საგაზაფხულო გამწვავებანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საგაზაფხულო გამწვავებანი

მწვავდება ზამთარში თითქოსდა მიძინებული ქრონიკული დაავადებები, რაც ქრონიკულად მოავადეებს მრავალ პრობლემას უქმნის, ამიტომ მრავალი ჩვენგანი წელიწადის ამ მშვენიერ დროს შიშით ელის.

  • რა ხდება?

მოგეხსენებათ, გაზაფხული გარდამავალი სეზონია - ბუნება ცივი ზამთრის შემდეგ ცხელი ზაფხულისთვის ემზადება, იცვლება კლიმატი, ამინდი, გარემოს ტემპერატურა, ტენიანობა, საკვები, დღე-ღამის ხანგრძლივობა, ცხოვრების რეჟიმი და მუშაობა-დასვენების ხარისხი, აქტიურდება მაგნიტური ქარები, მკვეთრად ცვალებადობს ატმოსფერული წნევა. ირღვევა ორგანიზმის ბიორიტმი, ორგანოთა და მათი სისტემების შეთანხმებული მუშაობა. ეს იმით არის განპირობებული, რომ გაზაფხულზე ორგანიზმი მინიმალური დონის ზოგადი აქტივობიდან მაქსიმალურზე გადასვლას ცდილობს, რაც არც ისე ადვილია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბიოლოგიური ზამთრიდან ბიოლოგიურ გაზაფხულზე გადასვლა მთელ ორგანიზმზე თავისებურად აისახება.

გაზაფხულზე ნებისმიერი სისტემის ქრონიკული დაავადების გამწვავება ყველაზე მეტად იმუნური სისტემის ლაბილურობასა და კვების თავისებურებებს უკავშირდება.

  • იმუნური სისტემა

ნაზამთრალი იმუნური სისტემის ფუნქციონირება გაზაფხულზე მეტად ლაბილურია, რაც რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. ერთ-ერთი მათგანი კლიმატური გარემოა. ცივი კლიმატი იმუნურ სისტემას ასუსტებს. სიცივეში დიდია ინფექციური დაავადებების გახშირების რისკი, ამასთანავე, გრიპის ვირუსიც გამძლეობით გამოირჩევა. იმუნური სისტემის არამდგრადობა განსაკუთრებით მარტის თვეში იჩენს თავს, როცა კლიმატური პირობები მეტად ცვალებადია. ზოგიერთი გაზაფხულის მზის პირველი სხივების დანახვისთანავე საგაზაფხულო სამოსზე გადადის, რაც ასევე ხშირ გაციებას უწყობს ხელს.

გაზაფხულზე იმუნური სისტემის დაზიანება და მისი ფუნქციის მოშლა მეორეულია - ის ორგანიზმზე რომელიმე სხვა ფაქტორის: ვირუსული, ბაქტერიული, სიმსივნური დაავადებების, მაიონიზებელი რადიაციის, ზოგიერთი მედიკამენტის, არასრულფასოვანი კვების, სტრესის - ზემოქმედებით არის განპირობებული.

  • ვიტამინების დეფიციტი

ზამთარში ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის. ეს კვების თავისებურებით აიხსნება - წელიწადის ამ დროს ადამიანი ვერ იღებს სრულფასოვან საკვებს, იმდენ ხილსა და ბოსტნეულს, რამდენიც ნორმალური ცხოველქმედებისთვის სჭირდება. ასე რომ, ორგანიზმი გაზაფხულს ვიტამინების დეფიციტით ხვდება, რაც, უწინარეს ყოვლისა, ზამთრისეული კვების თავისებურებით აიხსნება.

ზამთარში დიდხანს შენახულ პროდუქტებში ვიტამინები თანდათან იშლება, იკლებს ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებათა შემცველობა. ხილი და ბოსტნეული - ვიტამინების ბუნერივი წყარო - გაზაფხულის პირზე სრულიად იფიტება, ვიტამინების შემცველობის თვალსაზრისით მათი კვებითი ღირებულება ჩვეულებრივზე გაცილებით ნაკლებია, რაფინირებული და დაკონსერვებული საკვები ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე ორგანიზმის გაზრდილ მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს, არადა, ეს ნაერთები იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ნივთიერებათა ცვლის პროცესების გააქტიურებისთვის ყველაზე მეტად სწორედ გაზაფხულზეა საჭირო. ამ პერიოდში ბაქტერიისა და ვირუსის მრავალი სახეობა მრავლდება და აქტიურდება, ვიტამინების ნაკლებობის გამო ორგანიზმი მავნე მიკრობებს ვეღარ ებრძვის, ისინი იოლად ერევიან ორგანიზმს და უამრავ დაავადებას უდებენ სათავეს, ამასთანავე, ამწვავებენ ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებს.

  • ცოტა რამ მაგნიტურ ქარიშხლებზე

მაგნიტური ქარიშხლის დროს ორგანიზმში, უწინარეს ყოვლისა, სისხლის მიმოქცევა იცვლება. მაგნიტური გამოსხივება სისხლს რამდენადმე ასქელებს და ისიც სათანადო სიჩქარით ვეღარ მიედინება სისხლძარღვებში. ორგანოებს საჭირო ოდენობის სისხლი დროულად ვეღარ მიეწოდება. ამ მხრივ არც თავის ტვინია გამონაკლისი, ამიტომ მაგნიტური ქარიშხლებისას ადამიანს თავის ტკივილი, შაკიკის შეტევები, სწრაფი და თითქოსდა უმიზეზო დაღლილობა, არტერიული წნევის თამაში აღენიშნება. ამავე მიზეზით გაზაფხულზე გულსისხლძარღვოვანი კატასტროფები - მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და მძიმე ჰიპერტონიული კრიზები უმეტესად მაგნიტურქარიშხლიან დღეებში ხდება.

  • რომელ დაავადებებს აღვიძებს გაზაფხული

საჭმლის მომნელებელ ორგანოთა სისტემა:

  • გასტრიტი;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • ნაწლავთა ანთებები - გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

ხშირია ნერვული მოშლილობით გამოწვეული ნაწლავური პრობლემები. მიზეზი ჯერ ბოლომდე გარკვეული არ გახლავთ. საზოგადოდ, ბოლო პერიოდში წყლულოვანი დაავადებებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებათა გამწვავება გაზაფხულობით სხვა ფაქტორებთან ერთად ნერვულ-ფსიქიკურ გადაძაბვას, კვების რეჟიმისა და რიტმის დარღვევას, მემკვიდრეობით წინასწარგანწყობას, თამბაქოს წევას, ალკოჰოლისა და ზოგიერთი სამკურნალო საშუალების გამოყენებას უკავშირდება. ამასთან ერთად წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება ინფექციას, სახელდობრ, ჰელიკობაქტერიოზს. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მიზეზი ათიდან ცხრა შემთხვევაში სწორედ ეს მიკრობია, ამას ემატება ზოგადი იმუნიტეტის დაქვეითებაც - დასუსტებული იმუნური სისტემა მიკრობებს წინააღმდეგობას ვეღარ უწევს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა:

  • ჰიპერტონიული დაავადება;
  • გულის ქრონიკული უკმარისობა;
  • გულის რიტმის დარღვევა და ტკივილი მკერდის არეში.

კარდიოლოგიურ დაავადებათა გამწვავების მთავარი მიზეზი მომატებული მეტეომგრძნობელობა და ატმოსფერული წნევის ცვლილებებია.

სასუნთქი სისტემის პათოლოგიები:

ამ პერიოდის გადატანა ყველაზე მეტად ასთმური ბრონქიტითა და ქრონიკული ასთმით დაავადებულებს უჭირთ, რადგან ამ დროს საგრძნობლად იცვლება სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის მდგომარეობა. იმუნიტეტის პარალელურად ქვეითდება სასუნთქი გზების თვითგაწმენდისა და ვენტილაციის უნარი, რაც მიკრობებს პათოლოგიური პროცესის გამწვავებას კიდევ უფრო უადვილებს.

ნერვული სისტემის პათოლოგიები:

  • ნევროზები;
  • ნევრალგიები;
  • უმიზეზო ფორიაქი და დეპრესიული განწყობა.

მიზეზი - ჰიპოფიზი, ფარისებრი, თირკმელზედა, კუჭ-ნაწლავისა და სასქესო ჯირკვლები გაზაფხულო-ბით გაცილებით მეტ ჰორმონებს გამოიმუშავებს, რაზეც ორგანიზმი არაერთგვაროვნად რეაგირებს - საგრძნობლად იმატებს ნერვული სისტემის აგზნებადობა, ამის კვალდაკვალ კი ანთებითი და ალერგიული დაავადებებიც მწვავდება.

გამომყოფი სისტემის პათოლოგიები:

  • ცისტიტი;
  • პიელონეფრიტი;
  • შარდის გამოყოფასთან დაკავშირებული პრობლემები.

მიზეზი ტემპერატურული ცვლილებები და ისევ და ისევ დაქვეითებული იმუნიტეტია.

კანის დაავადებები:

  • ეგზემა;
  • ფსორიაზი.

მიზეზი - კვების ნირის ცვლილება, დასუსტებული იმუნური სისტემა, მომატებული აგზნებადობა და ენდოკრინული სისტემის არაერთგვაროვანი აქტიურობა.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიები:

  • ართრიტები;
  • რევმატიზმი;
  • ჩნდება კუნთების მტკივნეული დაჭიმვა და ნერვული ხასიათის სპაზმური ტკივილები.

მიზეზი ტემპერატურის, ატმოსფერული წნევის, ტენიანობის მერყეობა, მეტეოროლოგიური ფაქტორების მთელი წყება გახლავთ. წელიწადის ამ დროს ხშირდება რესპირატორული ინფექციები, გაციება, ყოველივე ეს კი ნებისმიერ ქრონიკულ დაავადებას ამწვავებს. ამ მხრივ აღსანიშნავია რევმატიზმი, რომლის გამწვავებაც უშუალოდ მიკრობების, კერძოდ, სტრეპტოკოკული ინფექციის აღმოცენებასა და გააქტიურებას უკავშირდება.

რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიები

ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია მენსტრუაციული ციკლის მოშლა. ეს მოვლენაც ჰორმონული ძვრებისა და ასთენიის, ორგანიზმის ზოგადი აქტიურობის დაქვეითების შედეგია.

ალერგიული რეაქციების გახშირება

მიზეზი - იმუნური სტატუსის მომატება. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია გარემო ფაქტორები, მაგალითად, ყვავილის მტვრის მოქმედება, გენეტიკური განწყობა. როდესაც ეს ყოველივე თავს იყრის, ვითარდება იმუნური სისტემის ჰიპერმგრძნობელობა და, შესაბამისად, ალერგიული რეაქციაც. ასე რომ, გაზაფხულზე ჩვენს ორგანიზმსა თუ საცხოვრებელ გარემოში მომხდარი ცვლილებანი სავსებით საკმარისია საიმისოდ, რომ ორგანიზმი, სადაც წლების მანძილზე მიმდინარეობდა პათოლოგიური პროცესი, მწყობრიდან გამოვიდეს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არ არსებობს დაავადება, ფუნქციურად სხვა სისტემებს რომ არ უკავშირდებოდეს, ადვილი მისახვედრი გახდება, რატომ მწვავდება თებერვლის მიწურულს და მარტის დამდეგს თითქმის ერთდროულად ყველა სისტემის ქრონიკული პათოლოგიები.