სოციალურად დაუცველ ხალხზე არავინ ფიქრობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სოციალურად დაუცველ ხალხზე არავინ ფიქრობს

მოხელის ძვირფასი ავეჯით მორთულ კაბინეტში შეაღწიე და ჰკითხე, რატომ არის ქვეყანაში ამდენი ღატაკი, მხრებს აიჩეჩავს და ქვეყნის აღმავლობაზე დაიწყებს საუბარს. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს თუ ვინმეს უჭირს, თავად არის დამნაშავე - უვარგისია, ცხოვრებას ფეხს ვერ უწყობს. მგონი, თავად გულწრფელად სჯერათ ამის, ისე გულწრფელად, რომ ასეთ "უვარგისებთან" შეხვედრის სურვილიც კი არ აქვთ.

მე კი ამ ხალხს სირცხვილით თვალს ვერ ვუსწორებ. მათ შორის ბევრია ისეთი, ვისი ნიჭი და ცოდნაც ქვეყანას სარგებლობას მოუტანდა... ერთი მათგანი, ინჟინერ-ეკონომისტი ვაჟა კაშმაძე, ნაძალადევში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ვაჟთან ერთად ცხოვრობს. მისი სახლი, რომლის კედლებს გარედან მხოლოდ რკინის ბოძები ამაგრებს, შიგნიდან ყოველ წუთს შეიძლება ჩამოიქცეს და მამა-შვილი ქვეშ მოიყოლოს.

  • ოდესღაც ამ ჭერქვეშ ბედნიერება სუფევდა

- ოდესღაც ამ ჭერქვეშ ბედნიერება სუფევდა, - მითხრა ბატონმა ვაჟამ, როცა სანახევროდ ჩამონგრეულ, მტვრით სავსე სახლში შემიძღვა, - მე და ჩემი მეუღლე ორ ვაჟს ვზრდიდით და სიცოცხლეს შევხაროდით. სამსახური მუდამ მქონდა - უნიჭო არ ვარ, მნიშვნელოვანი აღმოჩენები მაქვს გაკეთებული. მერე ყველაფერი დაიქცა, მე და ჩემისთანები საბჭოთა კავშირის ნანგრევებში მოვყევით...

თბილისის მიწისძვრამ ნახევარი ქალაქი დააზიანა, ბევრს გაუუარესა საცხოვრებელი პირობები, ზოგიერთს კი სასიკვდილო საფრთხე შეუქმნა. ჩემს სახლს სარტყელი შემოეხსნა და კედლები ისე დაშორდა ერთმანეთს, ნაპრალში ადამიანი გაეტევა, ჭერი და სახურავი კი ისე მოარყია, ყოველდღე კილოგრამობით მტვერი გვაცვივა თავზე. ამ სახლს საცხოვრებელს უკვე ვეღარავინ დაამსგავსებს და ვერც იმის გარანტიას მოგვცემს ვინმე, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჭერი თავზე არ დაგვემხობა. ისღა მოვახერხე, კედელს რკინის ბოძები შევუყუდე, რომ ქუჩის მხარეს მაინც არ ჩამოიშალოს და გამვლელი არ იმსხვერპლოს.

მარტო მე კი არ ვარ ამ დღეში, - ჩვენს ქუჩაზე სახლების უმეტესობა ამ მდგომარეობაშია. შარშან მეზობელი გარდაგვეცვალა, გვარად მარგველაშვილი. იმასაც სულ იმისა ეშინოდა, ჩემმა კედელმა ვინმე ქვეშ არ მოიყოლოსო, თავად კი მოჰყვა ნანგრევებში... წამოვიდა კედელი, დაეცა იქვე მდგომს და... რამდენიმე საათიღა იცოცხლა.

  • რას ბრძანებთ?!

- თუ გნებავთ, გაჩვენებთ იმ სახლს. დაკრძალვის წინ გამოეცხადნენ ოჯახს ნაძალადევის რაიონის ხელისუფლები - ორას ლარს მოგცემთო. ოჯახმა - მიბრძანდით, საიდანაც მოსულხართ, მეორედ არ დაგინახოთო... მეც იმავეს მოველი. ჩემი უმცროსი ვაჟი ცოლშვილიანია, აქ რა გააჩერებდა - ცოლის ოჯახში გადავიდა საცხოვრებლად. სხვის ჭერქვეშ ცხოვრება მისთვის ადვილი როდია, მაგრამ ბავშვებსაც ხომ არ შეუქმნიდა სასიკვდილო საფრთხეს! ჩემი ცოლი ამ სახლში ისე დაავადდა, სუნთქვაც კი უჭირს. ვუთხარი, წადი, შენს თავს მიხედე-მეთქი და მანაც ნათესავს შეაფარა თავი. შინ მე და ჩემი უფროსი ვაჟი დავრჩით. ისიც უმუშევარი, - სადაც მივიდა, ყველგან უარით გამოისტუმრეს. ჩემი პენსიით ვცხოვრობთ. ცოტცოტაობით უმცროსი ვაჟიც გვიმართავს ხელს, მაგრამ რამდენს გაგვწვდება - თავისი ცოლ-შვილ ჰყავს შესანახი. ამიტომ ყოველდღიურ ხარჯს მკაცრად ვგეგმავ. რომ ვიტყვი, დღეს ორი ლარი უნდა ვიმყოფინო-მეთქი, შიმშილითაც რომ დავიხოცოთ, მეტს არ დავხარჯავ.

  • ეკონომისტი ბრძანდებით. დღეს ამ პროფესიაზე დიდი მოთხოვნაა...

- პროფესიაზე - კი, მაგრამ მე არავის ვჭირდები. საწარმოებს დღეს იმდენ გასაქანს ვინ აძლევს, სერიოზული ეკონომიკური გათვლები დასჭირდეთ, მარტივს კი საბუღალტრო კურსებდამთავრებული ახალგაზრდებიც აკეთებენ. ერთადერთხელ მივიღე სერიოზული წინადადება ერთი საწარმოდან, შევუდექი საქმეს, თითქოს ავაწყვეთ კიდეც წარმოება, მაგრამ ცოტა ხანში საგადასახადო დაგვესხა თავს და ისევ უმუშევარი დავრჩი.

  • აღმოჩენები ახსენეთ...

- ოთხმოციანი წლების დასაწყისში აღმოვაჩინე, რომელი ფორმულით უნდა გამოითვალოს ელვის ენერგია. თავს ვერ დავდებ, მაგრამ ვფიქრობ, დღემდე ასეთი აღმოჩენა არც ერთ ქვეყანაში არ გაუკეთებიათ. თუ ამ ენერგიის გამოთვლა მოხერხდა, ადამიანს უდიდესი შესაძლებლობა ეძლევა, იგი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

  • საინტერესოა, როგორ გამოითვლება ეს ენერგია...

- დაწვრილებით ეს რთული ასახსნელი იქნება, ვეცდები, მარტივად მოგახსენოთ. ელვის ტემპერატურა 150 000 გრადუსზე მაღლაც კი ადის. შევძელი, ამ ტემპერატურის ერთი გრადუსის ენერგია გამომეთვალა. თუ ამ ენერგიას ელვის მთლიან ტემპერატურაზე გადავამრავლებთ, გრანდიოზულ მასშტაბს მივიღებთ. ამავე გამოგონებაში ჩავრთე იმ გენერატორის მოდელი, რომელსაც ერთსა და იმავე დროს შეუძლია გააცივოს და გააცხელოს ატმოსფერული წნევა.

1981 წელს ეს პროექტი, როგორც მაშინ მოითხოვდნენ, მოსკოვში ჩავიტანე, სადაც საავტორო უფლება დამიმტკიცეს. ახლა, წლების შემდეგ, ტელევიზორში ვხედავ, როგორ აკვირდებიან რუსები ბაროკამერას, რომელშიც ელვის ეფექტს ქმნიან, მერე კი ამ ელვის ენერგიას გამოითვლიან. ისინი ამ ექსპერიმენტს ვერაფრით ჩაატარებდნენ, ჩემი გამოგონება რომ არ გამოეყენებინათ. მაშასადამე, მშვენივრად ისარგებლეს ჩემი აღმოჩენით, მაგრამ ავტორი არც გახსენებიათ. და მეორე - ინგლისელები ახლა ქმნიან დანადგარებს, რომლებიც ერთდროულად აცივებს და აცხელებს და ამით თავს იწონებენ. სწორედ ეს ფუნქცია ჰქონდა იმ გენერატორსაც, რომელიც ათეულობით წლის წინ შევქმენი ჩემი გამოგონებებისთვის.

  • რატომ არ იჩივლებთ საავტორო უფლებების დარღვევის გამო?

- მერედა ვინ დაიცავს ჩემს უფლებას?! გამომგონებელს ამაში ის სახელმწიფოც უნდა დაეხმაროს, რომლის მოქალაქეც არის. ჩემს ქვეყანას კი არც ეს გამოგონება აინტერესებს, არც მე. თავად მხოლოდ იმის გაკეთება შევძელი, რომ მსოფლიოს 35 წამყვან ქვეყანაში გავგზავნე ჩემი საავტორო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ამ ქვეყნებში ვინმემ მსგავსი აღმოჩენის თაობაზე განაცხადი შეიტანა, პირველი აღმომჩენის ვინაობა ეცოდინებათ. ეს არის და ეს...

  • იშვიათად მინახავს ასეთი სიღატაკე, თქვენ რომ ცხოვრობთ. სოციალურ დახმარებას არ იღებთ?

- გამიუქმეს - თქვენთან მცხოვრები ვაჟი მუშაობსო. მივიტანე ცნობა, რომ არ მუშაობს, მაგრამ ვინ უყურებს...

  • არც კი ვიცი, რა გითხრათ...

- რა უნდა მითხრათ; მხოლოდ ჩვენი გასაჭირი მიაწვდინეთ მკითხველს. ჩვენ მათხოვრები არ ვართ; იქნებ გამოჩნდეს ადამიანი, ვინც მე და ჩემს ვაჟს დაგვასაქმებს, ჩვენს და სხვა ჩვენსავით დაქცეული ხალხის სახლებს გაამაგრებს. თუ არადა, ჩვენი სათქმელი დაგროვდება და ბოლოს იქით მონახავს გზას, სადაც ოდესმე ყველაფერს გაეცემა პასუხი.