ღრმა ვენების თრომბოზის ნიშნები, რისკ ფაქტორები და პრევენცია
ღრმა ვენების თრომბოზმა შეიძლება გამოიწვიოს ფეხის ტკივილი ან შეშუპება, მაგრამ შეიძლება უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს.
სისხლის კოლტი შეიძლება წარმოიქმნას ვენაში, თუ ის დაზიანებულია ან სახეზეა დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედების პროცესზე და იწვევს შენადედის წარმოქმნას, ან გარემოება, რომელიც ანელებს სისხლის ნაკადის გულისკენ დინებას. ქვედა კიდურებში თრომბი ასევე შეიძლება ჩამოყალიბდეს, დიდი ხნის განმავლობაში უმოძრაოდ ყოფის შემთხვევაში, მაგალითად, ქირურგიული ოპერაციის ან მძიმე ავადმყოფობის დროს. თუმცა უკიდურესად დიდ მანძილზე სიარულმაც შეიძლება გამოიწვიოს თრომბების წარმოქმნა.
ღრმა ვენების თრომბოზი სერიოზული პათოლოგიაა, რადგან ვენებში არსებული თრომბი შეიძლება მოწყდეს სისხლძარღვის კედელს, გადაადგილდეს სისხლძარღვებში, გაეჭედოს ფილტვის არტერიაში და დაბლოკოს სისხლის მიმოქცევა (ფილტვის ემბოლია). მართალია, ფილტვის ემბოლია შეიძლება ღრმა ვენების თრომბოზის გარეშეც განვითარდეს, მაგრამ ეს შედარებით იშვიათია.
როდესაც ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის ემბოლია ერთდროულად ხდება, მას ვენური თრომბოემბოლია ეწოდება.
სიმპტომები
ღრმა ვენების თრომბოზის სიმპტომებია:
- დაზიანებული კიდურის შეშუპება. იშვიათად ორივე ფეხის შეშუპებაც შეიძლება განვითარდეს. შესაძლებელია კოჭის, ტერფის ან ბარძაყის შეშუპება, იმის მიხედვით, თუ რომელი ვენაა ჩართული პროცესში. შესაბამისად, თუ მხრის ვენაა ჩართული, შეიძლება მხარი შეშუპდეს;
- კიდურის ტკივილი. ტკივილი ხშირად იწყება წვივებში, შეიძლება ადგილი ქონდეს კრუნჩხვებს;
- კიდურზე კანი წითელი ან გაუფერულებულია;
- დაზიანებულ კიდურში სითბოს შეგრძნება;
- ღრმა ვენების თრომბოზი შეიძლება გამოხატული სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს.
ღრმა ვენების ქრონიკული უკმარისობა
ზოგჯერ სისხლის კოლტი ნაწიბუროვან ქსოვილად გადაიქცევა, რომელიც ვენის სარქვლებს აზიანებს, რის გამოც ვენები ნორმულად ვეღარ ფუნქციონირებს, გროვდება სითხე (ეს მდგომარეობა შეშუპებად იწოდება), კოჭი სივდება. შეშუპება შეიძლება გავრცელდეს და ბარძაყიც მოიცვას, თუ ვენა საკმარისად მაღალ დონეზეა დახშული. შეშუპება დღის ბოლოს უარესდება, ვინაიდან სისხლის ნაკადი, თუ ადამიანი ზის ან ფეხზე დგას, ზევით, გრავიტაციის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა გადაადგილდეს, რომ გულს მიაღწიოს. ღამით შეშუპება ცხრება, ვინაიდან, ქვედა კიდურების ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნისას ვენები კარგად იცლება.
ზოგჯერ დაზიანებული ვენები მთლიანად არის დახშული. ასეთ შემთხვევაში ფეხი გამუდმებით შეშუპებულია. შეშუპება საღამო ხანს უფრო მეტადაა გამოხატული. კოჭის შიგნითა ზედაპირზე კანი ქერცლით არის დაფარული, პაციენტს ქავილი აწუხებს, კანი შეიძლება მოწითალო ყავისფერი გახდეს; ფერის შეცვლა გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების გაფართოებული ვენიდან, ვენის გაფაშრებული კედლის გავლით, კანში გადასვლით. ფერშეცვლილი კანი ადვილად ზიანდება მცირე ტრავმითაც კი, მაგალითად, გაკაწვრით, მსუბუქი დარტყმით, ირღვევა მისი მთლიანობა და წყლული ჩნდება. შესაძლოა, ვენების ვარიკოზი განვითარდეს. გარდა წყლულის მიდამოში ტკივილისა, პაციენტს ზოგჯერ აწუხებდეს მფეთქავი ტკივილი ფეხზე დგომისას და სიარულის დროს.
თუ შეშუპება მკვეთრად არის გამოხატული, მდგრადი და მუდმივია, ნაწიბუროვანი ქსოვილი ვითარდება, რომელიც სითხეს იზიდავს; ამის შედეგად წვივის გარშემოწერილობა სულ უფრო მეტად იზრდება, პაციენტს ფეხში სიმძიმის გრძნობა აქვს. ასეთ შემთხვევაში წყლულების გაჩენის ალბათობა მაღალია, მათი შეხორცება კი რთული.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ გაქვთ ღრმა ვენების თრომბოზი ზემოთ დასახელებული ნიშნები, მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ გაქვთ ფილტვის ემბოლიის (ღრმა ვენების თრომბოზის სიცოცხლისათვის საშიში გართულება) ნიშნები, დაუყონებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა (დარეკეთ-112-ზე).
ფილტვის ემბოლიაზე მიმანიშნებელი სიპტომები
- უეცრად აღმოცენებული ქოშინი;
- გულმკერდის არეში ტკივილი ან დისკომფორტი, რომელიც უარესდება ღრმა სუნთქვის ან ხველების დროს;
- თავბრუსხვევის ან გულის წასვლის შეგრძნება;
- ხშირი პულსი;
- ხშირი სუნთქვა;
- სისხლიანი ხველა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ გაქვთ ეჭვი ღრმა ვენების თრომბოზზე, მაშინ დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
მიზეზები
ყველაფერმა, რაც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ დინებას ან შედედებას, შეიძლება გამოიწვიოს თრომბის წარმოქმნა.
ღრმა ვენების თრომბოზის ძირითადი მიზეზებია: ვენის დაზიანება ოპერაციის ან ტრავმის ან ინფექციური ხასიათის ანთების გამო.
რისკის ფაქტორები
ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გაზარდოს ღრმა ვენების თრომბოზი განვითარების რისკი. მაგალითად:
- ასაკი. 60 წლის ასაკში ღრმა ვენების თრომბოზი განვითარების რისკი იზრდება, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ასაკში;
- ხანგრძლივად ჯდომა, როგორიცაა მანქანის მართვის ან ფრენის დროს. როდესაც თქვენი ფეხები რამდენიმე საათის განმავლობაში უმოძრაოდ გაქვთ, წვივის კუნთები არ იკუმშება. კუნთების შეკუმშვა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას;
- ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი, როგორიცაა საავადმყოფოში ხანგრძლივი ყოფნის ან დამბლის დროს. წვივებში შეიძლება წარმოიქმნას სისხლის კოლტები, თუ წვივის კუნთები დიდი ხნის განმავლობაში არ ფუნქციონირებს;
- ტრავმა ან ოპერაცია. ვენების ტრავმულმა დაზიანებამ ან ოპერაციამ შეიძლება გაზარდოს სისხლის შედედების რისკი;
- ორსულობა. ორსულობის დროს იზრდება წნევა მენჯსა და ქვედა კიდურების ვენებში. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ქალები, რომლებსაც მემკვიდრეობით აქვთ სისხლის შედედების დარღვევები. თრომბის წარმოქმნა სარისკო რჩევა ბავშვის დაბადებიდან ექვს კვირის განმავლობაში;
- ჩასახვის საწინააღმდეგო აბები (ორალური კონტრაცეპტივები) ან ჰორმონის შემცვლელი თერაპია. ორივე ფაქტორმა შეიძლება გაზარდოს სისხლის შედედების უნარი;
- წამლები ან ქიმიკატები. ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედება. ამიტომაა საჭირო წამლის გამოყენებამდე ექიმთან კონსულტაცია;
- ჭარბი წონა ან სიმსუქნე. ჭარბი წონა ზრდის წნევას მენჯის და ფეხების ვენებში;
- მოწევა. მოწევა გავლენას ახდენს სისხლის შედედებასა და სისხლის მიმოქცევაზე, რამაც შეიძლება გაზარდოს ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების რისკი;
- კიბო. კიბოს ზოგიერთი ფორმა (განსაკუთრებით – პანკრეასისა, საკვერცხისა და ფილტვისა, თუმცა ნებისმიერი ავთვისებიანი სიმსივნე მეტასტაზების განვითარების პერიოდში შეიძლება თრომბების ჩამოყალიბდეს) სისხლში იმ ნივთიერებების დონეს ზრდის, რომლებიც იწვევენ სისხლის შედედებას. კიბოს მკურნალობის ზოგიერთი ფორმა ასევე ზრდის თრომბების წარმოქნის რისკს;
- გულის უკმარისობა. იზრდება ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის განვითარების რისკი. იმის გამო, რომ გულის უკმარისობის მქონე ადამიანებს აქვთ გულის და ფილტვების შეზღუდული ფუნქცია, სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია ფილტვის არტერიის თუნდაც მცირე თრომბოემბოლიით, უფრო შესამჩნევია;
- ნაწლავის ანთებითი დაავადებები. ნაწლავის დაავადებები, როგორიცაა კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი, ზრდის ღრმა ვენების თრომბოზის რისკს;
- დატვირთული მემკვიდრეობა. თუ ოჯახის რომელიმე წევრს ქონდა ვენების თრომბოზი ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, რისკი იმატებს;
- გენეტიკა. ზოგიერთი ადამიანი მემკვიდრეობით იღებს გენეტიკურ რისკ ფაქტორებს ან დარღვევებს, როგორიცაა ფაქტორი V ლეიდენის მუტაცია და სისხლის შედედება ძალიან ადვილად და სწრაფად ხდება. თავად მემკვიდრულმა დაავადებამ შეიძლება არ გამოიწვიოს სისხლის შედედება, თუ ის არ არის შერწყმული სხვა ერთ ან რამდენიმე რისკფაქტორთან.
- უცნობი რისკფაქტორი. ზოგჯერ ვენაში სისხლის შედედება შეიძლება მოხდეს აშკარა რისკფაქტორის გარეშე. ამას ეწოდება არაპროვოცირებული ვენური თრომბოემბოლია.
პრევენცია
ღრმა ვენების თრომბოზის რისკის შესამცირებელი ზომებია:
- არ იჯდეთ დიდხანს. თუ ოპერაცია გაიკეთეთ ან სხვა მიზეზების გამო წოლით რეჟიმი გაქვთ, შეეცადეთ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეთ მოძრავი ცხოვრების წესს;
- თუ ზიხართ რაიმე პერიოდის განმავლობაში, არ გადააჯვარედინოთ ფეხები, რადგან ამან შეიძლება შეაფერხოს სისხლის მიმოქცევა;
- თუ მანქანით დიდ მანძილზე მოგზაურობთ, ყოველ საათში გაჩერდით და გაარ-გამოაიართ;
- თუ თვითმფრინავში ხართ, დროდადრო (1 საათში ერთხელ) წამოდექით და ადგილზე იარეთ. თუ ამას ვერ ახერხებთ, მაშინ ყოველ 30 წუთში დაჭიმეთ წვივები და გააკეთე რამდენიმე ვარჯიში: 10-10 ჯერ აწიოთ და ჩამოწიოთ ქუსლები, თითები კი იატაკზე გედოთ. შემდეგ აწიეთ ფეხის თითები, ხოლო ქუსლები იატაკზე გედოთ.
- არ მოწიო. მოწევა ზრდის ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების რისკს.
- ივარჯიშეთ და აკონტროლეთ წონა. სიმსუქნე არის ღრმა ვენების თრომბოზის რისკის ფაქტორი. რეგულარული ვარჯიში ამცირებს სისხლის შედედების რისკს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დიდხანს ზის ან ხშირად მოგზაურობს.
- ელასტიკური წინდები. ელასტიკური წინდების ხანგრძლივი ხმარება ვენებს მცირედ ავიწროებს, შესაბამისად სისხლის ნაკადის დინება ჩქარდება და თრომბოზის განვითარების რისკი მცირდება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მხოლოდ ელასტიკური წინდები არ არის საკმარისი ღრმა ვენების თრომბოზის თავიდან ასაცილებლად; უფრო მეტიც, ადამიანებს ექმნებათ დაცულობის ცრუ განცდა და ისინი უგულებელყოფენ პრევენციის უფრო ეფექტურ მეთოდებს. ელასტიკური ბანდების არასწორად გამოყენების შემთხვევაში ის შეიძლება დაიხვეს ერთ ადგილზე და ზეწოლის გამო გააღრმაოს ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის შეფერხება.
- პნევმატური კომპრესული წინდები თრომბის წარმოქმნის პრევენციის ეფექტური საშუალებაა. ეს წინდები პლასტიკატისგან მზადდება, ავტომატურად იბერება და იცლება ელექტროტუმბოთი, ანუ ისინი პერიოდულად მოეჭირება წვივებს და ცლის ვენებს. წინდები გამოიყენება ქირურგიულ ჩარევამდე, კიდურზე ჩამოცმული რჩება ოპერაციის დროს და მის შემდეგ, სანამ პაციენტი სიარულს დაიწყებს.
- შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტები (ანტიკოაგულანტები) ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების რისკფაქტორების მქონე პაციენტებს ენიშნება ქირურგიულ ჩარევამდე, ჩარევის პროცესში და ზოგჯერ მის შემდეგაც. ამ პაციენტების რიგს მიეკუთვნებიან პირები შედედების პრობლემებით და ისინი, ვისაც ბოლო ხანებში ჰქონდათ ღრმა ვენების თრომბოზის ერთი ან მეტი ეპიზოდი. გარკვეული ტიპის ქირურგიული ჩარევისას (როგორიცაა მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირება) რისკი განსაკუთრებით დიდია.
ღრმა ვენების თრომბოზის გართულებებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულებზე:
>https://merki.mkurnali.ge/sections/742/grma-venebis-trombozi/