სასქესო ორგანოების ქავილი: რისი ბრალია და როგორ მოვიქცეთ
დაუშვებელია, მაგრამ ქავილი ზოგჯერ იმდენად აუტანელია, რომ ადამიანს შესაძლოა არათუ ქცევის წესების დარღვევა აიძულოს, არამედ ძილი, მოსვენება და მადაც კი დააკარგვინოს. შორისის არეში ქავილს უამრავი მიზეზი აქვს, ჰიგიენის ელემენტარული წესების უგულებელყოფით დაწყებული, ავადმყოფობით დამთავრებული.
მაგალითად, ქავილი შესაძლოა გამოიწვიოს პროფესიული საქმიანობის დროს თუ საყოფაცხოვრებო პირობებში ქიმიურ ნივთიერებებსა და მტვერთან კონტაქტმა. ქავილს იწვევს შორის ის გადახურებაც, მაგალითად, სინთეტიკური ქსოვილის თეთრეულის გამო. მაგრამ ყველაზე ხშირად ქავილის მიზეზი მაინც ინტიმური ჰიგიენის დაუცველობაა: იშვიათი ბანა, კრიტიკულ დღეებში საფენების ან ტამპონების იშვიათი ცვლა, ყოველდღიური საფენების ხანგრძლივი ტარება. არანაკლებ მავნეა გადაჭარბებული ჰიგიენა: საშოს ხშირი გამორეცხვა, ანტიბაქტერიული საპნის სისტემატური გამოყენება, არომატიზებული საფენების ხმარება...
ძალზე მნიშვნელოვანია, როგორი ქსოვილისაა თეთრეული. მაქმანი და ატლასი ძალიან ლამაზია, მაგრამ საერთოდ არ არის ჰიგიენური - აღიზიანებს კანს და არ ატარებს ჰაერს. თუ მაინც ასეთი თეთრეულის შეძენას გადაწყვეტთ, ხარისხიანი შეარჩიეთ.
შორისის არეში ქავილი აუზზე სიარულმაც შეიძლება გამოიწვიოს, თუ წყლიდან ამოსვლის შემდეგ არ მივიღებთ შხაპს და კარგად არ დავიბანთ.
დაავადებათაგან სასქესო ორგანოების ქავილს იწვევს:
- ჰერპესი;
- საზარდულის ეპიდერმოფიტია;
- კანდიდოზი;
- ნეიროდერმიტი;
- ბოქვენის პედიკულოზი;
- ტრიქომონიაზი;
- მუნი.
გენიტალურ ჰერპესს ტალღისებური მიმდინარეობა ახასიათებს. გამწვავების პერიოდი იწყება ქავილითა და წვით და მთავრდება ბუშტუკოვანი გამონაყარით.
ჰერპესის გამწვავება ყოველთვის იმუნიტეტის დაქვეითებასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ადგილობრივ საშუალებებთან ერთად ინიშნება იმუნური სისტემის მოსაძლიერებელი პრეპარატებიც.
სამწუხაროდ, ჰერპესის ვირუსის ორგანიზმიდან გამოდევნა შეუძლებელია და სწორი და დროული მკურნალობის შემთხვევაშიც კი რეციდივის საფრთხე არსებობს.
საზარდულის ეპიდერმოფიტია კანის სოკოვანი დაავადებაა, რომელიც, ჩვეულებრივ, სხეულის მოვლის საშულებებით, მაგალითად, ნეჭით, გადაედება. მკურნალობა ექიმის დანიშნულებით უნდა ჩატარდეს.
კანდიდოზი (რძიანა) ანთებითი სოკოვანი დაავადებაა, რომელიც აზიანებს კანს, შარდსასქესო, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, ნერვული სისტემების ლორწოვან გარსებს.
ქალებს კანდიდოზის დროს, ჩვეულებრივ, საშო და გარეთა სასქესო ორგანოები უზიანდებათ.
მამაკაცები ძალიან იშვიათად ავადდებიან. დაავადება, წესისამებრ, სასქესო ასოს თავს აზიანებს.
რძიანას მკურნალობენ ადგილობრივი (კრემები, ვაგინალური ტაბლეტები ან სანთლები) და შინაგანი (ტაბლეტები ან კაფსულები) საშუალებებით.
ნეიროდერმიტი კანის ალერგიული დაზიანებაა, რომელსაც შეუპოვარი, ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს. მიზეზი ბოლომდე არ არის გარკვეული. მკურნალობა კომპლექსურია - მოიცავს რეჟიმს, დიეტას, ანტიჰისტამინური პრეპარატების კურსს, ჰორმონულ თერაპიას, ფიზიოთერაპიას, ქავილის საწინააღმდეგო, გამწოვი ეფექტის მქონე ნეიტრალურ კრემებსა და მალამოებს.
ბოქვენის პედიკულოზი სქესობრივი კონტაქტითა და საწოლის თეთრეულით გადაეცემა. მის სამკურნალოდ იყენებენ ისეთ ნივთიერებათა შემცველ მალამოებს, შამპუნებს და სპრეის, რომლებიც პარაზიტს კლავს.
წამლის ერთჯერადი გამოყენება განკურნებისთვის საკმარისი არ არის.
ვინაიდან ბოქვენის პედიკულოზი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, მკურნალობა ორივე პარტნიორმა უნდა ჩაიტაროს.
ტრიქომონიაზი ქალებთან ვლინდება საშოს (კოლპიტი), საშვილოსნოს ყელის (ცერვიციტი) და სქესობრივი აქტისთვის აუცილებელი სეკრეტის გამომყოფი ჯირკვლების ანთებით. მამაკაცებთან ყველაზე ხშირია ურეთრიტი და პროსტატიტი.
ტრიქომონიაზი იკურნება. საჭიროა მხოლოდ ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულება და მოთმინება.
მუნი გადამდები დაავადებაა, რომელსაც კანში შეჭრილი მუნის ტკიპა იწვევს. ავადმყოფობას თან ახლავს ძლიერი ქავილი (განსაკუთრებით - ღამით) და გამონაყარი. მუნი 4-5 დღეში იკურნება. მკურნალობის პარალელურად აუცილებელია ტანსაცმლისა და თეთრეულის სრული დეზინფექცია სპეციალური საშუალებებით.
სასქესო ორგანოთა ქავილი შესაძლოა ღვიძლის, თირკმლის და სისხლმბადი ორგანოების პრობლემებითაც იყოს განპირობებული. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი სიმპტომია საზარდულის მიდამოს მტანჯველი ქავილი.
ქავილი ზოგჯერ ჰეპატიტის და ანემიის პირველი ნიშანია.
ზოგი სამკურნალო პრეპარატის გვერდითი ეფექტი საშოს მუდმივი მიკროფლორის დარღვევითა და ქავილით ვლინდება.
ემოციური ადამიანები ქრონიკული სტრესისა და ნერვული გადაძაბვის კომპენსირებას სხეულის, კერძოდ, ინტიმური ადგილების ისტერიული ქავილით ცდილობენ. ამგვარად ტვინი გადაუჭრელი პრობლემიდან მექანიკურ საქმიანობაზე გადაერთვება.
მკვეთრმა ჰორმონულმა ძვრებმა შესაძლოა კანისა და მიკროფლორის მდგომარეობაზე მოახდინოს გავლენა და კანდიდოზამდე ან ვულვოვაგინიტამდე მიგვიყვანოს.
ქავილს უჩივიან სიმსუქნისკენ მიდრეკილი ადამიანებიც. ეს იმიტომ, რომ ჭარბი წონა ოფლიანობის გაძლიერებას იწვევს. გარდა ამისა, სიმსუქნეს ხშორად თან ახლავს ჰორმონული დეფიციტიც.
სუსტი ქავილი მოსალოდნელია დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ - ეს ვულვის რეაქციაა მამაკაცის სეკრეტზე.
თუ ბიკინის ზონაში არასასურველ თმას იშორებთ, პროცედურის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლოა გენიტალიების მიდამოს ქავილმა შეგაწუხოთ.
შორისის არეში სუსტი ქავილი შესაძლოა ორსულობის ნიშანიც იყოს - ორგანიზმის ჰორმონული ხალისი ხომ ამ დროსაც იცვლება.