საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქსოვილოვანი დეფექტები

ამიტომ მასში ქსოვილოვანი დეფექტები - წყლულები და ეროზიები - ყველაზე ხშირად წარმოიქმნება.
პირის ღრუ საკვების პირველი მასპინძელია. როგორ ზიანდება იგი საკუთარი მოვალეობების აღსრულებისას და როგორ აღვუდგეთ ამას წინ, ამაზე ექიმი თამარ მარსაგიშვილი გვესაუბრება.
- ქალბატონო თამარ, რა იწვევს პირის ღრუში ქსოვილოვან დეფექტებს და რას უკავშირდება მათი ასეთი მრავალფეროვნება?
- მათი წარმოქმნის პირველი მიზეზი მექანიკური დაზიანებაა. ეს არის ტრავმული წყლულები, გამოწვეული კბილის ბასრი კიდეებით, სხვადასხვა ტიპის პროთეზით, კბილის ქვით, მყარი, ცხარე, ცხელი საკვებით და სხვა. ხანდაზმულებში ლორწოვანის რღვევის ხშირი მიზეზია ქრონიკული ტრავმა, შენელებული ნივთიერებათა ცვლა და რეგენერაციის დაქვეითებული უნარი.
ტრავმული წყლულები ხშირად ენასა და ლოყაზეა განლაგებული და ტკივილს გვაყენებს ჭამისა და საუბრის დროს. წყლულებს იწვევს ინფექციური დაავადებები, ზოგიერთი სისტემური დაავადება (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის დაავადებები), ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (ჰიპოვიტამინოზები და ავიტამინოზები, ენდოკრინული სისტემის დაავადებები).
პირის ღრუში ქსოვილოვანი დეფექტების გაჩენის მიზეზი ხშირად იმუნურ სისტემაშია საძიებელი. სტომატიტი უფრო მეტად იმ პაციენტებს ემართებათ, რომლებსაც ხშირად უწევთ ემოციური და ფსიქიკური სტრესების გადატანა. მნიშვნელოვანი ფაქტორია არასწორი კვება, რაციონში B ჯგუფის ვიტამინების, ფოლიუმის მჟავას, სელენისა და რკინის დეფიციტი. აღსანიშნავია ალერგიული რეაქციების როლიც. წყლულები ხშირია გარდატეხის ასაკსა და ორსულობაში, რაც ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებს უკავშირდება. სტომატიტს გენეტიკური მიდრეკილებაც განაპირობებს.
- როგორი წყლულები ვითარდება ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების დროს?
- ვირუსული სტომატიტის დროს წყლულები ჩნდება ლორწოვანზე, ტუჩებზე ვეზიკულებისა და ბუშტუკების სახით. ზოგჯერ ისინი ერთიანდება, იხსნება და შემდეგ ქერქით იფარება. ტკივილი ძლიერდება საუბრის, საკვების მიღების დროს. ამას ერთვის უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ცხელება, ზოგადი სისუსტე და რეგიონული ლიმფური ჯირკვლების გადიდება.
ზოგჯერ კი (მაგალითად, ჰერპესული ინფექციების დროს) წყლულები არც ისე ღრმაა და წვრილი გამონაყარის სახით ლოკალიზდება ნერვული ტოტების საინერვაციო ზონაში. ვირუსები ხშირად აზიანებს ხახას, ნუშურა ჯირკვლებს, იშვიათად ენასაც. მათთვის დამახასიათებელია მწვავე გინგივიტი, რომელსაც თან ახლავს ცხელება და ლიმფური კვანძების გადიდება.
ბაქტერიული ინფექციების დროს განსაკუთრებით ზიანდება ღრძილები, კბილთაშუა არეები, ლოყები. წყლული რბილი, უსწორმასწოროკიდეებიანია, დაფარულია სქელი მონაცრისფრო ნადებით. დამახასიათებელია უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან და ლიმფური კვანძების გადიდება.
სიფილისური დაზიანებისას პათოლოგიური პროცესი მოიცავს სასას, ყბებს, ენასა და კბილებს, ქსოვილოვანი დეფექტები ჩნდება პირის ღრუს კუთხეებში რადიალური ნახეთქების სახით.
- სოკოვან ინფექციებზე რას გვეტყვით?
- მიკოზების დროს ინფილტრატები ჩნდება როგორც სახეზე, კისერზე, ისე პირის ღრუს ფსკერზე. პროგნოზის კუთხით განსაკუთრებით საშიშია ჰისტოპლაზმოზი, რომელიც მთელ პირის ღრუს აზიანებს, განსაკუთრებით კი ენას, ღრძილებსა და სასას. მრავლობითი წვრილი კვანძოვანი წყლული იმდენად აზიანებს ხორხს, რომ ადამიანს ხმა ეხლიჩება და ყლაპვა უჭირს. იგი სასწრაფო და გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს.
კანდიდოზიც (რძიანა) მთელ პირის ღრუს აზიანებს. ამ დროს ჩნდება თეთრი აპკები, რომლებიც თავდაპირველად ადვილად სცილდება ლორწოვან გარსს, მოგვიანებით კი ნადების მოცილება რთულდება. საყურადღებოა შაქრიანი დიაბეტის დროს პირის ღრუში წარმოქმნილი ტროფიკული წყლულები, რომელთაც ხანგრძლივი მიმდინარეობა და შენელებული რეგენერაცია ახასიათებთ.
- როგორ მკურნალობენ პირის ღრუში გაჩენილ წყლულებს?
- სტომატოლოგიური წყლულების მკურნალობა მიზნად ისახავს წყლულის გამომწვევი მიზეზის მოცილებას, თანმხლები ადგილობრივი და ზოგადი დაავადებების მკურნალობას, პირის ღრუს სანაციას, ორგანიზმის იმუნური ძალების გაძლიერებას. წყლული ხშირად საკმაოდ მტკივნეულია, რადგან იგი მოიცავს ლორწოვანი გარსის ყველა შრეს, ამიტომ პირველ რიგში აუცილებელია ტკივილის მოხსნა, რათა პაციენტმა კვება და პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა შეძლოს.
აუცილებელია წყლულების ზედაპირის დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარებით, რათა თავიდან ავიცილოთ მეორეული ინფიცირება. მკურნალობის პროცესში ვიყენებთ შეხორცების დამაჩქარებელ საშუალებებსაც.
- როგორ მოვიქცეთ, რომ მსგავსი პრობლემები თავიდან ავიცილოთ?
- აუცილებელია პირის ღრუს სანაცია, ყველა დაზიანებული კბილის დაბჟენა, საჭიროების შემთხვევაში - მათი ექსტრაქცია (ამოღება), ნადების მოცილება. ზოგიერთ წყლულს გაავთვისებიანების უნარი აქვს. ეს უფრო ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკულ წყლულებზე ითქმის, ამიტომ გირჩევთ წყლულის შემჩნევისთანავე მიმართოთ სტომატოლოგს. თუ მაინც თვითმკურნალობას მოჰკიდეთ ხელი და დაინახეთ, რომ 10-14 დღის შემდეგ წყლული არ გაქრა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
პეპტიკური წყლული
ტერმინი "პეპტიკური წყლული" მედიცინაში შედარებით ახალი დანერგილია, იგი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა განყოფილებაში არსებულ ქსოვილოვან დეფექტებს გულისხმობს. პეპტიკური წყლული უმეტესად კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმულ ნაწილში წარმოიშობა, შედარებით იშვიათად - საყლაპავის დისტალურ ნაწილსა და წვრილ ნაწლავებში. ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ 4 ტიპის წყლულს:
1. ლოკალიზებულია კუჭის სხეულში და ახასიათებს ჰიპოაციდური (დაქვეითებული მჟავიანობა) მდგომარეობა.
2. ჩნდება კუჭზე ან თორმეტგოჯა ნაწლავზე (კუჭში - მცირე სიმრუდეზე, თორმეტგოჯაში - ბოლქვის უკანა კედელზე) და ახასიათებს ჰიპერაციდური (მომატებული მჟავიანობა) მდგომარეობა;
3. წყლული პოლორულ არხშია ლოკალიზებული და ნორმო ან ჰიპერაციდური მდგომარეობა ახასიათებს.
4. მცირე სიმრუდეზე ლოკალიზებული მაღალი წყლულებია, უმთავრესად - საყლაპავი მილის კუჭში გადასვლის ადგილას. ძალიან წააგავს პირველი ტიპის წყლულებს, მაგრამ მათზე მეტად არის მიდრეკილი სიმსივნედ გადაგვარებისაკენ.