რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.
- ვარ ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირი, მაგრამ დღემდე არც ერთი ორგანოსთვის პენსიის დანიშვნის თაობაზე არ მიმიმართავს და არც საბუთების აღებაზე მიზრუნია, ვინაიდან მქონდა კარგი სამსახური და არ მიჭირდა. ამჟამად, ჩვენს დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო, უმუშევარი დავრჩი. გთხოვთ ამიხსნათ, რა საბუთების წარდგენის შემთხვევაში შეიძლება დამენიშნოს პენსია.
- ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა პენსიის დასანიშნად უნდა წარადგინონ პირადობის მოწმობა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. "ჩერნობილის ატომურ
ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსიის დანიშვნის დროს წარდგენილ უნდა იქნეს პირადობის მოწმობა და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის
შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც დაფიქსირებულია სათანადო მიზეზობრივი კავშირი, აგრეთვე - მისი ამ ობიექტზე ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (სამხედრო კომისარიატი ან ორგანიზაცია, რომლიდანაც იქნა მივლინებული). რაც შეეხება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურსა და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს, პენსიის დასანიშნად მათ უნდა წარადგინონ პირადობის მოწმობა და მათი ამ ობიექტებზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (გასცემს სამხედრო კომისარიატი ან ორგანიზაცია, საიდანაც იქნენ მივლინებული). ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის დასანიშნად უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამოწმებული 9 აპრილის მონაწილის საბუთი, ხოლო ამავე აქციის მონაწილეებმა - პირადობის მოწმობა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული 9 აპრილის მონაწილის საბუთი. "საქართველოს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა პირებმა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში პენსიის დასანიშნად უნდა წარადგინონ პირადობის მოწმობა და სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ. ზემოაღნიშნული კანონით, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების გამო მისი ოჯახის შრომისუუნარო წევრისთვის პენსიის დანიშვნის შემთხვევაში მშობლებმა უნდა წარადგინონ: პირადობის მოწმობა, გარდაცვლილის დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობები, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი.
- ორი თვის წინ საავტომობილო კატასტროფაში დამეღუპა შვილი და რძალი. დამრჩა სამი არასრულწლოვანი შვილიშვილი. მეზობელმა მირჩია, თქვენთვის მომემართა და გამერკვია, ვის მივმართო მათთვის პენსიის დანიშვნის თაობაზე, რა ოდენობის პენსია დაენიშნება მშობლების დაღუპვის გამო თითოეულ ბავშვს და რა საბუთების წარდგენა იქნება საჭირო.