ჰორმონული დისბალანსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰორმონული დისბალანსი

ჩნდება აზრი - „ჰორმონული დისბალანსი - სწორედ ესაა ყველაფრის მიზეზი“ და ხშირად პაციენტის მიერვე იგეგმება კონკრეტული კვლევა. ასეთი მიდგომა, ალბათ, თანამედროვე ლაბორატორიული მედიცინის შესაძლებლობებისა და სამედიცინო ინფორმაციის დამსახურებაა.

დღეს შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ, რა არის რეალურად ჰორმონული დისბალანსი და როგორ ვლინდება ის.

ჰორმონული დისბალანსი ფართო ტერმინია, რომელიც შეიძლება ერთი ან რამდენიმე ჰორმონის შემცველობის ცვლილებას (მომატებას ან დაქვეითებას) ასახავდეს.

ჰორმონები ჩვენი ორგანიზმის მძლავრი სასიგნალო ცილებია. აღნიშნულის გამო, მათი დიდი ნაწილისთვის, მცირედი ცვლილებაც კი, ორგანიზმში მნიშვნელოვანი ძვრებისა და იმ მდგომარეობების მიზეზია, რომელთა მკურნალობაც აუცილებელია.

ჰორმონული დისბალანსის ზოგიერთი შემ­თ­ხვევა დროებითი, გარდამავალია, თუმცა არის მდგომარეობები, რომელთა დროსაც ჰორმონული დისბალანსი ქრონიკულია. რიგ შემთხვევებში კი, ჩვეული ყოველდღიური აქტივობისა და ნორმალური ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლად, აუცილებელია ჰორმონული დისბალანსის მკურნალობა. ამავე დროს, ზოგიერთი ჰორმონული დარღვევისას ადამიანის ჯანმრთელობა არ ზიანდება, მაგრამ ყოველდღიური დისკომფორტი მაინც ჩნდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰორმონული დი­სბ­ალანსის მიზეზი მრავალი დაავადება შეიძლება იყოს - შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კუშინგის დაავადება, ადისონის დაავადება, რეპროდუქციული (სასქესო) სისტემის დაავადებები - ასეთია არასრული ჩამონათვალი.

ჰორმონული დისბალანსის მიზეზი შეიძლება გახდეს ჰიპოფიზისა და აუტოიმუნური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, ჰაშიმოტოს დაავადება, გრეივსის დაავადება).

რატომ ვითარდება ჰორმონული დისბალანსი

საზოგადოდ, ჰორმონული დისბალანსი ვითარდება, როცა ადამიანის სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილის - ენდოკრინული სისტემის, თუნდაც ერთი უბანი ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს. ეს ხდება, როცა:

  • სხეული კონკრეტულ ჰორმონს საკმარისი რაოდენობით ვერ წარმოქმნის;
  • სხეული კონკრეტულ ჰორმონს ჭარბი რაოდენობით წარმოქმნის;
  • სხეული ვერ წარმოქმნის კონკრეტული ჰორმონის ეფექტურ ვარიანტს;
  • სხეული ნორმალურად ვერ რეაგირებს კონკრეტული ჰორმონის ზემოქმედებაზე.

თავის მხრივ, არსებობს ამ ცვლილებების გამომწვევი მრავალი მიზეზი. მათ შორის:

  • ენდოკრინული ჯირკვლების (ჰორმონების მაპროდუცირებელი ორგანოები) კეთილთვისებიანი, არასიმსივნური ზრდა;
  • გენეტიკური (მემკვიდრული) ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ენდოკრინული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევას;
  • ჰორმონული ძვრები სქესობრივი მომწიფების, ორსულობის, მენოპაუზისას;
  • სტრესი, რაც იწვევს ჰორმონების (მაგალითად, კორტიზოლის) მერყეობას;
  • სტეროიდული ჰორმონების მიღება და არასწორი გამოყენება. აღნიშნულის მაგალითია ანაბოლური სტეროიდების თვითნებური გამოყენება და ამის გამო ტესტოსტერონის მაღალი დონე; ადისონის დაავადება (გლუკოკორტიკოიდების (მაგალითად, პრედნიზოლონი, მეთილპრედნიზოლონი) მიღების შედეგად ჰორმონების (კორტიზოლი, ალდოსტერონი) პროდუქციის დაქვეითება);
  • აუტოიმუნური დაავადებები - მდგომარეობა, როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა „შეცდომით“ წარმოქმნის ანტისხეულებს თავისი უჯრედებისა და ქსოვილების მიმართ - აუტოანტისხეულებს. ბოლომდე გარკვეული არ არის ასეთი „გაუკუღმართებული“ რეაქციის მიზეზი. აუტოანტისხეულები იწვევენ ენდოკრინული ჯირკვლების მიერ ჰორმონების მომატებულ ან დაქვეითებულ წარმოქმნას. აუტოიმუნური ენდოკრინული დაავადებების მაგალითებია ჰაშიმოტოს დაავადება, გრეივსის დაავადება (ორივე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაა), ტიპი 1 დიაბეტი, ადისონის დაავადება (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა), პოლიგლანდულური სინდრომი.

ჰორმონული დისბალანსი და სიმსივნეები, ადენომები, წარმონაქმნები

ჰორმონების წარმომქმნელი ჯირკვლის ან ორგანოს ნებისმიერი ანატომიური წარმონაქმნი + სიმსივნე, ადენომა ან კვანძი, შეიძლება ჰორმონული დისბალანსის მიზეზი გახდეს.

სიმსივნეები

ჰორმონული დისბალანსის მიზეზი შეიძლება გახდნენ ჰორმონების წარმომქმნელი ჯირკვლების ან უჯრედების იშვიათი ენდოკრინული სიმსივნეები. მათ შორის აღსანიშნავია:

  • თირკმელზედა ჯირკვლის კარცინომა - თირკმელზედა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე;
  • კარცინოიდული სიმსივნეები - ნეიროენდოკრინული სიმსივნეების ნაირსახეობა, რომელიც იზრდება ნეიროენდოკრინული უჯრედებიდან;
  • ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომა;
  • ფეოქრომოციტომა - იშვიათი სიმსივნე, რომელიც აღმოცენდება თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვან შრეში. სიმსივნე, ჩვეულებრივ, კეთილთვისებიანია, მაგრამ არ არის გამორიცხული ავთვისებიანი შემთხვევებიც;
  • პარაგანგლიომა - იშვიათი ნეიროენდოკრინული სიმსივნე, რომელიც აღმოცენდება საძილე არტერიებთან ახლოს, თავისა და კისრისაკენ მიმავალი ნერვების გასწვრივ ან სხეულის სხვა ნაწილში.

ადენომები

ადენომები კეთილთვისებიანი (არასიმსივნური) წარმონაქმნებია. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი არ ფუნქციონირებს, ანუ არაფერს წარმოქმნის, თუმცა, ზოგიერთი მათგანი ჰორმონმაპროდუცირებელია - წარმოქმნის ჭარბ ჰორმონებს. მათ მოფუნქციე ადენომებს უწოდებენ. ენდოკრინული სისტემის დაზიანებითა და ჰორმონული დისბალანსით მიმდინარე ადენომებია:

  • ჰიპოფიზის ადენომები - ჰიპოფიზის ადენომა შეიძლება გახდეს ამ ჯირკვალში წარმოქმნილი ნებისმიერი ჰორმონის დისბალანსის გამომწვევი. სწორედ ჰიპოფიზის ადენომაა აკრომეგალიის უხშირესი მიზეზი. დაავადება ხასიათდება სხეულის გარკვეული ნაწილების (მტევნები, ტერფები, თავის ქალა, ცხვირი, ტუჩები) ზრდით
  • თირკმელზედა ჯირკვლის ადენომები - კუშინგის სინდრომის (კორტიზოლის სიჭარბით მიმდინარე დაავადება) უხშირესი მიზეზია
  • პარათირეოიდული ადენომები - იწვევს პირვე­ლად ჰიპერპარათირეოზს (პარათირეიდული ჰორმონის სიჭარბე).

ენდოკრინული ჯირკვლების წარმონაქმნები

ჰორმონული დისბალანსის მიზეზი შეიძლება გახდეს წარმონაქმნი ენდოკრინულ ჯირკვალში, რომელიც თავისი ხასიათით არც ადენომაა და არც სიმსივნე. აღნიშნულის მაგალითია ფარისებრი ჯირკვლის კვანძი - უჯრედების უჩვეულო ზრდა ფარისებრ ჯირკვალში, რაც ჰიპერ- ან ჰიპოთირეოზის მიზეზია.

ენდოკრინული ჯირკვლების დაზიანება და ტრავმირება

ბუნებრივია ენდოკრინული ჯირკვლების ნებისმიერი ხასიათის დაზიანება და ტრავმირება ჰორმონული დისბალანსის შესაძლო მიზეზია. ჩვეულებრივ, ასეთ დროს, ვითარდება ჰორმონების დეფიციტი (ნაკლებობა). ენდოკრინული ჯირკვლების დაზიანება ან ტრავმირება შესალებელია მოხდეს:

  • შემთხვევით, ქირურგიული ჩარევისას - ჰიპოპარათირეოზის (ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონის დაქვეითება) შემთხვევათა დაალოებით 75% უკავშირდება ფარისებრახლო ჯირკვლების შემთხვევით დაზიანებას კისრის არის ან ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიისას;
  • სისხლის ჭარბი კარგვის ან ენდოკრინული ჯირკვლების არასაკმარისი სისხლმომარაგებისას - სისხლის მიწოდების მკვეთრი დაქვეითება იწვევს ქსოვილის ნეკროზს. აღნიშნულის მაგალითია მშობიარობისას სისხლდენის შედეგად ჰიპოპიტუიტარიზმის (ჰიპოფიზის ფუნქციის დაქვეითება - შიხანის სინდრომი) განვითარება;
  • ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისას - აღნიშნულის მაგალითია ბაქტერიული მენინგიტის გართულება ჰიპოპიტუიტარიზმით, თუმცა, ეს საკმაოდ იშვიათია;
  • სხივური თერაპია - სიმსივნის მკურნალობის მიზნით ჩატარებული სხივური თერაპია შეიძლება ენდოკრინული ჯირკვლების დაზიანების მიზეზი გახდეს. აღნიშნულის მაგალითია თავისა და კისრის არის სიმსივნეების გამო, სხივური თერაპიის შემდეგ, შემთხვევათა 50%-ში ჰიპოთირეოზის - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების აღმოცენება;
  • თავის ან ტვინის ტრავმა, ანუ ტვინის ტრავმული დაზიანება - ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს თავის ტრავმა ან ტვინის დაზიანება ავტოსაგზაო შემთხვევების, დაცემის ამ სპორტის ზოგიერთი სახეობისას (კრივი, ჭიდაობა და ა. შ.).

ჰორმონული დისბალანსის გამოვლინება

სადღეისოდ ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმში 50-მდე სხვადასხვა ჰორმონი წარმოიქმნება, რომლებიც ჩვენი სხეულის სხვადასხვა ფუნქციას არეგულირებენ. ცხადია, რომ ჰორმონული დისბალანსისას შეილება სრულიად განსხვავებული სიმპტომები აღმოცენდეს, რაც დამოკიდებულია ენდოკრინულ სისტემაში განვითარებულ ცვლილებებზე.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ხშირად პაციენტთა ამა თუ იმ ჩივილის მიზეზი, რასაც ჰორმონული დისბალანსის გამოვლინებად თვლიან, სხვა, სრულიად განსხვავებული დააავადება შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის დროული შეფასება.

ჰორმონული დისბალანსის უხშირესი და ფართოდ გავრცელებული გამოვლინებებია:

  • არარეგულარული მენსტრუაცია - ნორმალური მენსტრუალური ციკლი მრავალი ჰორმონით რეგულირდება. ნებისმიერი მათგანის დისბალანსი არღვევს რეგულარულ ციკლს. სპეციფიკური ჰორმონული დარღვევა, რომელიც ხასიათდება არარეგულარული მენსტრუაციით არის პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი და ამენორეა (მენსტრუაციის არარსებობა).
  • უნაყოფობა - ჰორმონული დისბალანსი არის ქალის უნაყოფობის წამყვანი მიზეზი. უნაყოფობის მიზეზი შეილება იყოს პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი და ანოვულაცია (ოვულაციის არარსებობა). უნაყოფობის გამომწვევი ჰორმონული დისბალანსი გვხვდება მამაკაცთა შორისაც. აღნიშნულის მაგალითია ტესტოსტერონის დაბალი დონე (ჰიპოგონადიზმი);
  • აკნე - მართალია მის აღმოცენებაში მრავალი ფაქტორი მონაწილეობს, მაგრამ ჰორმონული ძვრები, განსაკუთრებით სქესობრივი მომწიფების ასაკში, უმნიშვნელოვანესია. ჰორმონული აკნე (მოზრდილთა აკნე) აღმოცენდება, როცა ჰორმონული ცვლილებების ზეგავლენით მატულობს კანის მიერ ცხიმის წარმოქმნა. ასეთი გამოვლინება განსაკუთრებით ხშირია ორსულობისას, მენოპაუზის დროს და ტესტოსტერონის პრეპარატებით მკურნალობისას;
  • დიაბეტი;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
  • სიმსუქნე - ორგანიზმის მოთხოვნილება საკვებზე და სხეულში წარმოქმნილი ენერგიის მოხმარება მრავალ ჰორმონზეა დამოკიდებული. გარკვეულ ჰორმონთა დისბალანსი შეიძლება წონის უმიზეზო მატებისა და ორგანიზმში ცხიმის ჭარბი დაგროვების მიზეზი გახდეს. აღნიშნულის მაგალითია კორტიზოლის სიჭარბით (თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონი) და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტით მიმდინარე დაავადებები (ჰიპოთირეოზი). წონის მატება ხშირია მენოპაუზისას. მისი საფუძველია ჰორმონული ცვლილებები, რომელთა გამოც მეტაბოლიზმი ნელდება. ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ასეთი „ჰორმონული დისბალანსი“ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და სავსებით ბუნებრივია.
  • გულის რიტმის ცვლილება - არანორმალური აჩქარება ან შენელება;
  • წონის უმიზეზო კლება;
  • ზოგადი სისუსტე, კუნთების სისუსტე და ტკივილი;
  • ყაბზობა (შეკრულობა) ან ფაღარათი;
  • ხელებში ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება;
  • სისხლში ქოლესტეროლის მატება;
  • დეპრესია ან შფოთვა - შფოთვის მიზეზი შეილება იყოს ჰიპერთირეოიდიზმი, შფოთვა და/ან დეპრესია შეიძლება აღმოცენდეს კუშინგის სინდრომის, მოზრდილ ასაკში განვითარებული ზრდის ჰორმონის დეფიციტისას;
  • თავის ტკივილი, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
  • სითბოს ან სიცივის აუტანლობა; ცხელი ან ცივი, ნოტიო კანი;
  • შავი აკანტოზი - კანის მუქი-მოშავო შეფერვა იღლიების, ბეჭის ქვედა არეში;
  • გაძლიერებული წყურვილი, გახშირებული შა­რდვა.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დისბალანსი

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული დისბალანსი მრავალფეროვანი სიმპტომით ხასიათდება, რაც დამოკიდებულია ჰორმონული ცვლილებების ხასიათზე - მომატებულია (ჰიპერთირეოზი) თუ დაქვეითებულია (ჰიპოთირეოზი) მათი წარმოქმნა.

ჰიპოთიროიდიზმი, ანუ ჰორმონების დეფიციტი, ხასიათდება სიცივის შეგრძნებით, კუნთების ტკივილით ან სისუსტით, დეპრესიით, სისუსტით, წონის მატებით, ყაბზობით (შეკრულობა), შენელებული გულისცემით, სახის შეშუპებით, კანის სიმშრალით, თმის ცვენით.

ჰიპერთირეოზისას (ფარისებრი ჯირკვლის ჰორ­მონების სიჭარბე) ვითარდება თითებისა და მტევნების, მთელი სხეულის ტრემორი ანუ კანკალი, მომატებული მადა, ადვილად გაღიზიანება, შფოთვა, ძილის დარღვევა, წონის უმიზეზო კლება, ნაწლავების გახშირებული მოქმედება, გულის აჩქარება, არითმია, თვალები დაჭყეტილია (ეგზოფთალმი), მომატებული ოფლიანობა.

ინსულინის დეფიციტი და ინსულინრეზისტენტობა

ზოგჯერ ადამიანის ორგანიზმში აღარ წარმოიქმნება ინსულინის საჭირო რაოდენობა ან უჯრედები სათანადოდ ვერ რეაგირებენ წარმოქმნილ ინსულინზე. ეს არღვევს სისხლში გლუკოზის ნორმალურ შემცველობას, მისი დონე იმატებს. ამის გამო შეიძლება აღმოცენდეს გაუწყლოვნება, მომატებული წყურვილი, გახშირებული შარდვა და დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა, მხედველობის დარღვევა, კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტა კიდურებში, წონის უმიზეზო კლება.

კუშინგის სინდრომი ანუ ჰიპერკორტიციზმი

კორტიზოლის ჭარბი დონე განაპირობებს აღნიშნული სინდრომის აღმოცენებას. კორტიზოლს სხვაგვარად სტრესის ჰორმონს უწოდებენ. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლში გლუკოზის, სისხლის წნევის, მეტაბოლიზმისა და ანთებითი რეაქციების რეგულაციაში. კორტიზოლი პროდუცირდება თირკმელზედა ჯირკვალში.

კუშინგის სინდრომის ტიპური სიმპტომებია სისხლჩაქცევების ადვილად აღმოცენება, სხეულზე ცხიმის არანორმალური (უპირატესად ტანზე, მის ზედა ნაწილში, კისრის, მხრების არეში, მაშინ, როცა კიდურები თხელია (ბიზონის კუზი, ძროხისებური სიმსუქნე) განაწილება, მრგვალი, მთვარისებური სახე წითელი ლოყებით, აკნე, ზოგადი და კუნთების სისუსტე, ძვლების ტკივილი, ადვილად აღმოცენდება მოტეხილობა, ზურგის ტკივილი, თუ მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, ვითარდება ქოლესტეროლის ცვლის დარღვევა, წნევის მომატება, გულის დაზიანება.

ბავშვებში კუშინგის სინდრომი შეიძლება გახდეს ზრდის შეფერხების მიზეზი, ქალებს უვითარდებათ არარეგულარული მენსტრუაცია, ჭარბთმიანობა, მამაკაცებს - სექსუალური დისფუნქცია.

აკრომეგალია

აკრომეგალია არის იშვიათი, მაგრამ სერიოზული დაავადება, რომლის აღმოცენების საფუძველიცაა ზრდის ჰორმონის სიჭარბე. ჩვეულებრივ, ზრდის ჰორმონი პროდუცირდება ჰიპოფიზის მიერ. დაავადების მიზეზია ზრდის ჰორმონის ჭარბი წარმოქმნა ჰიპოფიზის ან სხვა მდებარეობის სიმსივნის გამო.

აკრომეგალია ხასიათდება სხეულის გარკვეული ნაწილების ზრდით - დიდდება მტევნები და ტერფები, შუბლი, თავი (პაციენტს აღარ ეტევა ქუდი, ფეხსაცმელი, ხელთათმანი), წინ წამოიწევა გადიდებული ქვედა ყბა, დიდდება ცხვირი, ენა აღარ ეტევა პირში, ენის გვერდით კიდეებზე ჩანს კბილების ნაჭდევები, კბილები მეჩხერდება ყბების გადიდების გამო. გარდა ამისა შეიძლება აღმოცენდეს თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, მხედველობის ცვლილება, კიდურების დაბუჟება, ძილის აპნოე (ძილისას სუნთქვის შეჩერება), მაჯის არხის სინდრომი. აღსანიშნავია, რომ სიმპტომები ნელა ვითარდება და მათი შემჩნევა თავდაპირველად ადვილი არ არის.

თუ ზრდის ჰორმონის ჭარბი წარმოქმნა ზრდასრულ ასაკამდე აღმოცენდა, ვთარდება გიგანტიზმი - პროპორციულად მატულობს სხეულის ზომები.

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი არის ჰორმონული დარღვევა, რომელიც რეპროდუქციულ ასაკში გვხვდება. მდგომარეობა ხასიათდება მენსტრუალური ციკლის გაიშვიათებით ან თითოეული მენსტრუაციის პერიოდის გახანგრძლივებით. მენსტრუალური ციკლის განმავლობაში არ მწიფდება ფოლიკული და არ გამოთავისუფლდება ის. პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის ზუსტი მიზეზი უცნობია. დაავადებისათვის დამახასიათებელია:

  • არარეგულარული მენსტრუალური ციკლი - წლის განმავლობაში მენსტრუალური ციკლების რაოდენობა ცხრაზე ნაკლებია, ინტერვალი მათ შორის 35 დღეზე მეტია, ორსულობა ძნელად ვითარდება
  • ანდროგენების სიჭარბე - მამაკაცური ჰორმონის - ანდროგენის სიჭარბე იწვევს ჭარბთმიანობას, შესაძლოა აღმოცენდეს აკნე, მამაკაცური ტიპის თმის ცვენა;
  • პოლიცისტური საკვერცხე - საკვერცხეები გადიდებულია, მათში არის მრავალი მოუმწიფებელი ფოლიკული.

დაავადების სიმპტომები უფრო მკვეთრია მსუქან პაციენტებს შორის. დაავადების გართულებებია - უნაყოფობა, ორსულობისას დიაბეტი, მაღალი წნევა, ორსულობის თვითნებური შეწყვეტა ან ნაადრევი მშობიარობა, არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი, მეტაბოლური სინდრომი, ტიპი 2 დიაბეტი, ძილის აპნოე, დეპრესია, შფოთვა, კვების დარღვევები, ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიდა შრე) კიბო.

მამაკაცთა სასქესო ჰორმონების დისბალანსი

დაბალი ტესტოსტერონი, ანუ მამაკაცების ჰიპოგონადიზმი, არის მდგომარეობა, როცა სათესლე ჯირკვლებში ტესტოსტერონი (მამაკაცის სასქესო ჰორმონი) არ გამომუშავდება საკმარისი რაოდენობით. ტესტოსტერონისა და სხვა სასქესო ჰორმონების დისბალანსი შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სიმპტომით:

  • სხეულის თმიანობის დაქვეითება ან დაკარგვა;
  • ერექციული დისფუნქცია; სათესლე ჯირკვლების ზომის შემცირება, განლევა;
  • გინეკომასტია - მამაკაცის სარძევე ჯირკვლების გადიდება;
  • უნაყოფობა; სპერმის წარმოქმნის მკვეთრი დაქვეითება ან შეწყვეტა;
  • სქესობრივი ლტოლვის დაკარგვა;
  • კუნთების მასის დაქვეითება;
  • ალები.

მამაკაცების ჰიპოგონადიზმი ნებისმიერ ასაკში შეიძლება აღმოცენდეს, თუმცა უფრო მეტად გვხვდება:

  • ხანშიშესულთა შორის;
  • სიმსუქნისას;
  • ცუდად კონტროლირებული დიაბეტი ტიპი 2-ის დროს;
  • ობსტრუქციული ძილის აპნოეს დროს;
  • თირკმლის ქრონიკული დაავადების ან ღვიძლის ციროზისას;
  • აივ ინფექცია/შიდსის დროს.

ესტროგენების დეფიციტი

ქალის ცხოვრების განმავლობაში ესტროგენების დონე ხშირად სხვა ჰორმონებთან სინქრონულად, პერიოდულად იცვლება, რაც ნორმალურ მენსტრუალურ ციკლს განაპირობებს. ესტროგენების დონის ასეთი რეგულარული ცვლილება ნორმალურია. განსხვავებით აღნიშნულისაგან, ესტროგენების მუდმივად დაბალი დონე, რაც ნორმის ვარიანტია, შესაძლოა მენოპაუზის პერიოდში აღმოცენდეს. ზოგჯერ ესტროგენების დაბალი დონე გარკვეული დარღვევის გამოვლინებაა და ართულებს დაორსულებას.

ჩვეულებრივ, ესტროგენების დაქვეითების მიზეზებია:

  • მენოპაუზა ან პოსტმენოპაუზა (მენოპაუზის შემდგომი პერიოდი) - საკვერცხეები წყვეტენ ესტროგენების პროდუქციას, რაც ნორმლაურია. აღნიშნულის ნაცვლად ესტროგენების პროდუქციას იწყებს ცხიმოვანი ქსოვილი.
  • საკვერცხეების ამოკვეთა ან დაზიანება მკურნალობისას (მაგალითად, სხივური თერაპიისას);
  • ესტროგენების დეფიციტი გარდატეხის ასაკში შეიძლება გახდეს სქესობრივი მომწიფების შეფერხების, ხოლო მენოპაუზისას, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითების, მტკივნეული სქესობრივი კონტაქტის (საშოს სიმშრალის და ლორწოვანის ატროფიის გამო), ალების მიზეზი. ზოგადად ესტროგენების დეფიციტს ახასიათებს კანის სიმშრალე, სარძევე ჯირკვლების სიმკვრივის დაქვეითება, ძვლების მინერალური სიმკვრივის დაქვეითება (ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი), კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ადვილად გაღიზიანება, წონის მატება, სისუსტე, ძილის დარღვევა.

როგორ დავადგინოთ ჰორმონული დისბალანსი

როგორც ვნახეთ, ტერმინი, ჰორმონული დისბალანსი, მრავალ განსვავებულ მდგომარეობას აერთიანებს. არანაკლებ მრავალფეროვანია მისი დიაგნოზის დასადგენად მოწოდებული კვლევები და მეთოდები. რა თქმა უნდა, არჩევანი დამოკიდებულია პაციენტის ჩივილებზე, მისი გასინჯვის შედეგად გამოვლენილ სიმპტომებსა და სავარაუდო დიაგნოზზე.

უხშირესად, ფიზიკური გასინჯვის შემდეგ, ინიშნება ჰორმონული კვლევები. ამ მიზნით შესაძლოა ლაბორატორიულად შეისწავლონ ჰორმონების შემცველობა სისხლში და/ან შარდში. ჰორმონების დღეღამური შემცველობის მერყეობის გათვალისწინებით, სათანადო ჩვენებისას, კვლევა ტარდება დღე-ღამის სხვადასხვა პერიოდში.

დარღვევის აღმოჩენის შემდეგ იწყება კვლევა ჰორმონული დისბალანსის მიზეზების გამოსავლენად. ამისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს გამომსახველობითი კვლევები - კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

ჰორმონული დისბალანსის მკურნალობა

ბუნებრივია, ჰორმონული დისბალანსის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

ნორმასთან შედარებით ჰორმონის დაქვეითებული დონისას, ძირითადი მკურნალობა არის, ეგრეთ წოდებული, ჩანაცვლებითი თერაპია - პაციენტი ტაბლეტის ან ინიექციის სახით იღებს სათანადო ჰორმონს. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაქვეითებისას (ჰიპოთირეოზი) ინიშნება ტაბლეტები, რომლებიც ამ ჰორმონს შეიცავენ, ხოლო ზრდის ჰორმონის დეფიციტისას ინიშნება ინიექცია.

ნორმასთან შედარებით ჰორმონის შემცველობის მომატებისას, გამომწვევი დაავადების გათვალისწინებით, შეიძლება დაინიშნოს სათანადო მედიკამენტი, ოპერაციული მკურნალობა, სხივური თერაპია ან რამდენიმე ან ყველა ამ მეთოდის კომბინაცია. მაგალითად, თუ პაციენტს აქვს პროლაქტინომა (კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც პროლაქტინს გამოიმუშავებს) შეიძლება დაინიშნოს მედიკამენტი სიმსივნის ზომების შესამცირებლად ან ქირურგიული ოპერაცია მის ამოსაკვეთად.

როგორ ავიცილოთ ჰორმონული დისბალანსი

სამწუხაროდ, ჰორმონული დისბალანსის თავიდან აცილება, როცა ის მემკვიდრულ ფაქტორს, ინფექციას ან კეთილთვისებიან სიმსივნეს უკავშირდება, შეუძლებელია. თუმცა, ჰორმონული დისბალანსის ზოგი შემთხვევა ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომლებზე ზემოქმედებაც შესაძლებელია.

სადღეისოდ არსებული მონაცემების თანახმად, ჰორმონული დისბალანსის თავიდან ასაცილებლად, გამოვლინების შესაფერხებლად ან სიმპტომების შესამცირებლად, რეკომენდებულია:

  • სტრესისთვის თავის არიდება;
  • წყლის საკმარისი მიღება;
  • ბალანსირებული და ჯანსაღი კვება;
  • რეგულარული ფიზიკური აქტივობა;
  • ნორმალური ძილი;
  • რეგულარული სამედიცინო კონტროლი;
  • ნორმალური წონის შენარჩუნება;
  • თამბაქოს მოწევის შეწყვეტა.