სტრესი და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტრესი და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული

არის თუ არა ასეთივე მნიშვნელოვანი სტრესის ზემოქმედება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების აღმოცენებისას? სადღეისოდ ამ შეკითხვაზე ცალსახა, ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია.

არსებული მონაცემების თანახმად, კუჭის წყლულის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის უმთავრესი გამომწვევებია: დაავადებულთა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აღმოჩენილი მიკროორგანიზმი, ჰელიკობაქტერია და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული (არაჰორმონული) პრეპარატები (ტკივილგამაყუჩებლები), განსაკუთრებით ხშირი და დიდი დოზით გამოყენებისას.

რამდენიმე ათეული წლის წინათ ჩვენი ქვეყნისათვის საკმაოდ აქტუალური დაავადების ამ გამომწვევთა დადგენა არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ არის უარყოფილი სტრესის გავლენა კუჭის წყლულის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის აღმოცენებაზე.

მართალია, ფსიქოემოციური სტრესი დღეს არსებული მონაცემების თანახმად, კუჭის წყლულის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის უმთავრეს გამომწვევად ვერ ჩაითვლება, მაგრამ თანამედროვე კვლევათა მონაცემების უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებობს კავშირი ფსიქოსოციალურ ფაქტორებსა და წყლულის აღმოცენებას შორის.

კვლევებით გამოვლინდა, რომ სტრესი, რომელთან გამკლავებაც პაციენტს უჭირს და დეპრესია, ზრდის მომდევნო 9-15 წლის განმავლობაში წყლულის განვითარების რისკს.

წყლულისადმი განწყობას ზრდის სხვა ფსიქოსოციალური ფაქტორებიც – სამსახურთან დაკავშირებული სტრესი, სოციალური პრობლემები, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. წყლული და მისი გართულებები უფრო ხშირია ბუნებრივი კატაკლიზმებისა და სოციალური კატასტროფებისას.

სტრესის ზემოქმედებით წყლულის ფორმირების პათოფიზიოლოგიური მექანიზმი დაზუსტებული არ არის. შესაძლოა, წყლულის მიზეზი იყოს სტრესის ზემოქმედებით ჯანმრთელობისათვის მავნე, არაჯანსაღი ქცევა (თამბაქოს, ალკოჰოლის ზემოქმედება) და ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა.

დანიელ მეცნიერთა (აკვირდებოდნენ 3379 პირს) კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ფსიქოსოციალური სტრესი ზრდის წყლულის აღმოცენების სიხშირეს ჯანმრთელობისათვის სარისკო ქცევების შედეგად. სტრესის ეს ეფექტი ანალოგიური იყო როგორც ჰელიკობაქტერიით ინფიცირებისას (წყლულის უმთავრესი გამომწვევი ბაქტერია) ასევე მაშინაც, როცა პაციენტი არ იყო ინფიცირებული, ან არ იღებდა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ (არაჰორმონულ) პრეპარატებს.

სტრესის ფონზე ასევე იმატებს მჟავას სეკრეცია (გამომუშავება), კერძოდ, კი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის აღმოცენებისას.

სტრესულ სიტაუციაში ადამიანი უფრო მწვავედ აღიქვამს ტკივილს, ხშირად აწუხებს თავის თუ ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი, ამიტომ ხშირად მოიხმარს ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონულ პრეპარატს, რომელიც წყლულის, განსაკუთრებით კი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამომწვევია.

მეცნიერთა დაკვირვებით, დამზიანებელი ეფექტი ვლინდება სტრესისადმი წინასწარ განწყობილ პირთა შორის.

სტრესი, შფოთვა და დეპრესია აფერხებს წყლულისაგან განკურნების პროცესს, ხელს უწყობს დაავადების რეციდივს (თავიდან აღმოცენებას), რაც ენდოსკოპიური კვლევის შედეგებითაც დასტურდება.

როგორც ჩანს, სტრესის შედეგები შექცევადია – სტრესული ფაქტორის ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ სტაბილური ფსიქიკის მქონე პირები უფრო ადვილად გაჯანსაღდებიან.

მიუხედევად აღნიშნულისა, თანამედროვე ეტაპზე დადგენილი არ არის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არახელსაყრელი ფსიქოსოციალური ფაქტორების ზემოქმედებასა და კუჭის წყლულს, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს შორის. ერთ-ერთი კვლევით გამოვლინდა, რომ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს შფოთვა და ნევროტულობა მაღალი იყო დაავადების დასაწყისში, მაგრამ შემდგომ გამოსწორდა იმ პაციენტთა მდგომარეობა, რომელთაც გამწვავება არ ქონდათ. ზოგ შემთხვევაში პაციენტის ფსიქოემოციური მდგომარეობა შეიძლება დაავადების შედეგი იყოს და არა მიზეზი.

  • რა არის პირველადი, სტრესი თუ წყლული?

კვლევების ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგების უმრავლესობაში ფსიქოემოციური სტრესი არ განიხილება, როგორც წყლულის უშუალო გამომწვევი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სტრესის როლი საერთოდ უარყოფილია. ის არ არის მთავარი „დამნაშავე“ წყლულის აღმოცენებისას, მაგრამ ნამდვილი „თანამზრახველი“ კი გახლავთ.

  • როგორ ვლინდება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის უხშირესი სიმტპომია მწველი ტკივილი კუჭის არეში ან „კუჭის წვა“, როგორც ხშირად აღნიშნავენ პაციენტები. კუჭის მჟავა წვენის ზემოქმედებით ტკივილი ძლიერდება, როცა კუჭი ცარიელია. ხშირად ტკივილს ამცირებს გარკვეული საკვების მიღება ან მედიკამენტი, რომელიც კუჭის სიმჟავეს აქვეითებს, თუმცა ტკივილი მალე კვლავ აღმოცენდება, ის უმთავრესად ძლიერდება კვებათა შორის და ღამით.

გარდა მწველი ხასიათის ტკივილისა, ხშირია კუჭში უსიამოვნო სისავსის შეგრძნება, მუცლის შებერვა, ბოყინი, ცხიმიანი საკვების აუტანლობა, გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება. თუმცა, არც თუ იშვიათად, პაციენტთა ნაწილს არა აქვს დაავადების არავითარი სიმპტომი. მაგრამ მაინც შეიძლება გამოვლინდეს დაავადების გართულებებით გამოწვეული ნიშნები:

  1. ღებინება სისხლიანი შიგთავსით;
  2. შავი, კუპრისმაგვარი განავალი – დამახასიათებელია სისხლდენისათვის;
  3. ზოგადი სისუსტე, სუნთქვის გაძნელება;
  4. გულისრევა და ღებინება წინა დღეს მიღებული საკვებით;
  5. წონის უმიზეზო კლება;
  6. მადის ცვალებადობა.

ასეთი სიმპტომები აღმოცენდება, როცა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ მკურნალობენ.

წყლულის გართულებებია:

- სისხლდენა – უმნიშვნელო ოდენობით სისხლის კარგვა დროთა განმავლობაში იწვევს ანემიას, ხოლო მნიშვნელოვანი სისხლდენა წნევის მკვეთრი დაქვეითების და ამის შედეგად პაციენტის საავადმყოფოში დაუყოვნებელი გადაყვანის მიზეზია. დიდი ოდენობით სისხლის კარგვას მოყვება სისხლიანი ან რძიანი ყავის ფერის შიგთავსით ღებინება ან კუპრისმაგვარი განავალი.

- წყლულის პერფორაცია – წყლულით დაზიანებული კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის კედლის მთლიანობის დარღვევა, რომელიც იწვევს უძლიერეს ტკივილს და დაუყოვნებელი ქირურგიული ჩარევის ჩვენებაა.

- ობსტრუქცია – ანთებითი შეშუპების და/ან დანაწიბურების შედეგად კუჭის გასავალი ნაწილის ან თორმეტგოჯა ნაწლავის შევიწროება, რის შედეგადაც ირღვევა საკვების გადანაცვლება კუჭიდან თორმეტგოჯა ნაწლავისაკენ. პაციენტს აქვს ადვილად დანაყრების შეგრძნება, ღებინება, დროთა განმავლობაში ქვეითდება წონა. ამ გართულების დროს შესაძლოა, საჭირო გახდეს ოპერაციული მკურნალობა.

  • თანამედროვე შეხედულება სტრესული წყლულის შესახებ

თანამედროვე ლიტერატურაში ტერმინით, „სტრესული წყლული“, აღნიშნავენ საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილის (საყლაპავი, კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი) დაწყლულებას, რაც სხვადასხვა მძიმე დაავადების დროს, უმთავრესად პაციენტის საავადმოყოფოში ყოფნისას აღმოცენდება. ასეთი სტრესული წყლული შეიძლება იყოს უსიმპტომო ან თან ახლდეს უმნიშვნელო, ფარული, ზოგჯერ კი აშკარა და ძლიერი სისხლდენაც კი.

სტრესული წყლულის გაზრდილი რისკი მრავალ ფაქტორთან არის ასოცირებული, თუმცა წყლულიდან სისხლდენას ძირითადად განაპირობებს პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენება და სისხლის შედედების სისტემის დარღვევები.

სტრესული წყლულები სისხლდენით, ხშირია ღვიძლის ქრონიკული დაავადებებისას, რაც დაკავშირებულია შედედების სისტემაში განვითარებულ ცვლილებებთან. გარდა აღნიშნულისა, სტრესული წყლულების აღმოცენებას ხელს უწყობს სხვადასხვა კრიტიკული მდგომარეობა – შოკი, სეფსისი, თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია (დიალიზი), სამი და მეტი თანმხლები დაავადება, მრავლობითი ტრავმა, დამწვრობა, რომელიც სხეულის 35%-ს და მეტს მოიცავს, ორგანოთა ტრანსპლანტაცია, თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენება.

შესაძლოა, მკითხველისათვის დაუჯერებელი იყოს, მაგრამ დღემდე არ არის ერთიანი აზრი სტრესული წყლულის შემთხვევაში გლუკოკორტიკოსტეროიდების (პრედნიზოლონი და მისი მსგავსი ჰორმონები) როლის შესახებ. არსებული მოსაზრებების თანახმად, მხოლოდ გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღება არ არის სტრესული წყლულის მიზეზი, თუმცა, აღნიშნულს სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებენ.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ზემოთ განხილული რისკების და სათანადო ჩვენებების არსებობისას ტარდება სტრესული წყლულების და მათგან სისხლდენის პროფილაქტიკური მკურნალობა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით (ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, პანტოპრაზოლი, ესომეპრაზოლი).

  • როგორ ავიცილოთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული

ზემოთ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის უმთავრესი გამომწვევია მიკროორგანიზმი ჰელიკობაქტერია. ის მსოფილოს მოსახლეობის ორ მესამედს აქვს, მაგრამ, საბედნიეროდ, მათ უმრავლესობას წყლული არ უვითარდება. მიუხედავად ამისა, ჰელიკობაქტერიით ინფიცირების თავიდან აცილება წყლულის პროფილაქტიკის ერთ-ერთი გზაა.

ზუსტი რეკომენდაცია, სამწუხაროდ, მედიცინას არა აქვს, თუმცა ჰელიკობაქტერიის გავრცელება წყლით, საკვებით და ადამიანიდან ადამიანზე კიდევ ერთხელ მოწმობს დაავადების თავიდან აცილებისათვის ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობას.

წლულის მეორე, უმთავრესი მიზეზი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული (არაჰორმონული) პრეპარატებია. მათ სწრაფი და ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის გამო ხშირად იყენებენ.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღებისას შესაძლოა, აღმოცენდეს მედიკამენტური წყლული. მისი რისკი მეტია, როცა:

- პაციენტის ასაკი აღემატება 65 წელს;

- პაციენტი ინფიცირებულია ჰელიკობაქტერიით;

- ერთდროულად იღებს 2 ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატს;

- პაციენტს წარსულში ჰქონდა წყლული;

- იღებს ჰორმონულ პრეპარატს.

თუ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღება აუცილებელია, წყლულის რისკის შემცირების მიზნით პრეპარატი უნდა გამოიყენოთ უმცირესი დოზით და მალე მოიხსნას. პრეპარატის მიღება შეიძლება ჭამის მერე და არა შიმშილისას, დაუშვებელია ერთრდოულად ალკოჰოლის მიღება.

წყლულისა და მისი გამწვავების რისკის შესამცირებლად აუცილებელია თაბაქოს მოწევის შეწვეტა, ალკოჰოლიანი სასმლების მიღების მკვეთრი შემცირება. მკურნალობისას დადებითად მოქმედებს პრობიოტიკებით მდიდარი საკვები – მაწონი, კეფირი, იოგურტი.

მართალია, ფსიქოემოციური სტრესი არ არის წყლულის უშუალო გამომწვევი, მაგრამ ის ხელს უწყობს სიმპტომების გამწვავებას. ამიტომ რეკომედებულია სტრესის მართვა, ძილის მოწესრიგება. მშვიდი გარემო და ნორმალური ძილი აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, რაც ნებისიერი დაავადების დროს გამოჯანმრთელების მნიშვნელოვანი ფაქტორია.