რეკომენდაციები ვენების ვარიკოზით დაავადებულთათვის
და მარილიანი პროდუქტების მინიმუმამდე შემცირებას. ასევე ცხოველური ცილების, ცხიმებისა და რაფინირებული ნახშირწყლების შეზღუდვას. ცხარე საკვები რამდენადმე „ასქელებს“ სისხლს, რაც თრომბების წარმოქმნას უწყობს ხელს. არაყი, კონიაკი და ვისკიც ანალოგიურად მოქმედებს. ვარიკოზული დაავადების დროს რეკომენდებულია რაც შეიძლება მცირე რაოდენობით ხორცის მიღება. ამ ფაქტორის გამოა სწორედ, რომ მცენარეული საკვების მოყვარული, ე.წ. ვეგეტარიანელი პაპუასები და შორეული აღმოსავლეთის ერები ვენების ვარიკოზული დაავადებით არ ავადობენ. აღნიშნული პათოლოგიის დროს საკვები რაციონი უნდა გამდიდრდეს თევზით, ახალი ხილითა და ბოსტნეულით, უჯრედისით, ასევე C ვიტამინითა და რუტინით გაჯერებული პროდუქტებით.
სასარგებლოა ყველა მცენარეული პროდუქტი. ვარიკოზული დაავადების დროს მოქმედებს პრინციპი A B C, სადაც A - არის სტაფილო, B - ფოთლოვანი სალათი, C – მწვანილი და ციტრუსები. აღნიშნულ სიას უნდა დაემატოს ორი მნიშვნელოვანი ვიტამინი, რომლებიც განამტკიცებს სისხლძარღვთა კედლებს. ეს არის E ვიტამინი, რომელსაც შეიცავს ზეითუნის ზეთი და P ვიტამინი, რომლითაც გაჯერებულია ნიგოზი, მწვანე ჩაი და ასკილი. C და E ვიტამინები კოლაგენის შემადგენელი კომპონენტებია; კოლაგენი, თავის მხრივ, ვენების შემაერთებელი ქსოვილისა და სარქვლოვანი აპარატის განუყოფელი ნაწილია. ვენების კედელს საკვები ნივთიერებებით უნიკალურად ამდიდრებს (ანუ აუმჯობესებს მის ტროფიკას) და ელასტიკურობას სძენს ხორბლისა და ჭვავის გაღივებული მარცვლები, ასევე ბარდა, ლობიო და მწვანე ხახვი. განსაკუთრებული როლი აქვს ნიორს.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს თორმბების წარმოქმნას. 30 სამეცნიერო ექსპერიმენტია ჩატარებული სისხლის წებოვნებაზე ნივრის გავლენის შესასწავლად. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით კი მიღებულია დასკვნა - გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნივრის რეგულარულად ჭამა 50%-ით აძლიერებს თრომბების გაწოვის პროცესს. ნიორი არ აძლევს თრომბოციტებს გასქელებისა და გამკვრივების საშუალებას, შესაბამისად, აფერხებს თრომბების წარმოქმნას. ამ და სხვა ეფექტების გამო ნიორი მეტად სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის. ყოველდღიურად სადილთან ერთად უნდა მიირთვათ 2-3 კბილი ნიორი, ამით დაირეგულირებთ არტერიულ წნევას, დაიცავთ სისხლძარღვებს ათერომული ჩანართების განვითარებისაგან, განიმტკიცებთ სისხლძარღვთა კედლებს და ვენების ვარიკოზული დაავადების პროფილაქტიკასაც უზრუნველყოფთ.
პროფილაქტიკა
თუ ვენების ვარიკოზული დაავადების საწყისი ნიშნები გაქვთ, საკმაოდ მარტივი წესების დაცვა დაგეხმარებათ პროცესის შეფერხებასა და გადავადებაში, ზოგ შემთხვევაში კი - დაავადების შემდგომი განვითარების შეჩერებაშიც.
გასათვალისწინებელი წესები:
- ნუ გაგიტაცებთ ცხელი აბაზანები, საუნა, მზეზე ხანგრძლივად ყოფნა. ყოველივე ეს აქვეითებს ვენურ ტონუსს, იწვევს ქვედა კიდურებში სისხლის შეგუბებას;
- რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ - ვენებს ამაგრებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს რეგულარული სპორტული აქტივობა. აჩქარებული სიარული, სირბილი, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა, თხილამურებით სრიალი აჯანსაღებს ვენებს. ვარიკოზულ დაავადებას იწვევს ხანგრძლივად ფეხზე დგომა, რადგან ამ დროს ირღვევა სისხლის ნორმალური მიმოქცევა. თუ ხანგრძლივად გიწევთ ფეხზე ერთ ადგილას დგომა, შეეცადეთ წონის გადანაწილებას, უმჯობესია იაროთ, ფეხები ამოძრაოთ თუნდაც ერთ ადგილზე. მავნებელია ხანგრძლივად ჯდომაც, აუცილებელია პერიოდულად წამოდგომა და მოძრაობა, ყოველ ნახევარ საათში ოთახში 5-10 წუთით გასეირნება;
- აკონტროლეთ წონა – ვენების ვარიკოზული დაავადება უხშირესად ჭარბი წონის მქონეთა პრობლემაა. სიმსუქნით დაავადებულთა სისხლძარღვებში გაცილებით მეტი სისხლია, ვიდრე ნორმალური წონის ადამიანთა სისხლძარღვებში, შესაბამისად, ასეთ სისხლძარღვებზე მეტი დატვირთვა მოდის. ამიტომაც, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წონის ნორმალიზებას;
- ნუ ჩაიცვამთ მოჭერილ ტანსაცმელს - განსაკუთრებით მავნებელია მოჭერილი წინდები და წელწინდები ძლიერ დამწოლი რეზინით, ეს ზეწოლას ახდენს ვენებზე. თუმცა, არსებობს სპეციალური სამკურნალო-პროფილაქტიკური დამწოლი წინდები, რომლებიც გარკვეულ ეტაპზე ხელს უშლის ვარიკოზის განვითარებას;
- თანაბრად გადაანაწილეთ დატვირთვა - ნუ დაყოვნდებით ერთ პოზიციაში ხანგრძლივად;
- რეგულარულად ივარჯიშეთ - ძილის წინ და დილაობით, გაღვიძებისთანავე, 3-5 წუთის განმავლობაში დაისრისეთ ტერფები და ფეხის თითები, შემდეგ ამოძრავეთ ტერფები, ეს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქვემო კიდურებში;
- არ ატაროთ მაღალქუსლიანი და მოჭერილი ფეხსაცმელი;
- ცივი წყალი გადაივლეთ ფეხებზე სამუშაოს შემდეგ;
- იარეთ ფეხშიშველმა ბალახსა და ქვიშაზე.
თუ არ ხართ ვენების ვარიკოზით დაავადებული და მხოლოდ წინასწარგანწყობა გაქვთ პათოლოგიისადმი, დაავადების საპროფილაქტიკოდ კარგია ყოველდღიური თვითმასაჟი, მსუბუქი ზეწოლით ფეხების სრესა ქვემოდან ზემოთ. თუ დასმული გაქვთ ვენების ვარიკოზული დაავადების დიაგნოზი, ფეხების მასაჟი უკუნაჩვენებია!
თუ საღამოს, სამუშაო დღის შემდეგ ფეხებში სიმძიმის შეგრძნება გაწუხებთ, დასვენებისა და ძილის პერიოდში სასურველია ფეხები ამაღლებულ პოზიციაში გქონდეთ, წიგნის კითხვის, ტელევიზორის ყურებისა თუ, საზოგადოდ, დასვენების პერიოდში ფეხები ამაღლებულ პოზიციაში მოათავსეთ, შეგიძლიათ დიდ ბალიშზე შემოდოთ. თუ შესასრულებელი სამუშაოს გამო ხანგრძლივად გიწევთ ფეხზე დგომა ან ჯდომა, ხშირად უცვალეთ ფეხებს პოზიცია, ერთსა და იმავე ადგილზე შეასრულეთ ნაბიჯები, ამოძრავეთ ფეხები, აბრუნეთ ტერფები.
შხაპისა თუ აბაზანის მიღების შემდეგ ფეხებზე ცივი წყალი გადაივლეთ.
სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ვარჯიში
დიდი სარგებლობა მოაქვს ყოველდღიურად სპეციალური ვარჯიშების შესრულებას:
- ფეხის წვერებზე აწევა: საწყისი მდგომარეობა - დადექით სწორად, ტერფები მოათავსეთ ერთმანეთის პარალელურად და მაქსიმალურად მიატყუპეთ, თვლაზე ერთი - აიწიეთ მაქსიმალურად მაღლა ფეხის წვერებზე, თვლაზე ორი - დაეშვით საწყის პოზიციაში. ვარჯიში უნდა გაიმეოროთ 20-30-ჯერ.
- აწევა ფეხის წვერებზე დაშორებული ტერფებით: საწყისი მდგომარეობა - დადექით სწორად, ქუსლები შეატყუპეთ, ხოლო ტერფის წინა (თითების) ნაწილი ერთმანეთს დააშორეთ, თვლაზე ერთი - აიწიეთ მაქსიმალურად მაღლა ფეხის წვერებზე, თვლაზე ორი - დაეშვით საწყის პოზიციაში. ვარჯიში უნდა გაიმეოროთ 20-30-ჯერ.
- აწევა ფეხის წვერებზე დაშორებული ქუსლებით – საწყისი მდგომარეობა - დადექით სწორად, ტერფის წინა (თითების) ნაწილი შეატყუპეთ, ქუსლები კი ერთმანეთს დააშორეთ, თვლაზე ერთი - აიწიეთ მაქსიმალურად მაღლა ფეხის წვერებზე, თვლაზე ორი - დაეშვით საწყის პოზიციაში. ვარჯიში უნდა გაიმეოროთ 20-30-ჯერ.
- კიდევ ერთი მეტად ეფექტური და სასარგებლო ვარჯიშია ე.წ. ველოსიპედი. ის ზურგზე დაწოლილმა უნდა შეასრულოთ. ამ ვარჯიშის დროს მეტად მნიშვნელოვანია ფეხების ბოლომდე გამართვა.