რატომ ვსუქდებით ზამთარში

- ქალბატონო ეკა, როგორია ზამთრობით კვების რეჟიმი და რაციონი?
- დღის ხანგრძლივობის კლებას, მზის ნათების ინტენსივობის დაქვეითებას ორგანიზმის ბიოლოგიური საათი ახალ სისტემაში გადაჰყავს. ზამთარი ერთგვარი სტრესია ორგანიზმისთვის. უცხო არავისთვის არის, რომ აცივებასთან ერთად იმატებს მადა, კვების რეჟიმთან ერთად იცვლება ცხოვრების წესი, იკლებს ფიზიკური აქტივობა. იცვლება საკვების ხასიათიც. ორგანიზმი სიცივეს თავისებურად ებრძვის - იღებს ცხიმიან და კალორიულ საკვებს, დიდი რაოდენობით ჩაის, რძიან ყავას, კაპუჩინოს, ცხელ შოკოლადს.
ნახშირწყლებთან ერთად კოფეინის ჭარბი მიღება ორგანიზმს ცხიმის დაგროვებას აიძულებს. გარდა ამისა, ზამთარში ნაკლებად ვიღებთ ვიტამინებით მდიდარ საკვებს, ვიტამინები კი, მოგეხსენებათ, ნივთიერებათა ცვლისათვის აუცილებელია. ზამთარში მეტაბოლიზმი ნელდება მინიმუმ სამი ფაქტორის გამო:
1. ნაკლებად აქტიურია ფარისებრი ჯირკვალი, რომლის ჰორმონებიც დიდ გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლაზე, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია კი წონის მატებას იწვევს.
2. ფიზიკური აქტიურობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
3. სუსტდება მზის სინათლე - ენერგიის შესანიშნავი წყარო და ნივთიერებათა ცვლის ბუნებრივი კატალიზატორი. მეტაბოლიზმის შენელებას, კალორიული საკვების მიღებას და სხვა მიზეზებს სამწუხარო შედეგამდე - ზედმეტი კილოგრამების დაგროვებამდე მივყავართ.
- რატომ ძლიერდება ზამთარში ნოყიერი საკვებისადმი ლტოლვა?
- საუკუნეების მანძილზე ადამიანის ორგანიზმმა ისწავლა, ზამთრის სიცივეში გამოიმუშაოს მეტი და მეტი ენერგია, რათა გათბეს, უფრო სწორად, შეინარჩუნოს ტემპერატურა, რომელიც სჭირდება. ენერგიის წყარო კალორიებია - საწვავი, რომლის წყალობითაც ორგანიზმში ყველა სასიცოცხლო პროცესი ხორციელდება. კალორიების წყარო კი საკვები გახლავთ. განსაკუთრებით მაღალი ენერგეტიკული ღირებულებით გამოირჩევა ცხიმი. თუ 1 გრამი ნახშირწყალი ან ცილა 4 კილოკალორიას გვაძლევს, 1 გრამი ცხიმი 9 კილოკალორიით გვამარაგებს. ზამთარში ენერგიაზე მოთხოვნის მატებას ორგანიზმი სწორედ ცხიმიანი საკვების მიღებით პასუხობს.
- როგორ მოვიქცეთ, რომ ახალი წლის დღეებში არც ქართული სუფრის ტრადიცია დავარღვიოთ და არც კუჭ-ნაწლავი გადავტვირთოთ?
- ქართულ ტრადიციულ სუფრას გვერდს ვერ ავუვლით, ამიტომ ქართული კერძები უნდა შევუსაბამოთ ჯანსაღი კვებისთვის გათვალისწინებულ რეკომენდაციებს. ამისთვის ზოგიერთი უსარგებლო, მავნე ინგრედიენტი უფრო სასარგებლოთი უნდა შევცვალოთ, შევამციროთ კერძებში ცხიმის, მარილის, შაქრის ოდენობა და გავზარდოთ ბოჭკოვანი ინგრედიენტების წილი. დავიწყოთ ერთი ინგრედიენტით, მაგალითად, ცხიმით. ცხოველური ცხიმის ნაცვლად მცენარეული გამოვიყენოთ, მოვშუშოთ ბოსტნეული ბულიონში, ღვინოში ან სოიის სოუსში. ცხიმის ოდენობა ისე შევამციროთ, რომ საგრძნობლად არ შეიცვალოს საკვების გემო, კონსისტენცია და გარეგნული სახე. ქათმისა და ინდაურის ხორცი კანგაცლილი მივირთვათ, სხვა სახეობის ხორცი კი მჭლე. რძის ნაწარმიდან არჩევანი შევაჩეროთ იმ პროდუქტებზე, რომლებსაც ცხიმის დაბალი შემცველობა აქვს. ცხობისას ნაკლები შაქარი გამოვიყენოთ ან მის ნაცვლად ნამცხვარი შაქრის შემცვლელით დავატკბოთ. სიტკბოს დანაკლისი შევავსოთ ისეთი დაბალკალორიული ინგრედიენტებით, რომლებიც სიტკბოს უფრო მეტად გამოკვეთს, მაგალითად, ვანილით, მიხაკ-დარიჩინით, ჩირით. შაქართან ერთად შევამციროთ მარილის მოხმარებაც. მარილის უკმარისობაც შეგვიძლია სხვა სანელებლებით - ნივრით, ხახვით, შავი პილპილით, სუნელებით ავანაზღაუროთ.
- სასმელთან დაკავშირებით რას გვირჩევთ?
- სითხე ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. მოგეხსენებათ, ჩვენი ორგანიზმის 60% წყლისგან შედგება. ორგანიზმში ბალანსი რომ არ დაირღვეს, ჩვენ განუწყვეტლივ ვიღებთ ამა თუ იმ სითხეს. არჩევანი დიდია - ზოგი ჩაის ან ყავას ამჯობინებს, ზოგი - მინერალურ ან სხვა გაზიან სასმელს, ზოგიც წვენს, ლუდს თუ სხვა ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევს. ყოველი მათგანის საფუძველი წყალია, მაგრამ საგულისხმოა, რომ ყველა სასმელი შეიცავს სხვა ნივთიერებებსაც, რომელთაგან ზოგი დადებით, ზოგიც უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე. ეს გავლენა მიღებული სასმლის ოდენობასა და ინტენსივობაზეც არის დამოკიდებული. მცირე რაოდენობის გაზიანი სასმელი, რა თქმა უნდა, არ გვავნებს, თუმცა სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მცირე რაოდენობითაც კი არ არის მიზანშეწონილი. მასში შემავალი ნახშირმჟავა აირი ორგანიზმის მტერია. იგი ზრდის კუჭის მჟავიანობას, ახდენს მეტეორიზმის პროვოცირებას. იმავე პრობლემას შეიძლება შევეჯახოთ გაზიანი მინერალური წყლის მიღების დროსაც, ამიტომ მათი სამკურნალო ეფექტი რომ არ დავკარგოთ, გაზის გასვლა უნდა ვაცადოთ და ისე მივიღოთ. კოფეინმა, რომელსაც უხვად შეიცავს ჩაი და ყავა, ბოლო ხანს რეაბილიტაცია განიცადა. სხვადასხვა მეცნიერის აზრით, მას მრავალი სასარგებლო თვისება აქვს. ყავის შემადგენლობაში შემავალი კოლაგენი კანს სიმკვრივეს ანიჭებს, იცავს ნაოჭებისგან. სხვადასხვა სახის ჩაის სხვადასხვა სასარგებლო თვისება აქვს. გამოვყოფდი მწვანე ჩაის, რომელიც ანტიკანცეროგენული, ანტიოქსიდანტური მოქმედებით გამოირჩევა. ალკოჰოლური სასმელებიდან გირჩევთ უპირატესობა მიანიჭოთ ქართულ ღვინოს, ოღონდ ზომიერად.