მავნე ჩვევა თუ დაავადება
.
ზოგჯერ ის, რაც მედიცინაში გაუთვითცნობიერებელ ადამიანს მავნე ჩვევა ჰგონია, სინამდვილეში დაავადების გამოვლინებაა.
-
ქორეა
ქორეა არის სწრაფი, არარეგულარული მოძრაობები, რომლებიც სხვადასხვა კუნთს მოიცავს. ადამიანი შეიძლება ამოძრავებდეს რომელიმე კიდურს, სახეზე ეხატებოდეს უცნაური გრიმასა. ასეთი მოძრაობა, ჩვეულებრივ, უნებლიეა და ადამიანის ნება-სურვილს არ ემორჩილება. მას ქორეის ტიპის ჰიპერკინეზს უწოდებენ.
"ჰიპერკინეზი" ჭარბ მოძრაობას ნიშნავს, ხოლო ქორეა მისი ერთ-ერთი სახეა. ზოგჯერ ქორეა თავისთავადი პათოლოგიური გამოვლინებაა, ზოგჯერ კი ამა თუ იმ დაავადებას ახლავს თან. მისი მიზეზი შეიძლება იყოს თავის ტვინის ქერქქვეშა სტრუქტურებში სისხლის მიმოქცევის მოშლა, ვირუსული ენცეფალიტი, სისტემური წითელი მგლურა, პოლიციტემია, მოწამვლა ნახშირჟანგით, მანგანუმით, გოგირდის ოქსიდით, ზოგიერთი მედიკამენტი. ნებისმიერი გარე გამღიზიანებელი, მაგალითად, უარყოფითი ემოცია, აძლიერებს ქორეულ ჰიპერკინეზს; მოსვენებისას ის სუსტდება, ძილში ქრება. მკვეთრად გამოხატული ჰიპერკინეზის დროს შეუძლებელი ხდება ჭამა, სიარული, დგომა და ა. შ.
-
- მცირე ქორეა
განსაკუთრებით საყურადღებოა მცირე ანუ რევმატული ქორეა. ის დაკავშირებულია რევმატიზმთან და თავს იჩენს სასკოლო ასაკის ბავშვებში. უნებლიე მოძრაობები გაუთვითცნობიერებელმა ადამიანმა შესაძლოა მოსწავლის ცელქობად მიიჩნიოს. ბავშვი კარგავს მოძრაობების სინატიფეს, ეცვლება კალიგრაფია, მეტყველება, ვერ ისვენებს, ერღვევა ძილი. ყოველივე ამის ფონზე ყურადღებას იპყრობს საკმაოდ ფართო ამპლიტუდის უნებლიე მოძრაობები, რომლებსაც განსაზღვრული მიზანი არ გააჩნია. ხშირია სახის უცნაური მანჭვა. დაავადების კლინიკური სურათის სრული გაშლისას შეინიშნება კიდურების ქაოსური მოძრაობები, თავის მოძრაობა, ძლიერდება სახის უცნაური მიმიკა. შესაძლოა, ამ ყველაფერს ტანის მოძრაობაც დაერთოს. ჰიპერკინეზებს თან ახლავს ასთენია, აღგზნებადობის მომატება, ემოციური ლაბილურობა.
მცირე ქორეის ხანგრძლივობა საშუალოდ 2-4 თვეა. რევმატიზმის მკურნალობისას მდგომარეობა უმჯობესდება და ჰიპერკინეზი ქრება.
-
- ჰენტინგტონის ქორეა
ჰენტინგტონის ქორეა მემკვიდრეობითი დაავადებაა. მისი პირველი ნიშნები უმეტესად 25-50 წლის ასაკში იჩენს თავს, იშვიათად - ბავშვობაშიც. მამაკაცები ქალებზე ხშირად ავადდებიან. დაავადების ძირითადი ნიშნებია ქორეული ჰიპერკინეზები და მზარდი ჭკუასუსტობა. ჰიპერკინეზები ვლინდება სახის უნებლიე მანჭვით, მიმიკის გაძლიერებით, კანკალით, სიარულისას წონასწორობის დარღვევით. საუბრისას ყურადღებას იპყრობს გრიმასები, ხშირი ამოსუნთქვა, ტუჩების ლოკვა, ცხირის წვერის მოძრაობა, რაც მეტყველებას ართულებს. ყოველ ნაბიჯს თან ახლავს დამატებითი მოძრაობები - ხელების ქნევა, ცეკვის მსგავსი მოძრაობები, ჩაბუქვნა, თავის ქნევა. დროთა განმავლობაში ჰიპერკინეზები უფრო ფართოდ ვრცელდება და ძლიერდება. ფსიქიკის დარღვევა თავდაპირველად ვლინდება მომატებული აგზნებადობით, მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითებით, მოგვიანებით ვითარდება ჭკუასუსტობა. კლინიკური ნიშნებით ჰენტინგტონის ქორეა სენილურ (ხანში შესულთა) ქორეას ჰგავს.
-
- სენილური ქორეა
სენილური ქორეის დროს უნებლიე მოძრაობები ხანდაზმულ ასაკში იჩენს თავს და თან ახლავს მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების პროგრესული გაუარესება. ყოველთვის, როცა კი ზემოთ აღწერილ სიმპტომებს შევამჩნევთ, აუცილებელია მივმართოთ ნევროლოგს, რათა გაირკვეს მიზეზი და სათანადო მკურნალობა დაინიშნოს.
-
კოპროლალია
კოპროლალია არის ავადმყოფური, დაუძლეველი იმპულსური სურვილი უმიზეზოდ ლანძღვისა, უცენზურო სიტყვების წარმოთქმისა. ეს არ არის უზრდელობა - ეს დაავადების ნიშანია. განსაკუთრებით მკვეთრად არის გამოხატული კოპროლალია ტურეტის სინდრომის დროს, თუმცა შეინიშნება შიზოფრენიის, პროგრესული დამბლის, უფრო იშვიათად - მანიაკური მდგომარეობების დროსაც.
-
ტურეტის სინდრომი
ტურეტის სინდრომი არის ცენტრალური ნერვული სისტემის გენეტიკურად განპირობებული მოშლილობა, რომელიც ბავშვობისას იჩენს თავს. ახასიათებს მრავლობითი მოტორული ტიკი (სწრაფი, ხანმოკლე უნებლიე სტერეოტიპული მოძრაობა) და, როგორც წესი, ერთი ვოკალური ტიკი. წინათ მიაჩნდათ, რომ ტურეტის სინდრომი იშვიათი უცნაური სინდრომია, რომელიც უმეტესად ასოცირდება უწმაწური სიტყვების წამოყვირებასთან, ანდა სოციალურად უადგილო ან დამამცირებელ გამოთქმებთან, რასაც კოპროლალიას უწოდებენ, თუმცა ეს სიმპტომები სრულად მხოლოდ ტურეტის სინდრომით დაავადებულთა მცირე ნაწილს აღენიშნება.
დღეს ტურეტის სინდრომი აღარ მიიჩნევა იშვიათ დაავდებად, ის 1000-დან 1-10 ბავშვს აღენიშნება, თუმცა მსუბუქი მიმდინარეობის გამო მისი დაგნოსტირება იშვიათად ხდება. ტურეტის სინდრომის დროს ინტელექტის დონე და სიცოცხლის ხანგრძლივობა ნორმალურია. ტიკების ინტენსივობა გარდატეხის ასაკის შემდეგ მკვეთრად მცირდება, ხოლო ზრდასრულ ასაკში სინდრომის მძიმე ფორმები იშვიათია. ტურეტის სინდრომის მქონე პირები მოღვაწეობენ ყველა სფეროში და წარმატებებსაც აღწევენ. დაავადების სახელდება ეკუთვნის ფრანგ ფსიქიატრს, ზიგმუნდ ფროიდის მასწავლებელს ჟან მარტენ შარკოს. სინდრომს ეს სახელი მან თავისი მოსწავლის, დე ლა ტურეტის პატივსაცემად უწოდა. სწორედ ტურეტმა აღწერა აღნიშნული სინდრომის მქონე 9 პაციენტი 1885 წელს.
-
- როგორ ვლინდება ტურეტის სინდრომი
დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომია ტიკი - მოძრაობა და ხმები, რომლებიც აღმოცენდება პერიოდულად, წინასწარი პროგნოზირების გარეშე ნორმალური საქმიანობის ფონზე და ნორმალური ქცევის დარღვევას მოგვაგონებს. ტურეტის სინდრომთან დაკავშირებული ტიკები სხვადასხვა რაოდენობისა, სიხშირისა, სიმძიმისა და ლოკალიზაციისაა. ემოციური განცდები ზრდის ან ამცირებს ტიკების გამოხატულებასა და სიხშირეს. ზოგიერთ პაციენტს ისინი ერთმანეთის მიყოლებით აღენიშნება.
კოპროლალია, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, ტურეტის სინდრომის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, თუმცა ის არ არის პათოგნომური, რადგან დაავადებულთა მხოლოდ 10%-ს აღენიშნება. უფრო იშვიათად ვლინდება ექოლალია - სხვისი სიტყვების გამეორება და პალილალია - ერთი საკუთარი სიტყვის გამეორება. სინდრომის საწყის პერიოდში უმეტესად ვითარდება მოტორული და ვოკალური ტიკები - თვალების ხამხამი და ჩახველება. ამჟამად ცნობილია, რომ ტურეტის სინდრომის აღმოცენებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს გენეტიკური და ეკოლოგიური ფაქტორები, მაგრამ დაავადების უშუალო მიზეზი უცნობია. მკურნალობა უმეტესად არ არის აუცილებელი, თუმცა შეიძლება ზოგიერთი პრეპარატის გამოყენება. მკურნალობის მნიშვნელოვანი მომენტებია ახსნა-განმარტება და პაციენტთა ფსიქოლოგიური დახმარება.
-
შუბლის წილის სინდრომი
ასე აღინიშნება ქცევის ცვლილებები, რომლებსაც თავის ტვინის შუბლის წილის დაზიანება განაპირობებს.
ამ მდგომარეობას ახასიათებს:
- თვითკონტროლის, ქმედების წინასწარ განსაზღვრისა და სპონტანური მოქმედების უნარის დაქვეითება;
- თავს იჩენს მომეტებული გაღიზიანებადობა, ეგოიზმი, პაციენტი კარგავს სხვა ადამიანებზე ზრუნვის სურვილს;
- დაქვეითებულია ცნობიერება და ყურადღების კონცენტრირების უნარი, თუმცა ინტელექტი და მეხსიერება ყოველთვის არ ირღვევა;
- ემოციები ხდება ერთფეროვანი, ვითარდება შეკავება.
კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია პიროვნების ერთი შეხედვით უცნაური ცვლილება - პაციენტი ხდება იმპულსური, უხეში, ემოციურად არამდგრადი, ყურადღებას იპყრობს მისი პრიმიტიული, ზოგჯერ უწმაწური იუმორი, ფამილარული ქცევა. ქცევის ასეთი ცვლილება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს - ის შესაძლოა თავის ტვინის შუბლის წილის სიმსივნის გამოვლინება იყოს. თუ ღვიძლის ციროზით ან მძიმე ჰეპატიტით დაავადებულს შუბლის წილის სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგანაც ეს არის ღვიძლის უკმარისობის მომასწავებელი ნიშანი. დაუშვებელია ასეთ შემთხვევებში პაციენტისათვის დამამშვიდებელი საშუალებების მიღება. ასეთი პრეპრატები ამძიმებენ ღვიძლის დაზიანებას.
-
გემოვნების გაუკუღმართება
არის შემთხვევები, როცა ადამიანს უჩნდება ერთი შეხედვით უცნაური სურვილი, ჭამოს ცარცი, მაკარონი, ნახშირი, კბილის პასტა თუ თიხა. ზოგჯერ ამასთან ერთად ვლინდება მისწრაფება მძაფრი სუნის ნივთიერებების ყნოსვისა - პაციენტები ცდილობენ ხშირად იყნოსონ ნავთი, ბენზინი, აცეტონი. ეს არ არის ახირება. სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით უცნაური სიმპტომებით ვლინდება ზოგჯერ რკინადეფიციტური ანემია. ამიტომ გემოვნების აღწერილი გაუკუღმართება ჩვენებაა, რათა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი და ანემია გამოირიცხოს. რკინის პრეპარატებით მკურნალობის ფონზე მდგომარეობა მალე გამოსწორდება და გემოვნების ეს უცნაურობაც ქრება.
როგორც ვხედავთ, ხშირად ის ყველაფერი, რაც გაუთვითცნობიერებელი ადამიანისათვის შეიძლება უზნეობა, უზრდელობა ან უბრალოდ უცნაურობა იყოს, სინამდვილეში სერიოზული დაავადების სიმპტომია. ამიტომ ჯობს რაღაც უჩვეულოს შემჩნევის შემთხვევაში არ ავჩქარდეთ დასკვნის გამოტანისას და რჩევისათვის ექიმს მივმართოთ.