ლურჯი სისხლძარღვები
ამოსაცნობია კანქვეშა ზედაპირული მდებარეობისა და ლურჯი ფერის გამო. სინამდვილეში ვენა ზუსტად იმავე ფერისაა, როგორისაც კაპილარი, უბრალოდ, მასში ნახშირორჟანგით მდიდარი სისხლი მიედინება, რომელიც არ შეიცავს ჰემოგლობინს, ამიტომ სისხლი ალისფერის ნაცვლად მოცისფროა და ვენებსაც დამახასიათებელ ფერს სძენს.
ვენურ სისტემაში ცირკულირებს უჯრედებიდან გამოსული ცხოველქმედების პროდუქტებით დაბინძურებული სისხლი, რომელიც გულამდე უნდა მივიდეს, რათა სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში გადასვლის შემდეგ ფილტვებში კვლავ ჟანგბადით გამდიდრდეს და ქსოვილების გამოსაკვებად კვლავ ვარგისი გახდეს. ადამიანის ორგანიზმში ვენები და არტერიები გარკვეული კანონზომიერებითაა განლაგებული: ყოველ არტერიას ორი თანამგზავრი ვენა აქვს. ვენის კედელი სამშრიანია:
1. შიგნითა - ენდოთელიუმი, რომელიც შემაერთებელქსოვილოვან მემბრანას წარმოადგენს;
2. შუა - კუნთოვანი შრე, შედგება ცირკულარულად განლაგებული გლუვკუნთოვანი უჯრედებისგან, რომლებსაც ერთგვარი კოლაგენური კარკასი აქვთ;
3. გარეთა შრე - ე.წ. ადვენტიცია, ასევე მკვრივი კოლაგენური ბოჭკოვანი ქსოვილი.
ვენები აგებულებით მკვეთრად განსხვავდება არტერიებისგან, ვინაიდან მათში სისხლი პასიურად მიედინება - სიმძიმის ძალის ან ორგვლივ მდებარე ორგანოების დახმარებით. ვენებს შემდეგი თავისებურებანი ახასიათებს:
- სუსტად აქვს განვითარებული შიგნითა ელასტიკური მემბრანა;
- სუსტად აქვს განვითარებული მოცირკულირე კუნთოვანი შრე;
- არტერიებთან შედარებით მეტად არის აღჭურვილი კოლაგენური ბოჭკოებით;
- ძნელია მათ კედელში შრეების გარჩევა;
- არტერიებთან შედარებით ძლიერ აქვს განვითარებული ადვენტიცია;
- აღჭურვილია სპეციალური სარქვლებით.
ვენური სარქვლები
ვენური სისხლძარღვების უმნიშვნელოვანესი თავისებურებაა ჯიბისებური სარქვლები, რომლებიც უზრუნველყოფს სისხლის მხოლოდ ერთი მიმართულებით - გულისკენ მოძრაობას. ვენური სისტემის დისტალურ, ქვედა ნაწილებში სარქველი უფრო მეტია. ზედაპირულ ვენებში სარქვლებს შორის მანძილი საშუალოდ 8-10 სმ-ს შეადგენს. იმ ადგილას, სადაც სარქველია, ვენის დიამეტრი შედარებით დიდია, ვიდრე არასარქვლოვან უბანზე. ვენაში სისხლის მიმოქცევისას სარქველი ივსება, კეტავს სისხლძარღვის სანათურს და არ აძლევს სისხლს უკან დაბრუნების საშუალებას, ამგვარად, მას ერთი გზაღა დარჩენია - გადაადგილდეს წინ, გულისკენ. სარქველთა მეორე ფუნქციაა სისხლის ნაკადის გადინება კუნთების შეკუმშვის დროს.
ვენათა გალერეა კუნთოვანი შრის მიხედვით
ზოგიერთ ვენას კუთოვანი შრე არ გააჩნია. ამის მიხედვით განარჩევენ კუნთურ და არაკუნთურ ვენებს. კუნთოვანი ვენებია:
- სხეულის ზედა ნაწილის წვრილი, საშუალო და მსხვილი ვენები. მათში სისხლი პასიურად მოძრაობს. მცირე და საშუალო კალიბრის ვენებს სუსტი კუნთოვანი შრე აქვს და, ჩვეულებრივ, ორგანოთა შიგნით მდებარეობს. მათთვის დამახასიათებელია ძლიერი გაფართოების უნარი, ამიტომ ეს ვენები მადეპონირებელ ფუნქციას ასრულებს.
- ვენები, რომელთაც საშუალოდ განვითარებული კუნთოვანი შრე აქვთ. მათი გარეთა გარსი ძლიერ მკვრივია და სისქით 2-3-ჯერ აღემატება არტერიათა გარსს. ასეთია მხრის ვენა.
- სხეულის ქვედა ნაწილის ვენები, ქვედა ღრუ ვენა, ბარძაყის ვენა. მათთვის დამახასიათებელია სისხლძარღვის კედლის სამივე შრეში განვითარებული ძლიერი კუნთოვანი შრე.
არაკუნთოვანი ვენებია:
- ისეთი ვენები, რომლებშიც სისხლი სიმძიმის ძალით მოძრაობს და ეს მოძრაობა არ რეგულირდება კუნთოვანი ელემენტებით;
- ეს ვენები გაივლის ყოველ ორგანოში, იქ, სადაც არსებობს ორგანოსთან მათი მჭიდროდ შეზრდის საფუძველი;
- ასეთებია პლაცენტის, ძვლების, თვალის ბადურას, ტვინის რბილი გარსის, ფრჩხილის, ელენთის, ღვიძლის ცენტრალური ვენები.
მდებარეობის მიხედვით
განასხვავებენ ზედაპირულ, ღრმა და მათ შემაერთებელ კომუნიკაციურ ვენებს (პერფორანტებს). ზედაპირული ვენები განლაგებულია უშუალოდ კანქვეშ და თვალით სწორედ მათ ვხედავთ ყველაზე უკეთ. ღრმა ვენები ღრმად მდებარეობს კუნთების სისქეში. პერფორანტული ვენები თხელკედლიანი ვენური სისხლძარღვებია, რომლებიც ღრმა და ზედაპირულ ვენებს აერთებს.
რა აზიანებს ვენებს
ვენებს ყველაზე მეტად ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები აზიანებს:
- ხანგრძლივი ფეხზე დგომა;
- მძიმე და არარაციონალური ფიზიკური შრომა;
- სუფრის მარილის ჭარბი გამოყენება;
- ბრტყელტერფიანობა;
- მაღალქუსლიანი ან არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება;
- მჯდომარე პროფესიები;
- ჭარბი წონა;
- ხშირი და ხანგრძლივი მგზავრობა.
ვენური დაავადებები უმთავრესად ქალთა პრობლემაა, რაც განპირობებულია ორსულობით, ამ პერიოდში სისხლის მოცულობის ზრდითა და ვენებზე ზეწოლით.
როგორ ვუმკურნალოთ ვენებს ხალხური მეთოდებით
ვენებისთვის სასარგებლო და საზიანო საკვები
თაფლი და ნიორი ვენების გაგანიერების სამკურნალოდ
კალანჰოეს სპირტხსნარი ვენების გაგანიერების სამკურნალოდ
ტირიფის აბაზანები ვარიკოზის, რევმატიზმისა და ართრიტის სამკურნალოდ