ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შესახებ

სწორედ მათ შესახებ სასაუბროდ ვეწვიეთ სამედიცინო ცენტრ “იუნონას” ექიმ ენდოკრინოლოგ ეკა უჩანეიშვილს.

- ქალბატონო ეკა, რა არის ჩიყვი? რამდენად სწორად ესმის საზოგადოებას ამ ცნების მნიშვნელობა?

- ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებაა. ის შეიძლება იყოს დიფუზური, კვანძოვანი და შერეული. პაციენტები ფარისებრი ჯირკვლის ყოველგვარ დაავადებას ჩიყვს უწოდებენ, ეს კი შეცდომაა. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ყოველთვის არ ახლავს თან ამ ორგანოს გადიდება. ამ შემთხვევაში ჩიყვზე საუბარი უადგილოა.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება?

- ამ ორგანოს დაავადებათა მთავარი მიზეზი იოდის დეფიციტია. ასევე შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია გამოწვეული იყოს თირეოიდული ჰორმონების სინთეზში მონაწილე ფერმენტული სისტემების თანდაყოლილი დეფექტით, ეთნიკური ან გენეტიკური განწყობით, სტრესული და სხვა ეგზოგენური ფაქტორებით, მაგალითად, თამბაქოს მოხმარებით.

- როგორ ხდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკა?

- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პალპაციის მონაცემებს, ჰორმონულ და ექოსკოპიურ კვლევებს. ამის შემდეგ, საჭიროებისამებრ, ინიშნება სხვა, დამატებითი გამოკვლევებიც.

- რატომ კეთდება სისხლის ანალიზი ჰორმონებზე, რას გამოხატავს ის და რაზე მიანიშნებს?

- ჰორმონული გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება, სუბკლინიკური ფორმების დიაგნოსტირება.

- ფარისებრი ჯირკვლის რომელი მდგომარეობის შესაფასებლად არის საჭირო ექოსკოპიური კვლევა?

- ექოსკოპიური კვლევა ყველაზე მარტივი, უსაფრთხო და არაინვაზიური მეთოდია. მისი მეშვეობით ზუსტად განისაზღვრება ფარისებრი ჯირკვლის ზომები, კვანძოვანი წარმონაქმნების არსებობა, მათი ზომები და ქსოვილის სტრუქტურა.

ექოლოგიური კვლევა ჰორმონულთან ერთად საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი პათოლოგიის დიაგნოსტიკისთვის და მკურნალობის მართებული ტაქტიკის შესარჩევად.

სუბკლინიკური ჰიპერთირეოზი

- რა არის სუბკლინიკური ჰიპერთირეოზი?

- “სუბკლინიკური” უსიმპტომოდ, კლინიკური სურათის გარეშე მიმდინარეს ნიშნავს. სუბკლინიკური ჰიპერთირეოზის დიაგნოსტირება მხოლოდ ჰორმონული კვლევის მეშვეობით არის შესაძლებელი. ამ დროს თირეოტროპული ჰორმონის დონე ნორმაზე დაბალია, ხოლო თავისუფალი თიროქსინი და ტრიიოდთირონინი ნორმის ფარგლებშია.

სტატისტიკა მოწმობს, რომ სუბკლინიკური ჰიპერთირეოზი ხშირია ხანდაზმულ ქალებში. მას ისეთივე ეტიოლოგია და პათოგენეზი აქვს, როგორიც მანიფესტირებულ ჰიპერთირეოზს. სუბკლინიკური ჰიპერთირეოზის მიმართ ყველაზე მგრძნობიარეა გულ-სისხლძარღვთა სისტემა. დიდია წინაგულების ფიბრილაციისა და გულის უკმარისობის განვითარების რისკი, მიზეზებად კი მიიჩნევენ ათეროსკლეროზს, ცერებროვასკულარულ და ჰიპერტონიულ დაავადებებს.

სუბკლინიკური ჰიპერთირეოზის დროს მოსალოდნელია ცვლილებები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივაც - პაციენტებს აღენიშნებათ ემოციური ლაბილობა, ძილის ხანგრძლივობის შემცირება, დიფუზური მიალგია.

სუბკლინიკური ჰიპერთირეოზი ალცჰაიმერის დაავადების მიზეზადაც კი შეიძლება იქცეს. მნიშვნელოვანია ჭეშმარიტი სუბკლინიკური ჰიპერთირეოზის დიფერენცირება იმ დაავადებებისგან, როლებსაც შესაძლოა თირეოტროპული ჰორმონის დონის დაქვეითება ახლდეს თან.

- როგორ მკურნალობენ სუბკლინიკურ ჰიპერთირეოზს?

- სუბკლინიკური ჰიპერთირეოზის მკურნალობა კვლავ სადავო საკითხად რჩება. აზრი ორად იყოფა - მოხდეს მხოლოდ დინამიკაზე დაკვირვება თუ ჩატარდეს ისეთივე მკურნალობა, როგორც მანიფესტური ჰიპერთირეოზის დროს. ალბათ, კლინიცისტმა ექიმმა არსებული რისკფაქტორები უნდა გაითვალისწინოს და ამგვარად განსაზღვროს მკურნალობის ტაქტიკა.

- რა სიხშირით უნდა ჩატარდეს საკონტროლო ლაბორატორიული თუ ექოსკოპიური კვლევა სუბკლინიკური ჰიპერთირეოზის დროს?

- სუბკლინიკური ჰიპერთირეოზის დროს ლაბორატორიული კონტროლი ხდება 3-6 თვეში ერთხელ, თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით.

ჰიპერთირეოზი

- რა არის ჰიპერთირეოზი?

- ჰიპერთირეოზი არის სისტემური აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ვითარდება თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორის მიმართ ანტისხეულების გამომუშავების შედეგად. მის პათოგენეზში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოსოციალურ ფაქტორებს და გარემოს. იგი ხშირად თანხვდება სხვა აუტოიმუნურ ენდოკრინულ დაავადებებს (შაქრიანი დიაბეტი ტიპი პირველი, პირველადი ჰიპოკორტიციზმი). 30-50 წლის ასაკში ქალები 8-10-ჯერ ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები.

- როგორია მისი კლინიკური გამოვლინება?

- ჰიპერთირეოზის დროს პაციენტები უჩივიან:

  • გულის აჩქარებას;
  • გულისცემის მკვეთრ შეგრძნებას;
  • არტერიული წნევის მომატებას;
  • წონის კლებას;
  • სიცხის აუტანლობას;
  • საღამოს სუბფებრილიტეტს;
  • აღგზნებადობას;
  • ასთენიას;
  • შინაგან თრთოლას;
  • კანკალს;
  • კუნთების სისუსტეს;
  • სახსრების ტკივილს;
  • დიარეას;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევას.

ჰიპერთირეოზისთვის დამახასიათებელია ხანმოკლე ანამნეზი: პირველი სიმპტომები პაციენტს ექიმთან მისვლამდე და დიაგნოზის დასმამდე 4-6 თვით ადრე გამოაჩნდება.

- როგორ სვამენ დიაგნოზს?

- ჰიპერთირეოზის დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ძალზე ინფორმაციულია პაციენტის გასინჯვა და შემდეგ - ლაბორატორიული გამოკვლევა (TSH, FT4, FT3, ანტისხეულები TSH-ის რეცეპტორების მიმართ და ფარისებრი ჯირკვლის კლასიკური ანტისხეულები), ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია და ზოგჯერ - ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფიაც.


- რა პერიოდულობით უნდა შემოწმდეს სისხლში ჰორმონების დონე?

- ჰიპერთირეოზის კონსერვატიული მკურნალობა გრძელდება 12-18 თვე. სისხლში ჰორმონების დონე კონტროლდება 4 კვირაში ერთხელ ეუთირეოზის (ანუ ჰორმონების ნორმალური დონის) მიღწევამდე, ასევე - მკურნალობის დასრულებიდან 1 წლის შემდეგ, ვინაიდან რეციდივი ანუ დაავადების ხელახალი გამოვლინება ყველაზე ხშირია მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი წლის განმავლობაში.

ანამნეზში ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტისთვის დაავადების ხელახალი გამოვლენის რისკფაქტორია ორსულობა, უფრო ზუსტად - მისი პირველი ტრიმესტრი, ამიტომ ამ დროს TSH-ისა და FT4-ის კონტროლი აუცილებელია.

- რა საჭიროა ჰიპერთირეოზის მკურნალობის დროს სისხლის საერთო ანალიზი და მკურნალობის დაწყებიდან რამდენი ხნის შემდეგ უნდა ჩატარდეს იგი?

- ჰიპერთირეოზის სამკურნალო მედიკამენტები (თიამაზოლი, პროპილთიოურაცილი) ზოგჯერ აგრანულოციტოზს, თრომბოციტოპენიას იწვევს, ამიტომ მთელი მკურნალობის განმავლობაში ჰორმონებთან ერთად უნდა განისაზღვროს ლეიკოციტებისა და თრომბოციტების დონეც.

სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი

- რა არის და როგორ ვლინდება სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი?

- სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რომელიც თითქმის უსიმპტომოდ ან არასპეციფიკური სიმპტომებით მიმდინარეობს. სუბკლინიკურ ჰიპოთირეოზს ხშირად არა ენდოკრინოლოგები, არამედ სხვა სპეციალობის ექიმები გამოავლენენ, ვინაიდან პაციენტებს არ აქვთ მკვეთრად გამოხატული ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი ჩივილები ან ანამნეზში აღნიშნავენ მხოლოდ ერთ რომელიმე სიმპტომს. ისინი ხშირად მიმართავენ კარდიოლოგს, გინეკოლოგს, ნევროლოგს, დერმატოლოგს, მათი ჩივილების ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი აღმოჩნდება ხოლმე.

- რას ითვალისწინებს სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

- სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დიაგნოსტიკის ძირითადი პრობლემაა სპეციფიკური სიმპტომების არარსებობა, თირეოიდული ჰორმონების დეფიციტსა და კლინიკურ გამოხატულებას შორის პირდაპირი კავშირის არარსებობა. ზოგჯერ კლინიკური სურათი ჰიპოთირეოზისას ჰგავს, მაგრამ ლაბორატორიულად მისი დადგენა ვერ ხერხდება, ამიტომ “ნიღბის” მოსაცილებლად, ანუ სწორი დიაგნოსტიკისთვის, მიმართავენ ჰორმონულ კვლევას.

სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დროს TSH და FT4 ნორმაშია. ასეთ დროს 3-6 თვეში ერთხელ ხდება TSH-ის კონტროლი. თუ TSH-ის დონე სპონტანურად დაუბრუნდა ნორმას, გრძელდება დაკვირვება წელიწადში ერთხელ TSH-ის კონტროლით. თუ 3-6 თვეში ტსჰ-ის დონემ მოიმატა, ხოლო FT4-ისამ დაიკლო, იწყება მკურნალობა ლევოთიროქსინით ეუთირეოზის მიღწევამდე, შემდგომ კი 6-12 თვეში ერთხელ ტარდება საკონტროლო გამოკვლევა TSH-ის დონის შესამოწმებლად.

ჰიპოთირეოზი

- რა არის ჰიპოთირეოზი?

- ჰიპოთირეოზი კლინიკური სინდრომია, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია, ანუ ორგანიზმი თირეოიდული ჰორმონების დეფიციტს განიცდის. ჰიპოთირეოზი შეიძლება იყოს პირველადიც, განპირობებული ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებით, და მეორეულიც - თირეოტროპული ჰორმონის დეფიციტის შედეგი.

პირველადი ჰიპოთირეოზი ვითარდება აუტოიმუნური თირეოიდიტის, იოდის მძიმე დეფიციტის, ფარისებრი ჯირკვლის განვითარების ანომალიების დროს, თირეოიდექტომიის (ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული მკურნალობის) ან რადიაქტიური I 131-ით მკურნალობის შემდეგ.

მეორეული ჰიპოთირეოზის მიზეზად შეიძლება იქცეს თირეოტროპული ჰორმონის იზოლირებული დეფექტი, ჰიპოფიზის დასხივება, ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის მიდამოს დიდი სიმსივნე.

- როგორ გამოიხატება ჰიპოთირეოზი?

- ჰიპოთირეოზის კლინიკურ სურათს პოლისისტემურობა ახასიათებს. ძირითადი სიმპტომებია:

  • საერთო სისუსტე;
  • კანის სიმშრალე;
  • ძილიანობა;
  • მეხსიერების დაქვეითება;
  • მეტყველების შენელება;
  • თვალების, სახის შეშუპება;
  • თმის სტრუქტურის ცვლილება და ცვენა;
  • ფრჩხილების მტვრევა;
  • წონის მატება;
  • ხმის ჩახლეჩა;
  • ანორექსია;
  • ტირილისადმი მიდრეკილება;
  • სმენის დაქვეითება;
  • მენორაგია;
  • ყაბზობა;
  • კუნთების სისუსტე და ტკივილი;
  • სახსრების ტკივილი.

- როგორ სვამენ ჰიპოთირეოზის დიაგნოზს?

- თუ ჰიპერთირეოზის დიაგნოსტიკის დროს მნიშვნელოვანია კლინიკური სიმპტომატიკა, ჰიპოთირეოზის დიაგნოზის დასასმელად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლაბორატორიულ მონაცემებს. პირველადი ჰიპოთირეოზის დროს TSH მაღალია, T4 - დაბალი.

მეორეული ჰიპოთირეოზის დროს TSH დაბალია, T4 - დაბალი.

პირველადი ჰიპოთირეოზის დროს ლაბორატორიული კვლევის შემდეგ ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ექოსკიპია, რათა გავიგოთ, რა ტიპის დაზიანებაა ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილში. T3-ის გამოკვლევა ჰიპოთირეოზის დიაგნოსტიკისთვის საჭიროდ არ მიიჩნევა.

- რა პერიოდულობით უნდა ვაკონტროლოთ სისხლში ჰორმონების დონე?

- გააჩნია ჰიპოთირეოზის მიზეზს. მაგალითად, ორსულობის დროს სხვაგვარი მონიტორინგია საჭირო, ვიდრე ფარისებრი ჯირკვლის ატროფიით მიმდინარე ან თირეოიდექტომიის შემდეგ განვითარებული ჰიპოთირეოზის დროს.

კვანძოვანი ჩიყვის დროს ლაბორატორიულთან ერთად მნიშვნელოვანია ექოლოგიური კონტროლიც. ყურადღება ექცევა პაციენტის საერთო მდგომარეობასაც.

- რატომ არის ლაბორატორიული მაჩვენებლები სხვადასხვანაირი წელიწადის თბილ და ცივ პერიოდებში?

- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია სეზონურად იცვლება - სიცივეში ის შენელებულია, სიცხეში კი, პირიქით, იმატებს, ამიტომ, მედიკამენტის არასწორი დოზირებისგან თავის დასაზღვევად, აუცილებელია სეზონური ჰორმონული კონტროლი.

- როგორ მკურნალობენ ჰიპოთირეოზს?

- ჰიპოთირეოზი პირველი ენდოკრინული დაავადებაა, რომლის სამკურნალოდაც ჩანაცვლებითი თერაპია გამოიყენეს. მეოცე საუკუნის შუა რიცხვებამდე მკურნალობდნენ ცხოველების ფარისებრი ჯირკვლის ექსტრაქტით, რომლის სწორი დოზირების შერჩევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, შესაბამისად, ეუთირეოზის მიღწევაც თითქმის შეუძლებელი გახლდათ. დღეს, როდესაც გვაქვს ზუსტად დოზირებული თირეოიდული ჰორმონების სინთეზური მედიკამენტები, ჰიპოთირეოზის მკურნალობა გამარტივდა.

- ზოგიერი პაციენტისთვის ლევოთიროქსინის მიღება ცხოვრების წესად იქცა...

- ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ ლევოთიროქსინის საწყისი დოზა ინდივიდუალურად ირჩევა ასაკის, წონის, გულ-სისხლძარღვთა თანმხლები პათოლოგიების გათვალისწინებით. ზრდასრული ადამიანისთვის ლევოთიროქსინის დღიური დოზა აღწევს 1,6 მკგ-ს სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე, ასაკოვან პაციენტებში - 1 მკგ/კგ-ს. ორსულობის დროს ლევოთიროქსინის მოხმარება იმატებს (ყოველ ტრიმესტრში რეკომენდებულია TSH-ის და FT4-ის კონტროლი).

ლევოთიროქსინით მკურნალობისას გასათვალისწინებელია, ხომ არ იღებს პაციენტი რაიმე სხვა მედიკამენტს, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ლევოთიროქსინის შეწოვას ან შეცვალოს მისი მეტაბოლიზმი (ასეთია, მაგალითად, რკინის პრეპარატები, ანტაციდები, ანტიკონვულსანტები, რიფამპიცინი). ამ შემთხვევაში საჭირო იქნება დოზის კორექცია. საზოგადოდ, ლევოთიროქსინის დღიური დოზა დღეში 50-100 მკგ-ია.


აუტოიმუნური თირეოიდიტი

- რა არის აუტოიმუნური თირეოიდიტი?

- ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი ჰიპოთირეოზის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ეს გახლავთ ორგანოსპეციფიკური, მულტიფაქტორული პათოლოგია, რომლის დროსაც განსაზღვრული მემკვიდრეობითი განწყობა გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად რეალიზდება. ხშირად იგი სხვა აუტოიმუნურ დაავადებებთან არის შერწყმული.

აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს „იმუნური ანთების“ ფონზე ხდება ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის დაზიანება და ყალიბდება ჰიპოთირეოზი.

ეუთირეოზის დროს კლინიკური გამოვლინებები არ აღინიშნება. აუტოიმუნური თირეოიდიტის ყველაზე უარესი შედეგი ჰიპოთირეოზია. მნიშვნელოვანია დაავადების დიაგნოსტირება ორსულობის დროს და ორსულობის დაგეგმვისას, რათა სწორად მოხდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მართვა.

- როგორია აუტოიმუნური თირეოიდიტის კლინიკური სურათი?

- როგორც მოგახსენეთ, აუტოიმუნური თირეოიდიტი კლინიკურად უმეტესად არც კია გამოხატული. მისი მანიფესტირება შესაძლოა მოხდეს ტრანზიტორული თირეოტოქსიკური ფაზის დროს (ძალიან იშვიათად!). ზოგჯერ დაავადების დიაგნოსტირება შემთხვევით ხდება ფარისებრი ჯირკვლის გადიდების გამო მისი ფუნქციის გამოკვლევისას, ანდა სხვა სპეციალისტის მიერ ჩატარებული გამოკვლევისას (მაგალითად, მაშინ, როდესაც გინეკოლოგი უშვილობის მიზეზს ეძებს).

- როგორ სვამენ დიაგნოზს?

- აუტოიმუნური თირეოიდიტის ლაბორატორიულ მარკერებს წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის მიმართ მოცირკულირე ანტისხეულები - ანტი-TPO, ანტი-TG; უფრო ინფორმაციულია ანტისხეულები თირეოიდული პეროქსიდაზის მიმართ - ანტი-TPO. დიაგნოზის დასმაში გვეხმარება ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა. როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ჰიპოექოგენურია, TSH-თან ერთად აუცილებლად განისაზღვრება ანტი-TPO-ც. ამ კრიტერიუმებიდან თუნდაც ერთის არსებობისას სავარაუდოა აუტოიმუნური თირეოიდიტის დიაგნოზი.

- როგორ მკურნალობენ აუტოიმუნურ თირეოიდიტს?

- სამწუხაროდ, დაავადების სპეციფიკური მკურნალობა ჯერჯერობით შემუშავებული არ არის, არ არსებობს ფარისებრ ჯირკვალში მიმდინარე აუტოიმუნურ პროცესზე ზემოქმედების უსაფრთხო და ეფექტური მეთოდები, რომლებიც დაავადების ჰიპოთირეოზამდე პროგრესირების შეჩერებაში დაგვეხმარებოდა. ვინაიდან აუტოიმუნური თირეოიდიტი ჰიპოთირეოზით სრულდება, მისი მკურნალობაც ჰიპოთირეოზის მკურნალობის იდენტურია.

კვანძოვანი ჩიყვი

- რა არის კვანძოვანი ჩიყვი?

- კვანძოვანი ჩიყვი ის პათოლოგიაა, რომლის დიაგნოზიც ყველაზე მეტად აშინებს პაციენტს და რომელიც მისთვის მუდამ „ოპერაციასთან“ ასოცირდება. ეს დიაგნოზი ნამდვილად არ არის სასიამოვნო, მაგრამ არც პანიკის საფუძველს იძლევა.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძი ჰეტეროგენული ბუნების წარმონაქმნია, უმეტესად - არასიმსივნური, თუმცა ვერც იმას გავექცევით, რომ ფარისებრი ჯირკვლის თუდაც მცირე მოცულობითი წარმონაქმნი შესაძლოა კიბო აღმოჩნდეს. კვანძოვანი ჩიყვის დროს 80% არასიმსივნური დაავადებების წილად მოდის, 10-15% - კეთილთვისებიანი სიმსივნეებისა, ხოლო 5% - პირველადი ავთვისებიანი სიმსივნეების წილად.

საზოგადოდ, ფარისებრი ჯირკვლის კვანძად მიიჩნევა ფარისებრი ჯირკვლის პარენქიმის შემოსაზღვრული უბნის მოცულობითი ცვლილება, რომელიც აგებულებით ჯანმრთელი ქსოვილისგან განსხვავდება. კვანძოვანი ჩიყვი შედარებით ხშირია ქალებს, ხანდაზმულებსა და იოდდეფიციტური რეგიონების მკვიდრთა შორის.

ექოლოგიურად დადგენილ კვანძოვან თუ მრავალკვანძოვან ჩიყვს დამოუკიდებელი დიაგნოსტიკური ღირებულება არ გააჩნია, იგი მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის აღწერილობას გვაძლევს.

- კლინიკურად როგორ გამოიხატება ამ დაავადების სურათი?

- პაციენტი ენდოკრინოლოგს ყველაზე ხშირად კისრის არეში დისკომფორტის შეგრძნების გამო მიმართავს. ხშირად უჩივიან ლუკმის გაჩხერის, მოხრჩობის შეგრძნებასაც. საზოგადოდ, კვანძოვან ჩიყვს კლინიკური გამოხატულება მაინცდამაინც არ ახასიათებს; ერთადერთი, იოდის დეფიციტის რეგიონებში კვანძოვანი ჩიყვის დროს შესაძლოა ჩამოყალიბდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ავტონომია თირეოტოქსიკოზის განვითარებით და სწორედ ამ დროს წარმოჩნდეს ჰიპერთირეოზისთვის დამახასიათებელი კლინიკა.

- რომელი კვლევებია ამ დროს აუცილებელი?

- ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაავადების სრული დიაგნოსტიკა ენდოკრინოლოგის, რადიოლოგისა და ციტოლოგის ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. პირველადი დიაგნოსტიკაა ფარისებრი ჯირკვლის პალპაცია, შემდეგ ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომლის მეშვეობითაც ზუსტად ფასდება კვანძის ან კვანძების ზომა.

კვანძოვანი წარმონაქმნის შესახებ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის ასპირაციული ბიოფსია - ფარისებრი ჯირკვლის კვანძიდან წვრილი ნემსით ქსოვილის ნაწილის აღება და მისი შესწავლა. ეს გამოკვლევა უმთავრესად მაშინ ტარდება, როდესაც კვანძის ზომა აღემატება 1 სმ-ს, მაგრამ თუ ულტრაბგერითმა გამოკვლევამ წარმოშვა ეჭვი ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის თაობაზე, ბიოფსია ჩატარდება უფრო მცირე ზომის წარმონაქმნის დროსაც.

კიდევ ერთი ინფორმაციული მეთოდია ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია, რომელიც განსაზღვრავს კვანძოვანი წარმონაქმნის ფუნქციურ აქტიურობას, უბრალო ენით რომ ვთქვათ - „ცხელია“კვანძი თუ „ცივი“. დიდი, გასაკუთრებით - მკერდუკანა ჩიყვის დროს დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება გულმკერდის რენტგენოგრაფია ბარიუმით კონტრასტირებული საყლაპავით, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

- როდის დაისმის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ოპერაციული მკურნალობის საკითხი?

- ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციული მკურნალობა რეკომენდებულია, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდება იწვევს კოსმეტიკურ დეფექტს ან კომპრესიულ სინდრომს. ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების დროს ოპერაცია ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია. როდესაც საქმე გვაქვს მორეციდივე ჰიპერთირეოზთან დიდი ზომის ფარისებრი ჯირკვლით ან ტოქსიკურ ადენომასთან, მკურნალობა ასევე ოპერაციულია. ოპერაციის ტაქტიკას - ტოტალური თირეოიდექტომია ჩატარდეს თუ სუბტოტალური - განსაზღვრავენ მკურნალი ენდოკრინოლოგი და ქირურგი.

- შესაძლებელია თუ არა ჩიყვის პროფილაქტიკა?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია. პროფილაქტიკა იწყება მუცლადყოფნის პერიოდიდან. მნიშვნელოვანია, ორსულმა სხვა მიკროელემენტებთან ერთად ადეკვატური დოზით მიიღოს იოდის პრეპარატიც. საზოგადოდ, ჩიყვის პროფილაქტიკა იოდდეფიციტის პროფილაქტიკას უკავშირდება. იოდისა და სელენის მიღება (რა თქმა უნდა, ზომიერად) პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა.

იოდის დღეღამური ნორმა სხვადასხვა ასაკისთვის სხვადასხვაა:

  • 2-დან 6 წლამდე - 90 მკგ;
  • 7-დან 12 წლამდე - 120 მკგ;
  • 12 წლიდან - 150 მკგ.
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში - 200 მკგ.

სტატისტიკურად დადგენილია, რომ მწეველებსა და ჭარბი წონის მქონე პირებს უფრო მაღალი აქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა განვითარე

ბის რისკი, ამიტომ წონის კლება და თამბაქოსთვის თავის დანებება დაავადების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. საქართველოში ერთობ პოპულარული რუჯი ულტრაიისფერი სხივებით დასხივების შედეგია, ეს უკანასკნელი კი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის განვითარების ერთ-ერთ რისკფაქტორს წარმოადგენს. ძალიან ბანალურია, მაგრამ ვერსად გავექცევით იმას, რომ ეკოლოგიურად სუფთა საკვები და სასმელი წყალი მნიშვნელოვანია არა მარტო ჩიყვის, არამედ მრავალი სხვა დაავადების თავიდან ასაცილებლადაც.