ხმაური და ჩვენი ჯანმრთელობა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმატივების თანახმად, თუ ადამიანი ღამღამობით სისტემატურად განიცდის 50 დეციბელი ხმაურის ზემოქმედებას, შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა დაავადება დაემართოს. ასეთ ხმაურს გამოსცემს ქუჩა, რომელზეც არაინტენსიური მოძრაობაა. იმისთვის, რომ ადამიანს უძილობა დაეწყოს, საკმარისია 42 დეციბელი ინტენსივობის ხმაური, ხოლო იმისთვის, რომ უბრალოდ ადვილად გაღიზიანებად პირად ჩამოყალიბდეს - 35 დეციბელი (ჩურჩულის ხმაური). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი დიდ ბრიტანეთში, სიკვდილიანობის მიზეზთა შორის უწინდებურად ლიდერობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომლებსაც, მრავალი სხვა ფაქტორის მსგავსად, ხმაურის ხანგრძლივი ზემოქმედებაც განაპირობებს. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რაოდენ დიდი გავლენა აქვს ხმაურს ადამიანის ორგანიზმზე, რა უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ჯანმრთელობისთვის აღქმად ბგერათა ინტენსივობას და, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, შესაბამის ჰიგიენას. ხმაური, ფაქტობრივად, სხვადასხვა სახის უწესრიგო ფიზიკური ბუნების რხევებია, რომლებიც დროისა და სპექტრული სტრუქტურის სირთულით განსხვავდება ერთმანეთისგან. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით კი ხმაურს უწოდებენ ნებისმიერ მარტივ თუ რთულ არასასურველ ბგერას, რომელიც ხელს უშლის სასარგებლო, სასურველი ბგერების (ადამიანთა ნაუბარი, მანიშნებელი ბგერა თუ ზარი) აღქმას, არღვევს სიწყნარეს (სიჩუმეს) და მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე. ჩვენი ორგანიზმი სხვადასხვა დონის ხმაურზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს. 70-90 დეციბელი დონის ხმაური ხანგრძლივი ზემოქმედების შემთხვევაში ნერვული სისტემის დაავადებას იწვევს, ხოლო 100 დეციბელზე მეტი ინტენსივობისა აქვეითებს სმენას, ზოგჯერ სრულ სიყრუემდე. ხმაური ძალზე დიდ დატვირთვას უქმნის ადამიანის ნერვულ სისტემას, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს მასზე. ხმაურის გავლენით, ძილის დროსაც კი, სისხლში იმატებს ისეთი სტრესული ჰორმონების დონე, როგორებიცაა კორტიზოლი, ადრენალინი, ნორადრენალინი. რაც უფრო მეტხანს არის მომატებული ამ ჰორმონების დონე, მით მეტია ალბათობა, დაირღვეს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესები და ჯანრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები წარმოიშვას. 85-90 დეციბელი ხმაურის გავლენით ქვეითდება სმენითი მგრძნობელობა მაღალი სიხშირის ბგერების მიმართ. ადამიანი უჩივის თვითშეგრძნების გაუარესებას, დისკომფორტს, თუმცა ვერ ამბობს, სახელდობრ რა აწუხებს; მუდმივად ხმაურის პირობებში მუშაობისას იწყება თავის ტკივილი, თავბრუხვევა, გულისრევა, იმატებს გაღიზიანებადობა. ძლიერი, განსაკუთრებით - მაღალსიხშირული, ხმაურის ზემოქმედებით სმენის აპარატში ვითარდება შეუქცევადი ცვლილებები. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მუდმივად ხმაურის პირობებში მომუშავე პრაქტიკულად ყველა ადამიანს ემუქრება დაყრუების რისკი. ძლიერი ხმაურის შემთხვევაში სმენა 1-2 წელიწადში შესამჩნევად ქვეითდება, საშუალო დონის ხმაურის შემთხვევაში - შედარებით გვიან, 5-10 წელიწადში. ამრიგად, სმენის დაქვეითება თანდათანობით მიმდინარეობს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ხმაურისგან დაცვის მექანიზმების შემუშავებასა და უზრუნველყოფას.