შესაძლებელია თუ არა გაციების არიდება
რამდენი უხერხულობის მომტანია ის. როგორც წესი, მოსახლეობაში ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დონე მატულობს წლის ცივ და გარდამავალ პერიოდებში. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება (სითბო შენობებში, ტრანსპორტში, გარეთ კი ცივი ქარი და უსიამოვნო სიცივე) ყველაზე საშიშია ჯანმრთელობისთვის, რადგანაც შეიძლება განვითარდეს დაავადება ისეთი უსიამოვნო შედეგებით, როგორიცაა ხველა, სურდო, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურის მომატება. თუმცა, არსებობს ბევრი პროფილაქტიკური საშუალება, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებასა და დაავადების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება. სწორად წარმართული მკურნალობა მნიშვნელოვნად შეამცირებს დაავადების პერიოდს და დაგვიცავს არასასურველი გართულებებისაგან.
მოერიდეთ ვირუსის მქონე ადამიანთან კონტაქტს
მწვავე ვირუსული რესპირატორილი დაავადების ერთ-ერთი მიზეზი ვირუსის მატარებელი ადამინისაგან დასნებოვნებაა. ყველაზე ხშირად ეს ხდება დახურულ შენობებში, რომლებიც იშვიათად ნიავდება და ჰაერი გუბდება. თუ ჩაკეტილ სივრცეში გაციების აშკარა ნიშნების მქონე ადამიანთან ერთად ხართ, დაავადების რისკი ძალიან დიდია. ამიტომ, შეეცადეთ, რამდენადაც შესაძლებელია, ნაკლებად იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მოერიდეთ კოლეგებთან კონტაქტს, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო, გადაწყვიტეს სამსახურში მოსვლა, ნაცვლად იმისა, რომ სახლში დარჩენილიყვნენ და ემკურნალათ, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს მწვავე ვირუსული ინფექციების სეზონში, რადგან დაავადებას შეიძლება არ ჰქონდეს გამოხატული სიმპტომები, მაგრამ გადადების თვალსაზრისით საყურადღებო და მოსარიდებელი იყოს.
პირადი ჰიგიენა
გაითვალისწინეთ, რომ სისუფთავე ჯანმრთელობის საწინდარია. ადამიანები, რომლებიც იცავენ პირადი ჰიგიენის წესებს, იშვიათად ავადობენ და გაცილებით უკეთ გრძნობენ თავს. მწვავე რესპირატორული ვირუსი ინფექციების სეზონზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხელების დაბანას. საქმე ისაა, რომ რესპირატორული დაავადებების ვირუსები შეიძლება აღმოჩნდეს საყოფაცხოვრებო საგნებზე და ცხოველმყოფელობა შეინარჩუნოს თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში. იმის გათვალისწინებით, რომ დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას გვიწევს ყოფნა და ვეხებით უამრავ საგანს, შემდეგ კი სახეს, ცხვირს ან პირს, ვირუსები მარტივად აღწევენ ორგანიზმში. ამის თავიდან ასაცილებლად სახლში დაბრუნებისთანავე და ჭამის წინ აუცილებლად დაიბანეთ ხელები. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით დასნებოვნების შესაძლებლობას.
ჯანსაღი კვება
ახალი არაფერია იმაში, რომ ჯანმრთელობა და ორგანიზმის მდგომარეობა უკავშირდება მიღებულ საკვებს, უფრო ზუსტად, რომელ ვიტამინებს, მინერალებს და მიკროელემენტებს ვიღებთ საკვებიდან. გაციების სეზონზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ რაციონს და გულდასმით შევარჩიოთ ყოველდღიური მენიუ, ჩავრთოთ მხოლოდ სასარგებლო საკვები პროდუქტები. რესპირატორული დაავადებების ძირითადი მტერი С ვიტამინია, ამიტომ ის საკმარისი რაოდენობით უნდა მივიღოთ. მიირთვით ახალი ხილი და ბოსტნეული, რომლებიც ვიტამინების წყაროა, ნიგოზი, თევზი, ხორცი და რასაკვირველია, ხახვი და ნიორი. პროფილაქტიკისთვის შეიძლება დალიოთ მცენარეული ჩაი, ასკილის ნაყენი და ჩირის კომპოტი.
ვარჯიში
ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია! ეს არ არის უსაფუძვლო გამონათქვამი და სრულიად არგუმენტირებული მტკიცებულებაა. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ და ცხოვრების აქტიურ წესს მისდევენ, გაცილებით ნაკლებად ავადობენ. სპორტი აძლიერებს იმუნიტეტს, აწესრიგებს შინაგანი ორგანოების მუშაობას, აჩქარებს მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას, რაც ვირუსებისგან დაცვის ერთ-ერთი ეფექტური პროფილქტიკური საშუალებაა, ბონუსად ვიღებთ გაკაჟებას. თუმცა, ამ საკითხს გონივრულად უნდა მივუდგეთ. არასწორად წარმართულმა გაკაჟებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გადაციება და სერიოზული დაავადებების განვითარება, ამიტომ ყველა აუცილებელი პროცედურა თანდათაობით და ზომიერად უნდა შევასრულოთ.
ვაქცინაცია
მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების - გრიპის განვითარების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა, რომელმაც შეიძლება ვერ მოგვცეს სრულად ვირუსული ინფექციებისაგან დაცვის გარანტია. ის ზრდის ორგანიზმის დაცვის დონეს და დაავადების განვითარების შემთხვევაში, ამსუბუქებს სიმპტომებს.
გაციების მკურნალობა
თუ მაინც ვერ მოახერხეთ დაავადების არიდება, სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა დაიწყოთ მკურნალობა. პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ექიმთან ვიზიტი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს დაავადების ხასიათს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას. თვითმკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვა, უფრო სერიოზული პრობლემები. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, დაიცავით წოლითი რეჟიმი და შეასრულეთ ექიმის დანიშნულება. ამ შემთხვევაში სწრაფად გაუმკლავდებით დაავადებას და უმოკლეს ვადაში დაუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.