როგორ ვიკვებოთ შაქრიანი დიაბეტის დროს
ამ საკითხებზე გვესაუბრება ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრ „ენმედიცის“ ექიმი-ენდოკრინოლოგი, ნათია ქათამაძე.
-ქალბატონო ნათია, როგორ მოქმედებს ჩვენ მიერ მიღებული პროდუქტები სისხლში შაქრის დონეზე?
– ჩვენ მიერ მიღებული საკვების შემადგენლობაა: ნახშირწყლები, ცილები და ცხიმები.
- ნახშირწყლები – მათი ენერგეტიკული ღირებულება არის 4 კკალ/გ, ორგანიზმის მიერ გამოიყენება როგორც ენერგიის ძირითადი წყარო, მკვეთრად ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს. ნახშირწყლების წილი საკვებ რაციონში უნდა იყოს, სულ მცირე, 55-60%.
- ცხიმებს – აქვთ ყველაზე მაღალი ენერგეტიკული ღირებულება – 9 კკალ/გ, ენერგიის დამატებითი წყაროა ორგანიზმისთვის, გამოიყენება ნახშირწყლების შემდეგ, ძირითადად ინახება ე.წ. ცხიმოვან დეპოში, ისინი უშუალო გავლენას არ ახდენენ სისხლში გლუკოზის დონეზე, მაგრამ ჭარბი ცხიმის მიღება ზრდის ინსულინრეზისტენტობას და ხელს უწყობს არტერიული ჰიპერტენზიის, დისლიპიდემიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. დიეტაში ცხიმის წილი არ უნდა იყოს 30%-ზე მეტი.
- ცილები – რომელთა ენერგეტიკული ღირებულება არის 4 კკალ/გ, გამოიყენება ორგანიზმში „სამშენებლო მასალად“ და პრაქტიკულად არ მოქმედებს სისხლში გლუკოზის დონეზე. ცილების პროპორცია დიეტაში უნდა იყოს 10-15%. საკვების შემადგენელი ნაწილია ასევე წყალი, ვიტამინები და მიკროელემენტები – ენერგეტიკული ღირებულება არის 0 კკალ/გ, ისინი არ მოქმედებენ სისხლში გლუკოზის დონეზე.
– რატომ არის აუცილებელი/საჭირო დიაბეტის დროს ჯანსაღი კვების გეგმის შედგენა?
– თანამედროვე მიდგომა გულისხმობს შაქრიანი დიაბეტის დროს სრულფასოვან, ბალანსირებულ კვებას, ანუ საკვებ პროდუქტში უნდა იყოს როგორც ნახშირწყალი, ასევე ცილა და ცხიმი. შაქრიანი დიაბეტის დროს იზღუდება მარტივი ნახშირწყლების, ანუ შაქრის შემცველი პროდუქტების მიღება, თუმცა, როდესაც შაქრიანი დიაბეტი კომპენსირებულია, ანუ შაქრის ციფრები არის ნორმის ფარგლებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მარტივი ნახშირწყლების გარკვეული დოზით მიღებაც კი დაშვებულია.
– რომელი პროდუქტების მიღებაა დასაშვები როგორც ტიპი 1, ასევე ტიპი 2 დიაბეტის დროს?
– შაქრიანი დიაბეტის დროს გვაქვს კვების სამი ძირითადი პრინციპი, რომელიც ყველა პაციენტზეა გათვლილი: მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვების მიღება, საკვების პორციის მოცულობის კონტროლი და ძირითადი კვების საათობრივი რეჟიმის დაცვა.
– რომელი პროდუქტები უნდა შევზღუდოთ და რატომ?
– უნდა შევზღუდოთ მარტივი ნახშირწყლების მიღება, რადგან ისინი ენერგიის ე. წ. მარტივი წყაროა, სწრაფად ზრდიან სისხლში შაქრის შემცველობას, რაც დროთა განმავლობაში სისხლძარღვების და ნერვული დაბოლოებების დაზიანების მიზეზი ხდება. იზღუდება დიდი რაოდენობით ფრუქტოზის შემცველი პროდუქტების ან სხვა ხელოვნური დამატკბობლების მიღებაც (მაგ. ტკბილი გაზიანი სასმელები 0 კალორიით), რომლებიც არაპირდაპირი გზით იწვევენ სისხლში შაქრის დონის მატებას.
– რა მნიშვნელობა აქვს საკვების მიღების ჯერადობას და დღეში რამდენჯერ უნდა ვიკვებოთ?
– შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ აუცილებელია დიეტა და სწორი კვების რეჟიმი, რაც გულისხმობს დღის მანძილზე საკვების მცირე ულუფებით და, სულ მცირე, 3-4-ჯერ მიღებას. მთელი დღის მანძილზე უკონტროლოდ კვება მუდმივად აიძულებს პანკრეასის ბეტა უჯრედებს ინსულინის გამომუშავებას, რაც დროთა განმავლობაში უჯრედების გამოფიტვის მიზეზი შეიძლება გახდეს.
– როგორ უნდა გადანაწილდეს დღიური მენიუ სხვადასხვა კვებაზე?
– შაქრიანი დიაბეტის დროს კვება არის საკმაოდ მრავალფეროვანი, დღიური მენიუ უნდა შედგეს ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, კერძის არჩევანი უკვე პაციენტის პირად სურვილზეა დამოკიდებული, მთავარია, არ გამოვიყენოთ ის პროდუქტები, რომელთა შეზღუდვაც აუცილებელია.
– როგორია დაახლოებითი მენიუ დიაბეტის დროს და ამგვარი კვების შედეგები?
– არსებობს ზოგადი წესები კვების მხრივ, რომელიც დაგვეხმარება გლიკემიის მოწესრიგებაში, რაც თავიდან აგვარიდებს შაქრიანი დიაბეტის გართულებებს. მაგ. „დიდი თეთრი თეფშის“ პრინციპი, ვიღებთ 23 სმ. დიამეტრის თეფშს და ვყოფთ 4 თანაბარ ნაწილად. ნახევარი უნდა იყოს ბოსტნეული (კარტოფილის, ბარდისა და სიმინდის გარდა), მეოთხედი უნდა იყოს ცილები, ხოლო დარჩენილი მეოთხედი უნდა იყოს მარცვლეული ან სხვა სახამებლის შემცველი საკვები.
აუცილებელია, ტკბილი პროდუქტების მინიმუმამდე შემცირება. უმჯობესია გამოვიყენოთ ახალი ხილი და ბოსტნეული. მომზადების წესიდან უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ორთქლზე მომზადებულ საკვებს.
– როგორ დავთვალოთ ნახშირწყლები?
– საკვებში გვხდება სამი ძირითადი ტიპის ნახშირწყალი: მარტივი ნახშირწყლები, იგივე შაქარი და შაქრის შემცველი პროდუქტი, რთული ნახშირწყლები, მაგ. მცენარეული ბოჭკო და ე. წ. გარდამავალი ნახშირწყლები. მაგ. სახამებელი.
ნახშირწყლების დათვლა აუცილებელია შაქრიანი დიაბეტის, განსაკუთრებით ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს, როდესაც ორგანიზმში არ არის ინსულინის მარაგი და ადამიანი სრულად დამოკიდებულია გარედან ანუ ეგზოგენურად შეყვანილ ინსულინზე. ინსულინის დოზის გამოთვლა ხდება სწორედ მიღებული ნახშირწყლების მიხედვით.
არსებობს ზოგადი პრინციპები, როგორ ვითვლით ნახშირწყლებს, თუმცა, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში დგება ინდივიდუალური სქემა, კვების თავისებურებების გათვალისწინებით.
– რამდენადაა შესაძლებელი ტიპი 2 დიაბეტის დროს სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზება მხოლოდ კვებით, მედიკამენტური თერაპიის გარეშე?
– სრულად შესაძლებელია, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება დიეტა, ანტიდიაბეტური ტაბლეტოთერაპია ან ინსულინოთერაპია. თუკი პაციენტი, განსაკუთრებით ახლადგამოვლენილი ტიპი 2 დიაბეტის დროს, დაიცავს დიეტას, ექნება შესაბამისი ფიზიკური აქტივობა, დიაბეტის მართვა მედიკამენტების გარეშეც იქნება შესაძლებელი. რასაკვირველია დროთა განმავლობაში, როგორც წესი, დიეტას ემატება სხვადასხვა მედიკამენტი, თუმცა, პირველი ეტაპი შეიძლება მხოლოდ დიეტოთერაპიით იმართოს.
– განსხვავდება თუ არა კვების რეჟიმი ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს?
– ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს დიეტა, კალორაჟის მხრივ, როგორც წესი, არ განსხვავდება. ამ დროს დიეტის ძირითადი პრინციპია, მიღებული ნახშირწყლებისათვის ინსულინის დოზის სწორად შერჩევა.
ტიპი 2 შაქრიან დიაბეტს ხშირად თან ახლავს ჭარბი წონა ან სიმსუქნე, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერქოლესტერინემია და მეტაბოლური სინდრომი. ამიტომ დიეტა მიზნად ისახავს, პირველ რიგში, სხეულის წონის შემცირებას. ეს გამოიხატება შემცირებული კალორაჟით, რაციონში ცხიმისა და ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების რაოდენობის შემცირებით.