ოჯახი და სამართალი
- მიმდინარე წლის 12 თებერვალს სამუშაოდან გამათავისუფლეს შტატების შემცირების გამო. დღემდე საბოლოო ანგარიში არ გაუსწორებიათ. მეკუთვნის დამატებითი ერთი თვის ხელფასი? რუსლან თავაძე
- დიახ, გეკუთვნით, ვინაიდან შტატების შემცირების დროს შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინიციატორად დამსაქმებელი ითვლება. ამდენად, დასაქმებულს საბოლოო ანგარიშის გასწორების დროს (რაც სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან არა უგვიანეს 7 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს) დამატებით არანაკლებ ერთი თვის ხელფასი აუცილებლად უნდა მიეცეს (საფუძველი: საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი).
- ნასვამი მოვყევი საავტომობლო კატასტროფაში და მეოთხე თვეა ვწევარ. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ფურცლის მოცემაზე ექიმმა უარი მითხრა, არადა სამსახური მიცდება. სწორია ასეთი გადაწყვეტილება? მერაბ ბოჭორიშვილი
- ექიმის გადაწყვეტილება სწორია, ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ დროებითი შრომისუუნარობა გამოწვეულია დაავადებით ან ტრავმით, რომლის უშუალო მიზეზია არაფხიზელი მდგომარეობა, ეს შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველია.
- ვარ მძიმე ავადმყოფი. მიმდინარე წელს დაწესებულების ხელმძღვანელობამ მომცა 400 ლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარება. გთხოვთ განმიმარტოთ, იქნება ეს გათვალისწინებული დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების დროს? შორენა მამისაშვილი
- ერთჯერადი დახმარების თანხა დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გამოანგარიშების დროს მხედველობაში არ მიიღება.
- ვმუშაობ სახელმწიფო დაწესებულებაში მცირე ხელფასზე, არ ვარ საჯარო მოსამსახურე. გთხოვთ მაცნობოთ, კანონის თანახმად, შემიძლია თუ არა ვიმუშაო შეთავსებით? ნესტან ბოცვაძე
- მოქმედი კანონის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება შეთავსებით სამუშაოზე შეიძლება დაიდოს პირთან, რომელსაც ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს შეუძლია სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება.
- ორ თვეში მიწევს დეკრეტულ შვებულებაში გასვლა. მაქვს მხოლოდ ხუთი თვის შრომის სტაჟი. მომეცემა თუ არა ფასიანი ან უხელფასო დეკრეტული შვებულება და როგორი წესით მოხდება მისი გამოანგარიშება? ლალი გიორგაძე
- ორსულობისა და მშობიარობის, ასევე ბავშვის მოვლის გამო მოგეცემათ 477 კალენდარული დღის ოდენობის შვებულება, განურჩევლად შრომის სტაჟის ხანგრძლივობისა. რაც შეეხება საშვებულებო ანაზღაურებას, იგი გამოანგარიშებული უნდა იქნეს ფაქტობრივად ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო თუ ყოველთვიურად ფიქსირებულ ხელფასს იღებთ - ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.
- ვარ 34 წლის, ვმუშაობ დაქირავებით. დამსაქმებელი ერთსა და იმავე პირობებზე გვიფორმებს რამდენიმე ხელშეკრულებას. გთხოვთ მაცნობოთ, ასეთ შემთხვევაში რომელ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა. მირიან გოკიელი
- კანონის თანახმად, დამსაქმებელთან ერთსა და იმავე პირობაზე დადებული რამდენიმე ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ბოლოს დადებულ ხელშეკრულებას.
- 20 დღის წინ შვილად ავიყვანე ერთი თვის ბავშვი. ვმუშაობ. გთხოვთ მაცნობოთ, რა ხანგრძლივობის ფასიანი და უხელფასო შვებულება მეკუთვნის. ლანა ზაქარეიშვილი
- გეკუთვნით, საერთო ჯამში, 365 კალენდარული დღის ხანგრძლივობის შვებულება, საიდანაც ანაზღაურებადია 70 კალენდარული დღე.
- გთხოვთ მაცნობოთ, ბიულეტენის წარდგენიდან რამდენ დღეში უნდა მომეცეს კუთვნილი თანხები და საიდან. ნელი კობახიძე
- 2007 წლის 1 იანვრიდან მოქმედი კანონის თანახმად, დამსაქმებელი (დაწესებულება) ვალდებულია საავადმყოფო ფურცლის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ან აანაზღაუროს დროებითი შრომისუუნარობის ფურცელი, ან წერილობით შეატყობინოს დასაქმებულს, რა მიზეზით ეთქვა უარი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემაზე.
- 2012 წლის 2 თებერვალს, მეტროთი მგზავრობისას, ჩანთიდან ამომაცალეს შრომის წიგნაკი და საფულე. ფულზე არ ვდარდობ, მაგრამ შრომის წიგნაკში მთელი ჩემი 40-წლიანი შრომითი საქმიანობა იყო აღნიშნული. როგორ მოვიქცე, რომ შრომის წიგნაკი აღვადგინო ან შრომის სტაჟი სხვა გზით დავადასტურო? გურამ ნარჩემაშვილი
- შრომის წიგნაკის დაკარგვის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონულ განყოფილებას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ აღნიშნული ორგანო დაადასტურებს წიგნაკის დაკარგვის ფაქტს, მათ მიერ გაცემული საბუთის საფუძველზე ორგანიზაცია, რომელშიც ბოლოს მუშაობდით, გასცემს შრომის წიგნაკის დუბლიკატს, რომელსაც იგივე ძალა აქვს, რაც დედანს. თუ ეს ვერ მოხერხდა, შეგიძლიათ შრომის სტაჟი აღიდგინოთ საარქივო მონაცემების საფუძველზე გაცემული ოფიციალური ცნობებით.
- ვარ 27 წლის, მყავს 2 შვილი, უმცროსი 3 თვისაა. ვმუშაობ ბანკში, მაღალ ხელფასზე. მეუღლეს და დედას დაბალი ხელფასი აქვთ. მინდა გავიდე სამსახურში და ჩემს ნაცვლად ბავშვის მოსავლელად დედაჩემმა აიღოს უხელფასო შვებულება. ადრე ეს ნებადართული იყო. გთხოვთ მაცნობოთ, ისევ მოქმედებს ასეთი წესი? ნონა წივწივაძე
- საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შვებულება ბავშვის (შვილიშვილის) მოსავლელად შეიძლება აიღოს ბავშვის ბებიამ ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც მას მოუვლის. მხედველობიდან არ გამოგრჩეთ, რომ ახალი შრომის კოდექსით, ქალს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო (ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე) საერთო ჯამში მხოლოდ 477 კალენდარული დღის ხანგრძლივობის შვებულება ეძლევა.
- გთხოვთ განმიმარტოთ, განისაზღვრება თუ არა წერილობითი ხელშეკრულებით დასაქმებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სახე. მამია იორდანიშვილი
- საქართველოს შრომის კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად, წერილობითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს როგორც დასაქმებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სახე, ისე მისი ფარგლები, თუ ეს სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარეობს.
- ვარ 4 შვილის დედა. ვსარგებლობდი ყოველთვიური დახმარებით და შეღავათებით, რომლებიც 2007 წლიდან გამიუქმეს. უკიდურესად მიჭირს. იქნებ დამეხმაროთ და მაცნობოთ, არ მეკუთვნის დახმარება და შეღავათები? თათია მორჩილაძე
- იმისთვის, რომ დახმარება მიიღოთ და ყოველგვარ გადასახადში 50%-იანი შეღავათითაც ისარგებლოთ, საჭიროა შეიტანოთ განაცხადი სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ სამსახურში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და დარეგისტრირდეთ მონაცემთა ბაზაში. ამის შემდეგ თქვენთან მოვა ზემოაღნიშნული სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც შეამოწმებს ოჯახის მატერიალურ-საყოფაცხოვრებო პირობებს და თუ მოგენიჭებათ შესაბამისი სარეიტინგო ქულა, მოიპოვებთ ყოველთვიური დახმარების მიღების უფლებას და ისარგებლებთ 50%-იანი შეღავათით ყოველგვარი გადასახადის გადახდის დროს. ამის გარეშე შეღავათებით სარგებლობისთვის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
- შეიძლება თუ არა ინდივიდუალური დავის განხილვა შემათანხმებელი პროცედურებით? ლეილა კოპლატაძე
- საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ინდივიდუალური დავის განხილვა შესაძლებელია შემათანხმებელი პროცედურებით, ინდივიდუალური მოლაპარაკების გზით ან სასამართლოს საშუალებით. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ამ გზით დავის განხილვა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს და მათ წარმომადგენლებს, რომელთაც უშუალოდ ეხება. ეს დავა.
- ვმუშაობ ერთ-ერთ დაწესებულებაში მთავარ ბუღალტრად. როგორც გავიგეთ, ცვლილებები შევიდა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების კანონში. გთხოვთ გამარკვიოთ, ვის უნდა მიმართოს ორსულმა დახმარების მისაღებად და რა ევალება დაწესებულებას ამ საკითხის დროულად გადასაწყვეტად. ნანული აბაშიძე
- ორსულობისა და მშობიარობის ანაზღაურების წესში გასულ ან მიმდინარე წელს რაიმე ცვლილება არ შესულა. რაც შეეხება თქვენთვის საინტერესო საკითხს, დასაქმებული (მოსამსახურე) დახმარების ან/და კომპენსაციის მისაღებად საავადმყოფო ფურცელს (ასლთან ერთად) წარუდგენს დამსაქმებელს (დაწესებულებას) და ითხოვს ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, რის საფუძველზეც დამსაქმებელი (დაწესებულება) ავსებს საავადმყოფო ფურცლის შესაბამის ნაწილს, რომელსაც დაფინანსების განაცხადსა და დასაქმებულის (მოსამსახურის) პირადობის მოწმობის ასლთან ერთად წარუდგენს დამსაქმებლის (დაწესებულების) იურიდიული მისამართის ადგილსამყოფელის მიხედვით სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის სერვის-ცენტრს (განყოფილებას).
თქვენთვის საინტერესო საკითხების თაობაზე მოგვმართეთ შემდეგ ნომერზე: 593 35 99 09