მენტალური ჯანმრთელობა პანდემიის პირობებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მენტალური ჯანმრთელობა პანდემიის პირობებში

კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი ადამიანი იმყოფება სტრესულ სიტუაციაში.

საყვარელი ადამიანებისგან განშორებამ, თავისუფლების დაკარგვამ, გაურკვევლობამ დაავადების ქონა-არქონასთან დაკავშირებით და მოწყენილობამ მსოფლიო მოსახლეობაში დრამატული შედეგები გამოიწვია. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ისედაც ჰქონდა პრობლემები მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გაურკვევლობა შფოთვის მთავარი მამოძრავებელია. შექმნილი ვითარება ზემოქმედებას იწვევს იმ ადამიანებზე, რომლებიც შფოთვით იტანჯებიან. სტატისტიკურად, ყოველ მეხუთე ადამიანს, რომელსაც დიაგნოსტირებული აქვს: შფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევები ან ობსესიურ-კომპულსიური დარღვევები, აღენიშნება დაავადების გამწავება. კრიზისზე რეაგირება იწვევს გადამეტებული ემოციურობის, შიშის, სევდის, სიბრაზისა და უიმედობის შეგრძნებას. პაციენტებს უჭირთ ძილი ან საქმეზე კონცენტრირება. ასევე უძლიერდებათ სხვებთან კონტაქტის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისა და თავშეყრის ადგილებში გადაადგილების შიშიც.

შფოთვა არის ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი პასუხი სტრესზე. ეს არის შიშის შეგრძნება გარკვეულ თუ გაურკვეველ მოცემულობაზე. იგი შეიცავს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიოლოგიურ კომპონენტებს. როგორც წესი, პაციენტის ჩივილები ვერ აიხსნება ორგანული მიზეზით და იმავდროულად ვლინდება წინამორბედი სტრესული ფაქტორები. სიმპტომები არ არის განზრახ ან ხელოვნურად გამოწვეული და არ მიეკუთვნება სხვა მენტალურ დარღვევებს. შფოთვითი აშლილობები შეიძლება იყოს იმიტატორი ნებისმიერი ზოგადთერაპიული დაავადების ან ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისა (მაგ.: ნარკოტიკები, ალკოჰოლი, მედიკამენტები, ტოქსინები). როგორ წესი, შფოთვითი აშლილობის დაწყება და სიმპტომების მიმდინარეობა ნათლად ავლენს მჭიდრო კავშირს არასასიამოვნო ცხოვრებისეულ მოვლენებთან ან სიძნელეებსა და კონფლიქტებთან.

გამოვლენილია რამდენიმე ფაქტორი, რომელთაც წვლილი შეაქვს შფოთვითი აშლილობის განვითარებაში, ესენია: ხასიათობრივი თავისებურებანი, კულტურათა ფაქტორები, ფსიქოსოციალური სტრესორები, ე.წ. „სარგებელი“, როდესაც ავადმყოფის როლში ყოფნას მოჰყვება ბევრი უპირატესობა, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება. საინტერესო ფაქტორია ასევე დიაგნოზის სტიგმატიზაცია, როდესაც ხდება ინდივიდის გამოყოფა საზოგადოებისგან.

შფოთვითი აშლილობა მეტადაა გავრცელებული ერთი ოჯახის წევრებს შორის. სავარაუდოდ, გენეტიკური ფაქტორები აშლილობის ჩამოყალიბების პროცესში თანამონაწილეობენ, თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ აშლილობის ჩამოყალიბება გაშუალებულია ისეთი პიროვნული თვისებით, როგორიცაა ნევროტიზმი. შფოთვით აშლილობასა და დეპრესიას საერთო გენეტიკური წანამძღვრები აქვს, რომელიც გარემო ფაქტორებთან ურთიერთქმედების შედეგად ვლინდება. შფოთვითი აშლილობა ხშირად წინ უსწრებს და ქმნის გუნება-განწყობის აშლილობის ჩამოყალიბების მზაობას.

შფოთვის კლინიკური გამოვლინებაა:

  • გახშირებული გულისცემა;
  • ჰაერის უკმარისობა;
  • განგაშის შეგრძნება;
  • სხეულის დაჭიმულობა;
  • კუნთოვანი დაძაბულობა;
  • შემცივნება;
  • ოფლიანობა;
  • თავის და სხეულის სხვადასხვა ნაწილის ტკივილი;
  • გუნება-განწყობის დაქვეითება;
  • მადის დაქვეითება (ან გაძლიერება);
  • უძილობა (ჩაძინების გაძნელება, წყვეტილი ძილი);
  • ინტერესებისა და მოტივაციების დაქვეითება;
  • ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;
  • თავბრუხვევა;
  • მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია;
  • სექსუალური პრობლემები;
  • უკმაყოფილება დიაგნოზით;
  • უკმაყოფილება მკურნალობით და ა.შ.

თუ პაციენტის მსგავსი ჩივილების ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს, მათი დახმარება შედარებით რთულდება. მკვეთრად ქვეითდება ცხოვრების ხარისხი, იზღუდება ადამიანის ყოველდღიური აქტივობები. პაციენტები განიცდიან სიძნელეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და გამუდმებით ითხოვენ ყურადღებას სამედიცინო სამსახურიდან.

სტატისტიკურად, პაციენტებს ყველაზე ხშირად აღენიშნებათ ჰიპერვენტილაციური სიმპტომები და სიმპათიკური ავტონომიური სისტემის აქტივობით გამოწვეული ფიზიკური ნიშნები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გადაიზრდება პანიკურ შეტევაში. ასეთი პაციენტები გადამეტებულად ფხიზლები და გაღიზიანებულები არიან, ახასიათებთ გადამეტებული წუხილი თავიანი ჯანმრთელობის შესახებ, ძნელად მშვიდდებიან, სძინავთ ცუდად ან უჭირთ ჩაძინება. ასევე პაციენტებს აღენიშნებათ თავის ტკივილი, გულმკერდის არეში ჩხვლეტის შეგრძნება, თავბრუხვევის ან უწონადობის შეტევები, დიარეა ან გახშირებული შარდვის ეპიზოდები, ხშირად იძახებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. პანიკური აშლილობა საკმაოდ გავრცელებული, ქრონიზაციისკენ მიდრეკილი მდგომარეობაა, რომელიც მანიფესტირდება უფრო მეტად ახალგაზრდა, სოციალურად აქტიურ ასაკში, თუმცა შესაძლებელია გამოვლინდეს სხვა ნებისმიერ ასაკშიც. სტატისტიკურად, ქალები ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან შფოთვითი და პანიკური აშლილობით, ვიდრე მამაკაცები.

პანიკური აშლილობისთვის დამახასიათებელია, რომ პირველი პანიკური შეტევა წარუშლელ კვალს ტოვებს პაციენტის მეხსიერებაში. შეტევებს შორის პერიოდში ავადმყოფი შეწუხებულია და შეშინებულია იმით, რომ შესაძლებელია კვლავ დაეწყოს ახალი შეტევა ანუ მას აღენიშნება ე.წ. მოლოდინის შფოთვა. ეს უკანასკნელი თავის მხრივ ზრდის შეტევათა განმეორების ალბათობას. შეტევების განმეორება ერთმანეთის მსგავს სიტუაციებში (ტრანსპორტი, დახურული სივრცე, ხალხმრავალი ადგილები და ა.შ.) ხელს უწყობს ისეთი ქცევის ფორმირებას, როდესაც ავადმყოფი გაურბის მის შეტევებთან ასოცირებულ სიტუაციებს (ე.წ. განრიდების ქცევა). შფოთვა შეტევის შესაძლო განვითარების შესახებ განსაზღვრულ ადგილას ან სიტუაციაში და ამ სიტუაციისგან თავის არიდება განისაზღვრება ტერმინით „აგორაფობია“. აგორაფობიული სიმპტომატიკის გაჩენა და გაძლიერება იწვევს პაციენტის სოციალურ დეზადაპტაციას. იგი ვეღარ რჩება მარტო, ერიდება სახლიდან გასვლას, ხდება მისი ფიქსირება ავადმყოფურ შეგრძნებებსა და განცდებზე, რაც ხელს უშლის მის ჩვეულ საქმიანობასა და ფუნქციონირებას.

დიაგნოსტირება

დიაგნოზის დასმისას უნდა მოხდეს მენტალური და სომატური სტატუსების შეფასებათა კომბინაცია. უნდა გამოირიცხოს ისეთი ნოზოლოგიები, რომლებიც იწვევს შფოთვისა და პანიკის მსგავსი სიმპტომების აღმოცენებას, როგორებიცაა: ფარისებრი ჯირკლის დისფუნქცია, კარდიოლოგიური დარღვევები, ეპილეფსია, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ასევე ფსიქიკურ აშლილობებთან: დეპრესია, შიზოფრენია, პიროვნული აშლილობები, აგრეთვე ორგანული ბუნების ფსიქიკური აშლილობები.

მკურნალობა

თანამედროვე თერაპიის არსებული ხერხები მოიცავს ძალისხმევას, რათა შემცირდეს პაციენტის ტანჯვა, არიდებულ იქნეს არაფრის მომტანი დიაგნოსტიკური და თერაპიული პროცედურები და მედიკამენტები, დაცულ იქნეს პოტენციური გართულებებისგან, როგორებიცაა ქრონიკული ინვალიდიზაცია და მედიკამენტური დამოკიდებულება.

შფოთვითი აშლილობის დროს წარმატებით გამოიყენება: კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, ფსიქოთერაპია და ფარმაკოთერაპია.

ნევროლოგიურ ჭრილში მოიაზრება ფარმაკოთერპია, რა დროსაც პირველი რიგის არჩევის პრეპარატები ძირითადად არის: სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბენზოდიაზეპინების ჯგუფის პრეპარატები.

ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა. პაციენტს უნდა განემარტოს ცხოვრების სტილისა და მავნე ჩვევების ცვლილების, ძილის ჰიგიენის დაცვის საჭიროება.