რითია საყურადღებო ალერგიული დერმატიტი და როგორ შეიძლება ამ მდგომარეობის პრევენცია
დაავადების უფრო მაღალი მაჩვენებელი განვითარებული ქვეყნების მცხოვრებლებს შორის აღინიშნება. პრობლემას უდიდესი სამედიცინო და სოციალური მნიშვნელობა აქვს, რადგან მუდმივად იზრდება მოსახლეობის პოლივალენტური სენსიბილიზაცია, შესაბამისად, იზრდება კანის ალერგიისა და სხვა ალერგიული დაავადებების სიხშირე. რა არის ალერგოდერმატოზი და როგორ შეიძლება მისი მართვა, გვესაუბრება ექიმი-ალერგოლოგი, ლალი ბერიძე.
– ქალბატონო ლალი, რა შეიძლება იყოს ალერგიული დერმატოზების გამომწვევი მიზეზი?
– ეს არის კანის დაავადება, რომელიც ვლინდება ალერგენთან კონტაქტისას კანის რეაქციით. ეს რეაქცია შეიძლება იყოს დაგვიანებული. მისი მიზეზების დადგენა მარტივი არ არის, რამდენადაც დაავადების გამოვლინება შეიძლება მოხდეს გამღიზიანებელთან კონტაქტიდან რამდენიმე ხნის შემდეგაც. მისი პროვოცირება შეიძლება მოახდინოს მედიკამენტებმა, საყოფაცხოვრებო ქიმიამ, ჰაერში გავრცელებულმა ნივთიერებებმა, ხელოვნურმა პოლიმერებმა, ქალებს შორის სახეზე არსებული დერმატიტი შეიძლება უხარისხო კოსმეტიკამ გამოიწვიოს.
– რით განსხვავდება სხვა ტიპის დერმატიტებისაგან?
– ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ განვასხვაოთ დერმატიტის სხვადასხვა სახეობა, რათა უკეთ გავიგოთ, რა ხდება ორგანიზმში და უფრო ეფექტურად შევამციროთ არასასურველი ეფექტები.
ალერგიული დერმატიტი – ეს არის რეაქცია, რომელიც კანზე ჩნდება ალერგენის (სხვადასხვა ქიმიური, მექანიკური, კოსმეტიკური და ა.შ.) ზემოქმედების შედეგად. ალერგიული დერმატიტის გამოხატული ნიშნებია:
- ქავილი;
- შეშუპება, განსაკუთრებით სახსრებზე, თეძოზე, მუცელზე;
- ასევე აღინიშნება დაზიანებული უბნის წვა და კანზე ამობურცული წამონაზარდები.
– რა პროცესები ვითარდება ორგანიზმში, ვიდრე კანზე გამოვლინდება ალერგოდერმატოზის ნიშნები?
– ალერგიული კონტაქტური დერმატიტის დროს ცვლილებები კანზე ალერგენთან კონტაქტიდან 10-14 დღის შემდეგ ვითარდება. მანამდე შესაძლოა ლორწოვანი გარსებისა და სხეულის სხვა ნაწილების შესივებით გამოიხატოს. მას ახასიათებს ქავილი, თუმცა მანამდე შესაძლებელია წვისა და ტკივილის შეგრძნება ახლდეს. ეს სიმპტომები, ქავილთან ერთად, განსაკუთრებით ხშირია სუსტი იმუნური სისტემის პაციენტთა შორის. გამონაყარის გამოვლენამდე დამახასიათებელია კანის სიმშრალე.
– როგორია კლინიკური ნიშნები?
– გამონაყარს ხშირად თან ერთვის კანის ზედა ფენის აქერცვლა და ქერქების წარმოქმნა. დაზიანებულ კანში ადვილად იჭრება ინფექცია და საკმაოდ რთულად მიმდინარე პროცესებს უდებს სათავეს. გამონაყარი შეიძლება იყოს პოლიმორფული, თან ახლავს ქავილი, შეშუპება და შეწითლება გამაღიზიანებელთან კავშირიდან ერთი ან რამდენიმე კვირის შემდეგ. ეს სიმპტომები ვლინდება უშუალო კონტაქტის ადგილას. სიმპტომებია:
- კანის მკვეთრი შეწითლება;
- ერითემა მკვეთრი შეშუპებით;
- ბუშტუკები და ბუშტები, რომლებიც იხსნება და ტოვებს სველ ეროზიას.
– ძირითადად კანის რომელ უბნებზე ვითარდება ალერგიული დერმატიტი?
– მისი სიმპტომები, ჩვეულებრივ, გვხვდება სხეულის იმ უბნებში, რომლებიც გარე გამღიზიანებლის აგენტს ექვემდებარება.
კანის პათოლოგიური ცვლილებები უპირატესად შუბლსა და ლოყებზე ვითარდება და ნიკაპზე ვრცელდება. გამონაყარის ტიპური ადგილებია: იღლიები, იდაყვები, მუხლქვეშა ფოსოები, მაჯები, ხელის მტევნები.
– როგორ ისმება დიაგნოზი?
– დიაგნოზის დასმა ძირითადად ეფუძნება კლინიკურ ნიშნებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს კვლევების (კანის ალერგიული ტესტები, სისხლში IგE-ს განსაზღვრა) ჩატარება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ალერგიული ანამნეზის შეკრება (კვების ხასიათი, ინფექციები, ანტიბიოტიკების გამოყენება).
ბავშვთა ტესტირება ხდება გავრცელებული ალერგენების ჯგუფებზე – ცხოველის ბეწვი, მცენარის მტვერი, მტვრის ტკიპა.
მოზრდილები შეიძლება შემოწმდნენ ნივთიერებებზე, რომლებთანაც უწევთ შეხება საწარმოში მუშაობის დროს.
– რა გართულებები შეიძლება განვითარდეს?
– ალერგიული დერმატოზების გართულებების რისკი ძალიან დიდია. თუ პაციენტი არ მიჰყვება რეკომენდაციებს, ქავილისგან დაზიანებული კანი შეიძლება დაინფიცირდეს ბაქტერიებით. მკურნალობის გარეშე დატოვებული დერმატიტი დიდი ალბათობით გადაიზრდება ეგზემაში. განსაკუთრებული რისკის ჯგუფში იმყოფებიან: ადრეული ასაკის ბავშვები, მწეველები, ნარკოდამოკიდებულები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებებისა და ნერვული სისტემის პრობლემების მქონე ადამიანები.
– როგორია მკურნალობის საშუალებები?
– მკურნალობა, პირველ რიგში, მოიცავს ალერგენის ლიკვიდაციას. გაღიზიანების მიმართ მგრძნობელობის დაწევა ხდება სპეციალური პრეპარატებით. ასევე გამოიყენება მალამოები და საცხები. განსაკუთრებულ მძიმე შემთხვევები მიმდინარეობს ჰორმონული თერაპიის ფორმით, ასევე მნიშვნელოვანია ანტიჰისტამინური პრეპარატებით მკურნალობა.
აუცილებელია დიეტის დაცვა. კვება მკურნალობის მნიშვნელოვანი შემადგენელია. უნდა გამოირიცხოს ფასტ-ფუდი, მწარე, ცხარე, არომატიზატორებით გაჯერებული საკვები, არასეზონური ხილი.
მკურნალობა გრძელვადიანი პროცესია და, სულ მცირე, 28 დღის განმავლობაში გრძელდება.
– რამდენად შესაძლებელია ამ მდგომარეობის პროფილაქტიკა და როგორ?
– თუ დაავადების დიაგნოზი უკვე დასმულია, მისი პროფილაქტიკის ყველაზე მარტივი და გამოცდილი მეთოდია ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტა, კვების რეჟიმის მოწესრიგება, ჰიპოალერგიული დიეტის დაცვა, ასევე იმუნური სისტემის ხელშეწყობა. ყურადღება უნდა მივაქციოთ ტანსაცმელს, საცვლებსა და თეთრეულსაც კი, რომლებიც სასურველია იყოს ნატურალური ქსოვილის.