სამკაულები და მათი მოვლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკაულები და მათი მოვლა

იკეთებდნენ ქალებიცა და მამაკაცებიც. დროთა განმავლობაში სამკაულის შექმნა - პროფესიად, სამკაულები კი ხელოვნების ნიმუშებად იქცა. სამკაულთა რაოდენობა ადამიანის მატერიალურ მდგომარეობასა და იმ კულტურულ ტრადიციებზე იყო დამოკიდებული, რომელთა წიაღშიც ის აღიზარდა. აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ყველა სამკაულს, რაც კი გააჩნდათ, ერთდროულად ატარებდნენ, ზოგგან კი ერთ ბეჭედსა და საყურეს სჯერდებოდნენ... ძვირფასი ლითონები და ქვები გამძ­ლეობით ერთმანეთისგან განსხვავდება, ჩვენ კი, მათ მფლობელებს, გვინდა, რომ ისინი ყოველთვის ახარებდნენ თვალს. არადა სამკაული მუდმივ მოვლას ითხოვს...

ქვემოთ სამკაულების მოვლის საიდუმლოს გაგანდობთ.

სასარგებლო რჩევები

სამკაული გაჭუჭყიანებისა და დაზიანებისგან რომ დაიცვათ, მოიხსენით საოჯახო საქმიანობისა და კოსმეტიკური საშუალებების (მათეთრებლები, საპნები, სუნამო, აცეტონი) გამოყენებისას.

სად შევინახოთ?

უმჯობესია, ყველა სამკაული დახურულ ყუთში შეინახოთ. ეს ყუთი შეიძლება თვითონვე იქცეს ტუალეტის მაგიდის სამკაულად. მოარიდეთ სამკაულები მზის პირდაპირ სხივებს და გამათბობლებს. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით შეფერილობას კარგავს ამეთვისტო, ფერადი ტოპაზი, მარგალიტი და ფირუზი, ასევე ლალი და ძოწი.

ძლიერი გადახურებისაგან მთლიანად კარგავს ფერს ლალი. ყველა საიუველირო სამკაულს, რომელშიც ქვებია ჩასმული, ძლიერ ვნებს ტემპერატურისა და ტენიანობის მკვეთრი ცვალებადობა, ამიტომ სააბაზანო ოთახი ყველაზე შეუსაბამო ადგილია ძვირფასი ლითონის, განსაკუთრებით კი ვერცხლის სამკაულების შესანახად.

როგორ მოვუაროთ ოქროს სამკაულს?

  • ოქროს ძეწკვი, სამაჯური და სხვა უთვლო სამკაული, თუ ძალიან ჭუჭყიანია, ჩადეთ ქილაში (რომელიც მჭიდროდ იხურება) და დაასხით თბილი, საპნიანი წყალი. წყალში დაუმატეთ ცოტაოდენი ნიშადურის სპირტი (ნახევარი ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე), შემდეგ შეანჯღრიეთ, ამოიღეთ, გადაავლეთ თბილი წყალი, გააშრეთ და გააპრიალეთ ნატით. თუ ოქროს ნივთები ქვებით არის, ნიშადურის სპირტი აიღეთ შემდეგი პროპორციით: 6 წვეთი 1 ჭიქა წყალზე.
  • წყალში გახსენით ჭურჭლის სარეცხი ჟელე, მასში ჩადეთ ოქროს სამკაული, სადაც შეგიძლიათ ისინი მთელი დღით ან ღამითაც დატოვოთ. ხსნარი დროდადრო შეანჯღრიეთ, სანამ მთელ სამკაულს ჭუჭყი არ მოსცილდება. შესაკვრელების ადგილი დამატებით შეგიძლიათ გაწმინდოთ რბილი კბილის ჯაგრისით. ასე შეგიძლიათ გაწმინდოთ ბრილიანტის, საფირონის, ზურმუხტის, ლალის, კვარცის, ტოპაზის, ბივრილისა და აკვამარინისთვლიანი სამკაული. თითოეული ნივთი გარეცხეთ გამოხდილ ან ანადუღარ ცივ წყალში და გაამშრალეთ პირსახოცით.
  • ნაკლებად ჭუჭყიანი სამკაული გაწმინდეთ პურის ქერქით (გულის მხრიდან).
  • უთვლო ოქროს ბეჭედს წაუსვით ტუჩსაცხი და გააპრიალეთ ბამბით ან რბილი ქაღალდით.
  • დროისაგან გამუქებული ოქრო, აგრეთვე მოოქრული ნივთები შეგიძლიათ ხახვის წვენით განაახლოთ. ხახვის წვენით გაწმინდეთ სამკაულის ზედაპირი და დატოვეთ 1,5-2 საათით. შემდეგ გაავლეთ წყალში და გაამშრალეთ.
  • იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება, რომ ოქროს სამკაულზე ხვდება იოდის ლაქა. მისი მოშორება შესაძლებელია თუ ნივთს 15-20 წუთით ჰიპოსულფიტის ხსნარში (გამოიყენება ფოტოგრაფიაში) ჩაუშვებთ.

რაც შეეხება მოოქრულ სამკაულებს, ისინი შეიძლება ფრთხილად გარეცხოთ გრილ, საპნიან წყალში, მაგრამ უკეთესია მათი გაწმენდა ლიმონის წვენით ან სველი ნაჭრითა და სუფრის მარილით. მოოქრული ნივთები ჯაგრისით არ გახეხოთ, რომ ოქროს თხელი ფენა არ მოსცილდეს.


როგორ მოვუაროთ ვერცხლსა და მელქიორს?

ვერცხლის სამკაული, ისევე როგორც ოქროსი, შეიძლება დაალბოთ საპნიან წყალში, გაავლოთ და გააპრიალოთ მაუდით.

ძლიერ გამუქებული ვერცხლის ნივთები შეიძლება გაწმინდოთ კბილის ფხვნილით ან სოდიან ხსნარში დასველებული ფლანელის ნაჭრით. შემდეგ გაავლოთ სუფთა წყალში.

არსებობს უთვლო ვერცხლეულის მოვლის საუკეთესო წესი: აიღეთ 1 სუფრის კოვზი მარილი, 2 ცალი კვერცხის ნაჭუჭი და 1 ლიტრი წყალი. მიღებულ ადუღებულ ხსნარში ჩაუშვით 15 წამით ძეწკვი, ბეჭედი, სამაჯური. შემდეგ გულდასმით გაავლეთ და გაამშრალეთ მაუდით.

ვერცხლის ნივთების ბრწყინვალება რომ აღადგინოთ, ჩააწყვეთ ისინი 10 წუთით კარტოფილის ნახარშში.

ვერცხლისა და მოვერცხლილი ნივთების ბრწყინვალების აღსადგენად სხვა მეთოდიც არსებობს. 1 სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი დაამატეთ ერთ ლიტრ საპნიან ხსნარს და მიღებულ ნაზავში გარეცხეთ ვერცხლის ნივთები.

გახსოვდეთ, მოსევადებული ვერცხლის გაწმენდა ნიშადურის სპირტით დაუშვებელია.

თვლიანი საიუველირო სამკაული

განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ თვლებით მოოჭვილი სამკაულების გაწმენდისას. მათ ცუდად გადააქვთ მაღალი ტენიანობა. ეს არის ფირუზი, ოპალი, მალაქიტი, მთვარის ქვა, ქარვა, მარგალიტი, მარჯანი. მარჯნის, ფირუზისა და მარგალიტისთვის მავნეა საპნის ქაფი, სუნამო და ცხელი საპნის ქაფი.

გაითვალისწინეთ: ბრილიანტსა და ალმასს არ ეშინიათ თბილი წყლის. ოპალის დასველება არ შეიძლება. საფირონის, ლალისა და ზურმუხტის თვალს არ უყვარს თბილი წყალი, ამიტომ სამკაულები გარეცხეთ გრილ, საპნიან ხსნარში.

ფირუზი და მარჯანი გარეცხეთ საპნიან წყალში და წინასწარ დაუმატეთ ცოტაოდენი საჭმელი სოდა.

ფირუზი

ფირუზი არამდგრადი ნაერთია. იგი ფოროვანი ნივთიერებაა და ადვილად იწოვს ცხიმებს, არომატულ ნივთიერებებს და მათი ზემოქმედებით მწვანდება. უმჯობესია, ხელების დაბანის დროს ფირუზის ბეჭდის მოხსნა.

ფირუზზე ძალიან კარგად მოქმედებს ცხოველური ცხიმი, ამიტომ იგი შეიძლება გააპრიალოთ ცხვრის დუმით. გახსოვდეთ: მცენარეული ზეთი “კლავს” ფირუზს.

მარგალიტი

მარგალიტის 2% წყალია, ამიტომ ის იოლად კარგავს ბრწყინვალებას. მას ძალიან უყვარს ადამიანის სხეულის სითბო, ამიტომ ხშირად ატარეთ. მარგალიტის სამკაული (როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური) სხვა სამკაულებისგან განცალკევებით უნდა შეინახოთ. დროდადრო კი ხავერდით გააპრიალოთ. მარგალიტი შეიძლება ფრთხილად გააპრიალოთ კარტოფილის სახამებლითაც.

გაწმინდეთ მარგალიტი მშრალი აბრეშუმის ნაჭრით. მაგრამ უკეთესია, თუ მას სპეციალისტს გააწმენდინებთ. მარგალიტის მძივი ყოველწლიურად ახალ ძაფზე უნდა აკინძოთ.

გარეცხეთ საპნიანი წყლით ან გაწმინდეთ ლიმონის წვენით, გადაავლეთ ცივი წყალი და ფრთხილად შეამშრალეთ. მარგალიტისთვის ცხიმოვანი ნადების მოსაცილებლად უნდა გაახვიოთ ის თხელ სელის ქსოვილში, წინასწარ დააყაროთ 1 ჩაის კოვზი მარილი და გაავლოთ წყალში მარილის გალღობამდე. ამის შემდეგ გაამშრალეთ.

გახსოვდეთ: კონცენტრირებულ ძმარში მარგალიტი იშლება.

ალმასი

ალმასის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყურის საწმენდი ჩხირები (ან ასანთის ჩხირზე დაახვიოთ ბამბა): დაასველეთ ოდეკოლონში და ფრთხილად გაწმინდეთ ქვა და მისი გვირგვინი ზევიდან ქვევით. შემდეგ ბეჭედი რბილი ფლანელის ან ხავერდის ნაჭრით გააპრიალეთ. დაუშვებელია ბასრი ნივთებით ბეჭდის გვირგვინის გაწმენდა - ასე შეიძლება დააზიანოთ. ქვები რომ სუფთა და მბრწყინავი იყოს, უმჯობესია, ხელების დაბანისას ბეჭდები მოიხსნათ.

ქარვა და სპილოს ძვალი

ქარვა და სპილოს ძვალი შეიძლება თამამად გარეცხოთ თბილი წყლით. დაუმუშავებელ ნატურალურ ქარვას წაუსვით ჯერ დენატურატი, შემდეგ ზეთი და გააპრიალეთ. დამუშავებული ქარვა მოათავსეთ ცარცისა და დენატურატის ფაფაში. როცა გაშრება, გაასუფთავეთ, წაუსვით ზეთი და გააპრიალეთ.

გაყვითლებული სპილოს ძვალი შეიძლება 10 წუთით ჩადოთ სარეცხის მათეთრებლის ხსნარში, რომელიც შეიცავს ქლორს.

ხელოვნური თვლები

ყველა ხელოვნურ თვალს დააყარეთ ტალკი და გაწმინდეთ რბილი ჯაგრისით. თუ ხელოვნური მარგალიტები ასხმულია ხელოვნურ ძაფზე, გარეცხეთ ოდნავ მარილიან წყალში, ხოლო თუ ნეილონისაზე, გარეცხეთ ამონიაკისა და მაგნეზიის წყლიან ხსნარში (ერთ ჭიქა წყალში ჩაყარეთ 1 ჩ/კ ამონიაკი და დანის წვერზე - მაგნეზია). გამშრალების შემდეგ წაუსვით ზეთი (კოსმეტიკური ან ჩვილთათვის განკუთვნილი) და გააპრიალეთ ბამბით ან რბილი ქსოვილით.

ბიჟუტერია

ყველა ქალის ზარდახშაში შეიძლება იპოვოთ ბიჟუტერია. ის გულმოდგინე მოვლას იმსახურებს:

  • მინანქრის სამკაული კარგად იწმინდება კბილის ფხვნილის ან ცარცის ხსნარით, რომელშიც დამატებულია ნიშადურის სპირტის რამდენიმე წვეთი.
  • ლითონის გულსაბნევებმა და გულსაკიდებმა შესაძლოა ტანსაცმელზე მოლურჯო ლაქები დატოვოს. ამის თავიდან ასაცილებლად ისინი უკანა მხრიდან დაფარეთ ფრჩხილების უფერო ლაქით.
  • მინის სამკაული შეგიძლიათ გარეცხოთ საპნიან ხსნარში, შემდეგ გაავლოთ სუფთა წყალში და გააშროთ რბილი პირსახოცით.
  • მსხვილი მძივები შეიძლება გარეცხოთ ჯაგრისით. თუ მძივები ძაფზე ან რეზინზეა აცმული, უმჯობესია საპონი არ იხმაროთ - მისგან რეზინი და ძაფი სწრაფად “ბერდება”, კარგავს ელასტიკურობას და შრება, შეიძლება მოულოდნელად გაწყდეს კიდეც.
  • საპონი არასასურველად მოქმედებს პლასტმასის სამკაულებზეც, ამიტომ მათი გარეცხვა შეიძლება მხოლოდ წყლით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მათ შენახვას.
  • ხის სამკაული არ ირეცხება, რადგან წყალი ხეს აჯირჯვებს. შეიძლება ფლანელით გაპრიალება. არ მოჰკიდოთ მას ცხიმიანი ხელები, თუ კისერზე ცხიმიანი საცხი გისვიათ, არ დაიკიდოთ - მასზე ლაქები დარჩება.