გოგონას სქესობრივი განვითარება

ზოგადად, გოგონას სქესობრივი განვითარების ცნება მოიცავს ფსიქოლოგიურ ასპექტს, რაც ბავშვთა სქესობრივ თვითიდენტიფიკაციას გულისხმობს, ფიზიკურ განვითარებას და სქესობრივი ჰიგიენის ჩვევების ჩამოყალიბებას. სქესობრივი განვითარება გენეტიკურად დაპროგრამებული პროცესია, ამა თუ იმ სქესისადმი კუთვნილება განსაზღვრულია ქრომოსომულ დონეზე. ყველასთვის ცნობილია, რომ კარიოტიპში X ქრომოსომის არსებობა ქალად გვაქცევს, ხოლო Y ქრომოსომისა - მამაკაცად. ბავშვის დაბადებისას პირველადი სასქესო ნიშნები უკვე გამოხატულია, მეორეული კი ჩნდება პუბერტატულ პერიოდში და მთლიანად ენდოკრინული სისტემის, კერძოდ, სასქესო ჯირკვლების, ნორმალურ ფუნქციობაზეა დამოკიდებული.
- რა როლს ასრულებს ამ პროცესში სასქესო ჰორმონები?
- სასქესო ჰორმონები არეგულირებს ორგანიზმის ზრდა-განვითარებას. მათი გავლენით იხურება ძვლებში ზრდის ზონები, რაც იწვევს სიმაღლეში ზრდის შეჩერებას. სასქესო ჰორმონები ორგანიზმში აძლიერებს ძირითად ცვლას, ხელს უწყობს მუსკულატურის განვითარებას, ამაღლებს ცენტრალური ნერვული სისტემის ტონუსს და სხვა.
- როგორ ხდება ეს ყველაფერი გოგონას ორგანიზმში?
- ქალის სასქესო ჯირკვლებს საკვერცხეები ეწოდება, მამაკაცისას - სათესლეები. საკვერცხეები ოვალური წარმონაქმნებია, რომლებიც სიმეტრიულად არის განლაგებული მარჯვნივ და მარცხნივ მცირე მენჯის ღრუში. თვით საკვერცხე შედგება 2 შრისაგან - ტვინოვანისგან და ქერქოვანისგან. ქერქოვანი შრე შეიცავს მრავალ (რამდენიმე ასეულ) ფოლიკულს, რომლებიც შემდგომ კვერცხუჯრედებად გარდაიქმნება. ტვინოვან შრეში გამომუშავდება ჰორმონი ესტროგენი. იგი გოგონას ორგანიზმში ადრეული ასაკიდან წარმოიქმნება, მაგრამ ზრდასრული ასაკის ნორმას სქესობრივი მომწიფების პერიოდში აღწევს. სწორედ მასზეა დამოკიდებული პუბერტატის პერიოდში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები. შინაგან სასქესო ორგანოებს საკვერცხეებთან ერთად მიეკუთვნება საშვილოსნო და მისგან გამომავალი მილები, რომლებიც საკვერცხისკენ მიემართება. ხშირად ახალშობილი გოგონას ორგანიზმი უკვე შეიცავს სასქესო ჰორმონების საკმაო რაოდენობას, რომელიც მას მშობიარობის დროს დედის ორგანიზმიდან გადაეცა. ზოგჯერ ამ ჰორმონთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ შესაძლოა, ჰორმონული კრიზი განვითარდეს, რაც სარძევე ჯირკვლების შესივება-გაჯირჯვებით და საშოდან სისხლდენით გამოიხატება. ეს ფიზიოლოგიური თვითლიმიტირებული მოვლენაა და სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს.
- როდის იწყება გოგონას სქესობრივი მომწიფება?
- იწყება 8-10 წლის ასაკში, გრძელდება დაახლოებით 7-8 წელი, გაივლის რამდენიმე სტადიას და 17-18 წლის ასაკში სრულდება გოგონას სომატური და სქესობრივი სიმწიფით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური მხარე მეტად ინდივიდუალურია. სქესობრივი მომწიფება, წესისამებრ, პუბერტატული ნახტომით იწყება - შესაძლოა, გოგონამ წელიწადში 10 სმ-მდე მოიმატოს. გოგონებს პუბერტატული პერიოდი უფრო ადრე ეწყებათ, ვიდრე ვაჟებს, ამიტომ ისინი თანატოლ ვაჟებს ზრდა-განვითარებით უსწრებენ. გათანაბრება ხდება 16-17 წლის ასაკისთვის, როდესაც გოგონები პრაქტიკულად ამთავრებენ ზრდას, ვაჟების ორგანიზმში კი ეს პროცესი რამდენიმე წელი კიდევ გრძელდება.
- როგორია სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშნები?
- გოგონებში სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშანია სარძევე ჯირკვლების გადიდება. ნელ-ნელა იზრდება აგრეთვე საკვერცხეები, საშო და საშვილოსნო. დაახლოებით 10 წლიდან ჩნდება გათმიანება სასირცხო ბაგეებზე, შემდეგ კი ბოქვენზე. იმის მიხედვით, რა ფორმით ხდება ბოქვენის გათმიანება, შეიძლება ვიმსჯელოთ გოგონას ორგანიზმში ქალური და მამაკაცური (ესტროგენების და ანდროგენების) ჰორმონების თანაფარდობაზე. ესტროგენები ერთგვარად აფერხებენ სხეულზე თმიანობის გავრცელებას, ანდროგენები კი, პირიქით, ხელს უწყობენ. ამიტომ სხეულზე თმიანობის ფართო გავრცელება ქალებისთვის არ არის დამახასიათებელი. ნორმაში ბოქვენის თმიან ზონას აქვს სამკუთხედის ფორმა, მწვერვალით ქვემოთ, მაგრამ თუ გათმიანება გავრცელდა მუცელზე, დაემსგავსა რომბს, გაუყვა მუცლის შუა, თეთრ ხაზს, ეს ანდროგენების სიჭარბეზე მიუთითებს და ენდოკრინოლოგის კონსულტაციას მოითხოვს. 11-12 წლის ასაკიდან ჩნდება გათმიანება იღლიაში, ფეხებზე. ეს ფიზიოლოგიური პროცესია და გოგონებს უნდა ავუხსნათ, რომ ეს მათ ხელს არ უშლით, იყვნენ ლამაზები და ქალურები. მაგრამ ძლიერი გათმიანება იღლიასა და ბოქვენზე, ასევე - თმიანობის გაჩენა სახეზე, მუცელსა და მკერდზე მოითხოვს ყურადღებას. ზემოთ აღწერილი ნიშნები ახასიათებს სქესობრივი მომწიფების პირველ სტადიას, რომელიც მთავრდება 12-15 წლის ასაკში პირველი მენსტრუაციით - მენარქეთი. მენარქეს შემდეგ იწყება პუბერტატული პერიოდი, რაც ნიშნავს შინაგანი და გარეგანი სასქესო ორგანოების ზრდას, რეგულარული მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბებას. რეგულარული მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბებას დაახლოებით 1-1,5 წელიწადი სჭირდება.