ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი

რომლის დროსაც სისხლში გლუკოზის შემცველობა ქრონიკულად მატულობს (ვითარდება ჰიპერგლიკემია) და ირღვევა ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების ცვლა. ამ ანომალური მდგომარეობის აღმოცენება გამოწვეულია ორგანიზმში ინსულინის გამომუშავების (სეკრეციის) დარღვევით, ან მისი თვისებების დაკარგვით, ან აღნიშნული პროცესების თანაარსებობით.

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში, ნახშირწყ­ლებით მდიდარი საკვების მიღებისას, სისხლში გლუკოზის ნორმალური დონე ნარჩუნდება პანკრეასის მიერ ინსულინის გამოყოფით. ინსულინი განაპირობებს ჭარბი გლუკოზის უჯრედებში გადატანას და მის „შენახვას“ იმ ფორმით, რომ შემდგომში ენერგიის წყაროდ გამოიყენოს. თუ დიაბეტის დროს პაციენტს სათანადო მკურნალობა არ უტარდება, აღწერილი პროცესი დარღვეულია, რაც სისხლში გლუკოზის დონის მატებას და დროთა განმავლობაში ჯანმრთელობის სერიოზულ შეუქცევად დარღვევას იწვევს.

დაავადების ფართოდ გავრცელების გამო, დღეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ განასხვავებენ ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიან დიაბეტს. შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ტიპი 1 ანუ ინსულინდამოკიდებული, ანუ როგორც ადრე უწოდებდნენ, იუვენილური შაქრიანი დიაბეტი გამოწვეულია ინსულინის სრული დეფიციტით. თავის მხრივ ინსულინის სრული დეფიციტი აღმოცენდება პანკრეასის ბეტა უჯრედების დაზიანებითა და მათი ფუნქციის სრული დაკარგვით. უკანასკნელი შესაძლოა გამოწვიოს აუტოიმუნურმა პროცესებმა ანუ მდგომარეობამ, როცა ორგანიზმში წარმოიქმნება ანტისხეულები საკუთარი უჯრედების, ამ შემთხვევაში კი, პანკრეასის ბეტა უჯრედების მიმართ, ან მიზეზი იყო უცნობი ბეტა უჯრედების იდიოპათიური დისფუნქცია.

ტიპი 2 ანუ ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტი (ე. წ. „მოზრდილთა დიაბეტი“) ხასიათდება ინსულინის მიმართ რეზისტენტობით – უჯრედები არ რეაგირებენ ინსულინის ზემოქმედებაზე, თუმცა, არ არის გამორიცხული დარღვეული იყოს ინსულინის სეკრეციაც. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში დაავადების ეს ფორმა გახშირდა ბავშვთა და მოზარდთა შორისაც, რაც დაკავშირებულია ამ ასაკობრივ ჯგუფებში ჭარბი წონისა და სიმსუქნის შემთხვევების ზრდასთან.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი უფრო ხშირია, დიაბეტით დაავადებულთა 90%-ს სწორედ დაავადების ეს ფორმა აქვს. ითვლება, რომ ტიპი 2 დიაბეტი უფრო მსუბუქია, ვიდრე ტიპი 1, თუმცა ის თირკმლის, ნერვებისა და თვალის ფსკერის სისხლძარღვთა დაზიანების, გულის დაავადებისა და ინსულტის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

ბუნებრივია, ყოველი კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში აქტუალურია კითხვა, რომელი ტიპის დიაბეტთან გვაქვს საქმე. ამ საკითხის გადაწყვეტისას ექიმი ითვალისწინებს პაციენტის ასაკს, დაავადების კლინიკურ ნიშნებს, მისი აღმოცენების სისწრაფეს, პაციენტის სხეულის მასას, დიაბეტის მხრივ გენეტიკურ დატვირთვას (აქვთ თუ არა დიაბეტი მშობლებს ან და-ძმებს), აღმოჩნდება თუ არა კეტონური სხეულები შარდში.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი უპირატესად ახალგაზრდა პირებს უვითარდებათ, დაავადება ხასიათდება სწრაფი აღმოცენებით, ვითარდება კეტოაციდოზი, სახეზეა ინსულინის დეფიციტი, პაციენტს აქვს წონის დაქვეითება.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი უმეტესად საშუალო ასაკის პირთა დაავადებაა, ხასიათდება თანდათანობითი დასაწყისით, პაციენტს არა აქვს მიდრეკილება კეტოაციდოზისაკენ, აქვს ინსულინრეზისტენტობა, ჭარბი წონა, ხშირია დაავადების ოჯახური ისტორია.

გარდა ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტისა...

გარდა ამ ორი, მოსახლეობისათვის კარგად ნაცნობი ტიპისა, არსებობს დიაბეტის სხვა სპეციფიკური ტიპი და გესტაციური შაქრიანი დიაბეტი.

დიაბეტის სხვა სპეციფიკური ტიპის დროს დაავადების მიზეზია პანკრეასის ბეტა უჯრედების გენეტიკური დისფუნქცია, ინსულინის აქტივობის გენეტიკური დეფექტი, პანკრეასის დაავადება, ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება, მედიკამენტები (ზოგიერთი შარდმდენი, სტეროიდული ჰორმონები, ფენიტოინი, ნიკოტინის მჟავა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, ალფა-ინტერფერონი), ქიმიური აგენტები, ინფექცია, გენეტიკური დაავადებები (დაუნის სინდრომი, ფრიდრეიხის ატაქსია, კლაინფელტერის სინდრომი, ვოლფრამის სინდრომი).

გესტაციური შაქრიანი დიაბეტი არის ორსულობის დროს აღმოცენებული გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, ანუ სისხლში გლუკოზის ნორმაზე მაღალი მაჩვენებლები პაციენტის მიერ გლუკოზის სპეციალური ხსნარის მიღების შემდეგ. ეს დარღვევები აღინიშნება მხოლოდ ორსულობისას და მშობიარობის შემდგომ ქრება. სპეციალისტთა მონაცემების თანახმად, იმ ქალთა 70%-ს, რომელთაც გესტაციური დიაბეტი ჰქონდათ, შემდგომში შაქრიანი დიაბეტი უვითარდება.

პრედიაბეტი

პრედიაბეტი განსაკუთრებული მდგომარეობაა. ამ დროს სისხლში გლუკოზის დონე ნორმაზე მაღალია, თუმცა, არა იმდენად, როგორც დიაბეტის დროს. ლიტერატურის მონაცემების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის ერთ მესამედს ეს მდგომარეობა აქვს, თუმცა აღნიშნულის შესახებ არაფერი იციან.

პრედიაბეტისას დიდია ტიპი 2 დიაბეტის და გულის დაავადების აღმოცენების რისკი. რისკის შემცირება შესაძლებელია ვარჯიშით, წონის რეგულირებით.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები

როგორც წესი, სიმპტომები უმნიშვნელოა, თუმცა, შესაძლოა გამოვლინდეს:

  • გაძლიერებული წყურვილი;
  • გაძლიერებული შიმშილი, ჩვეულებრივ ჭამის მერე;
  • პირის სიმშრალე;
  • კუჭში შემაწუხებელი შეგრძნება, ტკივილი, ღებინება;
  • გახშირებული შარდვა;
  • წონის აუხსნელი კლება მიუხედავად კარგად კვებისა;
  • სისუსტე;
  • მხედველობის დაბინდვა;
  • კანის, საშარდე გზების, საშოს ხშირი ინფექცია;
  • ჭირვეულობა, ხასიათის ცვლილება;
  • ბავშვებს შორის ღამით ჩასველება, რაც ადრე არ აღინიშნებოდა.

დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს საგანგაშო სიმპტომებით:

  • გონების დაბინდვა, კონფუზია;
  • სწრაფი, ხმაურიანი სუნთქვა;
  • ამოსუნთქული ჰაერის დამახასიათებელი სუნი;
  • გონების დაკარგვა (იშვიათად).

ტიპი 1 დიაბეტის რისკ-ფაქტორები

არსებული მონაცემების თანახმად, ტიპი 1 დიაბეტი დაავადებულთა მხოლოდ 5%-ს აქვს. ის თანაბარი სიხშირით აქვთ ქალებსა და მამაკაცებს. დაავადების რისკი მაღალია, როცა ასაკი 20 წელზე ნაკლებია, პაციენტი თეთრკანიანია, მის მშობელს ან და-ძმას აქვს ტიპი 1 დიაბეტი.

სამწუხაროდ, ტიპი 1 დიაბეტის პრევენცია (პროფილაქტიკა) შეუძლებელია. ექიმებს ბოლომდე არა აქვთ დაზუსტებული მისი ყველა მიზეზი, მაგრამ ცნობილია, რომ გარკვეული გენები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია აუტოიმუნური პროცესი, რაც პანკრეასის წინააღმდეგ ანტისხეულების წარმოქმნას იწვევს და ისეთი აუტოიმუნური დაავადებები, როგორებიცაა გრეივსის დაავადება ან ვიტილიგო.

ტიპი 1 დიაბეტის მკურნალობა

პაციენტებს ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით შეუძლიათ ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვრონ და ხანგრძლივად იცოცხლონ. ამისათვის აუცილებელია სისხლში გლუკოზის შემცველობის მკაცრი კონტროლი და ამ მაჩვენებლის შენარჩუნება ექიმის მიერ რეკომენდებულ ფარგლებში, რის მისაღწევადაც აუცილებელია ინსულინის დოზის, მიღებული საკვებისა და ფიზიკური აქტივობის სათანადო კორექცია (ცვლილება).

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტისას ყველა პაციენტისათვის აუცილებელია ინსულინის მიწოდება სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის მისაღწევად. ინსულინის შესახებ საუბრისას ენდოკრინოლოგები სამ ძირითად ტერმინს ახსენებენ:

  • ინსულინის მოქმედების დასაწყისი – ეს არის დრო, რომელიც საჭიროა სისხლში შეღწევისა და გლუკოზის დაქვეითების დაწყებისათვის.
  • პიკური დრო – დრო, რომლის განმავლობაშიც ინსულინი მაქსიმალურად აქვეითებს სისხლში გლუკოზის შემცველობას.
  • მოქმედების ხანგრძლივობა – დრო, რომლის განმავლობაშიც მოქმედებს პრეპარატი.

ამ მახასიათებლების მიხედვით განასხვავებენ სხვადასხვა ტიპის ინსულინებს:

  • სწრაფად მოქმედი – მოქმედება იწყება ინიექციიდან 15 წუთის შემდეგ, პიკი მიიღწევა 1 საათში და მოქმედება გრძელდება 2-4 საათის განმავლობაში.
  • რეგულარი ანუ ხანმოკლე მოქმედების – მოქმედება იწყება ინიექციიდან 30 წუთის შემდეგ, პიკი მიიღწევა 2-3 საათში და მოქმედება გრძელდება 3-6 საათის განმავლობაში.
  • საშუალო ხანგრძლივობის – სისხლში აღწევს ინიექციიდან 2-4 საათში, პიკი მიიღწევა 4-12 საათში და მოქმედება გრძელდება 12-18 საათის განმავლობაში.
  • ხანგრძლივი მოქმედების – მოქმედება გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

ტიპი 2 დიაბეტის სიმპტომები

ტიპი 2 დიაბეტის სიმპტომები შესაძლოა იმდენად მცირედ იყოს გამოხატული, რომ კარგა ხანს შეუმჩნეველი დარჩეს და დაავადება შემთხვევით ან სკრინინგისას ჩატარებული გლუკოზის კონტროლის დროს გამოვლინდეს. პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს:

  • გაძლიერებული წყურვილი;
  • გახშირებული და მომატებული ოდენობით შარდვა;
  • მხედველობის გაუარესება;
  • მტევნების და ტერფების დაბუჟება;
  • სისუსტე;
  • ჭრილობების შეხორცების შეფერხება;
  • გაძლიერებული შიმშილი;
  • რეციდივული სოკოვანი ინფექცია;
  • უმიზეზო წონის კლება;
  • ხშირი ინფექციები;
  • შავი აკანტოზი – კისრის, იღლიის, ზურგის არეში მოყავისფრო-მოშავო ლაქები, რაც ინსულინრეზისტენტობის ნიშანია.

ტიპი 2 დიაბეტის სტადიები

მეცნიერები ამ ეტაპზე ტიპი 2 დიაბეტის 4 სტადიას გამოყოფენ:

  • ინსულინრეზისტენტობა – ამ ეტაპზე ორგანიზმში გლუკოზის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად საკმარისი ოდენობით ინსულინი წარმოიქმნება, მაგრამ ორგანიზმის უჯრედები მის მიმართ რეზისტენტულია. პასუხად ორგანიზმი კიდევ უფრო მეტ ინსულინს გამოიმუშავებს, რომ უზრუნველყოს გლუკოზის უჯრედებში ტრანსპორტირება (შესვლა). ინსულინრეზისტენტობა შეიძლება დროებითი იყოს, მაგრამ შესაძლოა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდეს;
  • პრედიაბეტი – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ დროს სისხლში გლუკოზის შემცველობა მომატებულია, მაგრამ არა იმდენად, რომ დიაბეტის დიაგნოზი დადგინდეს. გლიკოზირებული ჰემოგლობინის მაჩვენებლი მერყეობს 5,7% – 6,4% შორის. პრედიაბეტისას შეიძლება პაციენტს სიმპტომი არ ჰქონდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გულის დაავადების, ინსულტისა და ტიპი 2 დიაბეტის რისკი მომატებულია;
  • დიაბეტი – პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ზემოთ აღწერილი სიმპტომები ან იყოს ასიმპტომური, მაგრამ გლუკოზის მაჩვენებელი მომატებულია;
  • ტიპი 2 დიაბეტი სისხლძარღვოვანი (ვასკულური) გართულებებით – შესაძლოა პაციენტს ქონდეს რეტინოპათია (თვალის სისხლძარღვთა დაზიანება), ნეფროპათია (თირკმლის სისხლძარღვთა დაზიანება), ნეიროპათია, აღმოცენდეს გულის დაავადებები, ინსულტი.

ტიპი 2 დიაბეტის მიზეზები

ჩვეულებრივ დიაბეტი ტიპი 2 რამდენიმე მიზეზის ერთდროული არსებობისას აღმოცენდება. ეს მიზეზები შეიძლება იყოს:

  • გენები – მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დნმ-ის სხვადასხვა მონაკვეთის სტრუქტურა შესაძლოა ზეგავლენას ახდენდეს ინსულინის პროდუქციაზე;
  • წონა – ჭარბი წონა და სიმსუქნე ინსულინრეზისტენტობის მიზეზია;
  • მეტაბოლური სინდრომი – ინსულინრეზისტენტობასთან ერთად ადამიანებს ხშირად აქვთ მაღალი წნევა, მაღალი გლუკოზა, მაღალი ქოლესტეროლი და ტრიგლიცერიდები;
  • დიდი რაოდენობით გლუკოზის გამოყოფა ღვიძლიდან – ჩვეულებრივ, როცა სისხლში გლუკოზა ქვეითდება, გლუკოზა თავისუფლდება ღვიძლიდან და ავსებს „დანაკლისს“. როცა ჭამის მერე სისხლში გლუკოზა მატულობს, ეს პროცესი წყდება და გლუკოზა ღვიძლში „შეინახება“. არიან ადამიანები, ვისაც ასეთი რეგულაცია დარღვეული აქვთ – ღვიძლი გლუკოზას გამოყოფს მიუხედავად სისხლში მისი დონისა;
  • უჯრედებს შორის კომუნიკაციის (კავშირის) დარღვევა – ზოგჯერ უჯრედები არასწორ სიგნალს გზავნიან ან მას არასწორად „იგებენ“. ეს არღვევს ინსულინისა და გლუკოზის სათანადო წარმოქმნას და საბოლოოდ, დიაბეტს იწვევს;
  • პანკრეასის ბეტა უჯრედების დაზიანება – როცა ინსულინი საჭიროების მიხედვით არ წარმოიქმნება, გლუკოზის შემცველობაც ირღვევა. მაღალი გლუკოზა, თავის მხრივ, აზიანებს პანკრეასს.

ტიპი 2 დიაბეტის რისკ ფაქტორები

გარკვეული ფაქტორები ზრდიან ტიპი 2 დიაბეტის რისკს. მათ შორის აღსანიშნავია:

  • ასაკი – 45 წელი და ზემოთ;
  • ოჯახური ისტორია – დიაბეტი აქვს მშობელს, დას ან ძმას;
  • ეთნიკური კუთვნილება – აფროამერიკელები, მკვიდრი ალიასკელები, მკვიდრი ამერიკელები, აზიური წარმომავლობის ამერიკელები, ესპანო- და ლათინოამერიკელები;
  • სამედიცინო ისტორიასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები – ინსულინრეზისტენტობა, პრედიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, მაღალი წნევა (კონტროლირებულიც კი), „კარგი“ ანუ მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლის დაბალი მაჩვენებელი, მაღალი ტრიგლიცერიდები, ჭარბი წონა ან სიმსუქნე, დიდი წონის ნაყოფით მშობიარობა, გესტაციური დიაბეტი, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, დეპრესია;
  • გარკვეული ცხოვრების წესი – დაბალი ფიზიკური აქტივობა, მწეველობა, სტრესი, ცოტა ან ძალიან ბევრი ძილი.

ტიპი 2 დიაბეტის მკურნალობის პრინციპები

ტიპი 2 დიაბეტის მართვა კომბინირებულია და ცხოვრების წესის შეცვლისა და მედიკამენტების გამოყენებას გულისხმობს.

ცხოვრების წესის შეცვლა

რიგ შემთხვევებში გლუკოზის სამიზნე ციფრების მიღწევა მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშითაა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია:

  • წონის ნორმალიზება;
  • ჯანსაღი კვება;
  • ვარჯიში – ყოველდღე 30-60 წუთი ფიზიკური აქტივობა. ეს შეიძლება იყოს სიარული, ველოსიპედით სეირნობა, ცურვა;
  • სისხლში გლუკოზის კონტროლი.

მედიკამენტური მკურნალობა

როცა აღწერილი არამედიკამენტური მეთოდებით გლუკოზის სასურველი მაჩვენებლის მიღწევა შეუძლებელია, საჭირო ხდება მედიკამენტური მკურნალობა. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისას უხშირესად გამოყენებული მედიკამენტებია:

  • მეტფორმინი – ეს არის დიაბეტი ტიპი 2-ის სამკურნალოდ გამოყენებული უპირველესი მედიკამენტი. ის აქვეითებს ღვიძლში გლუკოზის წარმოქმნას და აუმჯობესებს უჯრედების პასუხს ინსულინზე;
  • სულფონილშარდოვანას პრეპარატები – გლიმეპირიდი (ამარილი), გლიპიზიდი, გლიბურიდი – ეს პრეპარატები ეხმარებიან ორგანიზმს მეტი ინსულინის წარმოქმნაში;
  • მეგლიტინიდები – ნატეგლიდინი, რეპაგლიდინი – ეხმარებიან ორგანიზმს მეტი ინსულინის წარმოქმნაში და უფრო სწრაფად მოქმედებენ, ვიდრე სულფონილშარდოვანას პრეპარატები;
  • თიაზოლიდინედიონები – პიოგლიტაზონი, როსიგლიტაზონი – მეტფორმინის მსგავსად ისინიც ზრდიან მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. ამავე დროს ზრდიან გულის მხრივ დარღვევების რისკს, ამიტომ პირველი არჩევის პრეპარატები არ არიან;
  • DPP-4 (დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4) ინჰიბიტორები – ე. წ. გლიპტინები – ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი – აქვეითებენ სისხლში გლუკოზის შემცველობას. მოქმედება ემყარება ინჰიბირებას. აღნიშნული ფერმენტი ჰორმონ ინკრეტინზე ზემოქმედებს;
  • GLP-1 (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1) რეცეპტორის აგონისტები – ეგზენატიდი, ლირაგლუტიდი (ვიქტოზა), სემაგლუტიდი (ოზემპიკი) – ანელებენ საკვების მონელებას და აქვეითებენ სისხლში გლუკოზის დონეს;
  • SGLT2 (ნატრიუმ-გლუკოზა კო-ტრანნსპორტერ 2) ინჰიბიტორები – ბექსაგლიფლოზინი, კანაგლიფლოზინი, დაპაგლიფლოზინი (ფორქსიგა), ემპაგლიფლოზინი – ეხმარებიან თირკმელს ჭარბი გლუკოზის ფილტრაციაში. ამ ჯგუფის ზოგ პრეპარატს იყენებენ გულის უკმარისობის სამკურნალოდაც;
  • GIP (კუჭის ინჰიბიტორული პოლიპეპტიდი) და GLP-1 (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1) რეცეპტორის აგონისტები – ტირზეპატიდი ამ კლასის პირველი წარმომადგენელია, ააქტივებს ორივე რეცეპტორს, რაც აუმჯობესებს სისხლში გლუკოზის ცონტროლს;
  • ინსულინი – შესაძლოა საჭირო გახდეს გლუკოზის სამიზნე ციფრების მისაღწევად.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სამწუხაროდ, იმ შემთხვევაშიც კი, როცა პაციენტი ექიმის რეკომენდაციებს ზუსტად იცავს, ცვლის ცხოვრების წესს დაავადების მოთხოვნილების შესაბამისად და დანიშნულ მედიკამენტებსაც რეგულარულად იღებს, დროთა განმავლობაში მაინც არ არის გამორიცხული სისხლში გლუკოზის მაჩვენებლების გაუარესება. ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტი რაღაცას არღვევს. დიაბეტი პროგრესირებადი დაავადებაა და გარკვეულ ეტაპზე აუცილებელია ხდება მკურნალობის გეგმის ცვლილება – მედიკამენტების შეცვლა და/ან რამდენიმე მედიკამენტის ერთდროული გამოყენება. როგორც ვხედავთ, სადღეისოდ დიაბეტი ტიპი 2-ის საწინააღმდეგო პრეპარატების არსენალი საკმაოდ ფართოა, ზოგიერთი ჯგუფი სულ ახლახან არის რეგისტრირებული ფართო გამოყენებისათვის. კვლევები, ამ მხრივ, ბუნებრივია, გრძელდება, შესაბამისად, სიახლეებს კვლავაც უნდა ველოდოთ.

დიაბეტის კონტროლისთვის რამდენიმე მედიკამენტის ერთდროული გამოყენებისას, დაავადების კომბინირებულ თერაპიასთან გვაქვს საქმე. ამ დროს ექიმი და პაციენტი თანამშრომლობენ, რათა დაადგინონ საუკეთესო კომბინაცია კონკრეტული პაციენტისათვის. გადაწყვეტილების მიღებისას ექიმი ითვალისწინებს შესაძლო გვერდით ეფექტებს, მედიკამენტების ფასს. მედიკამენტური მკურნალობის სქემის შერჩევისა და მისი ცვლილების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო ხშირი ვიზიტი ენდოკრინოლოგთან. არის შემთხვევებიც, როცა მეორე მედიკამენტის დამატებით სასურველი შედეგი ვერ მიიღება, ან მიიღწევა მხოლოდ ხანმოკლე ეფექტი. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ექიმმა გადაწყვიტოს მესამე პრეპარატის დამატება ან ინსულინოთერაპია.

დიაბეტი ტიპი 2-ის ქირურგიული მკურნალობა

ბარიატრიული ქირურგია (ოპერაციული ჩარევა წონის ნორმამდე დასაქვეითებლად) წონის დაქვეითების შედეგად შესაძლოა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის ეფექტური მეთოდი იყოს. ოპერაციის შემდეგ შეზღუდულია საკვების მიღება. ოპერაციული ჩარევის სრული ეფექტურობისათვის აუცილებელია პაციენტმა შეცვალოს ცხოვრების წესი და ჯანსაღ ცხოვრების წესს ხანგრძლივად მისდიოს. დღეს მოწოდებულია ქირურგიული ჩარევის სხვადასხვა მეთოდი. კონკრეტული პაციენტისათვის მიზანშეწონილი ჩარევა შეირჩევა ექიმის მიერ.

დიაბეტი ტიპი 2 მართვა

დაავადების სწორად მართვით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ გართულებები და თავი ჯანმრთელად ვიგრძნოთ. სწორ კვებასთან, რეგულარულ ვარჯიშთან და მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად რეკომენდებულია:

  • სისხლის არტერიული წნევისა და ლიპიდური ცვლის მაჩვენებლების (ქოლესტეროლის) რეკომენდებულ ფარგლებში შენარჩუნება. ორივე მაჩვენებლის მაღალი დონე ზრდის დიაბეტის გართულებების რისკს;
  • რეგულარული ვიზიტი ოფთალმოლოგთან, სტომატოლოგთან, ენდოკრინოლოგთან, ზოგადად, ექიმთან;
  • ყოველდღიურად ტერფის დათვალიერება სიწითლის, ჭრილობის, შეშუპების აღმოსაჩენად და მათი შემჩნევისას დროული ვიზიტი ექიმთან;
  • სულ მცირე, 7-საათიანი ძილი ღამით. ძილის დარღვევა აუარესებს გლუკოზის კონტროლს;
  • ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა, მისი მიღების შემთხვევაში სისხლში გლუკოზის კონტროლი;
  • ნებისმიერი თანმხლები, თუნდაც მსუბუქი დაავადების შემთხვევაში, გლუკოზის კონტროლი.

ტიპი 2 დიაბეტის პროგნოზი

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ტიპი 2 დიაბეტისაგან განკურნება შეუძლებელია. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში წონის კონტროლით, დიეტითა და ფიზიკური აქტივობით შესაძლებელია სისხლში გლუკოზის დონის ისეთი კონტროლი, რომ საჭირო აღარ იყოს მედიკამენტური მკურნალობა, თუმცა, ეს ყველა პაციენტს არ ეხება. მართალია, დიაბეტი შეიძლება გახდეს გულის, მხედველობის, თირკმლის, ნერვების დაზიანების მიზეზი, მაგრამ დაავადების სათანადო მართვით შესაძლებელია ამ გართულებების თავიდან აცილება და ხანგრძლივი, ჯანსაღი ცხოვრების შენარჩუნება.

ტიპი 2 დიაბეტის პრევენცია

გარკვეული ღონისძიებებით შესაძლებელია ტიპი 2 დიაბეტის რისკის შემცირება. ამისათვის აუცილებელია:

  • წონის ნორმამდე დაქვეითება – წონის 7%-დან 10%-მდე დაქვეითება ტიპი 2 დიაბეტის რისკს ანახევრებს;
  • ფიზიკური აქტიურობა – ყოველდღიური 30-წუთიანი სწრაფი სიარული 3-ჯერ აქვეითებს დიაბეტის რისკს;
  • სწორი კვება – უნდა შეიზღუდოს რაფინირებული ნახშირწყლები, ტკბილი სასმელები, ტრანს- და ნაჯერი (მყარი) ცხიმები, წითელი და დამუშავებული ხორცი;
  • თამბაქოს მოწევის შეწყვეტა.