რატომ უნდა მივიღოთ ზღვის მარილის აბაზანები
წვეთი ზღვაში
მნიშვნელოვანია, აბაზანის დროს თავი კომფორტულად იგრძნოთ. წყლის ტემპერატურა არ უნდა აჭარბებდეს სხეულის ნორმალურ ტემპერატურას - 35-37 გრადუსს ცელსიუსის სკალით. გახსენით წყალში 300 გრამი ზღვის მარილი და 5-6 წვეთი არომატული ზეთი. ამ უკანასკნელის შერჩევა იმაზეა დამოკიდებული, როგორი შედეგის მიღება გსურთ. ტონუსის მომატებას ხელს უწყობს ჟასმინის, ყურძნის, ვარდის ზეთი, ძალასა და მხნეობას შეგმატებთ დარიჩინი, მანდარინი, ლიმონი, კოჭა, პიტნა, მოდუნებაში კი ლავანდა და სალბი დაგეხმარებათ. პროცედურა, სასურველია, 7-10 დღეში ერთხელ ჩაიტაროთ და არ გადააჭარბოთ 30 წუთს. მორთეთ სააბაზანო არომატული სანთლებით, დააწყვეთ ირგვლივ სურნელოვანი ბალახებისა და ყვავილების თაიგულები, ჩართეთ წყნარი მუსიკა, ჩაწექით წყალში, დახუჭეთ თვალები და რამე სასიამოვნოზე იფიქრეთ.
ზღვის მარილის სასარგებლო თვისებები
- ზღვის მარილი ამაღლებს იმუნიტეტს, რაც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე.
- შეიცავს ისეთ აუცილებელ ელემენტებს, როგორებიცაა მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი, თუთია, იოდი, კალციუმი, რკინა, სპილენძი.
- ხელს უწყობს ორგანიზმიდან წიდისა და ტოქსინების გამოდევნას.
- აფერხებს კანის ასაკობრივ ცვლილებებს, ზრდის ელასტიკურობას, ხსნის დაძაბულობას.
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
- ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
აი, კოსმეტიკური პროცედურების დროც დადგა.
სხეულისთვის
სკრაბი თაფლითა და ყავით
ათანაბრებს სახის ფერს, მატებს ტონუსს, ახდენს ანტიცელულიტურ ეფექტს. დაგჭირდებათ: 100 გ მსხვილი ზღვის მარილი, 50 გ დაფქული ყავა, 100 გ თაფლი. ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთში და წრიული მოძრაობით თანაბრად წაისვით სხეულზე. დაიტოვეთ 3-5 წუთით, მერე კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სახისთვის
პილინგი ზეითუნის ზეთითა და E ვიტამინით
ანოტივებს კანს, ასუფთავებს ფორებს, ზრდის ელასტიკურობას. არ უხდება მგრძნობიარე და გაღიზიანებისკენ მიდრეკილ კანს. დაგჭირდებათ: 20 გ წვრილი ზღვის მარილი, 50 მლ ზეითუნის ზეთი, 2-3 კაფსულა E ვიტამინი. აურიეთ ერთმანეთში ინგრედიენტები და მსუბუქი მოძრაობებით წაისვით სახეზე ცენტრიდან კიდეებისკენ. გაიკეთეთ მასაჟი 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
სკრაბი ხელებისთვის ნაღებითა და ეთერზეთით
არბილებს კანს, ზრდის ელასტიკურობას.
დაგჭირდებათ: 100 გ წვრილი ზღვის მარილი, 100 მლ ნაღები, 500 მლ მინერალური წყალი, 3-5 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი. ჩაასხით თასში წყალი, დაამატეთ ნაღები, ეთერზეთი და ზღვის მარილი. ჩაყავით ხელები ამ ნაზავში და კარგად დაიბანეთ. გააჩერეთ კიდევ 5 წუთი.