საჭიროა თუ არა ბრონქული ასთმის ანტიბიოტიკებით მკურნალობა?
ამ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები სებასტიან ჯონსონის ხელმძღვანელობით, რომლებმაც ჩაატარეს ანტიბიოტიკ კეტეკის კლინიკური კვლევა. მათ მიაჩნიათ, რომ ანტიბიოტიკები ეფექტურია ვირუსთან ბრძოლაში. კეტეკი კეტოლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია, რომელიც გამოიყენება ბრონქიტების, პნევმონიების, სინუსიტების სამკურნალოდ. ბრონქული ასთმა ფილტვების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. ის ქოშინითა და მოხრჩობის შეგრძნებით მიმდინარეობს, ზოგჯერ მშრალი ხველითაც. ეს სიმპტომები ვლინდება ალერგენზე ან სხვა დაავადების, ფიზიკური დატვირთვის, ემოციური სტრესის საპასუხოდ. ბოლო დროს გამოჩნდა მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ ბრონქული ასთმის გამწვავებაში მიკროორგანიზმების როლის არსებობას. კერძოდ - Chlamydia pneumoniae-სა და Mikoplazma pneumoniae-ს. სწორედ ამის გამო მოხდა ამ ჯგუფის პრეპარატის ანტიბიოტიკის - კეტეკის კლინიკური კვლევა, რომელიც ამ ორივე მიკროორგანიზმზე მოქმედებს. მოცემულ კვლევაში ზრდასრული ასაკის 278 ასთმიანმა მიიღო მონაწილეობა. პაციენტების ნაწილს ჩვეულებრივ მკურნალობასთან ერთად 10 დღე ყოველდღიურად 800 მგ კეტეკს აძლევდნენ, დანარჩენს (საკონტროლო ჯგუფს) კი - პლაცებოს. ყველა ავადმყოფს ჩაუტარდა ტესტირება Mikoplazma pneumoniae-სა და Chlamydia pneumoniae-ს არსებობაზე. კვლევის დასაწყისში და 10 დღის შემდეგ პაციენტებში ასთმის სიმპტომებს 7-ბალიანი სკალით (7 ბალით ფასდებოდა ყველაზე მძიმე სიმპტომები) აფასებდნენ. პაციენტები, რომლებიც კეტეკს ღებულობდნენ, კვლევის დაწყებამდე შეფასდნენ 3 ბალით, ხოლო კვლევის ბოლოს - 1,7 ბალით. საკონტროლო ჯგუფის პაციენტები კი დასაწყისში 2,8 ბალით შეაფასეს, ბოლოში კი - 2 ბალით. ანტიბიოტიკით ნამკურნალევ პაციენტებში ფილტვების ფუნქციონალური მდგომარეობის განმსაზღვრელი მონაცემები უფრო სწრაფად უმჯობესდებოდა, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წარმომადგენლებში. საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, კეტეკით მკურნალ ავადმყოფებს ხშირად უვითარდებოდათ გულისრევა, მაგრამ სხვა გვერდითი ეფექტი არ შეიმჩნეოდა. კვლევაში მონაწილეთა 16%-ს აღმოაჩნდა მიკოპლაზმა ან ქლამიდია. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ურთიერთკავშირი ინფექციის არსებობასა და მკურნალობის დადებით ეფექტს შორის. ჯონსონის აზრით, ამ მკურნალობის ეფექტი შეიძლება დაკავშირებული იყოს კეტეკის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებასთან ან სხვა, დღეისთვის უცნობ მექანიზმთან. მიუხედავად იმისა, თუ როგორი შედეგები იქნა მიღებული, მეცნიერები ჯერ თავს იკავებენ ბრონქული ასთმის დროს ანტიბიოტიკის აუცილებელი გამოყენებისგან და მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ამ შედეგების გამტკიცება შემდგომი დაკვირვებით.