ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
ლაპარაკობენ თანამედროვე საზოგადოებისთვის მის გლობალურ მნიშვნელობაზე, აშშ-ში ქრონიკული დაღლილობის ნაციონალური ცენტრიც კი შეიქმნა.
რა არის პათოლოგიის არსი, ანდა შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება? ამ და სხვა კითხვებზე მე-12 პოლიკლინიკის ნევროპათოლოგი ნანი მანაგაძე გვიპასუხებს.
- რა არის ქრონიკული დაღლილობის სინდრომი?
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ძნელად დიაგნოსტირდება და მკურნალობისას კომპლექსურ - სოციალურ-ჰიგიენურ, ფსიქოლოგიურ, კლინიკურ-დიაგნოსტიკურ და თერაპიულ მიდგომას მოითხოვს.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომს ახასიათებს გახანგრძლივებული, არამოტივირებული დაღლილობის შეგრძნება, რომელიც დასვენების შედეგად არ ქრება. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ცნობილია სხვადასხვა სახელწოდებით: პოსტვირუსული ასთენია, იმუნური დისფუნქცია, ფიბრომიალგია... დაავადებად იგი მიჩნეულ იქნა 1984 წლის ნევადის (აშშ) ეპიდემიის შემდეგ, როდესაც პატარა ქალაქ ინკლაინ-ვილიჯში, ტბა ტახოს ნაპირას, მისი 200-მდე შემთხვევა აღირიცხა. პაციენტები უჩიოდნენ დეპრესიას, უგუნებობას, კუნთოვან სისუსტეს. გამოკვლევისას მათ აღმოაჩნდათ ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ნაწილს კი ანტისხეულები ამ ვირუსის ან ჰერპესის “მონათესავე” ვირუსების მიმართ.
მეცნიერები დღესაც დავობენ იმის თაობაზე, რამ გამოიწვია ნევადაში ქდს-ის ეპიდემია - ვირუსულმა ინფექციამ, არასახარბიელო ეკოლოგიამ თუ რაიმე სხვამ. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ მსოფლიოში ყოველ მე-200 ადამიანს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი აქვს. 5-დან 4 პაციენტი ქალია, ძირითადად - 25-დან 50 წლამდე ასაკისა. ასეთი ადამიანები ენერგიულები, საქმიანები, პასუხისმგებლობით აღსავსენი და იღბლიანებიც არიან. ისინი თავს არ იზოგავენ, რათა ასეთები იყვნენ, შედეგად კი მცირდება ინფექციებისა და სტრესების მიმართ მათი წინააღმდეგობის უნარი, რაც, თავის მხრივ, მასტიმულირებელი ჰორმონის - სეროტონინის დონეზე ახდენს გავლენას. ზოგჯერ ქდს საგრძნობლად ართულებს ცხოვრებას. ის შეიძლება გაგრძელდეს თვეობით, წლობით, რასაკვირველია, სხვადასხვა გამოხატულებით. ხშირია რეციდივი.
- სახელდობრ, რით გამოიხატება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი?
- პაციენტი უჩივის:
- საერთო სისუსტეს;
- ადვილად დაღლას;
- შრომისუნარიანობის დაქვეითებას;
- თავის ტკივილს;
- გულისრევის შეგრძნებას;
- ძილის დარღვევას;
- კუნთოვან სისუსტეს, კუნთებში ტკივილსა და კრამპს;
- ყურადღებისა და მეხსიერების დაქვეითებას;
- ხელ-ფეხის გაცივებას;
- ლიმფური კვანძების გადიდებას;
- თავბრუხვევას;
- ყელის ტკივილს;
- ქოშინს;
- “დამძიმებულ” მეტყველებას;
- მეტისმეტ მგრძნობიარობას შუქის, ბგერის, შეხების, სუნების მიმართ;
- სუბფებრილიტეტს;
- თმის ცვენას.
ესენი თანმხლები ჩივილებია, ძირითადი ნიშნები კი გახლავთ გახანგრძლივებული დაღლილობის შეგრძნება, უხალისობა, გუნება-განწყობის დაქვეითება. ქდს-ის დიაგნოსტიკისას აუცილებელია გამოირიცხოს სხვა დაავადებები, რომლებიც ასეთსავე სიმპტომებს იწვევს, მაგალითად, ინფექციური მონონუკლეოზი.
- ვის ემუქრება ქდს?
- რისკ-ჯგუფში შედიან ადამიანები, რომელთა პროფესიაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ასეთები არიან, მაგალითად:
- ავიადისპეტჩერები;
- სარკინიგზო ტრანსპორტის ოპერატორები;
- ექიმები;
- პედაგოგები;
- პოლიციელები;
- ბიზნესმენები, რომელთაც მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად უდიდესი ფსიქოემოციური დატვირთვის ატანა უწევთ;
- ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში მცხოვრები ადამიანები;
- ავადმყოფები, უმთავრესად - სიმსივნით დაავადებულები, ოპერაციის, სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ.
- რა იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს?
- ქდს-ს მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის:
- ცხოვრების არასახარბიელო ეკოლოგიურ-ჰიგიენური პირობები;
- ზემოქმედებები, რომლებიც ასუსტებს ორგანიზმის ზოგადი, იმუნოლოგიური და ნერვულ-ფსიქიკური წინააღმდეგობის უნარს (ნარკოზი, ოპერაციული ჩარევა, ქრონიკული დაავადებები, ქიმიო- და სხივური თერაპია, სხვა არაიონიზებული გამოსხივება, თუნდაც კომპიუტერი);
- ხშირი და ხანგრძლივი სტრესი სამუშაო ადგილზე;
- არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვა;
- ცხოვრებისეული პერსპექტივის არარსებობა, ფართო ინტერესების უქონლობა.
სინდრომის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს:
- თამბაქოს წევა;
- სმა;
- არასრულფასოვანი კვება;
- გამოუძინებლობა;
- ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივი მიღება, მათ შორის - ანალგინისა, პარაცეტამოლისა, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, საძილე და შარდმდენი პრეპარატებისა.
- როგორ სვამენ ქდს-ის დიაგნოზს, რა გამოკვლევები შეიძლება ჩატარდეს ამ დროს?
- ქდს-ის დიაგნოსტიკის საკითხი მეტად აქტუალურია. ექიმი ორიენტირებას ახდენს დაავადების კლინიკურ გამოვლინებასა და ლაბორატორიულ გამოკვლევებზე, დაახლოებით, ნახევარი წლის განმავლობაში. ქდს-ის დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია:
- სისუსტე და ადვილად დაღლა, ყურადღების დაქვეითება;
- მომატებული აღგზნებადობა და არამყარი ფსიქოემოციური მდგომარეობა;
- განმეორებადი თავის ტკივილები, რომლებიც სხვა პათოლოგიასთან არ არის დაკავშირებული;
- ძილის დარღვევა - დღისით ძილიანობა, ხოლო ღამით უძილობა;
- შრომისუნარიანობის პროგრესირებადი დაქვეითება, რაც პაციენტს აიძულებს, ერთი მხრივ, ფსიქოსტიმულატორების, მეორე მხრივ, საძილე პრეპარატების გამოყენებას;
- წონის დაკლება, ხოლო ჰიპოდინამიური ცხოვრების წესის მქონეთათვის - წონის მომატება I-II ხარისხის სიმსუქნემდე.
- აპათია, უხალისო განწყობილება, ემოციური დათრგუნვილობა.
პაციენტებს მიზანშეწონილია ჩაუტარდეთ:
- სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზები;
- შარდის ანალიზი;
- ჰორმონული და იმუნური სტატუსის გამოკვლევა;
- ელექტროკარდიოგრაფია;
- მუცლის ღრუს ორგანოთა ექოსკოპია;
- ექოკარდიოგრაფია;
- ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია;
- ონკომარკერებზე გამოკვლევა.
თუ გამოკვლევისას ნორმიდან გადახრა ვერ აღმოვაჩინეთ, ხოლო არამოტივირებული დაღლილობა სრულფასოვანი დასვენების შემდეგაც გრძელდება და 6 თვე მაინც გასტანს, ექიმს შეუძლია, დასვას ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოზი.
- რომელიმე სხვა პათოლოგიის დროსაც თუ შეიძლება შეგვხვდეს მსგავსი სიმპტომები?
- ასეთივე სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს საკვებისმიერი ალერგია, გადამეტებული ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის შედეგები, ვირუსული ინფექციები. არსებობს ქდს-ის განვითარების ვირუსული თეორია, რომლის მიხედვით, დაავადების ტრიგერული ფაქტორებია ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ადამიანის ჰერპესვირუსი 6, კოქსაკის ვირუსი, C ჰეპატიტის ვირუსი, ენტეროვირუსი, რეტროვირუსი და სხვა. ყველა ამ ვირუსით დასნებოვნებისას ორგანიზმში მიმდინარეობს დაახლოებით ასეთი ცვლილებები:
1) რძემჟავას გაძლიერებული გამომუშავება ფიზიკური დატვირთვის პასუხად;
2) ქსოვილებში ჟანგბადის ტრანსპორტირების დარღვევა;
3) მიტოქონდრიების რაოდენობის დაქვეითება და მათი დისფუნქცია;
4) კარნიტინის დონის დაქვეითება სისხლის პლაზმაში.
- შესაძლებელია თუ არა ამ დაავადებისგან განკურნება?
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მკურნალობის მთავარი პრინციპია პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომა. ძალიან მნიშვნელოვანია დამზოგველი რეჟიმი და პაციენტის ხშირი კონტაქტი მკურნალ ექიმთან. აუცილებელია:
- დასვენებისა და ფიზიკური დატვირთვის რეჟიმის მოწესრიგება; ყოველდღიური ფეხით სეირნობა (პარალელურად სასურველია მთელი სხეულის ან საყელოს ზონის სეგმენტური მასაჟი);
- განტვირთვა და დიეტოთერაპია, რომლის შედეგადაც იშლება წიდა, აქტიურდება უჯრედული ცვლა, ხდება ფიზიოლოგიური სისტემების ფუნქციური სტიმულაცია. ამ დროს აუცილებელია დღე-ღამეში 1,5-2ლ სითხის მიღება;
- ვიტამინები, განსაკუთრებით - B1, B2, B12, C;
- ფსიქოთერაპია - როგორც აუტოგენური, ისე ჯგუფური;
- იმუნოკორექტორები და ადაპტოგენები;
- სხვა დამხმარე საშუალებები (დღის ტრანკვილიზატორები, ენტეროსორბენტები, ნოოტროპული საშუალებები და სხვა სიმპტომური სამკურნალო პრეპარატები);
- ფართოდ გამოიყენება კოენზიმ Q10, მელატონინი, სელენის, რკინის, თუთიის შემცველი პრეპარატები.
- როგორი უნდა იყოს ამ დროს კვებისა და ძილის რეჟიმი?
- უნდა მივიღოთ მეტი ცილოვანი საკვები, ხილი და ბოსტნეული, ვერიდოთ ალკოჰოლს და სხვა მაგარ სასმელებს, რეგულარულად მივირთვათ ნიგოზი, თაფლი, ჩირი, ნიორი, ლიმონი და სხვა ციტრუსები. კარგია სამკურნალო მცენარეებისგან მომზადებული იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალებები (ყველაზე ცნობილია ჟენ-შენი და ექინაცეა). იმუნიტეტის მოძლიერებას ხელს უწყობს შტოშის, ჟოლოს, შინდის მურაბა.
მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვაც. სასურველია, ავდგეთ და დავწვეთ ერთსა და იმავე დროს. დღისით ზომიერად დავიტვირთოთ და ვერიდოთ თვალის მოტყუებას, ხოლო ღამით შევქმნათ სასურველი განწყობა სრულფასოვანი ძილისათვის. არის შემთხვევები, როდესაც მიზანშეწონილია მსუბუქი საძილე საშუალებების გამოყენებაც.
- ინიშნება თუ არა ქდს-ის დროს მატონიზებელი საშუალებები ან ვიტამინები?
- ინიშნება იმის გათვალისწინებით, რომელი სიმპტომი ჭარბობს ამა თუ იმ შემთხვევაში.
- რას გვირჩევდით ქრონიკული დაღლილობის სინდრომის პრევენციისთვის?
- ეცადეთ, უყურადღებოდ არ დატოვოთ გადატანილი ემოციური თუ ფიზიკური სტრესი, ოდნავ მაინც გართულებული ვირუსული ინფექცია. დროულად ჩაიტარეთ ექიმის მიერ მითითებული ლაბორატორიული გამოკვლევები, რათა თქვენმა პრობლემებმა ქრონიკული სახე არ მიიღოს და ამ უსიამოვნო სინდრომში არ გადაიზარდოს.
ქდს-ის საუკეთესო წამალია აქტიური დასვენება: თევზაობა, ტყეში სეირნობა, სოკოს კრეფა... ძალიან მნიშვნელოვანია უნარი, საკუთარ პრობლემებს შორიდან შევხედოთ. ასე შეიძლება დავინახოთ, რომ მიზნისკენ მიმავალი სხვა გზაც არსებობს და სულაც არ არის აუცილებელი ძილსა და დასვენებაზე უარის თქმა. “ყველაფრის საწყისი კეთილგონიერებაა. აქედან წარმოიშვა ყველა სხვა სიკეთე. ის გვასწავლის, რომ შეუძლებელია, ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღო, თუ გონივრულად, ზნეობრივად და სამართლიანად არ ცხოვრობ და პირიქით, ვერ იცხოვრებ გონივრულად, ზნეობრივად და სამართლიანად, თუ ცხოვრება სიამოვნებას არ გგვრის”, - ამბობდა ეპიკურე. ალბათ, ღირს, ყური მივუგდოთ მის შეგონებას.