დასვენება და ენდოკრინული დაავადებები

შეგიძლია, საკუთარ ნაკვეთში იმუშაო, შეგიძლია, იმოგზაურო, ესტუმრო საქართველოსა თუ საზღვარგარეთის კურორტებს. თუმცა არის ერთი ნიუანსი: დასვენება რომ არ ჩაგმწარდეთ, ქრონიკული დაავადებების მიმართ ყურადღება არ უნდა მოადუნოთ. მით უმეტეს, უსაფრთხოების წესები არც ისე რთულია. ამჯერად ჩვენი საუბრის თემა ენდოკრინული დაავადებები გახლავთ. მათზე სასაუბროდ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექიმ-ენდოკრინოლოგს მარიამ ნაცვლიშვილს ვეწვიეთ.
- ქალბატონო მარიამ, რას ურჩევთ მათ, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები აქვს, სად დაისვენონ, ზღვაზე თუ მთაში?- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს კარგია როგორც ზღვის, ასევე მთის კურორტები. ცურვა და ზღვის კლიმატი დადებით გავლენას ახდენს ამ პათოლოგიებით დაავადებულებზე. თუმცა გარუჯვა რეკომენდებული არ არის.
- მზის აბაზანების მიღება საერთოდ არ შეიძლება?
- მზის აბაზანების მიღება შეიძლება ჩრდილში, 18-22 გრადუსზე. აბაზანების ხანგრძლივობა უნდა გაიზარდოს თანდათანობით, თავდაპირველად - 10-15 წუთი, შემდეგ კი ერთი საათიდან საათ-ნახევრამდე.
- რითია სასარგებლო ზღვის ჰავა და დღის რომელ მონაკვეთში ჯობს სანაპიროზე ყოფნა?
- ზღვის ჰავა გაჯერებულია იოდით, სანაპიროზე ყოფნა კი მიზანშეწონილია ადრიან დილით და საღამოს, 6-7 საათიდან.
- რომელიმე კურორტს ხომ არ გაუწევდით საგანგებო რეკომენდაციას?
- სიამოვნებით გირჩევდით ქობულეთს, ბათუმს, ურეკს, კვარიათს, ჩაქვს, გრიგოლეთს, ასევე - ბაკურიანს, აბასთუმანს, წაღვერს, ბორჯომს, შოვს, ცემს, საირმეს, წყალტუბოს, ნუნისს და თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს.
- რამე სირთულე ხომ არ ახლავს მგზავრობასა და გარემოს შეცვლას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის?
- შაქრიანი დიაბეტის გამო შინ არ უნდა ჩაიკეტოთ. იმოგზაურეთ, რამდენიც გენებოთ, ოღონდ ყურადღებით იყავით, რათა გართულებების რისკი მინიმუმამდე შეამციროთ.
მოგზაურობის დროს შესაძლოა თავი იჩინოს პრობლემებმა დროის სარტყლის შეცვლის, სადღეღამისო (ძილ-ღვიძილის) რიტმის დარღვევის, ტემპერატურის ცვალებადობის გამო. ყოველთვის ადვილი არ არის საზღვარზე ანტიდიაბეტური წამლების გადატანა, კვების საჭირო რეჟიმის დაცვა.
- რომელი მედიკამენტებისა და საკვების თან წაღებას ურჩევდით ასეთ ადამიანებს?
- თუ შაქრის დამწევ პრეპარატებს იღებენ ან ინსულინს იკეთებენ, აუცილებლად უნდა წაიღონ თან სარეზერვო (დაახლოებით ორი კვირის) მარაგი, ასევე - შპრიცი (სათანადო რაოდენობით), საინექციო კალმისტარი ან ინსულინის ნემსი, ლანცეტი, ბამბის ტამპონი, გლუკომეტრი, ტესტჩხირები, სპირტი ან ანტისეპტიკური სითხე, რამდენიმე ნატეხი შაქარი, კანფეტები, ბისკვიტი, ორცხობილა, სენდვიჩი, წყალი, უშაქრო სასმელები და სხვა წამლები, რომლებიც, ჩვეულებრივ, მიაქვთ აგარაკზე.
- დასაშვებია თუ არა გარუჯვა და ცურვა დიაბეტიანებისთვის?
- დასაშვებია, მაგრამ უნდა დაიცვან რამდენიმე წესი:
- იხმარონ მზისგან დამცავი კრემები;
- მზისგულზე დიდხანს არ გაჩერდნენ, რადგან ტკივილის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითების გამო შესაძლოა ისე დაიწვან, რომ ვერ იგრძნონ;
- ატარონ მზის სათვალე;
- უხვად სვან მინერალური წყალი და უშაქრო სითხეები (მაგრამ წვენები არა);
- ბანაობის შემდეგ კარგად გაიმშრალონ თითებს შორის არეები (აქ კრემი არ წაისვან).
- ცურვა საკმაო ფიზიკური დატვირთვაა. ხომ არ გამოიწვევს ის სისხლში შაქრის დონის ცვლილებას და ხომ არ მოახდენს გავლენას პაციენტის ჯანმრთელობაზე?
- ინსულინოთერაპიაზე მყოფმა პაციენტებმა იმ დღეს, როცა აპირებენ ცურვას, გლუკომეტრით უნდა გაიზომონ სისხლში შაქრის შემცველობა. დაბალი შაქრიანობის დროს ცურვა სახიფათოა. თუ აპირებენ ცურვას ერთი საათის განმავლობაში, ზღვაში შესვლამდე აუცილებლად უნდა მიიღონ 2 პ.ე. შესაბამისი ოდენობის ნახშირწყლები. ამ დღეს უნდა გაიკეთონ ინსულინის განახევრებული დოზა.
- როგორ დაიცვან კვების რეჟიმი უცხო გარემოში?
- ყოველგვარი საკვები შეიცავს ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს. სადაც არ უნდა იყოს, ადამიანს ყოველთვის შეუძლია შეარჩიოს საჭირო, უვნებელი საკვები.
- ახალი კერძის გასინჯვისას იკითხეთ, რისგან შედგება იგი და რომელ კომპონენტს რამდენს შეიცავს.
- ყავა, ჩაი, მინერალური წყალი ყველგან არის. ზოგიერთ ქვეყანაში ჩაი და ყავა დამტკბარი მოაქვთ. თავი დაიზღვიეთ და წინასწარ გააფრთხილეთ, რომ ეს სასმელები უშაქროდ მოგიტანონ.
- რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ?
- ხანგრძლივი ფრენისას პაციენტს ხშირად უხდება გახანგრძლივებული მოქმედების ინსულინის შეყვანა, რასაც ორგანიზმში მისი დაგროვება და ჰიპოგლიკემია მოსდევს. ამ დროს დროებით შეწყვიტეთ ინსულინის შეყვანა და განაახლეთ მხოლოდ ძილ-ღვიძილის 24-საათიანი რეჟიმის აღდგენის შემდეგ.
- მათ, ვინც აბებს იღებს, რის გათვალისწინებას ურჩევდით?
- თუ ტაბლეტებით მკურნალობთ, მათი დოზების კორექტირება აუცილებელი არ არის. დამატებითი დოზა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგჭირდებათ, თუ დღემ სარტყლის შეცვლისას ოთხი საათით მოიმატა. თუ, პირიქით, დამოკლდა, გამოტოვეთ წამლის ერთი დოზა. ინსულინით და სულფანილშარდოვანას პრეპარატებით მკურნალობისას თან იქონიეთ შაქარი ან საწუწნი კანფეტი. ხშირად გაიზომეთ სისხლში შაქრის შემცველობა.