რატომ გვტკივა ძვლები
ძვლების ტკივილის ძირითადი მიზეზები
- არცთუ იშვიათად ძვლების ტკივილი დიდი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღმოცენდება. ეს ძვლოვანი ქსოვილის მიერ საკვები ნივთიერებების დიდი რაოდენობით დაკარგვისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგია ხოლმე. ასეთ დროს ტკივილი თავს იჩენს ძვლოვანი ქსოვილის კვების (ტროფიკის) პირველივე დარღვევისას, როდესაც ძვლოვანი ქსოვილი რომელიმე სტრუქტურული ნივთიერების დეფიციტს განიცდის.
- ჭარბწონიან ადამიანებს ხშირად სტკივათ ქვედა კიდურების ძვლები. ტკივილის პროვოცირებას ასეთ დროს ძვლებისა და სახსრების ჭარბი დატვირთვა ახდენს. გარდა ამისა, დიდი დატვირთვის გამო ირღვევა ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმი, რაც ასევე იწვევს ტკივილს.
- ძვლების ტკივილს განსაკუთრებით ხშირად უჩივიან ხანდაზმულები. ამის მიზეზი ძვალსახსროვანი სისტემის დეგენერაციული ცვლილებებია. ძვლოვანი ქსოვილი ასაკთან ერთად განსაზღვრულ ცვლილებებს განიცდის - ილევა, კარგავს კოლაგენს, კალციუმსა და სხვა მინერალურ ნივთიერებებს. ამის გამო ძვლები ჩვეულ სიმტკიცეს კარგავს, მყიფე, სუსტი და მტკივნეული ხდება.
- ძვლების ტკივილი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია ძვლოვანი ქსოვილის სიმსივნური პათოლოგიისთვის. თავდაპირველად ტკივილი ღამით და დატვირთვისას იჩენს თავს, პათოლოგიური პროცესის პროგრესირებისა და სიმსივნური წარმონაქმნის ზრდის კვალად კი თანდათანობით მუდმივი ხდება.
- ძვლების ტკივილი ხშირად სისხლის დაავადების მანიშნებელია. მტკივნეული შეგრძნებები შესაძლოა სპონტანურად აღმოცენდეს, მაგრამ ყოველთვის ჩნდება ძვალზე ხელის დარტყმისას. ასეთი სიმპტომები დამახასიათებელია ძვლის ტვინის პათოლოგიებისთვის, მწვავე ლეიკოზის, ქრონიკული მიელოლეიკოზის, ერითრემიისა და მიელომური დაავადებისთვის. ეს უკანასკნელი ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეა, შერჩევითად აზიანებს ხერხემალს, ბრტყელ ძვლებს, მენჯსა და ნეკნებს. მამაკაცები უმეტესად 50-70 წლის ასაკში ავადმყოფობენ. დაავადებას ახასიათებს ხანგრძლივი (ხუთ-, ათ-, თხუთმეტწლიანი) უსიმპტომო მიმდინარეობა, რის შემდეგაც ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედსი) სწრაფად იმატებს, ვითარდება პროტეინურია (შარდში ცილის მომატება) და პარაპროტეინემია (სისხლში სტრუქტურულად ანომალიური და ფუნქციურად არასრულფასოვანი ცილოვანი სხეულების გამოჩენა). მიელომურ დაავადებას ახასიათებს ძვლების მტანჯველი ტკივილი, პათოლოგიური მოტეხილობები, მალათა კომპრესიული მოტეხილობები, ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის დონის მომატება).
- ინფექციური დაავადებებიდან ძვლების ტკივილი დამახასიათებელია ძვლის ტუბერკულოზისთვის. პათოლოგიური პროცესი ასეთ დროს უმეტესად ხერხემლის მალებს მოიცავს და, როგორც წესი, ძველი კერებიდან, უპირატესად ფილტვებიდან, ტუბერკულოზური ინფექციის დისემინაციის (გავრცელების) შედეგია. წვივის ძვლების ტკივილი განსაკუთრებით დამახასიათებელია სიფილისისთვის და, როგორც წესი, ღამღამობით იჩენს თავს. ძვლების ტკივილი ერთ-ერთი სიმპტომია ოსტეომიელიტისა - ძვლის ტვინის ანთებისა, რომელსაც ჰემატოგენური ბუნება აქვს (ანუ ინფექციის სისხლით გავრცელების შედეგია).
- ტკივილი ძვლების მეტაბოლურ დარღვევებსაც ახლავს თან. ასეთ დროს ირღვევა ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაცია (განახლება), რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს საკვებში მინერალური ნივთიერებების დეფიციტმა, ნაწლავებიდან მათი შეწოვის დარღვევამ ან საკუთრივ ძვლოვანი ქსოვილის მიერ მინერალების ათვისების მოშლამ, D ვიტამინის დეფიციტმა ან მისი მეტაბოლიზმის დარღვევამ. სიარულისას ქვედა კიდურების ძვლების ტკივილი და ზურგის არეში მწველი შეგრძნება შესაძლოა ოსტეომალაციის (ძვლების დარბილების) მანიშნებელი იყოს. ის, წესისამებრ, D ვიტამინის ნაკლებობის შედეგია.
რატომ სტკივათ ძვლები ორსულებს
ორსულებს ძვლების ტკივილი, ჩვეულებრივ, ორსულობის მოგვიანებით პერიოდში ეწყებათ. მიზეზი სხვადასხვაა. ქვედა კიდურებისა და ხერხემლის ძვლების ტკივილი, როგორც წესი, მზარდი წონის შედეგია. ძვალსახსროვანმა სისტემამ ზედმეტი დატვირთვა რომ არ განიცადოს, ორსულობის პერიოდში აუცილებლია წონის კონტროლი. ძვლების ტკივილი შესაძლოა ოსტეომალაციის შედეგიც იყოს. ეს უკანასკნელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, D ვიტამინისა და კალციუმის ნაკლებობის გამო ვითარდება. ასეთ დროს მულტივიტამინებთან ერთად ორსულმა უნდა მიიღოს კალციუმის პრეპარატებიც, ოღონდ აუცილებლად ექიმის დანიშნულებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორსულობის 34-ე კვირის შემდეგ ორსულებს კალციუმს აღარ უნიშნავენ. კლასიკური ოსტეომალაცია იშვიათია. ამ დროს ქალს აღარ შეუძლია გადაადგილება მოტეხილობათა თვითნებური განვითარების გამო. ასეთი დიაგნოზი ორსულობის შეწყვეტის ჩვენებაა. ორსულობისას კალციუმის ნაკლებობა კი ჩვეულებრივი მოვლენაა, თანამედროვე ყოფაში ის ხშირად გვხვდება.
ორსულთა სიმფიზიტი
სიმფიზი ერთმანეთთან აკავშირებს ბოქვენის ორ მეზობელ ძვალს, რომლებიც სიმფიზის ზედაპირებით არიან შეპირაპირებულნი სხეულის შუა (მედიალურ) სიბრტყეში. ამ ძვლების სიმფიზის ზედაპირები დაფარულია ჰიალინური ხრტილით. მათთან მჭიდროდაა შერწყმული მათ შორის ჩადგმული ბოქვენის მალათაშუა ხრტილოვანი დისკო. დისკოს შუა ნაწილში შეიმჩნევა სხვადასხვა ზომის (სქესისა და ასაკის შესაბამისად) ნაპრალი, რომელიც სითხითაა ამოვსებული. ამის გამო ამ დაკავშირებას ხრტილოვან შეერთებათა განსაკუთრებულ სახეს - სიმფიზებს მიაკუთვნებენ. ბოქვენის ძვალთაშუა დისკოს თავისებურებებთან არის დაკავშირებული თვით ბოქვენის სიმფიზის ფორმა და ზომები. ქალებს, მეტადრე - სქესობრივი სიმწიფისას, განსაკუთრებით კი მშობიარობის წინა პერიოდში, სიმფიზი კარგად აქვთ გამოხატული. ის მამაკაცის სიმფიზზე მოკლეა, მაგრამ მნიშვნელონად აღემატება მას სიგანით. ამის წყალობით ბოქვენის ძვლები მშობიარობისას რამდენადმე შორდება ერთმანეთს და სამშობიარო გზებს აფართოებს. სიმფიზიტი ამ ხრტილოვანი შეერთების - ბოქვენის სიმფიზის - ანთებაა. სიმფიზი ამ დროს რამდენამდე რბილდება, ბოქვენის ძვლები ერთმანეთს სცილდება, მოძრაობა ძლიერ ტკივილს იწვევს. მეტად მტკივნეულია ბოქვენის ძვლებზე ხელით ზეწოლაც. სიმფიზიტს ამგვარადაც ამოიცნობენ: მწოლიარე ქალს გამართული ფეხის აწევა არ შეუძლია. რატომ ვითარდება მაინცდამაინც ორსულობის დროს სიმფიზიტი, უცნობია. ექიმები ამ პრობლემას ორსულის ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობასა და ჰორმონ რელაქსინის კონცენტრაციის მომატებას უკავშირებენ. შესაძლოა, სიმფიზიტის მიზეზი ქალის სხეულის ინდივიდუალური, მათ შორის - მემკვიდრეობითი, თავისებურებები და ძვალსახსროვანი აპარატის ორსულობამდე არსებული პრობლემებიც იყოს. სიმფიზიტი ნაყოფს საფრთხეს არ უქმნის, ორსულისთვის კი მეტად შემაწუხებელია. მისი მძიმე ფორმების დროს საკეისრო კვეთას მიმართავენ. ქალმა ოპერაციული ჩარევა თავიდან რომ აიცილოს, ორსულობისას დროულად უნდა მიიღოს სათანადო ზომები - სრულფასოვნად და რაციონალურად იკვებოს, იმოძრაოს, ივარჯიშოს, გამოიყენოს საორსულო სარტყელი ან ბანდაჟი. ძვლების ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს ტრავმა (მოტეხილობა ან ამოვარდნილობა), აუტოიმუნური დაავადება, ალერგიული რეაქცია, კოლაგენის სინთეზის დარღვევა, ზოგიერთი მედიკამენტის (მათ შორის - ჰორმონული პრეპარატების) მიღება. ყველა ეს მიზეზი ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლურ დარღვევებს განაპირობებს, რის შედეგადაც ძვლებში ტკივილი ვითარდება.
მკურნალობის მეთოდები
თერაპია დაავადების მიზეზის დადგენის შემდეგ იწყება და პათოლოგიის გამომწვევი ფაქტორების წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა ძვლების ტკივილით მიმდინარე ნებისმიერი დაავადების დროს დანიშნული მკურნალობა მიზნად ისახავს ტკივილის ლიკვიდაციას, ძვლოვანი ქსოვილის დარღვეული მეტაბოლიზმის აღდგენას და ძვლების კვების ნორმალიზებას. პირველ რიგში, აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება და ძვლოვანი ქსოვილის კვების (ტროფიკის) გაუმჯობესება. ნივთიერებათა ცვლის აღდგენა გულისხმობს:
- კვების კორექციას;
- საკვებ რაციონში ბიოაქტიური დანამატების ჩართვას ძვლოვანი ქსოვილის ელემენტებით;
- ქონდროპროტექტორებისა და ვიტამინების გამოყენებას.
კვების კორექციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძვლების (განსაკუთრებით - ქვედა კიდურების ძვლების) ტკივილის დროს. იმავდროულად საჭიროა ჭარბი წონისგან გათავისუფლება. დიეტა რაციონალური და სწორად შერჩეული უნდა იყოს, არ უნდა ზღუდავდეს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მიღებას, რადგან ამ დროს ნივთიერებათა ცვლის პროცესები ისედაც დარღვეულია. საკვებ რაციონში რომელიმე პროდუქტის მკვეთრად შეზღუდვაც არ არის რეკომენდებული, საკმარისია მხოლოდ ულუფებისა და კვების სიხშირის შემცირება. ვახშმიდან დაძინებამდე ოთხი საათი მაინც უნდა გავიდეს. ძვლების ტკივილის დროს არ არის რეკომენდებული ძვალსახსროვანი სისტემის ზედმეტად დატვირთვა, მძიმე საგნების აწევა, გადამეტებული აქტიურობა, მოძრაობა და სხვა.
ხალხური რეცეპტები
- აიღეთ ქრისტესისხლას ფესვი, ჭინჭრისა და ანწლის ფოთოლი თანაბარი რაოდენობით. დააქუცმაცეთ, ორ სადილის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ლიტრი წყალი და წამოადუღეთ. ნახარში გადაწურეთ და 10 დღის განმავლობაში ყოველდღიურად მიიღეთ 50 მლ.
- აიღეთ წყლის მარწყვაბალახი - 30 გრამი, ალოეს დაქუცმაცებული ფოთოლი - 2 სადილის კოვზი და ოროვანდის ფოთოლი - 1 სადილის კოვზი. დაასხით მდუღარე წყალი, 10 წუთის შემდეგ გაწურეთ. ნაყენი ჩაისავით მიირთვით, გაწურული მასა კი მტკივან ადგილებზე დაიფინეთ.
- ქვედა კიდურების ძვლების ტკივილის დროს მეტად ეფექტურია წითელი მოცვისა და კუნელის ნაყენი - თითო ჭიქა დღეში 4-5-ჯერ.
- სასარგებლოა აგრეთვე ლიმონის წვენი, არეული თაფლსა და კვერცხის ნაჭუჭში, თანაფარდობით 1:2:1. ნარევი მაცივარში ორი დღე უნდა გააჩეროთ, რათა კვერცხის ნაჭუჭი დადნეს და გაიხსნას. ამის შემდეგ ნარევი დღეში ერთხელ, 2 ჩაის კოვზი უნდა მიიღოთ.