პარაზიტები, რომლებსაც უნდა ვუფრთხილდეთ და გზები, თუ როგორ შეიძლება დავსნებოვნდეთ
ვრცელდება დაავადებული ადამიანის მეშვეობით, რომლის თეძოსა და ბრმა ნაწლავშიც პარაზიტები არიან ჩაბუდებულნი.
მომწიფებული ჭიები ღამით გამოდიან სწორი ნაწლავიდან და სწორი ნაწლავის კანის ნაოჭებში კვერცხებს დებენ.
ეს ქავილს იწვევს. მოქავებისას კვერცხები ფრჩხილებქვეშ და თითებზე რჩება, ჰიგიენური წესების დაუცველობის შემთხვევაში ადვილად ხვდება თეთრეულზე, საოჯახო ნივთებსა და სხვა საგნებზე.
მათთან უშუალო კონტაქტის დროს კვერცხი ხვდება პირის ღრუში, იქიდან კი ბრმა და თეძოს ნაწლავში ჩაითესება და ზრდა-გამრავლებას განაგრძობს.
ხშირად გვსტუმრობს ასკარიდაც. ინვაზიის წყარო დაავადებული ადამიანია, რომელიც პარაზიტის კვერცხებს განავალთან ერთად გარემოში გამოყოფს, კვერცხები მიწაში მწიფდება.
მასთან კონტაქტის, ხელების დაბინძურების, წყლის, მწვანილის, ხილის სხვა პროდუქტების თუ ნივთების მეშვეობით კვერცხი პირის ღრუდან ადამიანის ორგანიზმში ხვდება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადადის. წვრილ ნაწლავებში მისი გარსი იშლება და გათავისუფლებული ლარვა ნაწლავის კედელში ინერგება, გაივლის მას და სისხლძარღვებით ღვიძლსა და ფილტვებისკენ მიემართება.
სასუნთქი გზების გავლით ხვდება ხახაში და ნაწლავებში, საიდანაც 2 თვეში ლარვა მწიფდება და უკვე კვერცხის დებას იწყებს.
დაავადება განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში, რადგან მათ ამ პარაზიტისადმი საკმაოდ მაღალი მიმღებლობა აქვთ. ნემატოდების წარმომადგენელია ტრიქოცეფალუსიც, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ასკარიდას მსგავსად ხვდება და საბოლოოდ ბრმა ნაწლავის ლორწოვანში იბუდებს.
დიდი საფრთხის შემცველია ადამიანის ინვაზირება სპირალური ტრიქინელათი, რომელიც "ცვრიანი მწვადის" სახელწოდებით ცნობილ დაავადებას - ტრიქინელოზს იწვევს. ინვაზიის წყაროს მტაცებლები და მღრღნელები წარმოადგენენ.
ადამიანი უმთავრესად ღორისგან ინვაზირდება. თერმულად არასათანადოდ დამუშავებული, ტრიქინელას ლარვების შემცველი ხორცის ჭამისას პარაზიტის ჩანასახი ნაწლავის სანათურში ხვდება, გადის ნაწლავის კედელს, სისხლძარღვების მეშვეობით კუნთოვან ქსოვილში ითესება, ლოკალიზდება და კაფსულას იკეთებს.
ლენტისებრი ჭიებიდან ადამიანისთვის ყველაზე დიდი ზიანის მიყენება ხარისა და ღორის სოლიტერს შეუძლია. ხარის სოლიტერი ტენიარინქოზს იწვევს. ინვაზიის წყარო დაავადებული ადამიანია, რომელიც განავალთან ერთად გამოყოფს პროგლოტიდებს - მომწიფებული კვერცხებით სავსე სხეულის ნაწილებს. ისინი იფანტებიან მიწაზე, ბალახებზე. თუ ხარმა, ძროხამ ან კამეჩმა ამ კვერცხებით დაბინძურებული ბალახი შეჭამა, ისინი მის ორგანიზმში მოხვდებიან და იქ განაგრძობენ განვითარებას.
თუ ადამიანმა ასეთი ცხოველის თერმულად დაუმუშავებული ხორცი მიიღო, დაინვაზირდება. პარაზიტი ბუდეს ადამიანის ნაწლავში იდებს და იქ განაგრძობს 3-5-წლიან სიცოცხლეს. ღორის სოლიტერით გამოწვეული ტენიოზის დროს პარაზიტის საბოლოო მასპინძელი ასევე ადამიანი გახლავთ, შუამავალი მასპინძელი კი ღორია.
ადამიანის განავალთან ერთად გამოყოფილი მომწიფებული კვერცხები ღორის ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ არღვევენ ნაწლავის კედელს, ხვდებიან სისხლძარღვებში და კუნთოვან ქსოვილში იბუდებენ.
თუ ადამიანმა ასეთი ხორცი სათანადო თერმული დამუშავების გარეშე შეჭამა, მომწიფებული კვერცხები მის ნაწლავში მოხვდებიან. ძალზე საშიშია ექინოკოკით გამოწვეული ექინოკოკოზი. პარაზიტით დასნებოვნება სამი გზით შეიძლება მოხდეს:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსიდან. გაურეცხავ ან ცუდად გარეცხილ მწვანილსა და ბოსტნეულთან, მიწიდან აკრეფილ ხილთან ერთად ადამიანი ყლაპავს ჭიის კვერცხებს. ზოგჯერ ექინოკოკის კვერცხები შინაური ცხოველების - კატის, ძაღლის ბეწვზეც არის მიკრული.
- სასუნთქი გზებისა და ფილტვების ლორწოვანი გარსიდან. დაავადების გამომწვევი ბრონქებში ჰაერიდან ხვდება, თუმცა ექინოკოკის ჩანასახი ბრონქულ ხეში მეორეულადაც შეიძლება მოხვდეს, როცა სხვა ადგილას არსებული ექინოკოკის ცისტა სპონტანურად სკდება და შვილეული ბუშტუკები მთელ ორგანიზმს მოედება.
- ჭრილობის ზედაპირიდან. ექინოკოკი ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ძაღლის ნაკბენიდან, თუ ცხოველს პირის ღრუში პარაზიტის ჩანასახები აქვს. არის შემთხვევები, როდესაც ქირურგიული ჩარევის დროს ექინოკოკის ცისტა ირღვევა და ჭრილობაში შვილეული ბუშტები ხვდება.