სალათა - არამხოლოდ სუფრის მშვენება
სასარგებლო თვისებები
ბევრმა არ იცის, რომ ჩ ვიტამინისა და კაროტინის შემცველობით სალათის ფურცლები ბევრ ხილსა და ბოსტნეულს ჯაბნის. მათში შემავალი კაროტინოიდები სასარგებლოა მხედველობის, კანისა და ლორწოვანი გარსების ჯანმრთელობისთვის, ამასთან, მეხსიერებას ალცჰაიმერის დაავადებისგანაც იცავს. 100 გრამ სალათის ფურცლებში 10-დან 50 გრამამდე ჩ ვიტამინია - დაახლოებით იმდენივე, რამდენიც ლიმონში, რომელიც ლიდერია ამ ვიტამინის შემცველობით. გარდა ამისა, სალათის ფურცლებში უხვად არის ფოლიუმის მჟავა (იგი სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვისაც; განსაკუთრებით კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს რეპროდუქციულ სისტემაზე), B ჯგუფის, A, PP და E ვიტამინები, K ვიტამინი, რომელიც სისხლის შედედების რეგულაციაში მონაწილეობს, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, თუთია, რკინა, იოდი, სპილენძი, ორგანული მჟავები. აღსანიშნავია აგრეთვე სპეციფიკური ნივთიერება ლაქტუცინი, რომელიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს ძილს, ამცირებს სახსრებში მარილების ჩალაგებას. პექტინები და ფოლიუმის მჟავა კი ასტიმულირებს ნაწლავთა ფუნქციას, გამოაქვს ორგანიზმიდან “ცუდი ქოლესტერინი”. რკინის უხვი შემცველობის გამო სალათის ფურცლები რეკომენდებულია რკინადეფიციტური ანემიის დროს. ფოთლების ახალგამოწურული წვენი, წყლით გაზავებული (თანაფარდობით 1:1), ეფექტიანია ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის მკურნალობისას. ხალხური მედიცინა სალათის წვენს თმის ძირების გასამაგრებლად იყენებს, ხოლო მისი თესლის ნაყენს - ლაქტაციის გასაძლიერებელ საშუალებად. თუ სალათის ფურცლებს რეგულარულად მიირთმევთ, გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლას. ჯერ კიდევ ძველმა რომაელებმა შეამჩნიეს, რომ საღამოს ტრაპეზის შემდეგ სალათა აუმჯობესებს ძილს, ხოლო თუ დღისით მიირთმევთ, მადას მოგგვრით.
როგორ შევინახოთ და გამოვიყენოთ სალათის ფურცლები
სალათის ფურცლები აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ, უმჯობესია, ქაღალდში გახვეული. სხვაგვარად მალე დაჭკნება. მაცივარში შენახვამდე ისინი უმჯობესია გამოაშროთ - სველი ფოთლები ადვილად ლპება. სალათის ფურცლები უშუალოდ გამოყენების წინ გარეცხეთ და შეკაზმეთ მარილით - წინასწარ მომზადებული ფოთლები მალე ჭკნება. აუცილებლად მიაყოლეთ სალათა ხორცეულსა და თევზეულს, გამოიყენეთ სალათების ერთ-ერთ კომპონენტად. თუ სალათის ფურცლებს ლიმონის წვენს მოაპკურებთ, მარილის მოყრა აღარ დაგჭირდებათ.
ეს საინტერესოა
სალათის ასამდე ნაირსახეობა არსებობს. მათ პირობითად ორ სახეობად ყოფენ - ფოთლოვან და თავიან ანუ თავხვეულ სახეობებად. ყველაზე გავრცელებული ჯიშებია:
ლუკოლა - ფოთლოვანი სალათა მკვეთრად გამოხატული სანელებლის არომატით. ეს სახეობა უძველესი დროიდან არის ცნობილი. დაახლოებით ორი ათასი წელია, მას მიირთმევენ. ლუკოლა ძალიან ფასობს ჩ ვიტამინისა და კაროტინოიდების უხვი შემცველობის გამო.
აისბერგი - სალათის ყველაზე პოპულარული ჯიშია. მისი სახელწოდება რამდენადმე ისტორიულია - გადატანისა და შენახვის დროს მის ფურცლებს ყინულებს აყრიდნენ. აისბერგის ფოთლები გამორჩეულად ხრაშუნაა, სიმკვრივით კომბოსტოსაც კი წააგავს. ის სხვა სახეობებზე გემრიელი და ნაზია. დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს.
რომენი - მისი ფოთლებიც ხრაშუნაა, მდიდარია ნატრიუმით.
რადიკიო - შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმსა და რკინას.
თავიანი სალათა - მას ჩინურ კომბოსტოსაც უწოდებენ.
ხუჭუჭა ფრიზე და მომწვანო-მოწითალო ლოლო-როსო - შეუცვლელია ხორცისა და თევზის კერძებთან კომბინაციაში.