ლიმფოსტაზი და ლიმფოდრენაჟული მასაჟი
ის ლოკალიზდება სხეულის სხვადასხვა ნაწილში და ვლინდება რბილი ქსოვილების მუდმივი შეშუპებითა და კანის ტროფიკული დარღვევებით. როგორც წესი, ლიმფოსტაზის საწყისი გამოვლინებები ვითარდება მცირე კალიბრის ლიმფური ძარღვების (კაპილარების და პერიფერიული ლიმფური ძარღვების) დაზიანების შედეგად, ხოლო თუ პათოლოგიური პროცესი გავლენას ახდენს დიდ ლიმფურ კოლექტორებსა და გულმკერდის სადინარზე, ვითარდება შეუქცევადი ცვლილებები რბილ ქსოვილებში.
მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ლიმფოსტაზის სიხშირე მსოფლიოში 250 მილიონ ადამიანს აღწევს. ბავშვებს შორის ამ პათოლოგიის სიხშირე 1:10000-ია და ის, ჩვეულებრივ, კიდურებისა და სახის თანდაყოლილი ლიმფოსტაზია დისპლაზიურ ანომალიებთან ერთად. ავადობის სტრუქტურაში დომინირებენ 30-45 წლის ქალები, ხოლო ქვედა კიდურების ლიმფოსტაზი შემთხვევათა, არა უმცირეს, 90%-ს შეადგენს.
რისკჯგუფში შედიან ახალგაზრდები და დაავადების ყველაზე გავრცელებულ ფორმად მიიჩნევა ფეხების ლიმფოსტაზი. მედიცინის დარგის მეცნიერებმა „ლიმფოსტაზი“, როგორც დამოუკიდებელი ნოზოლოგიური ერთეული, ჯერ კიდევ, 1934 წელს დაახასიათეს და მაშინვე დაყვეს პირველად და მეორეულ ლიმფოსტაზად.
„ლიმფოსტაზის“ დიაგნოზის დადგენა და მკურნალობა შეუძლია მხოლოდ კვალიფიციურ ფლებოლოგს, სპეციალიზებულ სისხლძარღვთა ქირურგიულ საავადმყოფოში პაციენტის ყოველმხრივი გამოკვლევის შემდეგ.
ლიმფოსტაზის დროს სიცოცხლის პროგნოზი კეთილსაიმედოა, თუმცა, ამ დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის მყარი დაქვეითება, რომელსაც პაციენტი ინვალიდობამდე მიჰყავს.
ქვედა კიდურების ლიმფოსტაზი
ქვედა კიდურების ლიმფოსტაზის თანდაყოლილი ფორმა გამოწვეულია ლიმფური სისტემის ძარღვთა გენეტიკური მორფოლოგიური დარღვევებით, ანუ ლიმფური ძარღვების თანდაყოლილი ანომალიებით (ჰიპოპლაზია, აპლაზია და ჰიპერპლაზია). ეს არის მძიმე პათოლოგია, რომლის დებიუტია ერთი კიდურის რბილი ქსოვილების შეშუპების გამოვლენა, ყველაზე ხშირად მოზარდობის ასაკში. თანდაყოლილი ლიმფოსტაზი გენეტიკურად დეტერმინირებული (განსაზღვრული) დაავადებაა და შეიძლება მემკვიდრეობით გადაეცემოდეს.
გამოხატული კლინიკური სიმპტომების სტადიაზე ლიმფოსტაზი ვლინდება არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ზოგადი სიმპტომებით, რომლებიც მნიშვნელოვნად აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს (ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი, ჰორმონული და ანთებითი გართულებები).
ქვედა კიდურების ლიმფოსტაზის დიაგნოსტიკის ყველაზე ეფექტური მეთოდია MRI (მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია), ხოლო თერაპიულ ღონისძიებად გამოიყენება ლიმფოდრენაჟული მასაჟი და ფიზიოპროცედურები (ტალახით თერაპია, ულტრაბგერითი და სითბოს თერაპია).
ქვედა კიდურების მეორეული ლიმფოსტაზი ყველაზე ხშირად ვითარდება გადატანილი ტრავმის ან მძიმე ანთების შემდეგ. ლიმფოსტაზის საწყისი გამოვლინებებია ტერფის ზურგის მხარის შეშუპება. ამ ეტაპზე პაციენტებს არ აღენიშნებათ კონკრეტული, სპეციფიკური ჩივილები და ხშირად ამ პერიოდში დაავადების ამოცნობა შეუძლებელია.
ლიმფური ნაკადის დარღვევის პროგრესირებასთან ერთად იზრდება შეშუპება და ტერფის კანზე ჩნდება უხეში ნაკეცები, რომლებიც პალპაციის დროს არ მოძრაობენ. ამ ეტაპზე აუცილებელია არსებული სიმპტომების დიფერენცირება ისეთი დაავადებებისგან, როგორებიცაა ნეიროფიბრომატოზი და ქვედა კიდურის გიგანტიზმი.
დროული დიაგნოსტიკური და თერაპიული ღონისძიებების გარეშე ლიმფოსტაზი პროგრესირებს და პათოლოგიური ცვლილებები ვრცელდება ქვედა კიდურის პროქსიმალურ ნაწილებზე (წვივი და ბარძაყი).
არსებობს კლასიფიკაცია კლინიკური გამოვლინების ხარისხის მიხედვით, რომელშიც სიმძიმის 4 დონე ანუ ხარისხია გამოყოფილი. ლიმფოსტაზის პირველ ხარისხს ახასიათებს ქვედა კიდურის დისტალური ნაწილების დაზიანება, რომელიც ძირითადად ვლინდება ტერფის დეფორმაციისა და შეშუპების სახით, უფრო მეტად დორსალურ (ზურგის მხარის) ზედაპირზე. ლიმფოსტაზის მეორე ხარისხის დროს პათოლოგიური პროცესი ლოკალიზებულია ტერფისა და წვივის არეში. მესამე ხარისხი მოიცავს არა მხოლოდ ტერფისა და წვივის, არამედ ბარძაყის დაზიანებასაც. მეოთხე ეტაპზე, გარდა აღნიშნული სიმპტომებისა, კანის უხეში ტროფიკული ცვლილებებიც ვლინდება.
ზედა კიდურების ლიმფოსტაზი
შემთხვევათა 70%-ში ზედა კიდურის ლიმფოსტაზი ვითარდება მასტექტომიის (ძუძუს მოკვეთის) შემდეგ, რომელსაც თან ახლავს რეგიონული ლიმფური კვანძების მოცილება (ამოკვეთა), ზოგიერთ შემთხვევაში კი მცირე გულმკერდის კუნთისაც. როგორც ცნობილია, რეგიონული ლიმფური კვანძების რადიკალური მოცილება ხორციელდება კიბოს პათოლოგიის განმეორებისა (რეციდივის) და გავრცელების პრევენციისთვის და ამ მანიპულაციის გარეშე შეუძლებელია ძუძუს კიბოს ეფექტურ მკურნალობაზე საუბარი. თუმცა, დიდი ლიმფური კვანძებისა და ლიმფური ძარღვების მოცილების გამო, ხელსაყრელი პირობები იქმნება როგორც მხრის მიდამოს რბილ ქსოვილებში ლიმფური სითხის დაგროვებისათვის, ისე პოსტოპერაციული ჭრილობის ზედაპირიდან მისი გათავისუფლებისათვის.
ამის გამო, ყველა ნაოპერაციებ პაციენტს ლიმფის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი სპეციალური ვარჯიშების შესრულების რეკომენდაცია ეძლევა. უმეტეს შემთხვევაში, მასტექტომიის შემდეგ მკლავის ლიმფოსტაზი გარდამავალია და სიმპტომები ერთ თვეში ქრება.
გარდა ამისა, ხელის მეორეული ლიმფოსტაზი შეინიშნება დამწვრობისა და კანის ინფექციური დაზიანების, აგრეთვე სხვადასხვა წარმოშობის ტრამვის შემდეგ. გამოხატული კლინიკური სურათის სტადიაზე (ეტაპზე) ზედა კიდურის ლიმფოსტაზი ვლინდება რბილი ქსოვილების მყარი პროგრესირებადი შეშუპების, კანის ტროფიკული ცვლილებებისა (ტროფიკული წყლულები, ჰიპერპიგმენტაცია) და რბილი ქსოვილების შეუქცევადი ნაწიბუროვანი ცვლილებების სახით.
არსებობს მკლავის ლიმფოსტაზის ორი ძირითადი ჯგუფი: მწვავე (გარდამავალი), რომელიც გრძელდება არა უმეტეს 6 თვისა, ვითარდება დაუყოვნებლივ მასტექტომიის შემდეგ და ქრონიკული, რომელიც გრძელდება მრავალი წლის განმავლობაში და აქვს მყარი პროგრესირებადი მიმდინარეობა.
ხელის ლიმფოსტაზის არამედიკამენტური მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდებია: მანუალური (იგივე ხელით) ლიმფოდრენაჟული მასაჟი, კომპრესიული საშუალებების (ტრიკოტაჟის) ტარება, კუნთების ელექტროსტიმულაცია, მაგნიტოთერაპია და ლაზეროთერაპია.
მსუბუქი ლიმფოსტაზის პროგრესირების თავიდან ასაცილებლად და ფიბრედემის განვითარების ასარიდებლად, მკერდის მოკვეთის ოპერაციის შემდეგ, პაციენტებმა უნდა შეასრულონ სპეციალურ ვარჯიშთა კომპლექსი და მიმართონ თვითმასაჟს. რა თქმა უნდა, ლიმფოსტაზის არსებობა იწვევს ქალის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის გარკვეულ დარღვევებს, თუმცა, კანის მოვლის ყველა წესის დაცვისა და ფიზიკური დატვირთვის კუთხით ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებისას, ეს მდგომარეობა თავისთავად გადის.
თუ ზედა კიდურის ლიმფოსტაზის ნიშნები მასტექტომიიდან 1 წლის შემდეგ ვლინდება და თან ახლავს გამკვრივებები (გამაგრებები) შეშუპებული რბილი ქსოვილების გასწვრივ, მაშინ ონკოლოგმა დეტალურად უნდა გამოიკვლიოს პაციენტი, პათოლოგიის რეციდივისა და სიმსივნური პროცესის მეტასტაზირების დიაგნოსტიკისათვის.
მასაჟი ლიმფოსტაზის დროს
ლიმფოსტაზის დროს ყველა პაციენტს ურჩევენ გაიაროს ლიმფოდრენაჟული მასაჟი, რომელიც ასტიმულირებს ლიმფური სითხის ნაკადს მთელ სხეულში. ლიმფოსტაზის საწყის სტადიაზე, როდესაც აღინიშნება მსუბუქი შეშუპება, რბილ ქსოვილებში ფიბროზული ცვლილებების გარეშე, ლიმფოდრენაჟული მასაჟი შეიძლება გახდეს მკურნალობის ერთადერთი ეფექტური მეთოდი. გარდა ამისა, მასაჟი გამოიყენება როგორც მოსამზადებელი მანიპულაცია ქირურგიული მკურნალობის მეთოდების გამოყენებამდე ლიმფოსტაზის შემდგომ ეტაპებზე.
ლიმფური სადრენაჟო მასაჟი მოიცავს კანის მსუბუქ, ნაზ, რიტმულ მასაჟს და ლიმფური კვანძების ღრმა მასაჟს. მასაჟის ტექნიკა (მეთოდიკა) განისაზღვრება ორგანიზმში ლიმფის ნორმალური ცირკულაციის (მიმოქცევის) ფიზიოლოგიით, ამიტომაც ჯერ აუცილებელია კიდურების პროქსიმალური ნაწილების გათავისუფლება შეგუბებისაგან, შემდეგ კი, დისტალური ნაწილების. მასაჟის დროს, ხდება ქსოვილზე ზეწოლა, რაც იწვევს ლიმფური კალაპოტის ცალკეული ძარღვების რეფლექსურ შევიწროებას და კანქვეშა კოლატერალურ (გვერდით, დამატებით) ძარღვებში ლიმფის დინების სიჩქარის მომატებას.
ლიმფოდრენაჟის მასაჟის სეანსს, საშუალოდ, 60 წუთი სჭირდება, რადგან მასაჟის (მასირების) ყველა მოძრაობა უნდა შესრულდეს წუთში არაუმეტეს 12 მოძრაობისა. მასაჟის მოძრაობების შესრულებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რბილ ქსოვილებზე ზეწოლას, ვინაიდან ზედმეტმა ზეწოლამ შეიძლება გაზარდოს ადგილობრივი სისხლის მიმოქცევა, რაც აუცილებლად გამოიწვევს შეშუპებას. მასაჟის ყოველი სეანსი უნდა დასრულდეს სპეციალური კომპრესიული სახვევის დადებით.
ლიმფოსტაზის მკურნალობისას ლიმფოდრენაჟული მასაჟის ეფექტურობის მიუხედავად, არსებობს მისი გამოყენების მთელი რიგი უკუჩვენებები. ესენია: კანის ანთებითი ცვლილებები, კანის ტროფიკული დაზიანება, თანმხლები ონკოპათოლოგია და ქვედა კიდურების სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის გვიანი სტადიები.