ზაფხული და უსიამოვნო თავგადასავლები
ქვეწარმავლის ნაკბენი, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ გავუწიოთ დაშავებულს პირველი დახმარება სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, რადგან პირველი წუთები ხშირად გადამწყვეტია.
-
ცხვირიდან სისხლდენა
ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება გამოიწვიოს ტრავმამ ან ძლიერმა ფიზიკურმა დატვირთვამ; ჰიპერტონიის ან სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროსაც შეიძლება შევეჯახოთ ასეთ უსიამოვნებას.
როგორ მოვიქცეთ?
- დაზარალებული უნდა დაჯდეს და ოდნავ წინ გადაიხაროს;
- ცხვირის ნესტოში უნდა შევუდოთ ბამბის ტამპონი, დასველებული წყალბადის ზეჟანგის 3%-იან ხსნარში. მივაჭიროთ ნესტოზე თითები და ასე გვეჭიროს დაახლოებით 5 წუთი;
- ცხვირის მიდამოში უნდა დავადოთ ყინული ან ცივ წყალში დასველებული ქსოვილის ნაჭერი;
- ცხვირიდან გამოსაღებად ბამბის ტამპონი უნდა დავასველოთ წყლით.
დაზარალებულის დაწვენა საჭირო არ არის, არც თავის უკან გადაწევაა აუცილებელი - შესაძლოა, სისხლი ხახაში მოხვდეს და ღებინება გამოიწვიოს. ხანდაზმულებს შესაძლოა ცხვირის უკანა კედლიდან სდიოდეთ სისხლი. ასეთი სისხლდენის შეჩერება ნესტოებზე თითების მიჭერით ძნელია. უმჯობესია, კბილებით დაიჭიროს საცობი ან სხვა მსგავსი ნივთი, გადაიხაროს წინ და მშვიდად დაჯდეს; ეცადოს, არ ჩაყლაპოს ნერწყვი. საცობი ყლაპვითი მოძრაობების შეკავებაში დაეხმარება. თუ, ყოველგვარი ძალისხმევის მიუხედავად, სისხლდენა ვერ შეაჩერეთ, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
-
მყესის დაჭიმვა
მყესის დაჭიმვა ან გაწყვეტა შესაძლოა გამოიწვიოს მკვეთრმა მოძრაობამ, მაგალითად, ფეხის უხერხულად შემობრუნებამ. ამ დროს ადამიანი აუტანელ ტკივილს განიცდის, ტრავმის ადგილას შეინიშნება სისხლჩაქცევა, სახსარი სწრაფად კარგავს მოძრაობის უნარს და სივდება.
როგორ მოვიქცეთ?
- დაშავებულს უმალვე დაადეთ ყინული მტკივან ადგილზე, მერე კი სახსარი ელასტიკური დოლბანდით დააფიქსირეთ, ოღონდ მეტისმეტად არ შემოუჭიროთ, რათა სისხლის მიმოქცევა არ დაირღვეს.
- კოჭზე ნახვევი ამგვარად ედება: დოლბანდს შემოატარებენ წვივის ქვედა ნაწილზე, შემდეგ გადადიან ტერფზე - ჯერ ფეხის თითებთან, მერე ტერფის ზედა მხარეს; ამის შემდეგ დოლბანდს შემოატარებენ ფეხის ქუსლზე და კვლავ გაიმეორებენ ნახვევს. ამ დროს ფეხი სახსარში 90 გრადუსით უნდა იყოს მოხრილი.
- თუ დაშავებულს ფეხი დაუბუჟდა, აუცილებელია ნახვევის მოშვება. პირველ დღეს სასურველია, შეხვეულ ფეხზე ცელოფნით დავადოთ ყინული. მეორე დღეს ყინულის დადება საჭირო აღარ არის. უმჯობესია თბილი აბაზანა და მალამოს, მაგალითად, ჰეპარინის წასმა. ის ფრთხილად უნდა შევაზილოთ კანში დღეში 2-3-ჯერ. მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში მიმართეთ ტრავმატოლოგს ან ქირურგს, ძლიერი ტრავმის დროს კი გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.\
-
სითბური დაკვრა
სიცხეში ფიზიკური დატვირთვის შემდეგ სითბური დაკვრის მიღება ადვილია. კანი ფითრდება და იცვარება, სხეულის ტემპერატურა იმატებს, დაზარალებული უჩივის სისუსტეს, დაღლილობას, გულისრევის შეგრძნებას, თავის ტკივილს, შესაძლოა გახშირდეს გულისცემა და მოიმატოს წნევამ.
როგორ მოვიქცეთ?
- დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე, თუ წნევა დაეცა, აუწიეთ ფეხები, დაალევინეთ ცივი წყალი;
- გადაიყვანეთ გრილ შენობაში, კისერზე დაადეთ ყინული, ჩაურთეთ ვენტილატორი.
- თუ შეამჩნიეთ, რომ ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეიცვალა ან ტემპერატურამ 40 გრადუსამდე აიწია, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
-
შხამიანი გველის ნაკბენი
გველის ნაკბენ ადგილას რამდენიმე წუთში ვითარდება შეშუპება. სისხლის ნაკადთან ერთად შხამი შეიძლება სხეულის ყველა ნაწილში მოხვდეს. ნაკბენი ძალიან მტკივნეულია. დაკბენილს შესაძლოა აუწიოს სიცხემ, დაასხას ცივმა ოფლმა, აუვარდეს ძლიერი ღებინება, კუნთები დაუსუსტეს, მოეკიდოს რული. ყველაზე სწრაფად მოწამვლა მაშინ ვითარდება, თუ გველის ნაკბენი მსხვილ სისხლძარღვზე მოხვდა. მოიკრიბეთ ძალა და სცადეთ დაკბენილის დახმარება. ერთი საათის შემდეგ შესაძლოა გვიანი იყოს.
- უპირველეს ყოვლისა, გამოწოვეთ შხამი ჭრილობიდან 10-15 წუთის განმავლობაში;
- მიეცით დაკბენილს უხვად წყალი;
- კიდურებზე დაადეთ სათბურები;
- უძრავად დააფიქსირეთ დაკბენილი კიდური, დაადეთ არტაშანი;
- რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანეთ დაკბენილი საავადმყოფოში, სადაც გაუკეთებენ შხამსაწინააღმდეგო შრატს და ჩაუტარებენ რეანიმაციას.
-
სოკოთი მოწამვლა
ძლიერი მოწამვლისას ერთდროულად ზიანდება ორგანიზმის სასიცოცხლო მნიშვნელობის რამდენიმე სისტემა. მოწამვლა თანდათანობით ვლინდება, ზოგჯერ - 12-14 საათის შემდეგ. მისი ნიშნებია მუცლის ტკივილი, გულისრევა, უწყვეტი ღებინება, ფაღარათი, ზოგჯერ - დღე-ღამეში 20-25-ჯერადიც კი. თუ სასწრაფოდ არ ვიღონეთ რამე, შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა განვითარდეს.
როგორ მოვიქცეთ?
- უპირველეს ყოვლისა, მოწამლულს უნდა ამოვურეცხოთ კუჭი: ერთბაშად დავალევინოთ 5-6 ჭიქა წყალი ან რძე, შემდეგ გავუღიზიანოთ ენა თითით ან კოვზით და გამოვიწვიოთ ღებინება. ეს პროცედურა შეიძლება გავიმეოროთ 3-5-ჯერ.
- მოწამლული ჩავაწვინოთ საწოლში, ხელ-ფეხთან დავუწყოთ სათბურები;
- განუწყვეტლივ მივცეთ თბილი სასმელი, ძლიერი სისუსტის შემთხვევაში - მაგარი ჩაი.
- თუ ფაღარათი არ განვითარდა, მოწამვლის შემდგომ პირველ საათებში მოწამლულს შეიძლება მივცეთ მსუბუქი გამხსნელი საშუალება - 1 სუფრის კოვზი საფაღარათო ზეთი. დაბალწნევიანებს გამხსნელი მცირე რაოდენობით უნდა მივცეთ - ბევრი სითხის დაკარგვისას წნევა შესაძლოა ძლიერ დაეცეს;
- თუ შეამჩნიეთ, რომ მოწამლული მძიმე მდგომარეობიდან ვერ გამოდის, მიმართეთ ექიმს.