დიეტოლოგებმა ძმარი სუპერპროდუქტად აღიარეს
ძმარს მრავალი სამკურნალო თვისება აქვს:
- მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ამუხრუჭებს დაბერების პროცესს;
- ანელებს კიბოსა და თავის ტვინის დეგენერაციული პროცესების განვითარებას;
- ახდენს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს;
- ასუსტებს ორგანიზმზე დიაბეტის დამაზიანებელ ზემოქმედებას;
- აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას;
- ამცირებს არტერიულ წნევას;
- არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ სპორტსმენებს ძმარი მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ძალ-ღონის აღდგენაში ეხმარება;
- თუ ადამიანი ყოველდღიურად მოიხმარს ძმარს, მას უქვეითდება მადა, ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ზედმეტი კილოგრამების დაკლება სურს.
კვლევები მოწმობს, რომ ყოველდღიურად ერთი-ორი კოვზი ძმრის მოხმარება ზრდის ორგანიზმში სასარგებლო („კარგი“) ქოლესტერინის დონეს.
მეცნიერებმა 120 მოხალისე ორ ჯგუფად გაყვეს. ნახევარს აძლევდნენ ძმარს, ნახევარს - პლაცებოს. ექსპერიმენტი ორი თვე გაგრძელდა. აღმოჩნდა, რომ იმ ჯგუფის წევრებში, რომელიც მოიხმარდა ძმარს, „კარგი“ ქოლესტერინის (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების) დონემ მოიმატა.
უფრო ადრე ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს ვაშლის ძმრის მოხმარება ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს, ხოლო „კარგი“ ქოლესტერინისას ზრდის.
აღსანიშნავია, რომ ვაშლის ძმარი აუმჯობესებს ართრიტისა და პოდაგრის მკურნალობის შედეგებს. იგი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, აქვეითებს მადას, აჩქარებს ცხიმების გადამუშავებას.
რა უნდა ვიცოდეთ ქოლესტერინის შესახებ
ყველამ, მათაც კი, ვისაც მედიცინასთან არანაირი შეხება არ აქვს, იცის, რომ ქოლესტერინის მომატება მავნებელია.
პერიოდულად ქოლესტერინის კონცენტრაციის განსაზღვრა რომ აუცილებელია სისხლში, ესეც ყველას კარგად მოეხსენება. სისხლში ქოლესტერინის დონის დასაქვეითებელი არაერთი რეცეპტია ცნობილი. ამგვარად, ეს ნივთიერება და მისი მაჩვენებლები მუდამ ყურადღების ცენტრშია!
მაინც რა არის ქოლესტერინი?
ქოლესტერინი, იგივე ქოლესტეროლი, ლიპიდური ბუნების ორგანული ნაერთია. ამ ნივთიერების დაახლოებით 80% ღვიძლში წარმოიქმნება, დანარჩენი ნაწილი კი ორგანიზმში საკვებიდან აღწევს. ქოლესტერინი ჩვენი სხეულის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი „კომპონენტია“. ეს ნივთიერება აქტიურად მონაწილეობს ზოგიერთი სასქესო ჰორმონისა და ნაღვლის სინთეზში (წარმოქმნაში), ასევე სიმკვრივესა და სიმტკიცეს ანიჭებს უჯრედულ მემბრანებს. მისი ნორმალური დონისას უჯრედები ორგანიზმში კარგად ფუნქციობს, ნაკლებობისას კი – სხვადასხვა დარღვევა აღმოცენდება. ქოლესტეროლი აუცილებელია ნერვული და იმუნური სისტემების ნორმალური ფუნქციობისთვისაც.
საერთო ქოლესტერინის გარდა გამოყოფენ მის ფრაქციებს, რომლებიც შედგება საკუთრივ ქოლესტეროლისა და მისი ტრანსპორტირების უზრუნველმყოფი ცილისაგან. ასეთ ნაერთებს ლიპოპროტეინებს უწოდებენ. არსებობს ლიპოპროტეინების სამი კლასი. ისინი განსხვავდება ერთმანეთისაგან კომპონენტთა შემადგენლობითა და პროპორციებით.
ქოლესტერინი ორგანიზმში წარმოდგენილია შემდეგი ფრაქციების (ტრიგლიცერიდების) სახით: მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები.
- მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს ზოგჯერ „კარგ ქოლესტერინსაც“ უწოდებენ, რადგან ის შლის სისხლძარღვთა კედლებზე არსებულ ქოლესტერინულ ფოლაქებს და ეხმარება ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტეროლის გამოდევნას. ამ ტიპის ქოლესტერინის ფუნქციაა ორგანიზმის ცალკეული კერებიდან ღვიძლისათვის ქოლესტერინის უკუმიწოდება შემდგომი გადამუშავებისათვის. „კარგი ქოლესტერინი“ მონაწილეობს უჯრედული მემბრანების შენებაშიც, D ვიტამინის ცვლასა და სხვადასხვა ჰორმონის სინთეზში. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები კარგად იხსნება წყალში და გამოლექვას არ განიცდის.
- დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები – იგივე „ცუდი ქოლესტერინია“, თუმცა მათი ასეთი სახელწოდება არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მართლა ასეთი ცუდი და სახიფათოა. ეს ქოლესტერინი, მაგალითად, ანეიტრალებს ორგანიზმისათვის საშიშ ტოქსინებს. ამავდროულად მისი მაღალი დონე სისხლში არასასურველია, ის მართლაც წარმოქმნის სკლეროზულ ბალთებს (ე.წ. ფოლაქებს). დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ქოლესტეროლის „ძირითადი სატრანსპორტო“ საშუალებაა. ეს შენაერთები საერთო ქოლესტერინს აწვდიან ქსოვილებსა და ორგანოებს.
- ტრიგლიცერიდები, რომლებიც შედიან ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემადგენლობაში, მონაწილეობენ სწორედ ქოლესტერინული ბალთების წარმოქმნაში; ამ ფრაქციის ნორმა ორგანიზმში ძალიან დაბალია. ეს ფრაქცია ასევე ცნობილია „ცუდი ქოლესტერინის“ სახელწოდებით, რადგან მისი დონის მომატებისას ათეროსკლეროზული პროცესები ვითარდება.
თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე
https://mkurnali.ge/skhvadaskhva/rchevebi/12579-ra-unda-vicodeth-qolesterinis-shesakheb.html