შეიცანი სიმპტომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეიცანი სიმპტომი

დიარეა ანუ ფაღარათი საკმაოდ შემაწუხებელი სიმპტომია. მას მრავალი მიზეზი აქვს. ფაღარათი უმეტესად თავისთავად გაივლის, მაგრამ ზოგჯერ სითხის გაძლიერებული კარგვის გამო ორგანიზმის დეჰიდრატაციის - გაუწყლოების - მიზეზად იქცევა, ზოგჯერ კი საკმაოდ სერიოზულ პრობლემაზე მიგვანიშნებს. მოდი გავარკვიოთ, როდის არის აუცილებელი ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია.

1. ფაღარათთან ერთად გულისრევა ან ღებინებაც გაქვთ?

თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მე-10 კითხვაზე, თუ დადებითი - გადადით მომდევნოზე.

2. ფაღარათი რძის ნაწარმის მიღებიდან ნახევარი-ორი საათის შემდეგ დაიწყო?

დადებითი პასუხის შემთხვევაში სავარაუდოა რძის შაქრის - ლაქტოზის აუტანლობა. აუცილებელია ვიზიტი ექიმთან და სპეციალური პრეპარატების მიღება ლაქტოზით მდიდარ პროდუქტებთან ერთად. უნდა ერიდოთ საკვებს, რომელიც მსგავს სიმპტომებს იწვევს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

3. ხომ არ მიირთვით საეჭვო საკვები, რომელიც შესაძლოა გაფუჭებული ყოფილიყო?

დადებითი პასუხის შემთხვევაში სავარაუდოა საკვებისმიერი ინტოქსიკაცია. გარდა ფაღარათისა, მოსალოდნელია თავის ტკივილი, შემცივნება, ცხელება, სისუსტე. უმეტესად დაავადება 12-48 საათში გაივლის. ფაღარათის დროს აუცილებელია სპეციალური სითხისა და ელექტროლიტების შემავსებლების მიღება, დიეტა ფაღარათის დასრულებამდე. თუ ფაღარათი 48 საათის განმავლობაში არ დასრულდა ან თავს ცუდად გრძნობთ, მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

4. ხომ არ ყოფილხართ ბოლო ხანს სამოგზაუროდ ეგზოტიკურ ქვეყანაში?

დადებითი პასუხის შემთხვევაში სავარაუდოა მოგზაურთა დიარეა, რომელიც დაბინძურებული საკვებისა და სასმლის მიღების შედეგია. რეკომენდებულია სითხის მიღება, ალკოჰოლის, კოფეინიანი სასმელების, რძის პროდუქტებისთვის თავის არიდება. თუ ფაღარათი არ შეწყდა, მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

5. ხომ არ უჩივით ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში მარცხნივ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძნელად მოსანელებელ საკვებს იღებთ?

თუ პასუხი დადებითია, არსებობს დივერტიკულოზის (ნაწლავის კედლის პარკისებური გამოდრეკა) ან დივერტიკულიტის (დივერტიკულის ანთება) ალბათობა. რეკომენდებულია ბოჭკოთი მდიდარი საკვების მიღება. საჭიროა ექიმთან მისვლა. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

6. ხომ არ გაქვთ წყლოვანი ფაღარათი, რომელსაც თან ახლავს თავისა და კუნთების ტკივილი, ტემპერატურის უმნიშვნელო მატება?

დადებითი პასუხის შემთხვევაში სავარაუდოა ვირუსული გასტროენტერიტი. აუცილებელია სპეციალური სითხისა და ელექტროლიტების შემავსებლების მიღება, დიეტა ფაღარათის დასრულებამდე. თუ ტემპერატურა მაღალია ან ფაღარათი 10 დღის განმავლობაში არ შეწყდა, უნდა მიმართოთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

7. ხომ არ გაქვთ მუცლის ძლიერი მოვლითი ტკივილი, აირების გამოყოფა, წყლოვანი დიარეა, მყრალი განავალი?

დადებითი პასუხის შემთხვევაში სავარაუდოა ბაქტერიული ინფექცია ან პარაზიტული ინვაზია. რეკომენდებულია დაუყოვნებელი ვიზიტი ექიმთან, სითხის მიღება, კოფეინიან სასმელებზე უარის თქმა. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

8. ხომ არ ერთვის ფაღარათს მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი ტკივილი, რომელიც ზურგისკენ გადაეცემა, ტემპერატურის მატება?

დადებითი პასუხის შემთხვევაში შეიძლება ნაღველკენჭოვანი დაავადება ან პანკრეატიტი ვივარაუდოთ. აუცილებელია ექიმთან მისვლა. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

9. ხომ არ გაქვთ მუცლის ძლიერი მოვლითი ტკივილი და ბოყინი?

დადებითი პასუხის შემთხვევაში შესაძლოა მიზეზი ნაწლავთა გაუვალობა იყოს. აუცილებელია დაუყოვნებლივ მისვლა ექიმთან ან სტაციონარში, სადაც ქირურგიული განყოფილებაა. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

10. ხომ არ იღებთ ამჟამად ანტიბიოტიკს ან სხვა მედიკამენტს?

დადებითი პასუხის შემთხვევაში ფაღარათის მიზეზი შესაძლოა მედიკამენტი იყოს. მიმართეთ ექიმს და მოუყევით თქვენი ჩივილების შესახებ, რათა გადაწყდეს, მიზანშეწონილია თუ არა მკურნალობის გაგრძელება. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

11. ხომ არ გაქვთ ფაღარათი, მუცლის შებერვა, აირების დაგროვება ყოველთვის, როცა განსაზღვრულ საკვებს იღებთ?

დადებითი პასუხის შემთხვევაში სავარაუდოა ცელიაკია - დაავადება, რომლის დროსაც პაციენტი ვერ ინელებს მარცვლეულ კულტურებში (ხორბალი, ჭვავი, სვია, ქერი, შვრია) არსებულ ცილებს. თავი უნდა არიდოთ ასეთი საკვების მიღებას და საკონსულტაციოდ ექიმს მიმართოთ. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

12. ხომ არ არის განავალში სისხლის, ლორწოს მინარევი, ხომ არ ერთვის ფაღარათს მუცლის მოვლითი ტკივილი?

დადებითი პასუხის შემთხვევაში არსებობს ნაწლავთა ანთებითი დაავადების (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი) ალბათობა. მიმართეთ ექიმს, რათა დიაგნოზი დაგისვან და მკურნალობა დაგინიშნონ. მანამდე მიიღეთ სითხე და ერიდეთ საკვებს, რომელიც მდგომარეობას აუარესებს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

13. ხომ არ შეინიშნება ფაღარათისა და შეკრულობის მონაცვლეობა, ხომ არ უარესდება თქვენი მდგომარეობა სტრესის, ნერვიულობის დროს?

დადებითი პასუხის შემთხვევაში სავარაუდოა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ეცადეთ, საკვებში დიდი რაოდენობით იყოს ბოჭკო - მიიღოთ ბოსტნეული. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დასაზუსტებლად. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

14. ხომ არ მოჰყოლია წყლოვანი ფაღარათი ქრონიკულ შეკრულობას?

დადებითი პასუხის შემთხვევაში სავარაუდოა სწორ ნაწლავში განავლოვანი მასების გაჭედვა, რასაც ფაღარათი მოჰყვა. რეკომენდებულია ექიმთან მისვლა. თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ვერ იპოვეთ ან მიგაჩნიათ, რომ მდგომარეობა სერიოზულია, მიმართეთ ექიმს.