განვაგრძობთ საუბარს საქართველოს ორგანულ კანონში, შრომის კოდექსში, 2013 წლის 4 ივლისიდან შეტანილ ცვლილებებსა და დამატებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამჯერად ყველაზე მეტი კითხვა სამუშაო დროის განსაზღვრას, ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურებას, შვებულებას (მათ შორის - ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო), შრომის ანაზღაურებიდან დაქვითვის კანონიერებას, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას, შრომითი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს ეხება.
განვმარტავთ, რომ სამუშაო დრო სამართლებრივად დროის ის ხანგრძლივობაა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებულმა უნდა
- როგორ გადაწყდება საკითხი, როდესაც დამსაქმებლის საქმიანობა ითვალისწინებს წარმოების/შრომითი პროცესის 24-საათიან უწყვეტ რეჟიმს?
- ამ შემთხვევაში მხარეები (დამსაქმებელი და დასაქმებული) უფლებამოსილი არიან, დადონ შრომითი ხელშეკრულება ცვლაში მუშაობის შესახებ ისე, რომ სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ იყოს 12 საათზე ნაკლები. მსოფლიოში ყველაზე მეტად არის გავრცელებული 5-დღიანი სამუშაო კვირა. როგორც 2013 წლის 4 ივლისამდე, ისე ზემოხსენებული ცვლილებებისა და დამატებების შემდეგაც საქართველოს შრომის კოდექსი, თუმცა არ არღვევს აღნიშნულ წესს სამუშაო კვირის ხანგრძლივობის განსაზღვრის თვალსაზრისით, არც იმას აწესებს, რამდენ დღეს უნდა შეადგენდეს სამუშაო კვირა, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში სამუშაო დღის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, რამდენდღიანი სამუშაო კვირაა დადგენილი დამსაქმებლის მიერ.
- თუ შეიძლება, აგვიხსენით, ვინ განსაზღვრავს ახალშემოღებული სპეციფიკური დარგების ჩამონათვალს.
- სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. როგორც ძველი, ისე მოქმედი შრომის კოდექსი ითვალისწინებს სამუშაო დროის მომწესრიგებელ სპეციალურ მე-4 თავს, რომელიც არეგულირებს სამუშაო და დასვენების დროს, ხოლო შესვენებასთან დაკავშირებულ ნორმებს საერთოდ არ მოიცავს.
- გთხოვთ აგვიხსნათ, ითვალისწინებს თუ არა მოქმედი შრომის კოდექსი სამუშაო დროის შემცირებულ ხანგრძლივობას არასრულწლოვან (18 წლამდე ასაკის) და მძიმე და მავნე პირობებში მომუშავე დასაქმებულთათვის.
- დიახ, ახალ შრომის კოდექსში შეტანილია გარკვეული ცვლილებები ამ კუთხით, რის საფუძველზეც: 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, ხოლო 14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა - კვირაში 24 საათს. რაც შეეხება მძიმე და მავნე პირობებში მომუშავე მუშა-მოსამსახურეთა სამუშაო დროს, ამის შესახებ კოდექსში არაფერია ნათქვამი. მოქმედი შრომის კოდექსის თანახმად, ცვლაში მუშაობა და ერთი ცვლიდან მეორეში გადასვლა განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით, რომელსაც ამტკიცებს დამსაქმებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. ცვლიანობის განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ დასაქმებულს უნდა ეცნობოს 10 დღით ადრე, თუ ეს შეუძლებელი არ არის უკიდურესი საწარმოო აუცილებლობის გამო. სამუშაო დროის რეჟიმი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს კერძო სექტორში დასაქმებულთათვის. თანამშრომელი სამსახურში შეიძლება გამოცხადდეს უფრო გვიან, ვიდრე საზოგადოდ არის დადგენილი ან სამსახურიდან წავიდეს უფრო ადრე. მთავარია, იგი სამუშაო ადგილზე იყოს იმ საათებში, რომლებსაც სავალდებულოდ დააწესებს დამსაქმებელი. ნებისმიერ შემთხვევაში, დასაქმებულმა სამსახურში უნდა დაჰყოს კვირაში, თვეში ან კვარტალში დადგენილი დროის მონაკვეთი. ამჟამად შეიძლება მრავალი სახის სამუშაო დასაქმებულის საცხოვრებელ ადგილზე შესრულდეს და შედეგები გაეგზავნოს დამსაქმებელს ელექტრონული ფოსტით. ამავე ელექტრონული საშუალებით - კომპიუტერული ქსელით - შეიძლება გაკონტროლდეს, იმყოფება თუ არა დასაქმებული სამუშაო ადგილზე. სამუშაო დროის რეჟიმი შეიძლება იყოს მრავალცვლიანი: ორცვლიანი, სამცვლიანი და ზოგჯერ ოთხცვლიანიც კი (საჯარო სამსახურში რეჟიმი ერთცვლიანია და სამუშაო საათები ყოველთვის იწყება დილით).