ღრმა ვენების თრომბოზი

- რა განსხვავებაა თრომბოზსა და თრომბოფლებიტს შორის, რომელი უფრო საშიშია?
თრომბოზი, საზოგადოდ, სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესია. ამ პათოლოგიური პროცესის შედეგად შესაძლოა სისხლძარღვის სანათური ნაწილობრივ შევიწროვდეს ან სრულიად დაიხშოს.
თრომბების წარმოქმნას ხელს უწყობს სისხლის ნაკადის შენელება, სისხლძარღვის შიგნითა გარსის - ენდოთელიუმის დაზიანება და სისხლის თვისებების შეცვლა.
ღრმა ვენების თრომბოზი - ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ღრმა ვენებში თრომბები ყალიბდება.აღნიშნულ პროცესს თან ახლავს ვენების კედლის ანთება (ფლებიტი), ამიტომ დაავადებას ღრმა ვენების თრომბოფლებიტსაც უწოდებენ. რამდენადაც თრომბოზს პრაქტიკულად ყოველთვის ახლავს თან ფლებიტი, თრომბოზისა და თრომბოფლებიტის დიაგნოზი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან არის გაიგივებული.
ვენებში თრომბის წარმოქმნის შემდეგ თრომბის გარშემო ანთება ვითარდება, თრომბი ვენის კედელს მიემაგრება, რაც ამ უკანასკნელის დაზიანებას და ანთებას იწვევს. შემდგომ დაავადება პროგრესირებს. სისხლის ნაკადის ზემოქმედებით თრომბის ნაწილი შესაძლოა მოწყდეს, ვენურ სისტემაში გავრცელდეს და დაბრკოლება შექმნას.
თრომბის მდგომარეობაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს და მისი ფრაგმენტაცია გამოიწვიოს ნებისმიერმა კუნთოვანმა შეკუმშვამ, ამიტომ ზოგჯერ უმნიშვნელო მოძრაობაც კი სახიფათოა - შესაძლოა, თრომბი დაზიანდეს, წვრილ ნაწილებად დაიშალოს და სისხლის ნაკადთან ერთად ორგანიზმში გავრცელდეს. თრომბის მოწყვეტილი ნაწილები ყველაზე ხშირად ფილტვის არტერიის სისტემაში ხვდება - ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას (თრომბის ნაწილის ჩაჭედვის გამო სისხლძარღვის დახშობას) განაპირობებს, შედეგად კი გულისა და ფილტვის უკმარისობა ვითარდება. ამრიგად, ღრმა ვენებში არსებული თრომბები პოტენციურად უფრო საშიშია, ვიდრე ზედაპირულ ანუ კანქვეშ განთავსებულ ვენებში არსებული თრომბები. მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტს ინტენსიური ტკივილი და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები ახასიათებს, მათში წარმოქმნილი თრომბები ხშირ შემთხვევაში მცირე ზომისაა, რაც მთავარია, სისხლის ნაკადით გავრცელების საშიშროებას არ ქმნის და, შესაბამისად, არც სისხლძარღვის ემბოლიისა და ოკლუზიის (შევიწროება-დახშობის) მიზეზად გვევლინება.
ღრმა ვენების თრომბოზის სიმპტომები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღრმა ვენების თრომბოზს იშვიათად ახლავს თან ტკივილი და კანის შეწითლება. აღნიშნული სიმპტომები, როგორც წესი, მინიმალურად არის გამოხატული. შემთხვევათა ნახევარში ღრმა ვენების თრომბოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ხშირად კი დაავადების პირველ სიმპტომად გულმკერდის არეში ტკივილი გვევლინება, რაც, თავის მხრივ, პირველი ნიშანია ისეთი ვერაგი გართულებისა, როგორიც არის ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.
ღრმა ვენების თრომბოზის დროს ვენური ნაკადის დარღვევის საფუძველზე ვითარდება ქვედა კიდურების ტკივილი და შეშუპება. შეხებისას კიდური გავარვარებულია. თრომბის ლოკალიზაციიდან გამომდინარე, შესაძლოა შეშუპდეს კოჭი, წვივი ან მთელი ბარძაყი. თრომბები ხშირად ვენების სარქვლოვანი აპარატის დაზიანებას იწვევს, რაც ვენური სისხლის ნაკადის მოძრაობას აფერხებს და შესაბამისად, კიდურის შეშუპებას განაპირობებს. ამგვარად, ღრმა ვენების არაგართულებული თრომბოზის ძირითადი სიმპტომებია:
- კიდურის შეშუპება თრომბის ლოკალიზაციაზე დამოკიდებულებით;
- კიდურის შეწითლება;
- სიმძიმისა და სიმხურვალის შეგრძნება კიდურის არეში.
ძირითადი მიზეზები და რისკფაქტორები
თრომბის წარმოქმნაში მონაწილე მთავარი ფაქტორებიდან უნდა აღინიშნოს სისხლძარღვის კედლის დაზიანება, სისხლის შესქელება და სისხლის ნაკადის მოძრაობის შენელება. ჩამოთვლილი სამი ფაქტორი ვირხოვის ტრიადის სახელწოდებით არის ცნობილი.
ვენები შესაძლოა დაზიანდეს ქირურგიული ჩარევისას, სამედიცინო პრეპარატების ინექციისას (ინტრავენური ინექციები და წვეთოვანი გადასხმები). სათანადო მკურნალობის გარეშე ღრმა ვენების თრომბოზი პროგრესირებს, ინტენსიურად წარმოქმნილი თრომბები უფრო და უფრო მეტად აზიანებს ვენების კედლებს.
ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების ალბათობა დიდია ონკოლოგიური დაავადებების დროს, თამბაქოს მწეველებში, ორალური ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენებისას. თითოეული ეს ფაქტორი ხელს უწყობს თრომბების წარმოქმნას.
ღრმა ვენების თრომბოზი შესაძლოა განვითარდეს პოსტოპერაციულ პერიოდშიც, მაგალითად, საკეისრო კვეთის ან სხვა რომელიმე გინეკოლოგიური ოპერაციის შემდეგ.
ასაკთან ერთად თრომბოზის განვითარების რისკი იმატებს. თრომბოზის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის აგრეთვე ხანგრძლივი იმობილიზაცია (წოლითი რეჟიმი), ვინაიდან ამ დროს მცირდება ვენური ნაკადის სიჩქარე, კუნთები სათანადოდ ვერ იკუმშება და ყოველივე ამის გამო გულისაკენ სისხლის გადაადგილება რამდენადმე ფერხდება.
მაღალი რისკის ჯგუფში შედიან ის პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს ინსულტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი, რომლებიც მიზეზთა გამო ვერ მოძრაობენ, ვერ გადაადგილდებიან და საწოლს დიდი ხნით არიან მიჯაჭვულნი.
ღრმა ვენების თრომბოზი შესაძლოა განუვითარდეთ ახალგაზრდა ჯანმრთელ ადამიანებსაც, რომლებიც დიდხანს დგანან ფეხზე ან სხედან სკამზე (პროფესიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად უწევთ ხანგრძლივი ფრენა, ავტომანქანის მართვა და სხვა).