რა წავიღოთ დასასვენებლად
აუცილებელი ნივთები წაიღეთ.
ჩვეულებრივ, წასაღებ ნივთებს ბევრი რატომღაც გამგზავრების წინა დღეს ალაგებს და აღმოჩნდება ხოლმე, რომ სიჩქარეში ბევრი ისეთი რამის წაღება დაგვვიწყებია, რაც ძალზე საჭიროა. გარდა ამისა, უშუალოდ გამგზავრების წინ ნივთების ჩალაგებისას, არ არის გამორიცხული, სერიოზული სტრესი მივიღოთ. ვეცდებით, ყოველივე ეს თავიდან აგაცილოთ და დაგეხმაროთ იმის გარკვევაში, რა უნდა წაიღოთ თან. გაითვალისწინეთ: ნივთების ჩალაგებაზე ზრუნვა გამგზავრებამდე 3-4 დღით ადრე მაინც უნდა დაიწყოთ.
-
პირადი ჰიგიენის საგნები
ზღვაზე აუცილებელია 2 დიდი პირსახოცი: ერთს პლაჟზე დააგებთ, მეორით კი შხაპის შემდეგ ტანს გაიმშრალებთ, - მაგრამ თუ სასტუმროში აპირებთ გაჩერებას, საშხაპე პირსახოცი შესაძლოა არც კი დაგჭირდეთ.
მთაში უმჯობესია 3-4 შედარებით მცირე ზომის პირსახოცი იქონიოთ.
მშრალი და სველი ხელსახოცები ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგებათ. ამათ ემატება ინდივიდუალური მოხმარების ნივთები, რომლებიც ყველა ადამიანს თავისი უნდა ჰქონდეს: საპონი, შამპუნი, კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, სავარცხელი.
-
ფეხსაცმელი
თუ მაღალ ქუსლებზე სიარულს ხართ მიჩვეული, მათზე უარს ნურც შვებულების დროს იტყვით, თუმცა გირჩევთ, უპირატესობა ბრტყელძირიან ფეხსაცმელებს მიანიჭოთ. 2-3 წყვილი საკმარისია. მამაკაცებს სპორტულ ფეხსაცმელებთან ერთად სანდლების წაღებასაც ვურჩევთ.
-
კოსმეტიკა
ბარგის მნიშვნელოვანი ნაწილია კოსმეტიკა. ზღვაზე დასვენებისას აუცილებლად დაგჭირდებათ მზისგან დამცავი, გარუჯვის დროს და გარუჯვის შემდგომ გამოსაყენებელი მალამოები და კრემები. მას, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს, უნდა ახსოვდეს, რომ მზისგან დამცავი კრემი ყოველი ბანაობის შემდეგ უნდა წაისვას. მშრალი კანის პატრონებს დასჭირდებათ დამატენიანებელი რძე ან კრემი, რადგან მზე, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანს აშრობს. არც მკვებავი კრემი დაივიწყოთ, რომელიც აუცილებელია ბანაობის შემდეგ კანის გამოსაკვებად. რაც შეეხება დეკორატიულ კოსმეტიკას, ის საკუთარი შეხედულებისამებრ აარჩიეთ.
-
აფთიაქი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით. თუ მიზეზთა გამო რაიმე პრეპარატს მუდმივად იღებთ, საჭირო რაოდენობის მოიმარაგეთ, რადგან უცხო ადგილას მათი ყიდვა შესაძლოა გაგიჭირდეთ.
სტანდარტულ აფთიაქში შედის:
- პარაცეტამოლი - თავის ტკივილის დასაამებლად;
- პლასტირი კოჟრებისა და მცირე ტრავმების დასაფარავად;
- ანტიბიოტიკის შემცველი მალამო ან რაიმე ისეთი, რაც ჭრილობების სწრაფ შეხორცებას უწყობს ხელს;
- სამედიცინო და ელასტიკური ბინტი, ბამბა, მაკრატელი, ანტიალერგიული საშუალებებები;
- წყალბადის ზეჟანგი (უმჯობესია აბების სახით);
- თუ ფრენასა და ცურვას ცუდად იტანთ - სპეციალური საშუალება, რომელიც თვითმფრინავში ან გემში ჩაჯდომამდე ერთი საათით ადრე უნდა მიიღოთ;
- ღებინების საწინააღმდეგო აბები;
- საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი აბები, ფერმენტები, მაგალითად, მეზიმ-ფორტე, ომეპრაზოლი, ფესტალი;
- ანალგინი ან რომელიმე სხვა ტკივილგამაყუჩებელი;
- თუ ეგზოტიკურ ქვეყნებში მიბრძანდებით - რეპელენტები ანუ მწერების დასაფრთხობი საშუალებები;
- არც დაგავიწყდეთ მოგზაურთა დიარეა - ტურისტების 40-50% ამ პრობლემას ეჯახება, ამიტომ აუცილებელია თან გქონდეთ აქტივირებული ნახშირი, რეჰიდრონი, ენტეროლი და ნაწლავის მოქმედების მოშლის საწინააღმდეგო რაიმე პრეპარატი.
მართალია, აფთიაქი თქვენს ბარგში გარკვეულ ადგილს დაიკავებს, მაგრამ მისი არსებობა გარკვეული სიმშვიდის საფუძველს ქმნის, ეს კი ამად ღირს.
-
ზღვაზე
საცურაო კოსტიუმი ორი უნდა გქონდეთ. თავსაბურავი და მზისგან დამცავი სათვალეც აუცილებელია, ამასთან გაითვალისწინეთ სათვალის ხარისხი, მისი მინები არ უნდა ატარებდნენ ულტრაიისფერ სხივებს. სანაპიროზე სასიარულოდ ყველაზე მეტად ბადისებრი ფეხსაცმელი და სანდლები გამოგადგებათ. მამაკაცებმა თან უნდა იქონიოთ რამდენიმე მაისური, შარვალი. კლიმატის მიუხედავად აუცილებელია თხელი გრძელსახელოებიანი სვიტერიც.
-
მთაში
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოხერხებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ტანსაცმელი სასურველია თუ ნატურალური ქსოვილისგან იქნება დამზადებული. აუცილებელია იფიქროთ თბილ სამოსზეც, რადგან მთაში შუა ზაფხულშიც კი ღამე საკმაოდ ცივა. ბავშვებისთვის უმჯობესია ტანსაცმლის რამდენიმე კომპლექტი გქონდეთ, რადგან მთაში როგორც რეცხვა, ისე სამოსის გაშრობა გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება. გაითვალისწინეთ, შვებულება წელიწადში ერთხელ გაქვთ, ამიტომ ეცადეთ, მის განმავლობაში მაქსიმალურად დადებითი ენერგიით დაიმუხტოთ. კეთილ მგზავრობასა და ბედნიერ დასვენებას გისურვებთ.