ტუბერკულოზი - სტიგმა და მისი პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტუბერკულოზი - სტიგმა და მისი პროფილაქტიკა

სახელმწიფოთა უმრავლესობის მოსახლეობასა და ეკონომიკურ განვითარებას. ბოლო ხანს მისი ზრდის ტენდენცია პრაქტიკულად ყველგან შეინიშნება. ტუბერკულოზი ხდება მეტად დიდი საფრთხის შემცველი ინფექცია, რომელსაც ყველა სხვა ინფექციურ დაავადებაზე გაცილებით მეტი ხალხი ეწირება.

ცოტა რამ ისტორიიდან

კაცობრიობის ეს უბედურება, რომელიც ელვის სისწრაფით ვრცელდება, "მეოცე საუკუნის ჭირად" იქცა. შემთხვევითი არ არის, რომ ჭლექმა (როგორც მას ძველად უწოდებდნენ), ასახვა პოვა დოსტოევსკისა და ჩეხოვის, ჩარლზ დიკენსისა და ალექსანდრ დიუმას ნაწარმოებებში, ვერდისა და პუჩინის ოპერებში.

ტუბერკულოზით დაიხოცნენ ალექსანდრე ყაზბეგი, ანტონ ჩეხოვი, ფრედერიკ შოპენი და მრავალი სხვა მწერალი, პოეტი, მხატვარი თუ კომპოზიტორი.

მეოცე საუკუნის შუა ხანებში ტუბერკულოზის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები მთელ მსოფლიოში შესამჩევად გაუმჯობესდა. ოთხმოციანი წლების ბოლოს ავადობა ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ დაბალი გახლდათ. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან ცხოვრების დონის დაცემასთან ერთად დაავადების გავრცელებამაც იმატა, მეოცე საუკუნის დასასრულს კი მისი მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა.

თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური პირობები, ორგანიზმის მკვეთრად დაქვეითებული დამცავი ძალები და ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებისადმი გამომწვევის მაღალი მედეგობა დაავადებას საშუალებას აძლევს, პროფილაქტიკისადმი უგულისყურო მიდგომის პირობებში მოსახლეობის ყველა სოციალური ფენა დაასნებოვნოს.

სტიგმა

ტუბერკულოზთან ბრძოლას ართულებს სტიგმა, რომელიც ამ დაავადებას სდევს თან - ბევრს მიაჩნია, რომ ტუბერკულოზით შეიძლება დაავადდეს მხოლოდ ასოციალური პირი ან ადამიანი, რომელიც ჰიგიენას არ იცავს. მიკერძოებული დამოკიდებულება მათდამი, ვისაც ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს, ამ უკანასკნელთ ხშირად აიძულებს, დამალონ დაავადება, რაც, თავისთავად, ნიშნავს იმას, რომ არ იმკურნალებენ და გარშემო მყოფთათვის საფრთხედ დარჩებიან. მხარდაჭერა კი ეხმარება დაავადებულს, ზუსტად დაიცვას მკურნალობის რთული რეჟიმი და წესები დასნებოვნებისგან გარშემო მყოფთა დასაცავად.

სტიგმა - ეს სტერეოტიპების კომპლექსია, რომელიც რადიკალურად ცვლის დამოკიდებულებას სხვა ადამიანებისა და საკუთარი თავისადმი და იძულებულს ხდის ადამიანს, დაავადების მატარებელს მიუდგეს როგორც განსაზღრული - როგორც წესი, უარყოფითი, ნეგატიური - თვისებების მქონეს. ხშირად მიაჩნიათ, რომ ტუბერკულოზით დაავადებულმა "დაიმსახურა" ის, რაც სჭირს რაღაც "გადაცდომის" ან საზოგადოებისთვის მიუღებელი საქციელის გამო.

სტიგმის შედეგად ტუბერკულოზით დაავადებულებს მიეწერებათ ასოციალურობა, აგრესიულობა, "სხვისი დაინფიცირების" სურვილი. საზოგადოებამ სტიგმატიზაცია და დისკრიმინირება შეიძლება მოახდინოს ნაწილობრივ - თავდაუცველობის შეგრძნების, ნაწილობრივ - არასაკმარისი ინფორმაციის, ნაწილობრივ კი იმის გამო, რომ გაცილებით ადვილია ვინმეს ცილი დასწამო, ვიდრე დაეხმარო. არსებობს "შინაგანი სტიგმის" გამოვლინებაც, რომელსაც განიცდიან ტუბერკულოზით დაავადებულები, როცა გარშემო მყოფთა რეაქციასა და ნეგატიურ დამოკიდებულებას ეჯახებიან. შინაგანმა სტიგმამ შეიძლება დეპრესიამდე, უნდობლობამდე და არასრულფასოვნების განცდამდე მიიყვანოს ადამიანი.

როცა ვინმეს სტიგმატიზაციას ვახდენთ, ჩვენ ვაზროვნებთ კატეგორიებით: "ჩვენ" და "ისინი". ასეთი დაყოფა "უფლებას" გვაძლევს ჩავთვალოთ, რომ "ისინი" მთლად ადამიანები არ არიან, ყოველ შემთხვევაში, არა ისეთები, როგორებიც ვართ "ჩვენ". ეს ჩვეულებრივი საუბრის დროსაც კი ადვილი შესამჩნევია. მაგალითად, არავინ ამბობს "გრიპინფიცირებულს", იმიტომ, რომ გრიპით დაავადებული ერთ-ერთი "ჩვენგანია". მაგრამ ტუბერკულოზით დაავადებულს ყოველთვის გამოკვეთილად, ხაზგასმით იხსენიებენ, ხოლო შიდსით დაავადებულს - ამ დაავადების შემთხვევაში სტიგმა გაცილებით უფრო მწვავედ იგრძნობა - საერთოდ აივინფიცირებულს უწოდებენ, რითაც ადამიანის მთელი ინდივიდუალობა ტუბ- თუ აივ ინფექციებამდე დაჰყავთ.

თუ საზოგადოებას რაღაც განმასხვავებელი უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია, ამ განსხვავების მქონეთ უარყოფით თვისებებს მიაწერს და ამ ნიშნის მიხედვით ადვილად ყოფს ადამიანებს "ჩვენიანებად" და "იმათიანებად" - ეს სტიგმაა.

ტუბერკულოზისა და შიდსის შემთხვევაში სტიგმის სამივე ნიშანი განსაკუთრებით შესამჩნევია. ამ დაავადებებთან დაკავშირებული სტიგმის ასე ფართოდ გავრცელების მიზეზი ის გახლავთ, რომ სტიგმის განვითარებისთვის საჭიროა ნიადაგი: უცოდინარობა და შიში. როცა ადამიანებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, ისინი მის უკმარისობას გამონაგონით ივსებენ და ცრუ სტერეოტიპებს ქმნიან.

ტუბერკულოზთან დაკავშირებული სტიგმა სოციალური ცრურწმენებია, რომლებსაც დაავადებულთა დისკრიმინაციამდე და უფლებების დარღვევამდე მივყავართ და, ამასთანავე, ამ დაავადებასთან ბრძოლის მთავარი დაბრკოლებაც არის.

მოკლედ მოგახსენებთ, რა შედეგი მოაქვს სტიგმას და როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა. ტუბერკულოზთან კავშირში მყოფი სტიგმა ხშირად აძლიერებს სხვა სოციალურ უთანასწორობას, რომელიც დაფუძნებულია სქესზე, რასაზე, ეროვნებაზე, კლასზე, სექსუალობაზე ან კულტურაზე. მაგალითად, აშშ-ში დიდხანს არსებობდა სტიგმა მოსახლეობის იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც უფრო მეტად დაზარალდნენ შიდსითა თუ ტუბერკულოზით.

სტიგმა განსაკუთრებით ძლიერად იჩენდა თავს ნარკოტიკების მომხმარებელთა, ღარიბთა, სექსმუშაკთა და ეროვნულ უმცირესობათა მიმართ.

ტუბერკულოზთან (და ახლა უკვე შიდსთან) დაკავშირებული სტიგმა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. იგი სხვადასხვა გზით გამოიხატება:

1. ოსტრაკიზმით, დაავადებულთა გარიყვითა და მათთან ურთიერთობისთვის თავის არიდებით;

2. ადამიანთა დისკრიმინაციით ოჯახის წევრების, სამედიცინო მუშაკების, საზოგადოებისა და მთავრობების მხრიდან;

3. აუცილებელი ტესტირების მოთხოვნით, ასევე - ინფორმაციული თანხმობისა და ზოგჯერ კონფიდენციალობის დაცვის გარეშე ტესტირებით;

4. შიდსითა და ტუბერკულოზით დაავადებულთა კარანტინის ნებისმიერი ფორმით;

5. რისკ-ჯგუფისადმი მიკუთვნებულ ადამიანებზე ან იმ ადამიანებზე ძალადობით, რომლებიც დაავადებულად მიაჩნიათ.


რა გავლენას ახდენს სტიგმა პროფილაქტიკაზე?

აშკარაა, რომ ტუბერკულოზსა და შიდსთან (ამ ორ დაავადებას ხშირად ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი აქვს) დაკავშირებული სტიგმა დაავადებულებს პრობლემებსა და სტრესს მატებს, მაგრამ, ამასთან ერთად, ძალზე ართულებს პროფილაქტიკისკენ მიმართულ ძალისხმევას. უფრო მეტიც, სტიგმა ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფში (ჰომოსექსუალები, სექსმუშაკები, ნარკოტიკების მომხმარებლები) ზოგიერთ რეგიონში პროფილაქტიკური პროგრამების განხორციელებას თითქმის შეუძლებელს ხდის.

პროფილაქტიკა გაცილებით ეფექტურია მაშინ, როცა იგი ინტეგრირებულია ჯანდაცვისა და საზოგადოებრივ პროგრამებთან, თუმცა მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია - კომერციული დაწესებულებები, ციხეები და სკოლები - არსებული სტიგმის გამო ეწინააღმდეგებიან ამ დაავადებებთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის განხილვას.

როგორ მოქმედებს სტიგმა მკურნალობაზე?

სტიგმა დიდ საფრთხეს უქმნის დაავადებულთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. დაავადებულები ხშირად სამომავლოდ გადადებენ ხოლმე ექიმთან ვიზიტს და აგვიანებენ მკურნალობის დაწყებას იმის გამო, რომ ძალიან ეშინიათ დისკრიმინაციის.

აშშ-ში ნაციონალურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ტუბერკულოზითა და შიდსით დაავადებულთა დაახლოებით 36%-მა შესაბამის ორგანოებს აცნობა სამედიცინო დაწესებულებებში არსებული დისკრიმინაციის შესახებ, რომელსაც თავად შეეჯახნენ, ხოლო 8%-ს საერთოდ უარი უთხრეს მკურნალობაზე. მრავალ დაავადებულ ადამიანს არ გააჩნია მხარდაჭერის ადეკვატური სისტემები, რადგან გარშემო მყოფებს უმალავენ თავიანთ ავადმყოფობას - ეშინიათ, რომ ისინი ზურგს შეაქცევენ ან თავად დაიტანჯებიან არსებული სტიგმის გამო.

ერთ-ერთმა გამოკვლევამ, რომელიც აზიაში ჩატარდა, აჩვენა, რომ დაავადებულებს შორის ძალზე მაღალია შინაგანი სტიგმის, ანუ მათივე წინააღმდეგ მიმართული უკვე ჭეშმარიტებად მიღებული ცრურწმენების დონე. შინაგანი სტიგმის გამო ადამიანები აღარ ეძებენ მხარდაჭერას, აღარ მიმართავენ ახლობლებსა თუ ექიმებს დახმარებისთვის, იმიტომ, რომ თავს იმ არაფრის მაქნის ადამიანებად მიიჩნევენ, რომლებიც არ იმსახურებენ მხარდაჭერას. სოციალური უარყოფის გამოცდილებას, დისკრიმინაციასა და შინაგან სტიგმას საქმე იქამდე მიჰყავს, რომ ადამიანმა შესაძლოა დაკარგოს კიდეც საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის სურვილი. დაავადებულ მამაკაცებსა და ქალებს შორის ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ის, ვინც სტიგმა საკუთარ თავზე გამოსცადა, გაცილებით უფრო ხშირად აცდენს ექიმთან ვიზიტსა და წამლის მიღების ჯერს.

როგორ მოვიქცეთ?

მთელ მსოფლიოში მოქმედებს სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამები, თუმცა მათი ეფექტიანობის შეფასება ძალიან რთულია. ძალზე მწირია მონაცემები იმის შესახებ, სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლის რომელი მეთოდი არყევს ნამდვილად ცრურწმენებს. ჩვეულებრივ, ასეთი პროგრამები რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და ითვალისწინებს განათლებას, სრული ინფორმაციის მიწოდებას, ჩვევების დასწავლას და დაავადებულ ადამიანებთან უშუალო ურთიერთობას. ტუბერკულოზისა თუ შიდსის პროფილაქტიკის, გადაცემის გზებისა და მკურნალობის შესახებ ზუსტ ცნობებს ძალუძს იმ სტიგმის შემცირება, რომელსაც საფუძველს დეზინფორმაცია და არაკეთილგანწყობა უმყარებს.

საგანმანათლებლო პროგრამები სადღეისოდ ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, განსაკუთრებით - მოსახლეობის ზოგიერთ ჯგუფში. დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობის მომზადებას, მოზარდებისა და ახალგაზრდების ინფორმირებას. სტიგმა ინდივიდუალური მოვლენა არ გახლავთ, ის ფართო სოციალური და კულტურული მოვლენების შედეგად არსებობს და სწორედ მათი განხილვაა საჭირო სტიგმის წინააღმდეგ მიმართულ პროგრამებში. ორგანიზაციებმა და ჯგუფებმა უნდა გამოყონ ის ფასეულობები, ნორმები და მორალური კანონები, რომლებიც დაავადებულთა სტიგმატიზაციას უწყობს ხელს. აუცილებელია, სტიგმასთან ბრძოლაში ჩაერთონ რელიგიური ორგანიზაციები, საზოგადოებრივი სტრუქტურები და საზოგადოებისთვის ავტორიტეტად აღიარებული ადამიანები, იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს და შეიცვალოს საზოგადოებრივი აზროვნება.

სხვათა შორის, პოლიტიკოსებმაც უნდა იცოდნენ, რომ გარკვეულმა პრაქტიკამ თუ კანონებმა შეიძლება არსებული სტიგმის სტიმულირება მოახდინოს. აუცილებელია, დაავადებული თავად მონაწილეობდეს სტიგმის საწინააღმდეგო პროგრამების დამუშავებაში, განხორციელებასა და შეფასებაში.

სტიგმასთან ბრძოლის ერთ-ერთი მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ გაანათლო და მხარი დაუჭირო ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს, რათა მათ შეეძლოთ საკუთარი უფლებების ეფექტურად დაცვა და თავიანთი ძალისხმევის გაერთიანება. პროფილაქტიკის, ფსიქოლოგიური დახმარებისა და მკურნალობის პროგრამები პირდაპირ უნდა განიხილავდეს სტიგმის საკითხებს და იმასაც, როგორ მოქმედებს ეს უკანასკნელი დაავადებულთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

ეფექტურია პროგრამები, რომლებიც მიმართულია სამედიცინო, სოციალური დახმარების მუშაკებისა და კონსულტანტების, მათ შორის - ნარკოდამოკიდებულთა სამკურნალო ცენტრების, უსახლკაროთა და ფსიქოლოგიური ცენტრების მუშაკების ინფორმირებისა და კულტურული კომპეტენტურობის გაზრდისაკენ. განათლება პირველ რიგში საჭიროა იმ ოლქებში, სადაც განსაკუთრებით მაღალია სტიგმა, მაგალითად, სოფლებსა და იმ ორგანიზაციებში, სადაც შეიძლება დაავადებული კლიენტები იყვნენ.

ტუბერკულოზსა და შიდსთან დაკავშირებული სტიგმა უახლოეს მომავალში არ გაქრება. აუცილებელია მისი შედეგების შესახებ ახალი გამოკვლევების ჩატარება და, რა თქმა უნდა, იმის გამოკვლევაც, რომელი პროექტებია განსაკუთრებით ეფექტიანი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში. საჭიროა სტიგმის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანი პროგრამების ფართოდ გაშუქება და მათი სხვა რეგიონებშიც დანერგვა.

დაბოლოს, ტუბერკულოზთან ბრძოლისას წარმატება თუ მარცხი ნახევარზე მეტად თავად პაციენტზეა დამოკიდებული. მის ნებისყოფას, გამოჯანმრთელების სურვილს, მიუხედავად ყველაფრისა, სასწაულების მოხდენა შეუძლია. მაგრამ, ამასთანავე, გარშემო მყოფთა აქტიური მხარდაჭერის გარეშე მისი შანსი საკმაოდ მცირდება. ვიყოთ გულმოწყალენი და ყველა ერთად დავუპირისპირდეთ ამ საშინელ სენს. ძალა ერთობაშია! ტუბერკულოზი იკურნება!