კვლევები ალერგიის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვლევები ალერგიის დროს

უეცრად აღმოცენებული ცემინება და ცრემლდენა ბუნებაში გასვლისას, განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდში, ქავილი ზოგიერთი სამკაულის ტარებისას, ქავანა გამონაყარი სახეზე კვერცხის მიღების შემდეგ – მსგავსი სიმპტომები უმალვე ბადებს ეჭვს, რომ პაციენტს ალერგია აქვს. ამ მოსაზრებას ამყარებს აღწერილი სიმპტომების უკუგანვითარება ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების შედეგად. მიუხედავად ამისა, ალერგიული გამოვლინებების დროს ექიმთან ვიზიტი და სპეციალური გამოკვლევები აუცილებელი ხდება ალერგიის გამომწვევი მიზეზების დადგენისა და მკურნალობის ოპტიმალური გეგმის შესადგენად.

საზოგადოდ, ალერგიული დაავადებების დიაგნოზის დაზუსტებისათვის ტარდება:

  • პაციენტთა კლინიკური შეფასება;
  • აუცილებლობისას სისხლის საერთო ანალიზი და შრატშიIGE განსაზღვრა – ეგრეთ წოდებული, არასპეციფიკური ტესტები;
  • კანის სინჯები და შრატში ალერგენსპეციფიკურიIGE განსაზღვრა – ეგრეთ წოდებული, სპეციფიკური ტესტები;
  • იშვიათ შემთვევებში – პროვოკაციული ტესტები გარკვეული ალერგენების მიმართ.

მიუხედავად თანამედროვე მედიცინის მიღწევებისა და ალერგოლოგიაში გამოყენებული ნატიფი ლაბორატორიული მეთოდებისა, პაციენტის კლინიკური შეფასება არ კარგავს აქტუალობას. ექიმები ერთხმად აღიარებენ, რომ პაციენტის გამოკითხვით მიღებული დეტალური ინფორმაცია ხშირად გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვადასხვა ლაბორატორიული ტესტი. ვიზიტის დროს ექიმი ცდილობს დაადგინოს, რამდენად ხშირია და რა ხანგრძლივობისაა ალერგიის ესა თუ ის სიმპტომი, რა იწვევს მათ პროვოცირებას და რა საშუალებებით ხდება მდგომარეობის შემსუბუქება. განსაკუთრებით საყურადღებოა ალერგიის სიმპტომთა კავშირი სხვადასხვა სეზონთან, გარკვეულ სიტუაციასთან, მაგალითად, გამოვლინება ყვავილობისას, ცხოველებთან, თივასთან, მტვერთან კონტაქტის შემდეგ, ფიზიკური დატვირთვისას, გარკვეულ დახურულ სივრცეებში ყოფნისას. ექიმი დაინტერესდება ასევე ალერგიისათვის დამახასიათებელი სიმპტომების გენეტიკური ანუ მემკვიდრული ხასიათით. მნიშვნელოვანია ინფორმაცია წარსულში ჩატარებული მკურნალობისა და მისი შედეგების შესახებ.

პაციენტთა კლინიკური შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილია ფიზიკური გამოკვლევა ანუ გასინჯვა. ალერგიული დაავადებების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კანის, თვალების, ყურების, ცხვირის ღრუს, ყელის და რა თქმა უნდა, ქვედა სასუნთქი გზების – ბრონქებისა და ფილტვების გამოკვლევას. რიგ შემთხვევებში შეიძლება აუცილებელი იყოს ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანუ სინუსების ან ფილტვების რენტგენოგრაფია, ფილტვის მდგომარეობის შეფასება სპეციალური კვლევის მეთოდის – სპირომეტრიის მეშვეობით.

არასპეციფიკური ტესტები

გარკვეული ლაბორატორიული ტესტები გვეხმარება არსებული სიმპტომების ალერგიული ხასიათის დადგენაში ან, პირიქით, ალერგიასთან კავშირის უარყოფაში.

სისხლის საერთო ანალიზი – ტარდება ეოზინოფილების რაოდენობის მატების ანუ ეოზინოფილიის გამოსავლენად. ამ მიზნით კვლევა აზრს კარგავს იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი იღებს გლუკოკორტიკოიდებს (პრედნიზოლონი და მისი მსგავსი პრეპარატები). უკანასკნელნი ამცირებენ ეოზინოფილების რაოდენობას. აქვე უნდა დავძინოთ, რომ სისხლის საერთო ანალიზი ალერგიის თვალსაზრისით ყოველთვის ინფორმაციული არ არის, ვინაიდან ეოზინოფილების მატება შესაძლებელია აღინიშნოს სხვა მდგომარეობების დროსაც (მაგალითად, მედიკამენტებისადმი მომატებული მგრძნობელობის, სიმსივნის, აუტოიმუნური დაავადებების, პარაზიტული ინფექციებისას). ამავე დროს, ეოზინოფილების ნორმალური დონე არ გამორიცხავს ალერგიის შესაძლებლობას. გარდა სისხლის საერთო ანალიზისა, შესაძლოა ჩატარდეს კონიუნქტივის, ცხვირის სეკრეტის, ნერწყვის კვლევა ლეიკოციტების შემცველობაზე. აღნიშნულ სეკრეტებში ლეიკოციტების არსებობა ალერგიული ანთების სასარგებლოდ მეტყველებს.

შრატშიIGE დონის განსაზღვრა –IGE დონე მომატებულია ალერგიული ანუ ატოპიური დარღვევებისას, თუმცა აღნიშნული ცვლილება არ შეიძლება ჩაითვალოს აბსოლუტურ სადიაგნოზო ნიშნად და უნდა განიხილებოდეს კლინიკურ სიმპტომებთან ერთად. მიზეზი მარტივია –IGE დონის მატება შეიძლება გამოვლინდეს პარაზიტული ინფექციების, ინფექციური მონონუკლეოზის, აუტოიმუნური დაავადებების, წამლისმიერი ალერგიის, ზოგიერთი იმუნოდეფიციტური დაავადების, მრავლობითი მიელომისას.

სპეციფიკური ტესტები

სპეციფიკური ტესტებით დგინდება ალერგია კონკრეტული ალერგენის მიმართ. შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ სპეციფიკური ალერგიული ტესტების ნაირსახეობები.

კანის ტესტების დროს – უშუალოდ კანში გარკვეული, ცნობილი კონცენტრაციით შეჰყავთ ანტიგენი (ამ შემთხვევაში ალერგიის გამომწვევი ფაქტორი). სპეციფიკური ტასტები მკაცრი ჩვენებით ტარდება მხოლოდ მაშინ, როცა პაციენტის დეტალური გამოკითხვა და გამოკვლევა არ ავლენს კლინიკური სიმპტომების მიზეზს. კანის ტესტები უფრო მეტად ინფორმაციულია რინოსინუსიტებისა და კონიუნქტივიტების დიაგნოზის დასადგენად, ვიდრე ალერგიული ასთმისა და საკვებისმიერი ალერგიისას. უკანასკნელ შემთხვევაში საკმაოდ დიდია უარყოფითი პასუხის შესაძლებლობა. უხშირესად კვლევა ტარდება ისეთი ანტიგენების გამოყენებით, როგორებიცაა ხის, ბალახის, სარეველათა მტვერი, ობი, მტვრის ტკიპა, ცხოველთა შრატი, მწერების შხამი, საკვები, ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები. ანტიგენის არჩევანი დამოკიდებულია პაციენტის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციასა და მისი საცხოვრებელი რეგიონის ბუნებრივ თავისებურებებზე.

კანის ტესტების ჩასატარებლად გამოიყენება ორი ტექნოლოგია – ანტიგენის კანქვეშ შეყვანა, ანუ ე. წ. პრიკ-ტესტი და კანშიგა შეყვანა. პრიკ-ტესტი გვეხმარება ფართოდ გავრცელებული ალერგენების აღმოჩენაში და როგორც წესი, პირველ რიგში ტარდება. ამ მეთოდით ტესტის ჩატარებისას, კანზე დაიტანენ ანტიგენის ექსტრაქტს, შემდეგ კანს გადაჭიმავენ და სპეციალური ნემსით ატარებენ ჩხვლეტას. კანშიგა ტესტი უფრო მგრძნობიარეა, მაგრამ ნაკლებად სპეციფიკური, შეიძლება გამოიყენონ პრიკ-ტესტის უარყოფითი ან საეჭვო შედეგისას. კანშიგა ტესტის დროს ცნობილი ალერგენის ექსტრაქტი შპრიცით შეჰყავთ კანში 1-2 მმ ბუშტუკის წარმოქმნამდე. როგორც კანშიგა, ასევე კანქვეშა მეთოდით ტესტის ჩატარებისას ანტიგენის პარალელურად შეჰყავთ კიდევ ერთი ნეიტრალური ხსნარი – უარყოფითი და ჰისტამინი დადებითი კონტროლისათვის. ტესტი დადებითად ითვლება, თუ 15-20 წუთის შემდეგ ჩხვლეტის არეში ჩნდება ბუშტუკი და ჰიპერემია (კანის სიწითლე), რომლის ზომაც 3-5 მილიმეტრით მეტია უარყოფითი კონტროლის არეში არსებული ცვლილების ზომაზე.

კანის ტესტების დროს შესაძლოა აღმოცენდეს ცრუ დადებითი და ცრუ უარყოფითი შედეგები. ცრუ დადებითი რეაქცია აღინიშნება დერმატოგრაფიზმის დროს (კანის თავისებურება, რომლის დროსაც ზეწოლის არეში ვითარდება კანის სიწითლე და შეშუპება). ცრუ უარყოფითი შედეგი შეიძლება უკავშირდებოდეს ალერგენის არასწორ შენახვას. კანის ტესტების შედეგებზე შეიძლება ზემოქმედებდეს პაციენტის მიერ ზოგიერთი პრეპარატის – ანტიჰისტამინური (ანტიალერგიული) საშუალებების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების მიღება.

შრატში ალერგენსპეციფიკურიIGE-ს განსაზღვრა – აღნიშნული ტესტის მეშვეობით გამოვლინდება ცნობილი ანტიგენის მიმართIGE-ს არსებობა. აღნიშნული კვლევა ტარდება კანის სინჯის არაეფექტურობის ან მისი ჩატარების დიდი რისკისას. ასეთი სიტუაციაა მაშინ, როცა კანის ტესტების შედეგებზე მოქმედი პრეპარატების მიღების შეწყვეტა შეუძლებელია, ან როცა პაციენტს აქვს კანის მძიმე დაავადებები (ეგზემა, ფსორიაზი).

პროვოკაციული სინჯები

როგორც სახელწოდებიდან მიხვდებით, ასეთი ტესტების მიზანია დაავადების დიაგნოზის დასაზუსტებლად გარკვეული ალერგიული რეაქციების გამოწვევა, ანუ პროვოცირება. შესაძლოა ჩატარდეს პერორული პროვოკაცია – ალერგენის უშუალო მოთავსება პირის ღრუს ლორწოვანზე ან ის ქმედება, რომელიც ალერგიის პროვოცირებას იწვევს, მაგალითად, ფიზიკური დატვირთვა და აღნიშნულის შედეგად ასთმის შეტევის გამოწვევა ან ყინულის ნატეხის მოთავსება კანზე, რათა ურტიკარია ანუ ნაჭინჭრი მივიღოთ.

შესაძლებელია ალერგენის თვალის ან ცხვირის ლორწოვანზე ინსტალაცია ან შესუნთქვა (ბრონქული პროვოცირება), თუმცა ანალოგიური ტესტები იშვიათად ტარდება.

როგორ მკურნალობენ ალერგიულ დაავადებებს

სამწუხაროდ, ალერგია ქრონიკული მდგომარეობაა, ამიტომ მისი მკურნალობის მთავარი პრინციპი არის ალერგენის ანუ ალერგიის გამომწვევი ფაქტორის შეძლებისდაგვარად მოცილება (ელიმინაცია) და მასთან კონტაქტის თავიდან აცილება. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი და ალერგიული რეაქციების არიდებისა და მკურნალობისათვის გამოიყენება მედიკამენტური საშუალებები:

ნ H1 ბლოკერები;

ნ ფოყიერი უჯრედების მასტაბილებელი საშუალებები;

ნ გლუკოკორტიკოიდები და ლეიკოტრიენების ინჰიბიტორები.

აღნიშნულის გარდა, რიგ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს იმუნოთერაპია (დესენსიბილიზაცია).

H1 ბლოკერები

ანტიჰისტამინური პრეპარატები ბლოკავენ ჰისტამინის (ალერგიული რეაქციის ერთ-ერთი მედიატორი) რეცეპტორებს, თუმცა არ მოქმედებენ ჰისტამინის წარმოქმნასა და შემდგომ გარდაქმნაზე (მეტაბოლიზმზე). ამ ჯგუფის მედიკამენტები ამცირებენ ისეთი ალერგიული რეაქციების სიმპტომებს, როგორებიცაა – თივის ცხელება, ალერგიული რინიტი, კონიუნქტივიტი, ურტიკარია, დერმატოზები, თუმცა ნაკლებად ეფექტურნი არიან ალერგიული ასთმის დროს. ე. წ. პირველი თაობის H1 ბლოკერებს კარგად აქვთ გამოხატული ძილის მომგვრელი (სედაციური) ეფექტი, რაც არ აქვთ მეორე და მესამე თაობის პრეპარატებს. H1 ბლოკერები სიფრთხილით გამოიყენება ხანშიშესულებთან, გლაუკომისას, პროსტატის ჰიპერპლაზიის, ყაბზობისა და დემენციის დროს.

ფოყიერი უჯრედების მასტაბილიზებელი საშუალებები

ფოყიერი უჯრედები, ანუ ლაბროციტები, ალერგიული რეაქციის სამიზნე უჯრედებია. სწორედ მათი მემბრანების რღვევისას (დეგრანულაციისას) გამოთავისუფლდება ალერგიის მედიატორები, რომლებიც მთელ რიგ პათოლოგიურ ცვლილებებსა და საბოლოოდ, ალერგიისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გამოვლენას იწვევენ. ფოყიერი უჯრედების მასტაბილიზებელი საშუალებები ბლოკავენ მემბრანების რღვევას და ალერგიული ანთების მედიატორების გამოთავისუფლებას. ამ ჯგუფის პრეპარატები მაშინ გამოიყენება, როცა ანტიჰისტამინური საშუალებები და გლუკოკორტიკოიდები უეფექტოა ან ცუდად აიტანება. მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც ტაბლეტირებული, ასევე ცხვირში საინჰალაციო ან თვალის წვეთების სახით.

გლუკოკორტიკოიდები

გლუკოკორტიკოიდები (პრედნიზოლონი და ამ ჯგუფის სხვა პრეპარატები) ალერგიული ანთების საწინააღმდეგო მძლავრი ეფექტით ხასიათდებიან. ისინი გამოიყენება ტაბლეტირებული, საინიექციო, საინჰალაციო (შესასუნთქი) და თვალის წვეთების სახით. ინჰალაცია შესაძლებელია როგორც ბრონქებში, ასევე ცხვირის ღრუში. გლუკოკორტიკოიდები ტაბლეტირებული ფორმით გამოიყენება ალერგიული დაავადებების მძიმე გამოვლინებების დროს, როცა ადგილობრივი მკურნალობა უეფექტოა. თვალის წვეთების გამოყენება კი, ინფექციის რისკის ზრდის გამო, ყოველთვის უნდა იყოს შეთანხმებული ექიმთან.

ლეიკოტრიენების ინჰიბიტორები – ამ ჯგუფის პრეპარატები გამოიყენება მსუბუქი ასთმისა და სეზონური ალერგიული რინიტის დროს.IGE-ს საწინააღმდეგო ანტისხეულები (ომალიზუმაბი) – ინიშნება ბრონქული ასთმის მძიმე ფორმის დროს, როცა სტანდარტული მკურნალობა უეფექტოა და ანტიჰისტამინური საშუალებების მიმართ რეზისტენტრული ქრონიკული ურტიკარიისას.

იმუნოთერაპია

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა შეუძლებელია თავიდან ავიცილოთ ალერგენთან კონტაქტი და მედიკამენტური მკურნალობაც ვერ გვაძლევს სასურველ ეფექტს. ასეთ დროს შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს იმუნოთერაპიის საკითხი. იმუნოთერაპიისას, ორგანიზმში, ინიექციის გზით ან ენის ქვეშ, შეჰყავთ ალერგენი თანდათანობით მზარდი დოზებით, რაც იწვევს მის მიმართ ტოლერანტობის (მდგრადობის) გამომუშავებას. თავდაპირველად ანტიგენი შეჰყავთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ და დოზას ზრდიან ყოველ კვირას ან 2 კვირაში ერთხელ მაქსიმალურად ასატან დოზამდე (დოზამდე, რომლის დროსაც აღმოცენდება ზომიერი გვერდითი ეფექტები). ყოველი ინიექციისას პაციენტს 30 წუთის განმავლობაში აკვირდებიან, ვინაიდან დოზის ზრდისას არსებობს ანაფილაქსიის რისკი. მაქსიმალური დოზის მიღწევის შემდეგ ალერგენის ინიექციას იმეორებენ 2-4 კვირაში ერთხელ, მთელი წლის განმავლობაში. იმუნოთერაპიის დროს იყენებენ ალერგენებს, რომელთა ზემოქმედების თავიდან აცილებაც შეუძლებელია – მტვერი, ტკიპა, ობის სოკო, მწერები. საკვებისმიერი ალერგენების მიმართ დესენსიბილიზაცია ამჟამად კვლევის პროცესშია. შესაძლებელია ჩატარდეს დესენსიბილიზაცია პენიცილინის ან სხვა პრეპარატების, უცხო შრატის მიმართ.