ალერგია - XXI საუკუნის დაავადება

ამ პრობლემით მსოფლიოს მილიონობით მოქალაქე იტანჯება და მათი რიცხვი განუხრელად იზრდება. მავნე გამონაბოლქვი, ჰაერის დაბინძურება, საყოფაცხოვრებო ქიმია, კვებითი დანამატები და უამრავი სხვა, ადამიანის არსებობისთვის ერთი შეხედვით აუცილებელი პროდუქტი ახალ-ახალ თავსატეხს გვიჩენს, მათი გადაჭრის გზა კი ჯერ კიდევ არ ჩანს, მხოლოდ ახალგაკვალული ბილიკები თუ შეიმჩნევა ალაგ-ალაგ... გვინდა, თქვენი ყურადღება კიდევ ერთხელ შევაჩეროთ ალერგიასა და მის მიერ გამოწვეული პრობლემების მრავალფეროვნებაზე.
ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება) ფართოდ არის გავრცელებული. სტატისტიკა ამტკიცებს, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ მეხუთე ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც გადაუტანია ისინი. ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება შესაძლოა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვითარდეს ან მოხდეს მათი თანხვედრა. ჭინჭრის ციებამ ეს სახელწოდება გამოვლინების თავისებურების გამო მიიღო: გამონაყარი ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს. ბუშტუკებს თან სდევს სიწითლე, შეშუპება და ქავილი. შესაძლოა, ამას დაერთოს სიცხე, თავის ტკივილი და სისუსტეც. ჭინჭრის ციება შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი, ისე გენერალიზებული (ანუ მოიცვას სხეულის ცალკეული ნაწილი ან გავრცელდეს მთელ სხეულზე). ზოგჯერ ის სხვა დაავადებების სიმპტომია. ჭინჭრის ციება შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკურმა ფაქტორებმა (სითბო, სიცივე, წნევა, მზის რადიაცია), დერმოგრაფიულმა (ან მექანიკურმა) ფაქტორებმა (ვთქვათ, სავარცხლით კანის გაღიზიანებამ), სამკურნალო საშუალებებმა, მტვერმა... როცა მიზეზს ვერ პოულობენ, ჭინჭრის ციებას იდიოპათიურს უწოდებენ. ძირითადად კი ჭინჭრის ციების ორ ფორმას განასხვავებენ - ალერგიულსა და არაალერგიულს. ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ მემკვიდრეობით ფორმასაც. მწვავე ჭინჭრის ციება უმეტესად ალერგიული ბუნებისაა, ქრონიკულისა და მორეციდივეს შემთხვევაში კი რომელიმე ალერგენთან (წამალი, მტვერი, საკვები) კავშირი იშვიათად შეიმჩნევა, და საზოგადოდ, უშუალო მიზეზის დადგენა შემთხვევათა მხოლოდ 5-30%-ში ხერხდება.
კვინკეს შეშუპება, იგივე ანგიონევროზული შეშუპება ან გიგანტური ჭინჭრის ციება, ჩვეულებრივი ჭინჭრის ციებისგან კანის დაზიანების სიღრმით განსხვავდება. დიდი ზომის შეშუპება ყველაზე ხშირად ფაშარი უჯრედოვანი აგებულების ადგილებზე (ტუჩები, ლოყები, წარბები, პირის ლორწოვანი გარსი, სასქესო ორგანოები) ჩნდება. ტიპურ შემთხვევებში იგი რამდენიმე საათის შემდეგ (2-3 დღემდე) უკვალოდ ქრება. შეშუპების საშუალო და მძიმე ფორმების მქონე ავადმყოფი აუცილებლად ჰოსპიტალიზებული უნდა იყოს. კვინკეს შეშუპების მემკვიდრეობით ფორმას ცალკე გამოყოფენ. ამ ფორმით უმეტესად მამაკაცები ავადმყოფობენ. შეშუპებას პროვოცირებას უწევს მიკროტრავმები და სტრესები. ხშირად ვითარდება ხორხის შეშუპება. ამ დაავადებას სხვა პრინციპებით მკურნალობენ. ქირურგიული ოპერაციის წინ ამ ტიპის ალერგიის არსებობის (ან ეჭვის) შემთხვევაში აუცილებელია რიგი პროფილაქტიკური ღონისძიების ჩატარება. მწვავე ჭინჭრის ციება უმეტესად საკვებისმიერი ან წამლისმიერი ალერგიის სიმპტომია. საკვებიდან მის განვითარებას იწვევს კვერცხი, არაქისი, სოია, ღორის ხორცი, რძე, თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები, ქათამი, თხილი და კაკალი. უნდა გავითვალისწინოთ ჯვარედინი ალერგიული რეაქციების (ვთქვათ, ერთობლივად საკვებსა და მტვერზე ან ლატექსზე) შესაძლებლობაც. წამლებიდან ჭინჭრის ციების გამოწვევა ძალუძს ასპირინს, ანტიბიოტიკებს (მათ შორის - პენიცილინის ჯგუფისას), სულფანილამიდებს, კოდეინს.
ჭინჭრის ციება ასევე შესაძლოა გამოიწვიოს:
- სისხლის გადასხმამ ან სხეულში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანამ;
- სიფრიფანაფრთიანი მწერის ნაკბენმა;
- რიგმა ინფექციურმა და ვირუსულმა დაავადებამ, მათ შორის - ჭიებით ინვაზიამ, ჰეპატიტმა და ლამბლიოზმა.
პრობლემამ შესაძლოა თავი იჩინოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების ფონზეც. კვინკეს შეშუპებისთვის დამახასიათებელია კავშირი გულის უკმარისობისა და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებულ პრეპარატებთან (რენიტეკი, კაპოტენი, ენაპი, პრესტარიუმი და სხვა). ამ დროს შეშუპება ხშირად ენასა და ტუჩებზეა ლოკალიზებული. საშიშია თუ არა ეს დაავადებები? ლოკალური ჭინჭრის ციება - მსუბუქ, ხოლო გენერალიზებული ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება საშუალო და მძიმე ალერგიულ რეაქციებად ითვლება. განსაკუთრებით საშიშია სახის, კისრის, პირის ღრუსა და ხორხის შეშუპება, რადგან ამას შესაძლოა სუნთქვის გაძნელება და მოხრჩობით სიკვდილიც კი მოჰყვეს, თუ, რა თქმა უნდა, პაციენტს დროულად არ გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება.
მკურნალობა, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს პაციენტის განათლებას და წარმომშობი მიზეზებისა და მაპროვოცირებელი ფაქტორების აღმოფხვრას. ავადმყოფი ინფორმირებული უნდა იყოს თავისი დაავადების შესახებ. წესით და რიგით (ასე ხდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ჯანმრთელობას სახელმწიფო ყურადღებას აქცევს), ყველა ავადმყოფს თან უნდა ჰქონდეს "ალერგიული ავადმყოფის პასპორტი", რომელშიც შეტანილია დიაგნოზი და რეკომენდაციები. ჭინჭრის ციებითა და კვინკეს შეშუპებით დაავადებულმა ყველა ადამიანმა თავი უნდა არიდოს ასპირინისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებების მიღებას, რადგან ისინი ათიდან ხუთ შემთხვევაში ჭინჭრის ციების გამწვავებას იწვევენ.
უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლი, ზოგ შემთხვევაში - ცხელი შხაპი და აბაზანა, ზოგიერთი წნევის დამწევი საშუალება. თუ დამნაშავე პროდუქტი დადგენილია, მისი მიღებაც უნდა აიკრძალოს. მზისმიერი ჭინჭრის ციების დროს გარუჯვა რეკომენდებული არ არის. პაციენტები, რომელთაც მემკვიდრეობითი კვინკეს შეშუპება აქვთ, უნდა ერიდონ კბილის ამოღებას. რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას, მწვავე ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების დროს პირველ ადგილზე დგას ის საშუალებები, რომელთაც სიმპტომების სწრაფი კუპირება ძალუძთ. მსუბუქ შემთხვევებში შეიძლება, ანტიჰისტამინურ პრეპარატებს (დიმედროლი, სუპრასტინი, ტავეგილი) დავჯერდეთ (გაცილებით უკეთესია უახლესი პრეპარატები, რომლებიც ძილიანობას არ იწვევს, მაგალითად, კლარიტინი, ალერფასტი და სხვა). არცთუ იშვიათად შედეგიანია გამწმენდი ოყნა და ენტეროსორბენტები (სმექტა, გააქტიურებული ნახშირი). საშუალო სიმძიმისა და მძიმე შემთხვევებში აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და სპეციალისტების კვალიფიციური დახმარება. ამ ორი დაავადების დაწვრილებით განხილვა იმიტომ დაგვჭირდა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილ თითქმის ყველა პათოლოგიის დროს ჭინჭრის ციებისა თუ კვინკეს შეშუპებისმაგვარი სურათი ვითარდება. მაშ ასე: