კბილების გათეთრება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კბილების გათეთრება

დღითი დღე იზრდება კბილების პროფესიული გათეთრების მსურველთა რაოდენობაც. ამ პროცედურას ესთეტიკურ ეფექტთან ერთად რამდენიმე უსიამოვნო შედეგიც აქვს, ამიტომ მის განხორციელებამდე ყველაფრის კარგად გაანალიზებაა საჭირო.

ვის სჭირდება კბილების გათეთრება? უსაფრთხოების რა ზომების დაცვითა თუ გათვალისწინებით უნდა ჩატარდეს ეს პროცედურა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სტომატოლოგიური კლინიკა “დენტ-ლაინის” ხელმძღვანელს, ექიმ სტომატოლოგ ნანა ცომაიას ვთხოვეთ:

  • რა უცვლის კბილს ბუნებრივ ფერს?

- კბილის ფერი დამოკიდებულია მინანქრის ქვეშ არსებულ დენტინზე, რომელიც კბილის ძირითად ქსოვილს წარმოადგენს, მინანქარი კი თხელი, მინის მსგავსი ნახევრად გამჭვირვალე გარსია. კბილების ფერის ცვლილება განპირობებულია ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორებით.

კბილები მთელი სიცოცხლის განმავლობაში განუწყვეტლივ განიცდიან სხვადასხვა მღებავი აგენტის ზემოქმედებას. ამ აგენტებს შეიცავს საკვები, ყავა, ფერადი სასმელი, თამბაქო... მათი პიგმენტი კბილის მინანქრის მიკროარხებში ილექება და დისქოლორიტს - კბილის ფერის ცვლილებას - იწვევს. მინანქრის ფერი ასაკთან ერთადაც იცვლება. შესაძლოა, კბილმა ფერი ენდოდონტიური მკურნალობის შედეგადაც იცვალოს, რაც დენტინის პიგმენტაციით არის განპირობებული. აქ საქმე გვაქვს ერთეული კბილის დისქოლიოზთან.

მინანქარზე მოქმედებს ზოგიერთი მედიკამენტიც. მაგალითად, არასასურველია მცირე ასაკის ბავშვებისა და მოზრდილებისთვის ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების დანიშვნა. რასაკვირველია, უნდა გავითვალისწინოთ ფორმირებისა და განვითარების არაკარიესული წარმოშობის დარღვევებიც: ფლუოროზი, ჰიპოპლაზია და სხვა.

პაციენტებს ხშირად ერევათ ერთმანეთში კბილების გათეთრება და კბილების პროფესიული წმენდა. კბილების პროფესიული წმენდისას კბილის ზედაპირს ნადებისგან წმენდენ და თავდაპირველ ფერს უბრუნებენ. ამისთვის იყენებენ პროფესიულ კბილის პასტას, გელს, ჯაგრისს, რეზინს, ულტრაბგერით აპარატ ეარ ფლოუს, რომელიც ჰაერის წნევითა და წყლის ჭავლით, სპეციალური ქვიშით ზემოქმედებს კბილის ზედაპირზე.

გათეთრება სხვაა. მისი მრავალი მეთოდი არსებობს, თუმცა უმეტესად ვიყენებთ ორს: კაბინეტურს და კაპების საშუალებით გათეთრებას, რომელსაც პაციენტი თვითონვე იტარებს შინ. ზოგიერთი კბილების გასათეთრებლადნ “სამოყვარულო” სისტემებს იყენებს. მათ მიეკუთვნება კბილის პასტები მათეთრებელი ეფექტით, ფანქრები, ლაქები...

  • ყველასთვის შეიძლება თუ არა კბილების პროფესიული გათეთრება?

- კბილების პროფესიული გათეთრება გულისხმობს კბილების ფერის შეცვლას წყალბადის ზეჟანგის ან კარბამიდის შემცველი მაღალხარისხიანი პროფესიული მათეთრებელი აგენტების საშუალებით. არსებობს ერთი აბსოლუტური უკუჩვენება - წყალბადის ზეჟანგსა და მის შემცველ ნივთიერებებზე ალერგიული რეაქცია. ამ დროს კბილების პროფესიული გათეთრება მკაცრად იკრძალება.

ამ პროცედურის ჩატარება რეკომენდებული არ არის:

  1. ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის;
  2. შაქრიანი დიაბეტის, ნერვულ-ფსიქიკური და ონკოლოგიური დაავადებების დროს;
  3. 16 წლამდე;
  4. პაროდონტის დაავადებების დროს;
  5. ბრეკეტსისტემის ტარებისას;
  6. დაზიანებულ მინანქარზე;
  7. მრავლობითი კარიესის, პულპიტის, ლითონის წკირით დაბჟენილი კბილის შემთხვევაში, რადგან წყალბადის ზეჟანგის ზემოქმედების შედეგად წკირი კოროზიას განიცდის და კბილი უფრო უსიამოვნო ფერს იღებს.

  • როგორ ტარდება თავად პროცედურა?

- თავდაპირველად სტომატოლოგმა საგულდაგულოდ უნდა დაათვალიეროს პაციენტის პირის ღრუ, ჩაატაროს კბილების ჰიგიენური წმენდა და სანაცია. მოაცილოს ქვები და ნადები. ამის შემდეგ უკვე შეიძლება მეთოდის შერჩევაც. კბილების სახლის პირობებში გათეთრებისას პაციენტები დღისით ან ღამით რამდენიმე საათით (ნახევრიდან 6-8 საათამდე) პირის ღრუში იდებენ სტომატოლოგის მიერ პირადად მათთვის დამზადებულ სპეციალურ კაპებს, რომლებშიც ისხმება მათეთრებელი გელი. ჩვეულებრივ, ეს 2-3 კვირა გრძელდება, გააჩნია გელის კონცენტრაციას. მათეთრებელი ეფექტი ვლინდება 4-5 დღის შემდეგ და თანდათან ძლიერდება. ნარჩუნდება საკმაოდ დიდხანს.

ფერის სტაბილიზებისთვის მიზანშეწონილია, პაციენტმა ყოველ 6 თვეში ერთხელ ჩაიტაროს გათეთრების ხანმოკლე კურსი.

გაცილებით სტაბილური და ხანგრძლივი ეფექტი მიიღწევა კბილების კაბინეტური გათეთრებისას, რომელიც ტარდება სტომატოლოგიურ კლინიკაში და დაახლოებით ორ საათს გრძელდება. გათეთრებამდე სპეციალური პალიტრის მეშვეობით ვადგენთ კბილის ნამდვილ ფერს, რომელსაც ვადარებთ გათეთრების შემდეგ მიღებულს. ამ დროს ვიყენებთ მაღალი კონცენტრაციის კატალიზატორსა და მათეთრებელ გელს, რის წყალობითაც პროცესი ჩქარდება. ქიმიური რეაქციის დასაჩქარებლად შეიძლება გამოვიყენოთ ულტრაიისფერი ან ლაზერული გამოსხივება, სითბო და განსაკუთრებული ქიმიური ნაერთებიც. ახალი თაობის მათეთრებლების შემადგენლობაში შედის ფთორი, რომელიც მინანქარს ამაგრებს და პროცედურის შემდეგ კბილის მომატებულ მგრძნობელობას აქვეითებს.


  • უკანასკნელ ხანს სულ უფრო პოპულარული ხდება ბოლო თაობის სტომატოლოგიური ლაზერის გამოყენება კაბინეტური ტიპის გათეთრებისას.

- ლაზერული სხივი გაცილებით სათუთად მოქმედებს კბილის მინანქარზე, ვიდრე ქიმიური მათეთრებლები, ამიტომ ეს მეთოდი, უწინარესად, რეკომენდებულია თხელი და მგრძნობიარე მინანქრის პატრონებისთვის. სხივის მოქმედების დრო და ხარისხი ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად ირჩევა. ამ დროს მინანქარზე იდება მათეთრებელი გელი, რომელსაც ლაზერის სხივით ვააქტიურებთ.

  • როდის ტარდება ცალკეული კბილების შიგნითა გათეთრება?

- როდესაც ვხედავთ, რომ ცალკეულ კბილებს აქვთ ნაცვალი ფერი, უპირველესად ვატარებთ დიაგნოსტიკას რენტგენოლოგიური კვლევით. ფერის ცვლილება შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით, მაგალითად, მექანიკური ტრავმით. ზოგჯერ არხების დაბჟენის შემდეგ იცვლის კბილი ფერს. შესაძლოა, შემთხვევით აღმოვაჩინოთ ქრონიკულად მიმდინარე პერიოდონტიტიც, სადაც გამწვავების გარეშე, უსიმპტომოდ მოხდა პულპის ნეკროზი. უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩატარდეს კბილის საფუძვლიანი ენდოდონტიური მკურნალობა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გვირგვინის გათეთრებაზე ზრუნვა.

  • რის გათვალისწინებას ურჩევთ პაციენტებს გათეთრების პროცედურის შემდეგ?

- პირველი 2-3 დღე კბილები მეტისმეტად მგრძნობიარეა, ამიტომ სასურველია, ამ პერიოდში თავი ვარიდოთ ძლიერ ცხელ და ცივ სასმელებს, მყარ საკვებს. ახალგათეთრებული კბილები განსაკუთრებით არიან მიდრეკილნი შეღებვისადმი, ამიტომ ეფექტის შესანარჩუნებლად აუცილებელია რამდენიმედღიანი “უფერული დიეტის” დაცვა - თამბაქოზე, ჩაიზე, ყავასა და საღებავების შემცველ სასმელებზე, კენკრაზე, ფერად ხილზე, წითელ ღვინოზე უარის თქმა. გათეთრების შემდეგ რეკომენდებულია რბილი ჯაგრისის გამოყენება, ხოლო დღეში 2-3-ჯერ კბილების საგულდაგულო გამოხეხვა აუცილებელია. სასურველია 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან ვიზიტი პირის ღრუს პროფილაქტიკური დათვალიერებისთვის და საჭიროების შემთხვევაში მისი დროული სანაცია.

კბილების გათეთრებისას მინანქარი ფთორისა და მინერალური ნივთიერებებისგან იფიტება, ამიტომ აუცილებელია აღდგენითი პროცედურა. ინიშნება სათანადო კბილის პასტა, რომელიც შეამცირებს კბილის მომატებულ მგრძნობელობას.

  • ბევრი, ვისაც პროფესიულ გათეთრებაზე ხელი არ მიუწვდება, კბილების სიქათქათის შენარჩუნებას ხალხური მეთოდებით ცდილობს...

- მათეთრებელი ეფექტით გამოირჩევა საჭმლის სოდა, რომელიც სხვა მათეთრებლებზე გაცილებით უვნებელია და სწრაფი. ზოგი კბილებს პირდაპირ იხეხავს საჭმლის სოდით, ზოგი კბილის პასტაში ურევს. სოდა დამღუპველად მოქმედებს მჟავაგამძლე ბაქტერიებზე, რომლებიც მინანქარზე ლაქებს აჩენენ და კბილებს ბუნებრივ ფერს უკარგავენ, მაგრამ მისი რეგულარული ხმარება მინანქარს ავნებს. საჭმელი სოდა მხოლოდ კვირაში ერთხელ შეიძლება გამოიყენოთ, ისიც - კბილის პასტასთან ერთად.

კბილების ხშირად გათეთრება შინაური მეთოდებით არ შეიძლება, არსებობს ვადები, რომელთა დაცვაც აუცილებელია, რათა საწმენდმა საშუალებებმა კბილის მინანქარი და მის ქვეშ მდებარე ქსოვილები არ დააზიანოს - დაუცველ კბილებს ადვილად ერევა კარიესი. განსაკუთრებით ერიდეთ “სამოყვარულო” სისტემების, ფანქრების, ლაქების ხანგრძლივსა და უკონტროლო გამოყენებას.

  • მათეთრებელ პასტებზე რას გვეტყვით?

- ასეთი პასტების გამოყენება რეკომენდებულია გათეთრების შემდეგ, შედეგის შესანარჩუნებლად, თუმცა განსაზღვრული ვადით. ზომაზე მეტხანს არც მათი გამოყენებაა სასურველი. ამასთანავე, ისინი მხოლოდ წვრილ და ახალ ლაქებს სპობენ, დიდი ხნის ლაქების მოცილება არც მათ შეუძლიათ.

გაითვალისწინეთ: გათეთრებას ექვემდებარება მხოლოდ ბუნებრივი კბილები. ბჟენებზე, ვინირებზე, ხელოვნურ გვირგვინებზე მათეთრებელი ტექნოლოგიები არ მოქმედებს.