართველოს ტერიტორიის უმეტესი ნაწილი, გარდა მაღალმთიანი ზონისა, ასკარიდოზისთვის ენდემურია. ეს იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრულ არეში დაავადების გამომწვევი გარემოში მუდამ არის. ასკარიდებით დასნებოვნება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, მაგრამ მასობრივი ინვაზირება ხდება ზაფხულში და შემოდგომაზე, როცა მოსახლეობა ინტენსიურად აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს, ხოლო ბავშვები ფეკალიებით (განავლით) დაბინძურებულ ეზოებში თამაშობენ.

ასკარიდოზის გადაცემის ფაქტორი სხვადასხვა დასახლებულ რეგიონში სხვადასხვაა: ფეკალიებით დაბინძურებული ნიადაგი, ბოსტნის სასუქად ფეხისადგილის შიგთავსის გამოყენება. ასეთ ნიადაგზე მოყვანილი ბოსტნეული და მწვანილი, რომელსაც მოსახლეობა უმად მიირთმევს, ასკარიდების კვერცხებით არის დაბინძურებული.

იმ რაიონებში, სადაც კარტოფილი მოჰყავთ, ასაკარიდოზის გადაცემის ძირითადი ფაქტორი ნიადაგითა და იქ არსებული კვერცხებით დაბინძურებული ხელებია.

დაავადების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სანიტარიულ ღონისძიებათა განხორციელება: საპირფარეშოების მოწყობა მხოლოდ დახურულ ორმოებზე, ფეკალიების სასუქად გამოყენების აკრძალვა, ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება მხოლოდ საპირფარეშოში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნიადაგის დაბინძურება.

ძალზე მნიშვნელოვანია ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვაც – ხელების ხშირი ბანა საპნით, ბავშვებისთვის ამ ჩვევის გამომუშავება, მწვანილისა და ბოსტნეულის კარგად გარეცხვა.

- როგორია ასკარიდოზის კლინიკა, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს დაავადებას?

- ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ პარაზიტი იწყებს მიგრაციას. ამ პროცესის დეტალური განხილვა მკითხველისთვის ალბათ ნაკლებად საინტერესო იქნება. უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ მიგრაციის პროცესში პარაზიტი გაივლის ფილტვებს, შემდეგ კი მოხვდება საჭმლის მომნელებელ სისტემაში, სადაც იგი ძირითადად წვრილ ნაწლავში ვითარდება.

მიგრაციულ ფაზას ახასიათებს ტემპერატურის მომატება, ასთმური ხასიათის ხველა. რენტგენოლოგიური კვლევა ავლენს ფილტვების დამახასიათებელ ცვლილებებს, სისხლში საგრძნობლად არის მომატებული ეოზინოფილების შემცველობა. რიგ შემთხვევაში აღინიშნება გამონაყარი, ქავილი, ტემპერატურის მომატება.

ნაწლავის ფაზაში ხშირია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა - ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, უმადობა. ზოგჯერ კლინიკური სურათი აპენდიციტს მოგვაგონებს. ენტერობიოზისგან განსხვავებით, ასკარიდოზს შესაძლოა მოჰყვეს მძიმე გართულებები – ნაწლავთა გაუვალობა, ნაწლავის პერფორაცია და პერიტონიტი, პანკრეასის ან ნაღვლის ბუშტის სადინართა ასკარიდებით დახშობა, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გართულდეს პანკრეატიტით ან სიყვითლით. ასეთ დროს აუცილებელია სასწრაფო ოპერაციული ჩარევა.

სასუნთქ გზებში ასკარიდების მოხვედრას შესაძლოა ასფიქსია მოჰყვეს.

- როგორია ასკარიდოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ტაქტიკა?

- ასკარიდოზის დიაგნოსტიკის მიზნით ტარდება განავლის მიკროსკოპიული გამოკვლევა. პარაზიტის განვითარების თავისებურებებიდან გამომდინარე, არის შემთხვევები, როცა კვერცხები განავალში რამდენიმე ხანს არ გამოიყოფა, ამიტომ დაავადებაზე ეჭვის დროს აუცილებელია განავლის განმეორებითი გამოკვლევა.

დიაგნოსტიკის კიდევ ერთი მეთოდია სისხლში ასკარიდის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა.

სამკურნალოდ დღეს მრავალი ეფექტური საშუალება არსებობს. მათი შერჩევა ინდივიდუალურად ხდება. სწორად შერჩეული მკურნალობა, როგორც წესი, ეფექტურია, თუმცა ზემოთ დასახელებული ქირურგიული გართულებების შემთხვევაში მედიკამენტები უძლურია, საჭიროა ოპერაციული ჩარევა.

- არ შეიძლება არ დავასახელოთ ორი პარაზიტი, რომელთაც ჯერ კიდევ საშუალო სკოლის სახელმძღვანელოებიდან ვიცნობთ - ღორის სოლიტერი და ღვიძლის ორპირა. როგორ ხვდებიან ისინი ადამიანის ორგანიზმში და რა ცვლილებებს იწვევენ?

- ეს ორი პარაზიტი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. განსხვავებულია მათ მიერ გამოწვეული დაავადებებიც. ღორის სოლიტერი თასმა ჭიების წარმომადგენელია. მისი კვერცხი გარემოში, ძირითადად ნიადაგში, დასნებოვნებული ადამიანის განავლით ხვდება. გარემოში მოხვედრილი კვერცხი დაბინძურებული ნიადაგის ან საკვების საშუალებით მოხვდება ღორის ორგანიზმში და იქ კუნთოვან სისტემაში მოითესება. 3-4 თვეში ყალიბდება ღორის სოლიტერის ლარვა ანუ ფინა, ცისტიცერკი.

ადამიანი დაავადდება, თუ საკვებად გამოიყენა თერმულად სათანადოდ დაუმუშავებელი ფინოზური ხორცი. ამ შემთხვევაში ვითარდება ტენიოზი. დაავადების კლინიკურ გამოვლინებებს შორის, რომლებიც ინვაზიიდან 3-4 თვის შემდეგ იჩენს თავს, ყურადღებას იპყრობს სიმპტომები კუჭ-ნაწლავისა და ნერვული სისტემის მხრივ. პაციენტები უჩივიან საერთო სისუსტეს, თავბრუს, ზოგჯერ - უჩვეულოდ გაძლიერებულ მადას ან, პირიქით, უმადობას, ხშირია თავის ტკივილი, აღგზნებადობა, მუცლის ტკივილი, წონის დაქვეითება, ყაბზობისა და ფაღარათის მონაცვლეობა.

ღორის სოლიტერით ინვაზია საშიშია იმის გამო, რომ შესაძლოა, პარაზიტის კვერცხი მოხვდეს ადამიანის კუჭში. ეს ხდება უშუალოდ დაბინძურებული წყლის, ნიადაგის, ბოსტნეულის საშუალებით ან ღებინებისას. ამ შემთხვევაში ვითარდება ცისტიცერკოზი – ტენიოზის მძიმე გართულება. ცისტიცერკი შეიძლება მოხვდეს გულის კუნთში, თვალში, ტვინში და სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში. სწორედ ორგანოს დაზიანებაზეა დამოკიდებული ცისტიცერკოზის კლინიკური სურათის თავისებურება.


- როგორ ხდება ადამიანის ინვაზია ღვიძლის ორპირათი, რომელ კლინიკურ სიმპტომებს იწვევს ეს პარაზიტი?

- ღვიძლის ორპირა იწვევს ფასციოლოზს. ფასციოლას ანუ ღვიძლის ორპირას კვერცხი გარემოში გამოიყოფა დაავადებული ცხოველის – ბალახისმჭამელი წვრილფეხა ან მსხვილფეხა ძუძუმწოვრის - ან ადამიანის განავალთან ერთად. შემდგომ კვერცხი ვითარდება მტკნარი წყლის წყალსატევში, შეიჭრება მოლუსკის ორგანიზმში, განაგრძობს განვითარება-გამრავლებას და საბოლოოდ ეგრეთ წოდებულ ადოლესკარიად გადაიქცევა. ადოლესკარიები მჭიდროდ ეკვრიან მწვანილის – წიწმატის, მწვანე სალათის, ხახვის, პრასის - და სხვა ბოსტნეულის ფოთლებსა და ღეროებს ან თავისუფლად დაცურავენ სასმელ წყალში. სწორედ ასეთი მწვანილისა და წყლის გამოყენებაა ადამიანის დასნებოვნების მიზეზი.

დასნებოვნება შესაძლებელია ბანაობის დროსაც. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ადოლესკარიებიდან იჩეკებიან ლარვები, რომლებიც ღვიძლისაკენ მიგრირებენ. ფასციოლოზი ახდენს ორგანიზმზე როგორც ტოქსიკურ, ასევე მექანიკურ ზემოქმედებას; მიმდინარეობს ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაზიანება, რაც შესაძლოა ღვიძლის ციროზითაც კი დასრულდეს.

ფასციოლები ლოკალიზდებიან ღვიძლის ნაღვლის სადინარებში, სადაც 5 წლამდე ცოცხლობენ. ფასციოლა სიცოცხლის განმავლობაში 2 მილიონამდე კვერცხს დებს. კვერცხები გარემოში გამოიყოფიან განავალთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ადოლესკარიები დიდხანს ძლებენ მცენარეებზე და წყალში, მაგრამ გამოშრობისას სწრაფად იღუპებიან. ფასციოლოზის მიმდინარეობაში განარჩევენ პარაზიტის მიგრაციისა და ქრონიკულ ფაზებს.

მიგრაციის ფაზაში ყურადღებას იპყრობს ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, მადის დაქვეითება, ცხელება, ზოგჯერ - გამონაყარი. ვითარდება სიყვითლე, აღინიშნება ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, დიდდება ღვიძლი. სისხლში შეინიშნება ძლიერი ეოზინოფილია, რაც ალერგიული რეაქციის მაჩვენებელია.

მწვავე მოვლენები თანდათან ცხრება და დაავადება ქრონიკულ ფაზაში გადადის. ამ დროს პაციენტები უმეტესად უჩივიან დისპეფსიურ ჩივილებს (გულისრევა, ღებინება, სიმძიმე მარჯვენა ფერდქვეშა არეში, უმადობა). ხშირია ისეთი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, რომელიც ნაღვლის ბუშტის ჭვალს და ქირურგიულ პათოლოგიას მოგვაგონებს. ამ ეტაპზე სიყვითლე ზომიერად არის გამოხატული, ცხელებაც ზომიერია, პერიფერიული სისხლის სურათი უმეტესად ნორმას უახლოვდება. დადგენილია, რომ ფასციოლოზის კლინიკური სურათის გამოხატულება ინვაზირების ინტენსივობასა და ორგანიზმის იმუნობიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

- როგორ ხდება ღორის სოლიტერითა და ღვიძლის ორპირათი ინვაზიის დიაგნოსტიკა და რამდენად ეფექტურია თანამედროვე მკურნალობა?

- ღორის სოლიტერით ინვაზიის დიაგნოსტიკისთვის ტენიოზის შემთხვევაში ტარდება განავლის გამოკვლევა, ხოლო ცისტიცერკოზის შემთხვევაში ითვალისწინებენ კლინიკური სურათის, ბიოფსიის, რენტგენოლოგიური, თავ-ზურგტვინის სითხისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებს.

ფასციოლოზის დიაგნოსტიკისთვის ტარდება განავლის გამოკვლევა პარაზიტის კვერცხების აღმოსაჩენად. გარდა ამისა, ამჟამად მნიშვნელოვანია სეროლოგიური დიაგნოსტიკა - იმუნოფერმენტული გამოკვლევა. ის ემყარება სისხლში პარაზიტის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენას. უკანასკნელ ათწლეულში დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება ულტრასონოგრაფიული, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევები.

ამჟამად ტენიოზისა და ფასციოლოზის სამკურნალოდ არსებობს ეფექტური პრეპარატები. მათ ექიმი შეარჩევს. ცისტიცერკოზის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაციული ჩარევა.

- ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენში გახშირდა ტრიქინელოზის დიაგნოზი. როგორ ხდება ადამიანის დაავადება ტრიქინელოზით?

- ტრიქინელოზით ადამიანის დასნებოვნება ხდება ცხოველის უმი, ცუდად მოხარშული და ცუდად შემწვარი ხორცის საკვებად გამოყენებისას. საქართველოში ადამიანის დასნებოვნების ძირითადი წყაროა ღორი, გარეული ღორი და მურა დათვი. აღსანიშნავია, რომ დასნებოვნება უპირატესად დეკემბრის მიწურულს ხდება, რაც ამ პერიოდში ღორის დაკვლის ტრადიციით აიხსნება.

ბუნებაში ტრიქინელები კერების სახით გვხვდება და გარეულ ცხოველებს შორის ცირკულირებს. ამას ხელს უწყობს ცხოველთა კანიბალიზმი, მტაცებლობა, მკვდარი ცხოველების ლეშის ჭამა. იგივე ფაქტორები უწყობს ხელს ტრიქინელოზის შინაური კერების არსებობასაც. სხვათა შორის, ბოლო ხანს საქართველოში ტრიქინელოზის შემთხვევები გაიშვიათდა.

- როგორია ტრიქინელოზის კლინიკა და დიაგნოსტიკის პრინციპი?

- ტრიქინელოზისთვის დამახასიათებელია მაღალი ცხელება, სახის შეშუპება, კუნთების ტკივილი, გამონაყარი, ძლიერი ეოზინოფილია; თავს იჩენს ჩივილები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ – ტაქიკარდია, ქოშინი, გულის უკმარისობის სიმპტომები. როცა ინვაზია ინტენსიური არ არის, დაავადება შესაძლოა გამოხატული სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს და ყურადღებას მხოლოდ ეოზინოფილების მატება იქცევდეს. მძიმე შემთხვევებში პაციენტის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მიოკარდიტმა – გულის კუნთის ანთებამ ან მენინგოენცეფალიტმა - ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებამ.

დაავადების დიაგნოსტიკა ემყარება პაციენტის ანამნეზს – თერმულად სათანადოდ დაუმუშავებელი ხორცით კვების ფაქტს, კლინიკურ ნიშნებს და ლაბორატორიულ მონაცემებს – სისხლის საერთო ანალიზისა და იმუნოლოგიური გამოკვლევების შედეგებს.

- როგორ მკურნალობენ ტრიქინელოზს? რამდენად ეფექტურია მკურნალობა?

- ტრიქინელოზის მკურნალობა ტარდება როგორც უშუალოდ პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატებით, ასევე გლუკოკორტიკოიდებით, ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) პრეპარატებით, საჭიროებისამებრ - კარდიოლოგიური მედიკამენტებით. დროული მკურნალობა ეფექტიანია, თუმცა წარმატებული მკურნალობის შემთხვევაშიც კი პაციენტს შესაძლოა 2-4, იშვიათად 6 თვის განმავლობაში აწუხებდეს კუნთების ტკივილი, აღენიშნებოდეს ეოზინოფილია.

- პარაზიტულ დაავადებებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ამებიაზს. როგორ ხდება დასნებოვნება და როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება?

- ამებიაზის გამომწვევია ამება. დასნებოვნება ფეკალურ-ორალური გზით ანუ ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაში ამების შემცველი განავლის უმცირესი ნაწილაკების მოხვედრით ხდება, წესისამებრ, წყლის მეშვეობით, თუმცა შესაძლებელია გადაცემა საკვების ან ამებით დაბინძურებული ხელების საშუალებითაც. დაავადების წყაროა კლინიკურად ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც ამების მატარებელია და ყოველდღიურად განავალთან ერთად უამრავ ცისტას გამოყოფს, რაც წლობით შეიძლება გაგრძელდეს. ადამიანის ნაწლავში მოხვედრისას ამების ცისტები გარდაიქმნებიან და რიგ შემთხვევაში ადამიანი მათ ჯანმრთელ მატარებლად იქცევა, რიგ შემთხვევაში კი დაავადება კლინიკურად გამოვლინდება.

დასნებოვნების გზების გათვალისწინებით, ამებიაზის პროფილაქტიკის მიზნით სასმელად უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ სათანადოდ გასუფთავებული წყალი, დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები.


- როგორია ამებიაზის კლინიკა, როგორ სვამენ დიაგნოზს, რას გულისხმობს მკურნალობა?

- ამებიაზს აქვს სხვადასხვა კლინიკური ფორმა. ნაწლავურ ამებიაზს ახასიათებს მუცლის ტკივილი, შებერვა, ფაღარათი – კუჭის მოქმედება აღინიშნება დღეში ორ-სამჯერ, განავალი შეიცავს სისხლის მინარევს. სიმპტომები შესაძლოა 2-4 კვირა გაგრძელდეს, ხოლო დეფეკაციათა სიხშირე 10-20-მდე გაიზარდოს.

ამებიაზის ნაწლავგარე ფორმებიდან აღსანიშნავია ამებური აბსცესები, რომლებიც სხვადასხვა ორგანოში, ყველაზე ხშირად კი ღვიძლში ყალიბდება. ამ შემთხვევაში მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად ხშირად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევაც.

ამებიაზის დიაგნოსტიკის მიზნით ტარდება ახალგამოყოფილი განავლის მიკროსკოპიული შესწავლა. გარდა ამისა, შემუშავებულია სეროლოგიური კვლევები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაწლავგარე ფორმების დროს.

- რამდენად აქტუალურია დღეს ლამბლიოზი, როგორ ხვდება ადამიანის ორგანიზმში ლამბლია და რა გზით შეიძლება ავიცილოთ ეს თავიდან?

- ლამბლიოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ის ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა რიგ შემთხვევაში ირღვევა წვრილი ნაწლავის ფუნქცია, რასაც ფაღარათი მოსდევს. ლამბლიოზით დასნებოვნების წყარო ლამბლიებით ინვაზირებული ადამიანია, რომელიც ფეკალიებთან ერთად გარემოში გამოყოფს ლამბლიის ცისტებს. დაავადება გადაეცემა ფეკალურ-ორალური გზით. გადაცემის ფაქტორებია წყალი, ბოსტნეული, კენკრა, ხილი. ინვაზიისათვის საკმარისია ადამიანის ორგანიზმში ათი ცისტის მოხვედრა.

გადაცემის გზების გათვალისწინებით, ლამბლიოზის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ჰიგიენის წესების დაცვა, საკვების კარგად გარეცხვა გამდინარე სუფთა წყლით, სასმელად მხოლოდ სუფთა წყლის გამოყენება.

- როგორია ლამბლიოზის კლინიკა, როგორ ტარდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

- ადამიანის წვრილ ნაწლავში ლამბლია გარდაიქმნება ვეგეტატიურ ფორმად, სწრაფად მრავლდება და წვრილ ნაწლავში პარაზიტობს. ამავე დროს განავალთან ერთად გარემოში გამოიყოფა უამრავი ცისტა. წვრილ ნაწლავში ლამბლია აზიანებს ნაწლავის ფუნქციას, ირღვევა ნაწლავის კედლისმიერი მონელება, რის შედეგადაც ვითარდება ფაღარათი. ჩვეულებრივ, დაავადება კეთილთვისებიანად მიმდინარეობს და 5-7 დღეში გამოჯანმრთელებით სრულდება.

დაავადების დიაგნოსტიკა ემყარება განავალში ლამბლიის ვეგეტატიური ფორმების აღმოჩენას, ასევე - სეროლოგიურ მეთოდებს. სამკურნალოდ გამოიყენება ანტიპროტოზოული საშუალებები.

- კარგა ხანს ლამბლია ნაღვლის ბუშტის დაავადებების მიზეზად მიაჩნდათ. როგორი შეხედულება აქვთ დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით?

- მკითხველებს ალბათ კარგად ახსოვთ, რომ ლამბლიოზის დიაგნოსტიკა ხშირად ზონდირებით ნაღვლის წვენის მიღების შედეგად ხდებოდა. სადღეისოდ ცნობილია, რომ ამ გზით მიღებულ ნაღვლის სეკრეტში აღმოჩნდება ლამბლია, რომელიც ბინადრობს არა ნაღვლის ბუშტში, არამედ წვრილ ნაწლავში. ასეთი დასკვნის საფუძველს გვაძლევს დადგენილი ფაქტი - ნაღვლის ზემოქმედებით ლამბლია კარგავს სიცოცხლის უნარს, ასე რომ, ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში მისი არსებობა შეუძლებელია.

- ბევრი მზად არის, ექიმის დანიშნულების გარეშე მიიღოს ანტიპარაზიტული პრეპარატი. როგორია სპეციალისტის აზრი ამის თაობაზე?

- მკითხველი ალბათ შეამჩნევდა, რომ საუბრისას კონკრეტული პრეპარატების დასახელებისგან თავი შევიკავეთ. ეს შემთხვევით არ მომხდარა. მართალია, თანამედროვე ანტიპარაზიტული საშუალებების ტოქსიკურობა საგრძნობლად არის შემცირებული, მაგრამ ადამიანის ორგანიზმზე განსაზღვრული ტოქსიკური ზემოქმედება თითქმის ყველა მათგანს აქვს. სწორედ ამიტომ არ არის რეკომენდებული თვითმკურნალობა.

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობის სქემა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, ისე, რომ პარაზიტების საწინააღმდეგო ეფექტი მაქსიმალური იყოს, ხოლო ადამიანის ორგანიზმზე არასასურველი ზემოქმედება - მინიმალური. ეს კი მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.

გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, არის შემთხვევები, როცა პარაზიტული დაავადება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სტაციონარული მკურნალობა. ბუნებრივია, მსგავს სიტუაციაში თვითმკურნალობა დაუშვებელია.

- რომელი წესების დაცვაა აუცილებელი პარაზიტული დაავადებების თავიდან ასაცილებლად?

- საუბრისას არაერთხელ შევეხეთ პარაზიტული დაავადებების თავიდან აცილების გზებს. კიდევ ერთხელ ჩამოვთვლით მათ:

  • რეგულარულად იბანეთ ხელები საპნით.
  • კარგად მოხარშეთ და შეწვით ხორცი.
  • ნუ დააბინძურებთ გარემოს ფეკალიებით.
  • გულმოდგინეთ გარეცხეთ ხილი, ბოსტნეული, მწვანილი.
  • ნუ გამოიყენებთ სასმელად წყალს, თუ არ ხართ დარწმუნებული მის სისუფთავეში.