როგორ შევინარჩუნოთ იმუნიტეტი
მე-12 შერეული პოლიკლინიკის ოჯახის ექიმი ეკა ილურიძე.
- რა არის იმუნიტეტი და რამდენი სახისაა იგი?
- იმუნიტეტი არის ორგანიზმის უნარი, დაიცვას თავი ამა თუ იმ დაავადებისგან. ეს ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციობის ხარჯზე ხდება. იმუნური სისტემა საკმაოდ რთული და მწყობრად მოქმედი მექანიზმია, რომლის სწორი რეაქციის წყალობით დაზღვეულნი ვართ ვირუსებით, ბაქტერიებითა და პარაზიტებით გამოწვეული მრავალი დაავადებისგან.
განასხვავებენ ორი სახის იმუნიტეტს:არასპეციფიკურს ანუ თანდაყოლილს და სპეციფიკურს ანუ შეძენილს.
არასპეციფიკური იმუნიტეტი გულისხმობს დამცავ ფაქტორთა ერთობლიობას, რომელიც მიმართულია განსაზღვრული ტიპის დაავადების გამომწვევთა წინააღმდეგ. მაგალითად, ადამიანი შეუვალია ცხოველთა დაავადებების მიმართ, ძაღლი არასოდეს ავადდება შავი ჭირით, ხოლო კატა - ციმბირის წყლულით.
სპეციფიკური ანუ შეძენილი იმუნიტეტის ფორმირება ხდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, როდესაც კონკრეტული ორგანიზმი განსაზღვრული გამომწვევის პირისპირ აღმოჩნდება.
შეძენილი იმუნიტეტიც ორგვარია: აქტიური და პასიური. აქტიური ყალიბდება გადატანილი ინფექციური დაავადების ან ვაქცინაციის შედეგად, გამომწვევთან კონტაქტიდან 1-2 კვირის განმავლობაში, და ადამიანის იმუნურ მეხსიერებაში წლობით და ათწლეულობით რჩება. პასიური იმუნიტეტი ემყარება მზა ანტისხეულების არსებობას, რომლებსაც ახალშობილი დედისგან რძის მეშვეობით იღებს, ნაყოფი კი ტრანსპლაცენტურად - უშუალოდ დედის სისხლიდან პლაცენტის გავლით.
პასიური იმუნიტეტით ახალშობილის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტია ძუძუთი კვების სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალშობილი პრაქტიკულად დაუცველი რჩება მრავალი ინფექციის პირისპირ. თავად მას ჯერ კიდევ არ შეუძლია ანტისხეულების გამომუშავება, რათა წინ აღუდგეს ამა თუ იმ დაავადების აღმოცენებას.
- ადამიანის რომელი ორგანოები აგებენ პასუხს იმუნიტეტის სიმყარეზე?
- ადამიანის იმუნური სისტემა ორგანოებისა და ქსოვილების ერთობლიობაა. განასხვავებენ იმუნური სისტემის ცენტრალურ ორგანოებს, რომლებშიც უშუალოდ მწიფდება ლიმფოციტები და იმუნური სისტემის პერიფერიულ ნაწილს - უკვე ფორმირებული ლიმფოციტების დეპოებს.
ცენტრალური ორგანოებია:
- თიმუსი ანუ მკერდუკანა ჯირკვალი;
- ძვლის ტვინი;
- მუცლადყოფნის პერიოდში აღნიშნულ ფუნქციას ასრულებს ნაყოფის ღვიძლი.
პერიფერიული ორგანოებია:
- ლიმფური კვანძები;
- ელენთა;
- საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლიმფური ფოლიკულები - ტონზილები, პეიერის ფოლაქები; საკმაო ოდენობით არის დეპონირებული ლიმფოციტები წვრილი და მსხვილი ნაწლავის ეპითელიუმსა და სეროზულ შრეშიც.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს იმუნიტეტის დაქვეითება და როგორ შეიძლება ის გამოვლინდეს?
- არის შემთხვევები, როდესაც იმუნური სისტემა ვეღარ მუშაობს როგორც ერთიანი, მწყობრი მექანიზმი. ასეთ დროს ამბობენ, რომ დაქვეითებულია ორგანიზმის იმუნური სტატუსი. უფრო მარტივად, ეს მდგომარეობა მოიხსენიება როგორც იმუნიტეტის დაქვეითება. გარემოსადმი ინტერესის დაკარგვა, აპათიურობა, მოთენთილობა - იმუნიტეტის დაქვეითებას ყოველივე ეს ახასიათებს, მაგრამ ეს სიმპტომები მრავალი სხვა მიზეზითაც შეიძლება აიხსნას. გაცილებით საყურადღებოა:
- ხშირი გაციება (წელიწადში სამ-ოთხჯერ მაინც);
- გრიპი გახანგრძლივებული მიმდინარეობით;
- ქრონიკული ინფექციები ხშირი რეციდივებით (ანგინა, პნევმონია, კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები);
- მუდმივი სუბფებრილური ტემპერატურა.
ეს ნიშნები გვაფიქრებინებს, რომ იმუნიტეტი დაქვეითებულია. იმუნური სისტემა მგრძნობიარეა მრავალი ფაქტორის მიმართ. ეს ფაქტორებია:
- არასრულფასოვანი კვება: ცილის, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი;
- გადაღლილობა;
- ქრონიკული სტრესი;
- ანტიბიოტიკებისა და ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი ხმარება;
- ატმოსფერული ფაქტორები, განსაკუთრებით - რადიაციული ფონი;
- ოპერაციული ჩარევა;
- ტრავმა;
- მოყინვა;
- დიდი რაოდენობით სისიხლის დაკარგვა;
- ინტოქსიკაცია და ქონიკული დაავადებები (ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, შაქრიანი დიაბეტი).
განვითარებულ ქვეყნებში ქრონიკულად მოავადეები რისკჯგუფად ითვლებიან. აქ ძალზე სკრუპულოზურად ხორციელდება ვაქცინაცია, რადგან სუსტი იმუნური სტატუსის გამო მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შედარებით მაღალია სიკვდილიანობის, ჰოსპიტალიზაციის მაჩავნებლები, მედიკამენტების ხარჯი.
- იმუნიტეტის დაქვეითება მეტად აქტუალურია ბავშვთა ასაკში...
- პედიატრები გამოყოფენ ბავშვის სიცოცხლის ხუთ კრიტიკულ პერიოდს, როდესაც იმუნური სისტემა განსაკუთრებით სუსტია. ეს პერიოდებია:
- ახალშობილობა (პირველი 29 დღე);
- პერიოდი მე-3-დან მე-6 თვემდე;
- ორი წლის ასაკი;
- ასაკი 4-დან 6 წლამდე;
- პუბერტატული პერიოდი.
არსებობს ტერმინი "ხშირად მოავადე ბავშვი". ის გულისხმობს ავადმყოფობას წელიწადში 4-ჯერ და მეტად, როდესაც ავადმყოფობა 2 კვირას და მეტხანს გრძელდება.
- როგორ ავიმაღლოთ და შევინარჩუნოთ იმუნიტეტი?
- იმუნიტეტის ამაღლებისა და შენარჩუნების ხერხებია ცხოვრების წესის მოწესრიგება, ვაქცინაციის სწორად ჩატარება. აუცილებელია დღის რეჟიმის დაცვა, სრულფასოვანი კვება, გაკაჟება, რეგულარული და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, სუფთა ჰაერზე მეტხანს ყოფნა (განსაკუთრებით - ბავშვებისა და ქრონიკულად მოავადეებისთვის), ანტიბიოტიკებისა და სხვა მედიკამენტების გამოყენება მხოლოდ აუცილებლობისას და ექიმის მეთვალყურეობით.
- ბევრი ვაქცინაციას სკეპტიკურად და შიშითაც კი უყურებს. რას გვეტყოდით ამის თაობაზე?
- ვაქცინაცია არის საიმედო გზა კონკრეტული დაავადების თავიდან ასაცილებლად. ამ დროს ორგანიზმში შეჰყავთ ინაქტივირებული - დასუსტებული ან მკვდარი - ინფექციური აგენტი, რომელიც დაავადებას ვერ გამოიწვევს, მაგრამ გამოიწვევს იმუნურ პასუხს კონკრეტული მიკრობის მიმართ, რომელიც დიდხანს ინახება ადამიანის იმუნურ მეხსიერებაში.
საყურადღებოა, რომ ვაქცინაციის დროს, სპეციფიკური იმუნიტეტის ფორმირების პარალელურად, თავს იჩენს გვერდითი ეფექტებიც: ტემპერატურული რეაქცია, თავის ტკივილი, აღგზნებადობა, - რაც, წესისამებრ, 2-3 დღეში გაივლის. იმავე პერიოდში ითრგუნება ზოგადი იმუნიტეტიც, რაც ფონური დაავადებების გამწვავებით ვლინდება. ყოველივე ამის გამო განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დატვირთული ალერგოლოგიური ანამნეზისა და ნერვული სისტემის პათოლოგიების მქონე ბავშვების მიმართ.
- როგორ ავიმაღლოთ იმუნური სტატუსი?
- ეს არც ისე რთულია და გულისხმობს:
- ცხოვრების ჯანსაღ წესსა და კვებისადმი მართებულ მიდგომას;
- თამბაქოსთვის თავის დანებებას - ამით თავს ავარიდებთ მრავალ ტოქსინს, რომელთა შორის ნიკოტინზე საშიში შხამებიც არის;
- ალკოჰოლის მიღების შეზღუდვას (ალკოჰოლიანი სასმელებიდან ნებადართულია და სასარგებლოც კი წითელი ღვინო, ოღონდ ზომიერი ოდენობით);
- წყლის სათანადო ოდენობით მიღებას - საშუალოდ 1-2 ლიტრისა დღე-ღამეში;
- მედიკამენტების ჭარბი და გაუმართლებელი მიღებისგან თავის შეკავებას, განსაკუთრებით - ბანალური ვირუსული ინფექციის დროს - ორგანიზმს უნდა მივცეთ საშუალება, ინფექციას თავად, უხეში გარეგანი ჩარევის გარეშე გაუმკლავდეს.
კვების მართებული რეჟიმი იმუნური სიჯანსაღის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. რეკომენდებულია საკვების მიღება ფიქსირებულ დროს დღე-ღამეში 4-5-ჯერ, ვახშმობა არა უგვიანეს 7-8 საათისა. რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი, მდიდარი ხილით, ბოსტნეულით. აუცილებელია ცხოველური ცილა (მჭლე ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი). ცილოვანი პროდუქტი დღეში 300 გრამამდე უნდა მივიღოთ, აქედან ძროხის ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი, ხაჭო, ყველი - დაახლოებით 60 გრამი; დანარჩენი უნდა მოდიოდეს მცენარეული ცილის წილად.
იმუნური სისტემის ფუნქციობისთვის აუცილებელია ცხიმიც, რადგან, საზოგადოდ, ადამიანის უჯრედების და, კერძოდ, ლიმფოციტების კედელი ლიპიდებისა და ქოლესტერინისგან არის აგებული. ამდენად, ქოლესტერინი ორგანიზმისთვის აუცილებელია. მისი წყაროა კვერცხი, ზეთი, კარაქი.
უნდა ვერიდოთ სწრაფ კვებას (ფასტფუდს), კონსერვებს, ნახევარფაბრიკატებს. რძის პროდუქტებიდან რაციონში მაღალი უნდა იყოს მაწვნის, კეფირის, ყველის წილი. ეს პროდუქტები შეიცავს ბუნებრივ პრობიოტიკებს და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციას. მიკროელემენტების მხრივ საყურადღებოა რაციონში რკინის, იოდის, თუთიისა და სელენის შემცველობის კონტროლი.
იმუნურ სისტემას ვნებს მუდმივი გამოუძინებლობა. რეკომენდებულია ძილი დღე-ღამეში 8 საათი მაინც. საუკეთესო პერიოდია 23:00-7:00. ჯანსაღი ძილისთვის აუცილებელია, საძინებელში იყოს სიჩუმე, სიბნელე და სიგრილე.
ფიზიკური დატვირთვა უნდა იყოს ზომიერი, ჯანმრთელობის შესაბამისი, და არამც და არამც - დამქანცველი და გამომფიტავი. ერთადერთი პირობაა დატვირთვის რეგულარულობა. დატვირთვის სახეობა ყველას შეუძლია საკუთარი გემოვნებისამებრ შეარჩიოს: სირბილი, აერობიკა, იოგა, აღმოსავლური ვარჯიშები. მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ სტრესს, საჭიროებისას მივმართოთ ფსიქოლოგს, ჩავიტაროთ აუტოტრეინინგი, შევიქმნათ პოზიტიური განწყობა დადებითი ემოციების მოზღვავების ხარჯზე.
- დღეს ფართოდ უწევენ რეკლამას იმუნიტეტის მოსაძლიერებელ საშულებებს. შეიძლება თუ არა მათი თვითნებურად მიღება?
- იმუნიტეტის მედიკამენტური კორექციისთვის სპეციალიტის კონსულტაცია აუცილებელია. ამჟამად ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოდგენილია ორი მიმართულების მედიკამენტები: იმუნოსტიმულატორები და იმუნომოდულატორები.
ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბუნებრივი იმუნომასტიმულირებელი პრეპარატია ექინაცია. დამტკიცებულია მისი ეფექტურობა მრავალ ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციასთან მიმართებით. მას ხშირად იყენებენ საპროფილაქტიკო საშუალებად ზამთრის მოახლოებისას - ამ დროს გარემოში საგრძნობლად იზრდება რესპირატორული ვირუსების კონცენტრაცია და, შესაბამისად, დაავადების რისკიც.
ექინაციის საფუძველზეა დამზადებული მრავალი მედიკამენტი - სიროფი, წვეთები თუ ტაბლეტები. იმუნიტეტის საკორექციოდ კარგია დინდგელიც. ეს არის ვიტამინებისა და ამინმჟავების მნიშვნელოვანი წყარო, ვინაიდან შეიცავს B ჯგუფის ყველა ვიტამინს, კაროტინს, რუტინს, C, D, E ვიტამინებს.
იმუნომოდულატორები იმ პრეპარატთა ჯგუფია, რომლებიც უშუალო გავლენას ახდენენ იმუნური სისტემის სხვადასხვა რგოლზე. მათ საფუძველს წარმოადგენს სასუნთქი გზების ინფექციათა გამომწვევი ბაქტერიების ლიოფილური ლიზატები. ეს პრეპარატები არეგულირებენ ორგანიზმის იმუნურ პასუხს, ასტიმულირებენ როგორც უჯრედულ, ასევე ჰუმორულ იმინიტეტს. შედეგად იშვიათდება ავადობა, დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, მცირდება ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის აუცილებლობა.