საზამთრო აქსესუარები
.
თუ გვსურს, ზამთარი კომფორტულად გავატაროთ, საჭიროა, წინასწარ მოვიმარაგოთ ზოგიერთი აქსესუარი, რომლებიც ზამთარში კომფორტს შეგვიქმნის. ალბათ გიყვართ სავარძელზე ფეხმოკეცილი ჯდომა, როცა თბილ, მოხერხებულ პლედში ხართ გახვეული, ამიტომ აუცილებლად განაახლეთ ეს აქსესუარი. ზამთრის ცივ საღამოს მასში გაეხვევით და იოცნებებთ...
პლედი შოტლანდიაში გამოიგონეს. ამ მკაცრი კლიმატის მქონე ქვეყნის ბინადრებმა ის სხეულის გასათბობად შექმნეს. შოტლანდიიდან ეს აქსესუარი დედამიწის ყველა ქვეყანაში გავრცელდა და ოჯახური კერისა და მყუდრების სიმბოლოდ იქცა. პაშმინის სითბო და სირბილე პირველად ნაპოლეონის მეუღლემ ჟოზეფინამ დააფასა ღირსეულად. იმხანად საცხოვრებელი სახლები არ თბებოდა და შალის თბილი ქსოვილი, რომელშიც მთელი ტანით შეიძლებოდა გახვევა, ნამდვილი ხსნა იყო.
-
როგორი უნდა იყოს პლედი?
არსებობს ნაქსოვი, სქელი, დალიანდაგებული, შალის, ბეწვიანი ქსოვილის პლედები. მაგრამ მთავარია არა წარმოების ტექნოლოგია, არამედ მასალა, რომისგანაც არის ის დამზადებული. ამ აქსესუარს უმეტესად შალისგან, ბამბისგან ან სინთეტიკური მასალისგან ამზადებენ. რომელია ყველაზე სასიამოვნო, მოხერხებული და ჯანმრთელობისთვის უვნებელი?
- ბამბისგან ამზადებენ საზაფხულო, მსუბუქ პლედებს. შეიძლება მათი ხშირად გარეცხვა. ისინი პრაქტიკულად არ ფუჭდება, არ ითელება. ბამბის პლედები ყველაზე ეკოლოგიურად მიიჩნევა.
- სინთეტიკური ქსოვილი აკრილი ადვილად ირეცხება, მაგრამ "არ სუნთქავს" ისე, როგორც ნატურალური მასალა. ის შეიძლება გაიბურძგნოს. აკრილი იწმინდება.
- ყველაზე გავრცელებული მასალა პლედისთვის არის შალი. ის ინარჩუნებს სითბოს, არ არღვევს ჰაერის ნორმალურ ცირკულაციას, შთანთქავს ნესტს, თუმცა მშრალი რჩება.
პლედის შერჩევისა და შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მის ფასს. ნატურალური შალისგან დამზადებული პლედი, როგორც წესი, უფრო ძვირია, ვიდრე ბამბისა ან სინთეტიკური. თუმცა შალიც სხვადასხვაგვარია.
მთის თხის ბეწვი (ქიშმირი), ზაფხულში გამოყვანილი ან ხელით გაწეწილი, ყველაზე ძვირფას ნატურალურ მასალად ითვლება. ის თბილია, რბილი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჰიპოალერგიულიც. ქსოვილი მტკიცე და გამძლე რომ გამოვიდეს, შალს აბრეშუმს უმატებენ.
ლამა სამხრეთ ამერიკის ფრიალო კლდეებისა და მთების ბინადარია. მისი ბეწვი საკმაოდ ძვირადღირებულია - მდიდარია ბუნებრივი ელფერებით, გრძელბოჭკოვანი შემადგენლობის გამო არ ცვივა და გამძლეობით გამოირჩევა. ლამას ბეწვი, ვინაიდან საკმაოდ უხეშია, სუფთა სახით პრაქტიკულად არ გამოიყენება. მას, ჩვეულებრივ, უმატებენ მერინოსის ბეწვს ან სინთეტიკურ ბოჭკოს (აკრილს, პოლიაკრილს).
აქლემის ბეწვი ძალიან თბილი და ცხვრის მატყლზე ორჯერ მსუბუქია. ნამდვილი აქლემის ბეწვისაა თუ არა ნაკეთობა, ფერის მიხედვით შეიძლება გამოვიცნოთ. აქლემის ბეწვი თითქმის არ ექვემდებარება ღებვას, ამიტომ მისგან დამზადებული ნივთების ფერთა გამა უმთავრესად ყავისფერის სხვადასხვა ტონალობისგან შედგება.
არსებობს პაშმინი - ჰიმალაის მთებში მობინადრე თხის უთხელესი ბეწვი. პლედის მოსაქსოვად ამ მასალას შალს, ბამბასა და აბრეშუმს ურევენ. კლასიკური ნარევი ასეთია: 60% პაშმინი და 20% აბრეშუმი და ბამბა.
-
როგორ ამოვიცნოთ ნატურალური შალი?
პლედს რამდენჯერმე გადაუსვით ხელი. მისი ზედაპირი გლუვი და სწორი უნდა დარჩეს. ინტენსიური ბზინვარება მის შემადგენლობაში სინთეტიკური ბოჭკოების არსებობაზე მიგანიშნებთ.
თუ ნატურალურ შალს ცეცხლის ალზე მოვატარებთ და მსუბუქად "მოვტრუსავთ", ბუსუსები ფერფლის ფერს მიიღებს და ადვილად მოსცილდება ხელით ჩამობერტყვისას, ხოლო ხელოვნური მასალა დადნება, ერთ გროვად შეწებდება.
პლედს ისე უნდა მოვუაროთ, როგორც მის იარლიყზეა მითითებული. რეცხვისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. თხელი შალის პლედის რეცხვა ცივ წყალშია რეკომენდებული. გამოიყენეთ თხევადი სარეცხი საშუალებები, რომლებიც მხოლოდ შალის ქსოვილებისთვის არის განკუთვნილი. პლედი არ უნდა გაიწუროს - უმჯობესია, ფრთხილად მოათავსოთ ბრტყელ ზედაპირზე.