ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკა

ავადმყოფობის ისტორიის დეტალური შესწავლა და გასინჯვა (ფიზიკალური გამოკვლევა), რომლითაც ფასდება არა მარტო ფარისებრი ჯირკვლის, არამედ თვალების, კანის, გულ-სისხლძარღვთა თუ ნერვული სისტემების მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით უდავოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, დღეს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების გარეშე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა ზუსტი დიაგნოსტიკა წარმოუდგენელია.

ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონი - TSH

უკანასკნელ ხანს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა გახშირების გამო ამ ჰორმონის სახელს ჩვენი მკითხველი არაერთხელ გაიგონებდა. TSH-ის განსაზღვრა უმეტესად მარტივი ტესტია ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გამოსარიცხად. როდესაც სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველობა მომატებულია ანუ პაციენტს აქვს ჰიპერთირეოზი, TSH-ის მაჩვენებელი დაბალია, ხოლო საპირისპირო მდგომარეობის, ჰიპოთირეოზის ანუ სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველობის დაქვეითების, დროს - მომატებული.

ჩვეულებრივ, ჰიპოფიზში ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონი გამომუშავდება, რასაც ჰიპოთალამუსი არეგულირებს თიროტროპინ-რილიზინგ ჰორმონის პროდუქციით. ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონი ფარისებრ ჯირკვალზე ზემოქმედებისას იწვევს ორი ჰორმონის - ტრიიოდთირონინის (T3) და თიროქსინის (T4) პროდუქციას. ეს ჰორმონები არეგულირებს ორგანიზმის მეტაბოლიზმს. ისინი აუცილებელია ტვინის ნორმალური განვითარებისთვის, განსაკუთრებით - სიცოცხლის პირველი 3 წლის განმავლობაში, მომდევნო წლებში კი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ნორმალურ ზრდა-განვითარებას უზრუნველყოფს.

რა საჭიროა TSH-ის განსაზღვრა

TSH-ის განსაზღვრის მიზანია:

  • დავადგინოთ, სათანადოდ ფუნქციობს თუ არა ფარისებრი ჯირკვალი;
  • განვსაზღვროთ, რით არის გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება ანუ ჰიპოთირეოიდიზმი;
  • შევაფასოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას ჰორმონული მკურნალობის ეფექტურობა;
  • შევაფასოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ქირურგიული, რადიაციული თუ მედიკამენტური მკურნალობის შემდეგ;
  • შევაფასოთ ახალშობილის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია.

როგორ შევაფასოთ შედეგები

TSH-ის ნორმა თითოეული ლაბორატორიისთვის განსხვავებულია და დამოკიდებულია სადიაგნოზოდ გამოყენებულ რეაქტივზე, ამიტომ მიღებული მონაცემები უნდა შეფასდეს კონკრეტულ ლაბორატორიაში არსებული ნორმების მიხედვით. ამ ნორმებს რეფერენსულ მაჩვენებლებს უწოდებენ.

TSH-ის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება - ჰიპოთირეოზი;
  • ჰიპოფიზის სიმსივნის მიერ TSH-ის ჭარბი პროდუქცია;
  • ჰიპოთირეოზის მკურნალობისას მედიკამენტის უკმარი დოზა.

TSH-ის დაბალი მაჩვენებლის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ჰიპერთირეოზი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე;
  • ჰიპოფიზის დაზიანება, რის გამოც TSH სათანადო რაოდენობით აღარ წარმოიქმნება;
  • ჰიპოთირეოზის მკურნალობისას მედიკამენტის ჭარბი დოზა;
  • ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

რა ახდენს გავლენას ტესტის სიზუსტეზე

ზოგიერთი ფაქტორი ტესტის ინფორმაციულობაზე ახდენს გავლენას. სახელდობრ:

  • განსაზღვრული მედიკამენტები (სტეროიდები, ლევოდოფა, ჰეპარინი, დოფამინი, ლითიუმი);
  • უკანასკნელ ხანს ჩატარებული კვლევა რადიაქტიური ნივთიერების გამოყენებით ან კონტრასტული კვლევა იოდით;
  • მძიმე სტრესი ან ქრონიკული დაავადება;

მიუხედავად ულტრასონოგრაფიის ან, უბრალოდ, ექოსკოპიის პოპულარობისა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის სადიაგნოზოდ საუკეთესო პირველი ტესტია TSH-ის განსაზღვრა. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრა როგორც აღვნიშნეთ, ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ტრიიოდთირონინს (T3) და თიროქსინს (T4). მათი მაღალი მაჩვენებლი ჰიპერთირეოზის ნიშანია, ხოლო დაბალი - ჰიპოთირეოზისა. ჩვეულებრივ, განისაზღვრება:


  • ტოტალური (საერთო) თიროქსინი - T4. სისხლში თიროქსინის უდიდესი ნაწილი შეკავშირებულია ცილასთან, რომელსაც თიროქსინის შემბოჭავი გლობულინი ჰქვია, ჰორმონის 1% კი თავისუფალია. ტოტალური (საერთო) თიროქსინის განსაზღვრისას იზომება ორივე - შეკავშირებული და თავისუფალი - თიროქსინის შემცველობა. აღსანიშნავია, რომ სხეულის ქსოვილთა ფუნქციას არღვევს თავისუფალი და არა შეკავშირებული თიროქსინი.
  • თავისუფალი თიროქსინი, FT4, გვიჩვენებს, თიროქსინის რა რაოდენობა არ არის შეკავშირებული ცილასთან.

ტრიიოდთირონინი - T3. მისი დიდი ნაწილი შეკავშირებულია შემბოჭველ ცილასთან, 1%-ზე ნაკლები კი თავისუფალია. ნივთიერებათა ცვლაზე T3-ის გავლენა გაცილებით მნიშვნელოვანია.

ისთვის განვსაზღვრავთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეს

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრის მიზანია:

  • დავადგინოთ TSH-ის მაჩვენებლის ცვლილების მიზეზი;
  • დავადგინოთ, რამდენად ეფექტურია ჰიპერთირეოზის მკურნალობა;
  • გამოვრიცხოთ ახალშობილებში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება.

რაზე მეტყველებს მონაცემთა ცვლილება

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის ცვლილება მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მაღალი მაჩვენებელი

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის მომატების, ჰიპერთირეოიდიზმის, მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (გრეივსის დაავადება, თირეოიდიტი, ჩიყვი ჰორმონების ჭარბი პროდუქციით);
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დიდი რაოდენობით მიღება.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის დაქვეითების, ჰიპოთირეოიდიზმის, მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • თირეოიდიტი;
  • ჰიპოფიზის დაავადება;
  • ჯირკვლის დაზიანება ქირურგიული ჩარევის ან რადიაციული მკურნალობის შედეგად.

რა ახდენს გავლენას შედეგზე

არის შემთხვევები, როდესაც შედეგები რეალურ მონაცემებს არ ასახავს. ეს მაშინ, როცა პაციენტი იღებს ზოგიერთ მედიკამენტს:

  • კორტიკოსტეორიდებს, ესტროგენებს, პროგესტერონს, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს;
  • სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს - ასპირინს, ჰეპარინს, ვარფარინს;
  • კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს;
  • ამიოდარონს, პროპრანოლოლს;
  • ლითიუმს.

გარდა ამისა, მონაცემებს ცვლის კონტრასტული რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ორსულობა.

ანტისხეულები თირეოპერაოქსიდაზის მიმართ - Anti-TPO

ამ ლაბორატორიული ტესტით განისაზღვრება სისხლში არსებული ანტისხეულები თირეოპეროქსიდაზის მიმართ.

რა არის თირეოპეროქსიდაზა

თირეოპეროქსიდაზა ენზიმია, რომელიც ფარისებრ ჯირკვალში წარმოიქმნება. ის, ჩვეულებრივ, აღმოჩნდება ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულურ უჯრედებში, როდესაც T4 გარდაიქმნება T3-ად.

აუტოანტისხეულები თირეოპეროქსიდაზის მიმართ წარმოიქმნება პაციენტის ორგანიზმში. ეს არის ორგანიზმის მიერ პროდუცირებული ანტისხეულები თავისივე უჯრედების, ამ შემთხვევაში - ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების, წინააღმდეგ. მათი არსებობა გვიჩვენებს, რომ პაციენტის იმუნურმა სისტემამ საკუთარი ფარისებრი ჯირკვალი ამოიღო მიზანში.


რას ნიშნავს Anti-TPO-ს არსებობა

თირეოიდიტის დროს პაციენტთა საკმაო ნაწილს (70-90 პროცენტს) უდასტურდება თირეოპეროქსიდაზის საწინააღმდეგო ანტისხეულები. ანტისხეულების მაღალი ტიტრი იმას არ ნიშნავს, რომ დაავადება განსაკუთრებით მძიმეა ან პროგნოზია ცუდი, თუმცა ეს იმის მომასწავებელია, რომ მომავალში ჯირკვლის ფუნქცია შესაძლოა დაქვეითდეს. ამიტომ თუ ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დროს თირეოპეროქსიდაზის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობაც დასტურდება, ექიმი პერიოდულად ამოწმებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას მომავალში მისი დაქვეითების რისკის გათვალისწინებით.

თირეოპეროქსიდაზის საწინააღმდეგო ანტისხეულების ტესტი დადებითია აგრეთვე ფარისებრი ჯირკვლის ზოგი სხვა დაავადებების შემთხვევაშიც. გარდა ამისა, თირეოპეროქსიდაზის საწინააღმდეგო ანტისხეულები წარმოიქმნება იმუნური სისტემის მონაწილეობით აღმოცენებული ზოგიერთი სხვა დაავადების დროსაც. ამ დაავადებათაგანია:

ფარისებრი ჯირკვლის რადიონუკლიდური სკანირება

ამ კვლევის დროს გამოიყენება რადიაქტიური პრეპარატი, რომლის ჯირკვალში დაგროვების მიხედვით გვეძლევა საშუალება, გამოვიკვლიოთ ჯირკვლის აგებულება და ფუნქცია.

როგორ ტარდება ფარისებრი ჯირკვლის რადიონუკლიდური სკანირება

პაციენტი იღებს რადიაქტიური იოდის ან ტექნეციუმის შემცველ პრეპარატს, გარკვეული დროის შემდეგ კი, როცა რადიაქტიური ნივთიერება დაგროვდება ფარისებრ ჯირკვალში, სპეციალური ხელსაწყოს, სკანერის, მეშვეობით აღირიცხება რადიაქტივობა და მონაცემები ფურცელზე სხვადასხვა ფერისა და ინტენსივობის ხაზებით ფიქსირდება.

რაზე მეტყველებს მონაცემები

ჯანმრთელი ადამიანის ფარისებრ ჯირკვალს აქვს გარკვეული ზომა, ფორმა, ლოკალიზაცია და რადიაქტიური პრეპარატის ჩართვაც ნორმალურია. კვლევამ შესაძლოა გამოავლინოს ჯირკვალში არსებული კვანძი, რომელიც არ ჩაირთავს ან, პირიქით, ზედმეტად ჩაირთავს რადიაქტიურ პრეპარატს; ასევე ვლინდება მთელი ჯირკვლის მიერ რადიაქტიური პრეპარატის ჭარბი ან დაქვეითებული ჩართვა. ჰიპერთირეოიდიზმის (ჰორმონების სიჭარბით გამოწვეული სინდრომის) დროს რადიაქტიური პრეპარატის ჩართვის ხასიათი გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის:

  • რადიაქტიური პრეპარატის დაქვეითებული ჩართვა მოწმობს, რომ ჰიპერთირეოიდიზმი დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლის ანთებასთან - თირეოიდიტთან;
  • რადიაქტიური პრეპარატის მომატებული ჩართვა ახასიათებს გრეივსის დაავადებასთან დაკავშირებულ ჰიპერთირეოზს;
  • პრეპარატის არათანაბარი განაწილება და დაბალი და მაღალი ჩართვის მონაცვლეობა მრავალკვანძოვან ჩიყვზე ან კეთილთვისებიან სიმსივნეზე - ტოქსიკურ ადენომაზე მიანიშნებს.

ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია

გაზვიადება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ექოსკოპია ჩვენში ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევის ყველაზე პოპულარული მეთოდია, თუმცა ის ჯირკვლის მხოლოდ ზომებსა და სტრუქტურაზე გვიქმნის წარმოდგენას და არა ფუნქციაზე. ექოსკოპიით განისაზღვრება ჯირკვლის ზომა, კვანძების არსებობა-არარსებობა, ლიმფური კვანძების მდგომარეობა ჯირკვლის ახლოს; ის გვეხმარება ცისტისა და კიბოს დიფერენცირებაში.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ჯირკვლის ზომის მატება ან დაქვეითება არ არის მისი ფუნქციის დარღვევის მაჩვენებელი, ჯირკვლის ფუნქციობაზე წარმოდგენას TSH -ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის დონე გვიქმნის. ჩვეულებრივ, ექოსკოპია ტარდება მაშინ, როცა ექიმი პაციენტის გასინჯვით აღმოაჩენს ფარისებრ ჯირკვალში კვანძს.

ჩვენების გარეშე ჩატარებული გამოკვლევისას საკმაოდ ხშირად (ასიდან 60-ზე მეტ შემთხვევაში!) ფარისებრ ჯირკვალში შემთხვევით აღმოაჩენენ კვანძებს. მათ უდიდეს ნაწილს კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს.

ფარისებრი ჯირკვლის ასპირაციული ბიოფსია წვრილი ნემსით

წვრილი ნემსით ჩხვლეტის შედეგად იღებენ ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის ნაწილს მიკროსკოპიული გამოკვლევისთვის. როგორც წესი, ეს პროცედურა კვანძის ხასიათის დასადგენად ტარდება. კვლევა არ იწვევს დიდ დისკომფორტს, ჩვეულებრივ, ტარდება ექოსკოპიური კონტროლით. ვინაიდან ნემსი საკმაოდ წვრილია, პროცედურისას იშვიათად ხდება საჭირო ანესთეზია (გაუტკივარება).

კომპიუტერული ტომოგრაფია

კომპიუტერული ტომოგრაფიით ადგენენ დიდი ზომის ჩიყვის მდებარეობას, მის გავრცელებას, ტრაქეის შევიწროებას ან ცდომას. ეს არ არის რუტინული კვლევა და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ტარდება.

შეიძლება თუ არა, თავად დავგეგმოთ კვლევები?

რასაკვირველია, იურიდიულად ამას ვერც ერთ პაციენტს ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ სანამ კვლევას ჩაიტარებდეთ, კარგად დაფიქრდით. ჩვენ მიერ განხილული კვლევები არ არის იაფი, ყოველ მათგანს აქვს ჩვენება, ყოველთვის ყველა არ არის ინფორმაციული. ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ ხშირად პაციენტები ფარისებრ ჯირკვალს მიაწერენ ყელის არეში აღმოცენებულ ყოველგვარ დისკომფორტს ან ნერვიულობასთან დაკავშირებულ სიმპტომებს. ამიტომ ჯობს, გამოკვლევის დაგეგმვა ექიმს მივანდოთ, რათა თავიდან ავიცილოთ გაუმართლებელი ხარჯი და ფუჭად არ დავკარგოთ დრო.