ურტიკარია ანუ ჭინჭრის ციება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ურტიკარია ანუ ჭინჭრის ციება

ჭინჭრის ციება შეიძლება იყოს ადგილობრივი და გენერალიზებული (ანუ მოიცვას სხეულის ცალკეული ნაწილები ან გავრცელდეს მთელ სხეულზე), მწვავე და ქრონიკული. იგი შეიძლება იყოს სხვა დაავადებების სიმპტომიც. ჭინჭრის ციება შეიძლება გამოიწვიოს: ფიზიკურმა (სითბო, სიცივე, წნევა, მზის რადიაცია), დერმოგრაფიულმა (ან მექანიკურმა) ფაქტორებმა (ვთქვათ, სავარცხლით კანის გაღიზიანებამ (დაზიანებამ)), სამკურნალო საშუალებებმა, მტვერმა და ა. შ. როცა მიზეზს ვერ პოულობენ, ჭინჭრის ციებას იდიოპათიურს უწოდებენ. ძირითადად კი განასხვავებენ ჭინჭრის ციების ორ ფორმას: ალერგიულს და არაალერგიულს. ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ მემკვიდრეობით ფორმასაც. მწვავე ჭინჭრის ციება უფრო ხშირად ალერგიული ბუნებისაა, ქრონიკული, მორეციდივე ფორმის შემთხვევაში კი კავშირი რომელიმე ალერგენთან (წამალთან, მტვერთან, საკვებთან) იშვიათად შეიმჩნევა, და საერთოდ, გამომწვევი მიზეზის დადგენა ავადმყოფების მხოლოდ 5-30%-ში ხერხდება.

კვინკეს შეშუპება

ანგიონევროზული შეშუპება, სხვაგვარად - კვინკეს შეშუპება ან გიგანტური ჭინჭრის ციება, ჩვეულებრივი ჭინჭრის ციებისგან კანის დაზიანების სიღრმით განსხვავდება. დიდი ზომის შეშუპება ყველაზე ხშირად ფაშარი უჯრედოვანი აგებულების ადგილებში (ტუჩები, ლოყები, წარბები, პირის ლორწოვანი გარსი, სასქესო ორგანოები) ჩნდება. ტიპურ შემთხვევებში იგი უკვალოდ ქრება რამდენიმე საათის შემდეგ (2-3 დღემდე). შეშუპების საშუალო და მძიმე ფორმების დროს ავადმყოფის ჰოსპიტალიზება აუცილებელია. კვინკეს შეშუპების მემკვიდრეობითი ფორმა ცალკეა გამოყოფილი. ამ ფორმით უფრო ხშირად მამაკაცები ავადმყოფობენ. შეშუპებას მიკროტრავმები და სტრესები აპროვოცირებს. ხშირად ვითარდება ხორხის შეშუპება. ამ დაავადებას სხვა პრინციპებით მკურნალობენ. ქირურგიული ჩარევის წინ აუცილებელია მთელი რიგი პროფილაქტიკური ღონისძიებებისა.

წარმოშობის მიზეზები

მწვავე ჭინჭრის ციება ხშირად საკვებისა და წამლისმიერი ალერგიის სიმპტომად გვევლინება. საკვები პროდუქტებიდან მის განვითარებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია კვერცხს, არაქისს, სოიას, ღორის ხორცს, რძეს, თევზსა და ზღვის სხვა პროდუქტებს, ქათამს, თხილსა და კაკალს. უნდა გავითვალისწინოთ აგრეთვე ჯვარედინი ალერგიული რეაქციების - ვთქვათ, ერთდროულად საკვები პროდუქტისა და მტვრის ან ლატექსის - შესაძლებლობაც. წამლებიდან ჭინჭრის ციების გამოწვევა ძალუძს ასპირინს, ანტიბიოტიკებს (მაგ. პენიცილინის ჯგუფს), სულფანილამიდებს, კოდეინს. ჭინჭრის ციების განვითარებას შესაძლოა კავშირი ჰქონდეს სისხლის გადასხმასთან ან სხეულში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანასთან. ის შეიძლება სიფრიფანაფრთიანი მწერის ნაკბენმაც გამოიწვიოს. ზოგჯერ ჭინჭრის ციებას იწვევს ინფექციური და ვირუსული დაავადებები, მათ შორის - ჭიებით ინვაზია, ჰეპატიტი და ლამბლიოზიც. პრობლემა შესაძლოა ისეთ პაციენტებსაც შეექმნათ, რომელთაც ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები აქვთ.  კვინკეს შეშუპებისთვის დამახასიათებელია კავშირი გულის უკმარისობისა და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატებთან (რენიტეკი, კაპოტენი, ენაპი, პრესტარიუმი და სხვა). ამ დროს შეშუპება ხშირად ენასა და ტუჩებზეა ლოკალიზებული.

დიაგნოსტიკა

როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ექიმი ამ დროსაც უპირველესად ანამნეზს კრებს ანუ არკვევს, რა გჭირთ. მომდევნო ეტაპი სხეულის დათვალიერება და ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული გამოკვლევებია, მათ შორის - ვასერმანის რეაქცია, რენტგენი, ალერგოლოგიური და იმუნოლოგიური კვლევები. გამოკვლევა გულდასმით უნდა ჩატარდეს, რათა ზედმიწევნით გამოირიცხოს ყველა დაავადება, რომლებიც მიმდინარეობით ძალიან ჰგავს ჭინჭრის ციებას. გარდა ამისა, შესასწავლია პათოლოგიები, რომლებმაც შესაძლოა სათავე დაუდოს შეუპოვრად მიმდინარე ჭინჭრის ციებას. ასეთია ქრონიკული ტონზილიტი, კარიესი, ქოლეცისტიტი, ოსტეომიელიტი, შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, კუჭნაწლავისმიერი პრობლემები და სხვა. ჩამოთვლილიდან გამომდინარე, მკითხველი ალბათ მიხვდება, რომ ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების დიაგნოსტიკა-მკურნალობა მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალ გამოცდილ ალერგოლოგს ხელეწიფება. საშიშია თუ არა ეს დაავადებები? ლოკალური - ერთ რომელიმე ადგილას არსებული - ჭინჭრის ციება მსუბუქ ალერგიულ რეაქციებს მიეკუთვნება, ხოლო გენერალიზირებული ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება - საშუალოს და მძიმეს. განსაკუთრებით საშიშია შეშუპება სახის, კისრის, პირის ღრუსა და ხორხის მიდამოში, რადგან ამას შესაძლოა სუნთქვის გაძნელება და მოხრჩობით სიკვდილიც მოჰყვეს, თუ, რა თქმა უნდა, პაციენტს დროულად არ გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება.

მკურნალობა და პროფილაქტიკა

უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია პაციენტის განათლება და წარმომშობი მიზეზებისა და მაპროვოცირებელი ფაქტორების აღმოფხვრა. ავადმყოფმა მეტი უნდა იცოდეს თავისი დაავადების შესახებ. წესით და რიგით (ასე ხდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ჯანმრთელობას სახელმწიფო ყურადღებას აქცევს) ყველა ავადმყოფს თან უნდა ჰქონდეს “ალერგიული ავადმყოფის პასპორტი”, რომელშიც მითითებულია დიაგნოზი და რეკომენდაციები. ყველა, ვისაც კი ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება გადაუტანია, უნდა ეცადოს, თავი არიდოს ასპირინის და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების მიღებას, რადგან ისინი ათიდან 5 შემთხვევაში დაავადების გამწვავებას იწვევენ. უნდა გამოვრიცხოთ ალკოჰოლი, ზოგ შემთხვევაში - ცხელი შხაპი ან აბაზანა, ზოგიერთი წნევის დამწევი საშუალება. თუ “დამნაშავე” პროდუქტი დადგენილია, მისი მიღებაც უნდა აიკრძალოს. მზისმიერი ჭინჭრის ციების დროს გარუჯვა რეკომენდებული არ არის. ის პაციენტები, რომელთაც მემკვიდრეობითი კვინკეს შეშუპება აქვთ, უნდა ერიდონ კბილის ამოღებას.

მედიკამენტური მკურნალობა

მწვავე ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების დროს პირველ ადგილზე დგას ის საშუალებები, რომლებსაც შეუძლია, სწრაფად მოახდინოს სიმპტომების კუპირება. მსუბუქი შემთხვევების დროს შეიძლება დავჯერდეთ ანტიჰისტამინურ პრეპარატებსაც - დიმედროლს, სუპრასტინს, ტავეგილს. გაცილებით უკეთესია უახლესი პრეპარატები, რომლებიც ძილიანობას არ იწვევს, მაგალითად, კლარიტინი, ალერფასტი და სხვა. არცთუ იშვიათად შედეგიანია გამწმენდი ოყნა და ენტეროსორბენტები (სმექტა, გააქტიურებული ნახშირი). საშუალო სიმძიმისა და მძიმე შემთხვევებში აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, სადაც მას სპეციალისტები მაღალკვალიფიციურ დახმარებას გაუწევენ. დაბოლოს: ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების მკურნალობის რეკომენდაციებში ჩართულია მეთოდები, რომელთა ეფექტურობა და უსაფრთხოება მეცნიერულად არის დამტკიცებული. ამავე დროს რეკლამა ეწევა ჭინჭრის ციებისა და კვებითი ალერგიების სხვადასხვა ფორმის არატრადიციული მკურნალობის არცთუ მცირერიცხოვან მეთოდს. მათი მიმდევრების აქტიურობის მიუხედავად, ასეთი მეთოდების ეფექტურობა დამტკიცებული არ არის, ანდა მათ ვერ გაუძლეს ობიექტური მეთოდებით გამოცდას. რაც მთავარია, ზოგიერთი მათგანი არცთუ უსაფრთხოა პაციენტის ჯანმრთელობისათვის, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ არატრადიციული მეთოდებით მკურნალობას, საკუთარ ექიმთან მაინც განიხილეთ მისი უსაფრთხოების ხარისხი.