ალერგია გლობალური სამედიცინო – სოციალური პრობლემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალერგია გლობალური სამედიცინო – სოციალური პრობლემა

აქედან მოყოლებული, ყოველწლიურად 10-15%-ით იმატებს სხვადასხვა ტიპის ალერგიულ გამოვლინებათა სიხშირე, მაგალითად, დედამიწის ყოველ მესამე ადამიანს – ალერგიული რინიტი, ყოველ მეათეს კი ბრონქული ასთმა აწუხებს. დღეს ალერგია გლობალური სამედიცინო-სოციალური პრობლემაა.

საგულისხმო ფაქტები

  • ალერგიული დაავადებები ცნობილია უხსოვარი დროიდან. ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჯერ კიდევ მე-5-4 საუკუნეებში ჰიპოკრატე აღწერდა ზოგიერთი პროდუქტისადმი ადამიანის აუტანლობასა და მიუღებლობას, რომლებიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქციასა და ჭინჭრის ციებას იწვევდა;
  • პრობლემას იცნობდა გალენუსიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2 საუკუნეში, მას ერთგვარი სურდოს სახით აღწერდა, რომელიც ვარდის დაყნოსვის შედეგად ვითარდებოდა;
  • მე-19 საუკუნეში პირველად აღწერეს თივის ცხელება და დაადასტურეს, რომ მისი მიზეზი ზოგიერთი მცენარის მტვერი იყო;
  • თანამედროვე მსოფლიოში განვითარებული ქვეყნების ახალგაზრდა მოსახლეობაში ალერგიის მქონე პირთა რაოდენობა გაცილებით აჭარბებს განვითარებადი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ალერგია მეგაპოლისთა მცხოვრებლებს გაცილებით ემტერება. ყოველივე დიდი ქალაქების ჰაერში არსებული მაღალი კონცენტრაციით აეროალერგენების დამსახურებაა, რომლებიც გაცილებით სწრაფად და ძლიერად აზიანებენ ჩვენი სხეულის ლორწოვან გარსებს;
  • ალერგიულ რეაქციათა სტრუქტურაში გავრცელების მხრივ პირველ ადგილს რესპირატორული ალერგოზები იკავებს, მდგომარეობა – როდესაც ზიანდება სასუნთქი სისტემა, მეორე ადგილზე კი კონტაქტური ალერგიული რეაქციები – დერმატოზებია;
  • ამავე სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია არარაციონალური კვებით, ფსიქოემოციური გადატვირთვითა და ჰიპოდინამიით პროვოცირებულ ალერგიულ გამოვლინებებს.

რა არის ალერგია?

ორგანიზმში უცხო სხეულის მოხვედრის და მავნე ზემოქმედებისას ვითარდება იმუნური რეაქცია, რომელსაც იმუნური პასუხის სახით ვიცნობთ.

იმუნური პასუხი ითვალისწინებს საკმაოდ რთულ ბიოქიმიურ პროცესს, რომლის დროსაც გამომუშავდება ანტისხეულები, ისინი ორგანიზმს იცავენ, რადგან ანეიტრალებენ ორგანიზმში შეღწეულ უცხო ნივთიერებას – ე.წ. ანტიგენს.

იმუნიტეტს შესანიშნავი მეხსიერება აქვს, უცხო სხეულებთან პირველი კონტაქტისას ის საიმედოდ იმახსოვრებს მათ და ცხოვრების ბოლომდე ინარჩუნებს მათი ამოცნობის უნარს.

პირველი კონტაქტის შემდეგ გამომუშავებული სპეციფიკური ანტისხეული ანტიგენთან ხელმეორე, განმეორებითი კონტაქტისას კვლავ ამოიცნობს მას და შეტევით მოიგერიებს.

თეორიულად ნებისმიერი იმუნური რეაქცია უნდა იყოს წარმატებული და შედეგიანი, მაგრამ ზოგჯერ, დღეისათვის ჯერ კიდევ ბოლომდე დაუდგენელი მექანიზმების გამო, იმუნური სისტემა კარგავს საკუთარი თავის კონტროლისა და მართვის სადავეებს, ის თითქოსდა აჭარბებს თავის უფლება-მოვალეობებს და ისეთ ნივთიერებებზე იწყებს მკაცრ რეაგირებას, რომლებიც აბსოლუტურად უვნებლები და ნაკლებსაშიშნი არიან.

იმუნიტეტის მიერ მართვის სადავეების ხელიდან გაშვებას შედეგად სდევს დამანგრეველი ჰიპერრეაქციების განვითარება, რომელსაც ალერგიულ რეაქციებს უწოდებენ.

სწორედ ამიტომ არის, რომ ადამიანი, რომელმაც ერთხელ მაინც გამოამჟღავნა მომატებული მგრძნობელობა რომელიღაც ნივთიერებისადმი, მასთან ნემისმიერი განმეორებითი კონტაქტისას ჰიპერრეაქციას ამჟღავნებს.

ალერგია ორგანიზმის საპასუხო, მომეტებული – ჰიპერრეაქციაა გარემოდან მასში ზოგიერთი ნივთიერების მოხვედრაზე, რომელსაც იმუნური სისტემა პოტენციურად საშიშად მიიჩნევს, თუმცა, შესაძლოა, ის რეალურად არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდეს.

ალერგიული რეაქციების განვითარების მაპროვოცირებელ აგენტებს, ანუ ნივთიერებებს, რომლებიც ალერგიას იწვევენ – ალერგენები ეწოდება.

ატოპია და ფსევდოალერგია

ატოპია – ალერგიაა, რომლის დროსაც წამყვანი როლი ეკისრება მემკვიდრეობითობას, ანუ ადამიანს ალერგიული გამოვლინებები მემკვიდრეობით ერგო.

ატოპიის სამი კლასიკური ფორმაა:

  • ატოპიური დერმატიტი;
  • თივის ცხელება (რინიტი, კონიუნქტივიტი, მტვრისმიერი ბრონქული ასთმა);
  • ატოპიური ასთმა.

ატოპიის მქონენი გენეტიკურად არიან წინასწარგანწყობილნი განსაკუთრებული ანტისხეულების – E იმუნოგლობულინების (LგE) პროდუქციისადმი, რომლებიც მწვავედ რეაგირებენ გარემოს ალერგენებზე.

ატოპია არ ნიშნავს იმას, რომ ის გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც გენი განაპირობებს ავადმყოფურ მდგომარეობას და ის გადაეცემა უშუალოდ მშობლებისგან. ატოპია ალერგიის მიმართ მემკვიდრეობით არა დაავადების, არამედ მისადმი დადებითად განწყობის გადაცემაა.

ატოპიასთან დაკავშირებით ცნობილია, თუ მშობლებიდან ერთ-ერთი ალერგიულია, მაშინ 30%-ში მოსალოდნელია ალერგიული ბავშვის დაბადება, ხოლო თუ ორივე მშობელს აღენიშნება ჰიპერრეაქცია, მაშინ ალერგიული ბავშვის დაბადების ალბათობა 60%-მდე მატულობს.

ატოპიის საპირისპირო მდგომარეობაა ფსევდოალერგია, რომელსაც მსგავსი დამახასიათებელი სიმპტომები ახასიათებს (ასთმა, რინიტი, ჭინჭრის ციება, შეშუპება), თუმცა ფსევდოალერგიისას არ არსებობს გენეტიკური წინასწარგანწყობა და მიდრეკილება LგE ანტისხეულების გამომუშავებისადმი, ამასთან, არც ფსევდოალერგიული გამოვლინებებია იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციები.

ალერგიულ რეაქციათა გალერეა

ალერგიულ რეაქციებს მრავლობითი გამოვლინებები აქვს როგორც კლინიკურად, ისე სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიხედვით.

ბრონქული ასთმა

ვლინდება წვრილი ბრონქების სპაზმით (შევიწროებით) გამოწვეულ შეტევით ქოშინსა და სულის ხუთვაში.

  • ბრონქული ასთმის გამომწვევი ალერგენი ორგანიზმში ძირითადად ინჰალაციური, ფილტვების გზით ხვდება.

პოლინოზი – ანუ თივის ცხელება

იწვევს სხვადასხვა სახის მცენარის ყვავილის მტვერი, რომელიც ქარს გადააქვს ერთი რეგიონიდან მეორეში, დაავადება ვლინდება სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებითი მოვლენებით.

  • დაავადების გამომწვევი ალერგენი ორგანიზმში რესპირატორული გზით ხვდება.

ჭინჭრის ციება

ამ ალერგიულ რეაქციას ახასიათებს კანზე ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი, რომელსაც, ჩვეულებრივ, იწვევს საკვები პროდუქტი ან წამალი, იშვიათად – მცენარის მტვერი, საყოფაცხოვრებო, ბაქტერიული, სოკოვანი და სხვა ალერგენი, შესაძლოა ის უკავშირდებოდეს პარაზიტულ ჭიებს, კუჭ-ნაწლავის დაავადებებსა და ინფექციის კერებს.

  • ჭინჭირის ციების გამომწვევი ალერგენი ორგანიზმში ხვდება როგორც ალიმენტური, ისე კონტაქტური და რესპირატორული გზებით.

კვინკეს შეშუპება

  • ის ჭინჭრის ციების ერთგვარი გართულებული ალერგიული რეაქციაა, როცა გამონაყარი შუპდება, ის კანქვეშა ქსოვილში ლოკალიზდება და არ ვრცელდება კანის მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებზე, ამიტომ მას უკვე აღარ ახასიათებს ქავილი.

მედიკამენტური ალერგია

მისი მიზეზია სამკურნალო მედიკამენტებისა და საშუალებების ფართო და ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლო მიღება.

შრატისმიერი დაავადება

ვითარდება სამკურნალო შრატების, ვაქცინებისა და სხვა პრეპარატების შეყვანის მე-7-12 დღეს და ვლინდება კანის გამონაყარით, ტემპერატურის მატებით და სხვა პათოლოგიური პროცესებით.

ანაფ ილაქსიური შოკი

ის ალერგიის ყველაზე მრისხანე და საშიში გამოვლინებაა, რომელიც ვითარდება შრატების, მედიკამენტებისა და სხვა პრეპარატების ორგანიზმში შეყვანისთანავე, ის შეიძლება გამოიწვიოს ფუტკრისა და სხვა შხამიანი მწერების ნაკბენმაც.

ფაქტორები, რომლებიც ზრდის ალერგიულ ფონს

1. სწრაფი ქიმიზაცია და ინდუსტრიალიზაცია, სახალხო მეურნეობაში ქიმიური ნივთიერებების ფართოდ გამოყენება, რომელთა უმრავლესობასაც ალერგიული თვისებები აქვს;

2. თანამედროვე ადამიანის კვების თავისებურებები:

ა) საკვებ პროდუქტებში კონსერვანტების, საღებავების, ემულგატორებისა და ანტიოქსიდანტების მოჭარბებული გამოყენება, რომლებიც ქიმიური ნივთიერებებია და ორგანიზმის სენსიბილიზაციის უნარი შესწევთ;

ბ) რაციონის გამრავალფეროვნება – ზღვისა და ოკეანის პროდუქტები: მოლუსკები, კიბორჩხალები, ზოგიერთი სახის თევზი საკმაოდ ძლიერ ალერგენებს შეიცავს;

3. სარეცხი და კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც წამყვან როლს თამაშობენ კონტაქტური ალერგიული რეაქციების განვითარებაში;

4. მედიკამენტებისადმი ადვილად ხელმისაწვდომობა. წამლების თავისუფლად შეძენის პირობებმა გამოიწვია მოსახლეობის მიერ მედიკამენტთა მოხმარების არასწორი და უმართებულო გამოყენება, შესაბამისად კი ალერგიულ რეაქციათა შემთხვევები;

5. გარემოს (წყალი, ჰაერი, ნიადაგი) დაბინძურება, ეკოლოგიური სისტემების უსუფთაობა და თვითგაწმენდის პროცესების მოშლა ორგანიზმში მავნე ნივთიერებების, მათ შორის ბევრი ალერგენის მოხვედრის საშუალებას იძლევა.

რატომ მწვავდება გაზაფხულზე ალერგია?

წელიწადის ამ დროს ალერგიის გამწვავებას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:

1. იმუნური სტატუსის მომატება, ზამთარში მძიმე და მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ იმუნიტეტი ჩვეულებრივზე მეტად გაღიზიანებულია, ამიტომ იმუნური რეაქციის (ჰიპერრეაქცია) განსავითარებლად სულ იოტისოდენა გამღიზიანებელიც კმარა;

2. დღეღამური ხანგრძლივობისა და ორგანიზმის ბიორიტმების შეუსაბამობა;

3. კვების ნირის შეცვლა;

4. მცენარეთა ყვავილობა, რომლის დროსაც ჰაერში უამრავი ალერგენია შეტივტივებული და ადვილად გადადის ერთი ადგილიდან მეორეზე.

ფაქტია, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ მეხუთე ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია საკუთარ თავზე ალერგიული რეაქცია.

უკანასკნელ წლებში იმუნოლოგიის არნახული პროგრესის მიუხედავად, ალერგიის მკურნალობის რადიკალური მეთოდის შემუშავება ჯერჯერობით მაინც ვერ მოხერხდა, ამასთან, კაცობრიობისათვის ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროიდან ცნობილი ალერგიული დაავადებების მოსახლეობაში გავრცელება სულ უფრო და უფრო მატულობს, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ალერგია XXI საუკუნის მედიცინის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. 2018 წელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოსახლეობის 30-დან 60-%-ში ალერგიული რეაქციების არსებობის გამო ოფიციალურად ალერგიის პანდემიად გამოაცხადა.