ბავშვთა და მოზარდთა სიმსუქნე
ამასთან, შემთხვევათა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ბოლო მონაცემებით, რუსეთში ყოველი მეათე ბავშვი ჭარბწონიანია, აშშ-ში კი ყოველი მეხუთე. როგორ ამოვიცნოთ პრობლემა დროულად, როგორ გავუმკლავდეთ მას და შესაძლებელია თუ არა ბავშვებთან სიმსუქნის პრევენცია?
სპეციალისტთა აზრით, ბავშვებთან სიმსუქნის მთავარი მიზეზი საკვებიდან კალორიების ჭარბი მიღებაა. ადამიანთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ფუმფულა ლოყები და მიმზიდველი ნაკეცები ბავშვის ხელებსა და ფეხებზე კარგი ჯანმრთელობის მაჩვენებელია და ზედმეტი კილოგრამები დროთა განმავლობაში თავისთავად განილევა.
მშობლები მუდმივად ცდილობენ ბავშვის დამატებით გამოკვებას: ფუნთუშები, ტკბილეული, პური – ეს ყველაფერი ავსებს ძირითად კვებას.
ბავშვთა ჭარბი წონის გამომწვევ შედარებით ნაკლებად გავრცელებულ მიზეზებს შორისაა:
- ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა;
- მემკვიდრეობითობა;
- მეტაბოლური დარღვევები;
- ენდოკრინული პათოლოგიები (ჰიპოთირეოზი, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი რაოდენობა);
- დღის არასწორი რეჟიმი, ძილის ნაკლებობა;
- გარკვეული მედიკამენტების ხანგრძლივად მიღება (ჰორმონული პრეპარატები, ანტიდეპრესანტები);
- გენეტიკური დარღვევები და სხვა.
* კლასიფიკაცია
გამომწვევი მიზეზების მიხედვით განასხვავებენ ბავშვთა სიმსუქნის ორ ტიპს:
- პირველადს – რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მემკვიდრეობას (ეგზოგენურ-კონსტიტუციური) ან ჭარბ კვებას (ალიმენტური);
- მეორეულს – რომელიც აღმოცენდება თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებების ფონზე.
* ბავშვთა სიმსუქნის სიმპტომები
ბავშვთა სიმსუქნის მთავარი სიმპტომია კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მატება. მისი გავრცელება-გადანაწილება, ისევე როგორც მეორეული სიმპტომები, დამოკიდებულია პათოლოგიის ფორმაზე.
ალიმენტური ანუ კვებითი ფაქტორით განპირობებული სიმსუქნე ბავშვებთან, ჩვეულებრივ, ვლინდება ჭარბი ცხიმის სახით მუცლის, ბარძაყების, დუნდულოების, ზურგის, მკერდის, სახისა და მკლავების არეში. პათოლოგიას თან ახლავს ფიზიკური დატვირთვისადმი მგრძნობელობის დაქვეითება, ქოშინის გამოვლენა, თუნდაც მცირე აქტივობისას და არტერიული წნევის მატება.
არანამკურნალებ შემთხვევებში ჭარბი წონა ბავშვებთან ინსულინრეზისტენტობის, მეტაბოლური სინდრომის, შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიისა და ნეფროპათიის განვითარების მიზეზი ხდება.
მეორეული სიმსუქნის ნიშნები თითოეულ ბავშვთან განსხვავებულად ვლინდება, რადგან ისინი პრობლემის მიზეზზეა დამოკიდებული. მაგალითად, იცენკო-კუშინგის სინდრომის დროს ცხიმი დეპონირდება ძირითადად მუცლის, სახისა და კისრის არეში, რასაც თან ახლავს ჭარბთმიანობის განვითარება.
პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომის დროს ჭარბ წონას თან ახლავს ზედმეტად ცხიმიანი კანი, აკნე და არარეგულარული მენსტრუაცია. ამ შემთხვევაში ექიმის ამოცანაა არა მხოლოდ სიმსუქნის ფაქტის დადგენა, არამედ მისი გამომწვევი და მასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება.
* სიმსუქნის გართულებები ბავშვებთან
რაც მეტ ზედმეტ კილოგრამს „ატარებს“ ბავშვი, მით უფრო რთულია ეს მისი ორგანიზმისთვის. იზრდება დატვირთვა გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებზე და იტანჯება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი. რეგულარული გადაძღომა (ჭარბი კვება) ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემათა, პანკრეატიტისა და ქოლეცისტიტის განვითარებას.
I ხარისხის სიმსუქნე ხშირად უმნიშვნელო ჩანს, რადგან ბავშვი არ გამოიყურება მსუქნად. თუმცა, ამანაც კი შეიძლება გამოიწვიოს:
- ხერხემლის გამრუდება;
- არტერიული წნევის მომატება;
- თავის ტკივილი;
- გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება).
II ხარისხის სიმსუქნე ბავშვებთან იწვევს უფრო მნიშვნელოვან შედეგებს:
- გაძლიერებულ ოფლიანობას;
- ჰორმონულ დისბალანსს;
- აკნეს და კანის სხვა პრობლემებს (მოზარდობის ასაკში).
III ხარისხის სიმსუქნის განვითარების კვალად ბავშვებს უვლინდებათ:
- სახსრების დაავადებები;
- სქესობრივი მომწიფებისა და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა;
- ბარძაყისა და საზარდულის თიაქარი;
- შაქრიანი დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის გაზრდილი რისკი.
მე-4 ხარისხის სიმსუქნე უკიდურესად საშიში მდგომარეობაა.
ბავშვსაც კი შეიძლება განუვითარდეს ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორებიცაა – შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ბუასილი, სტენოკარდია, ღვიძლის უკმარისობა და ა.შ. ძილის დროს იზრდება სუნთქვის დარღვევის რისკი (ღამის აპნოე). შორსწასულ შემთხვევებში იკარგება დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, რადგან ხერხემალი და სახსრები ვერ უძლებს (ვერ უმკლავდება) სხეულის წონას.
არ უნდა დავივიწყოთ ის ფსიქოლოგიური შედეგებიც, რომელსაც სიმსუქნე იწვევს. სკოლაში ბავშვი შეიძლება გახდეს დაცინვის ობიექტი, თანატოლებთან სრულფასოვნად ურთიერთობის უუნარობა აუარესებს სიტუაციას. მოზარდობის ასაკში ამან შეიძლება გამოიწვიოს კომპლექსები.
* მოზარდთა სიმსუქნე: რა არის და როგორ ვითარდება
მოზარდთა სიმსუქნე დიდად არ განსხვავდება ზრდასრულებთან გამოხატული სიმსუქნისგან. ეს დაავადება შეიძლება განვითარდეს როგორც ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციობის დარღვევის, ასევე საკვების ჭარბად მიღების გამო.
ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მოზარდებთან სიმსუქნის განვითარებას იწვევს, ცხოვრების უმოძრაო წესია.
დღეს კომპიუტერიზაციამ, მობილურ მოწყობილობებზე მიჯაჭვულობამ განაპირობა ის, რომ მოზარდს შეეზღუდა ფიზიკური აქტივობა და მოძრაობა. მოზარდებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ინფორმაცია და გაერთონ, აღარ სჭირდებათ გარეთ გასვლა დასვენებისა და სოციალიზაციისთვის. ამაში მათ ეხმარება ვიდეოთამაშები და სხვა „ონლაინ“ გასართობები.
კომპიუტერული თამაშები, თავის მხრივ, იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას. როგორც წესი, მოზარდები მათ ღამით თამაშობენ. ეს გავლენას ახდენს ძილზე, არღვევს მუშაობისა და დასვენების რეჟიმს და, შესაბამისად, გავლენას ახდენს მეტაბოლურ პროცესებზე, ცხიმოვანი უჯრედების ფორმირებაზე.
არასაკმარისი ძილი გავლენას ახდენს ფიზიკურ მდგომარეობაზე, ამცირებს სისხლში ჟანგბადის შემცველობას, ინსულინისადმი მგრძნობელობას, ცვლის გლუკოზისადმი ტოლერანტობას, შემდგომში შაქრიანი დიაბეტის განვითარებაზე გავლენით. გარდა ამისა, არასრულფასოვანი ძილი იწვევს მადის მატებას, კალორიების დღე-ღამური მოხმარების ზრდას, აძლიერებს ცხიმოვანი, ტკბილი და მარილიანი საკვების მოთხოვნილებას.
* როგორ მკურნალობენ სიმსუქნეს მოზარდებთან?
მკურნალობის სტანდარტული მეთოდები მოიცავს დიეტას, ბავშვთან, მოზარდთან და მშობლებთან ფსიქოლოგის მუშაობას და კვების ჩვევების შეცვლას.
სიმსუქნის მკურნალობა ბავშვებსა და მოზარდებთან, მიუხედავად მისი მიზეზისა, რთული და ხანგრძლივი პროცესია. ის მოითხოვს არა მხოლოდ ექიმების, არამედ მშობლების მონაწილეობა- ჩართულობას. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის თითოეულ წევრს ესმოდეს ყველა დადგენილი აქტივობის მნიშვნელობა და დაიცვას დიეტოლოგისა თუ სხვა სპეციალისტის მითითებები.
დიდმნიშვნელოვანია ისიც, რომ მშობლებმა და ოჯახის სხვა წევრებმა სწორი მაგალითი მისცენ მოზარდს და გადაერთონ ცხოვრების ჯანსაღ წესზე.
ბავშვებთან და მოზარდებთან I და II ხარისხის სიმსუქნის მკურნალობის თანამედროვე კლინიკური რეკომენდაციები, უპირველესად, დიეტასა და ფიზიკურ აქტივობას მოიცავს. ბავშვისა და მოზარდის მეტაბოლიზმი ბევრად უფრო ინტენსიურია, ვიდრე ზრდასრული ორგანიზმის, ამიტომ კვების ძირითადი წესების დაცვა წარმატების საწინდარია.
ჭარბწონიანი ბავშვისა და მოზარდის დიეტა ეფუძნება შემდეგ წესებს:
- მარილიანი, ტკბილი და ცხიმიანი საკვების შეზღუდვა;
- საკმარისი რაოდენობით სუფთა წყლის რეგულარული მოხმარება;
- დანაწევრებული კვება მცირე ულუფებით;
- ბოლო კვება ძილის წინ 3 საათით ადრე;
- სწრაფი კვების, გაზიანი სასმელების, ჩიფსებისა და სხვა მავნე საკვების გამორიცხვა.
საკვები რაციონი სიმსუქნის დროს მოიცავს რძის პროდუქტებს საშუალო ცხიმის შემცველობით, შაქრის გარეშე, მოხარშულ ან ორთქლზე მომზადებულ კერძებს მჭლე ხორცისგან, ფრინველის ან თევზისგან, მარცვლეულსა და ტკბილ ხილს ზომიერად, ბოსტნეულს შეუზღუდავად.
ფიზიკური აქტივობა არა მხოლოდ აჩქარებს წონის დაკლებას, არამედ ხელს უწყობს კანის გამკვრივება-დაჭიმვას, აძლიერებს კუნთებს. ვარჯიშების კომპლექსი განისაზღვრება სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტის მიერ და ითვალისწინებს ბავშვის სხეულის საწყის წონას, ასაკსა და სურვილებს. გუნდური სპორტი, შეჯიბრებები, ყოველდღიური ტანვარჯიში ან ძალისმიერი ვარჯიშები – საზოგადოდ, მოძრაობა უნდა იყოს სახალისო და სიამოვნებას ჰგვრიდეს ბავშვსა და მოზარდს.
მძიმე ხარისხის სიმსუქნის მკურნალობა, სპორტისა და დიეტის გარდა, მოიცავს მედიკამენტებს, ჰორმონული და სხვა დარღვევების კორექციას.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბავშვების 90%-ზე მეტს, რომელსაც დაუდგინდა სიმსუქნე, ეს დაავადება სრულწლოვან ასაკშიც (ზრდასრულობაშიც) გადააქვს. შესაბამისად, რაც უფრო ადრეულ ასაკში ეწყება ჭარბი წონის პრობლემა ბავშვს, ასაკთან ერთად მით უფრო უვითარდება და უღრმავდება პათოლოგიური პროცესები.
ამიტომაც, გაცილებით ეფექტურია სიმსუქნის განვითარების არიდება, ვიდრე მოგვიანებით მისი მკურნალობა!