შინაგან ორგანოთა კედელი
-
გული
გულის კედელი 3 გარსისგან შედგება. გარეთა გარსი სეროზულია. იგი, თავის მხრივ, ორი ფურცლისგან შედგება. შიგნითას ეპიკარდიუმი ეწოდება, გარეთას - პერიკარდიუმი, ანუ გულის პერანგი. ამ ორ ფურცელს შორის მოქცეულია ცოტაოდენი სეროზული სითხე. ამ სითხის წყალობით გული სრიალებს და ხახუნისგან დაზღვეულია. ამ გარსის ანთებას პერიკარდიტს უწოდებენ.
გულის მეორე გარსი კუნთოვანია. მას მიოკარდი ეწოდება, იგი ჩონჩხის კუნთების ანალოგიური განივზოლიანობის მქონე ბოჭკოებისგან შედგება, თუმცა მათგან განსხვავებული უჯრედული აგებულება აქვს - მისი უჯრედები, კარდიომიოციტები, ერთმანეთს ბადებრივადაც უკავშირდებიან. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით გულის კუნთის ქსოვილის უჯრედები გლუვ კუნთებს ჰგვანან, მათსავით უნებლიეთ იკუმშებიან და არ ემორჩილებიან ჩვენს ნებას, ამიტომ მიჩნეულია, რომ გულის კუნთი განსაკუთრებული - შერეული ტიპის კუნთოვანი ქსოვილისგან შედგება. მიოკარდი განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული გულის პარკუჭების მიდამოში და მასზეა დამოკიდებული გულის შემკუმშავი ძალა. ამ გარსის ანთებას მიოკარდიტი ეწოდება.
მესამე ანუ შიგნითა გარსი მოფენილია ენდოთელიუმით და მას ენდოკარდიუმი ეწოდება. ამ გარსის ანთება ენდოკარდიტის სახელითაა ცნობილი.
-
საჭმლის მომნელებელი სისტემა
საჭმლის მომნელებელი სისტემის როგორც ერთი მთლიანი ღრუ ორგანოს კედელი სხვადასხვა უბანზე ფუნქციურადაც და აგებულებითაც სხვადასხვანაირია. მიუხედავად ამისა, ის ერთ ძირითად პრინციპს ექვემდებარება - მიღებული პროდუქტები ისე გადაამუშაოს და მოინელოს, რომ მათგან ორგანიზმმა რაციონალურად შეიწოვოს და აითვისოს სასარგებლო ნივთიერებები, უვარგისი კი დროულად გამოდევნოს გარეთ.
კედელი მთელ სიგრძეზე სამი გარსისგან შედგება. ესენია ლორწოვანი ანუ შიგნითა გარსი, კუნთოვანი ანუ შუა გარსი და გარეთა გარსი, რომელიც სეროზული ან შემაერთებელქსოვილოვანია.
ლორწოვანი გარსი, გარდა იმისა, რომ ნაწლავის ამომფენი საფარია, მეტად რთულ და საჭირო ფუნქციასაც ასრულებს: იგი შეიცავს სხვადასხვა დანიშნულებისა და ბუნების (ნაწლავის უბნის შესაბამისად) მრავალ ჯირკვალს, რომელთა წვენი საკვების მონელების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველია. სპეციალური დანიშნულების მქონე ჯირკვალთა გარდა, მილის მთელ სიგრძეზე (პირის ნაპრალიდან ანალურ ხვრელამდე) ლორწოვანი გარსის სისქეში განლაგებულია ლორწოს გამომყოფი ეპითელური უჯრედები. სწორედ ამიტომ ჰქვია გარსს ეპითელური.
ლორწოვან გარსს, როგორც კედლის შიგნითა გარსს, უშუალო კონტაქტი აქვს საკვებთან და მათი ურთიერთშეხების ხანგრძლივობაზე (საკვების სრული მონელების პროცესი 20-30 საათი გრძელდება) ბევრად არის დამოკიდებული საჭმლის მონელების დონე, ამიტომ ორგანიზმის საჭმლის მომნელებელი მილის სიგრძე მასში მიმდინარე მონელების პროცესის ინტენსივობის პირდაპირი მაჩვენებელია.
ლორწოვანი გარსის მნიშვნელოვანი ანატომიური წარმონაქმნებია ნაწლავის ნაოჭები და ხაოები. მათი საშუალებით იზრდება საკვებთან შეხების ზედაპირი და რეგულირდება ნაწლავში ქიმუსის (საკვები ნარევის) გადაადგილების ტემპი. ლორწოვანი გარსის მთელ სიგრძეზე სისქეში უხვადაა გაფანტული ლიმფოიდური ქსოვილი, რომელიც ლიმფოიდურ ფოლიკულებს ქმნის, ლიმფოციტებს გამოიმუშავებს, ორგანიზმში დამცავ ფუნქციას ასრულებს და იმუნურ სისტემას მიეკუთვნება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა შუა, კუნთოვანი გარსი მილის მთელ სიგრძეზე ერთნაირი არ არის; მისი უმეტესი (შუა) ნაწილი გლუვკუნთოვანი ბოჭკოებისგან იქმნება, ხოლო დასაწყისი (პირის ღრუ, ხახა, საყლაპავი მილის დასაწყისი) და საბოლოო ნაწილები შეიცავს განივზოლიან კუნთებს, რაც უზრუნველყოფს ამ უბნებში მათი მოქმედების რეგულირებას.
კუნთოვანი გარსი, გარდა იმისა, რომ ნაწლავის კედლის ძირითად მასას ქმნის და მექანიკური წინააღმდეგობის დაძლევას ემსახურება (ნაწლავში ხშირად ვითარდება მაღალი წნევა), - ეს მისი სტატიკური ფუნქციაა, - დინამიკურ ფუნქციასაც ასრულებს. ამ ფუნქციის ნაწილია ნაწლავის კედლის პერისტალტიკური და ქანქარისებრი მოძრაობა, რომლებიც საჭმლის მომნელებელი პროცესის უმნიშვნელოვანესი რგოლია.
რაც შეეხება კუნთოვანი შრის ირიბ ბოჭკოებს, ისინი კუჭის - საჭმლის მომნელებელი მილის ყველაზე დიდი მოცულობისა და ტევადობის ორგანოს - კედლის სიმტკიცეს და კუჭში საკვების რთულ გადაადგილებას განაპირობებენ.
- სეროზული, შემაერთებელქსოვილოვანი გარსი, რომლითაც ამოფენილია მუცლის ღრუ და დაფარულია ორგანოთა კედლები, მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იგი ქმნის მოსაზღვრე ბარიერს, ერთი მხრივ, ღრუს კედელსა და ორგანოს შორის და, მეორე მხრივ, თვით მეზობელ ორგანოებს შორის, ამიტომ სეროზული გარსით შეიძლება დაფარული იყოს როგორც ღრუს კედელი, ასევე ორგანო. სეროზული გარსი მისი უჯრედების მიერ გამოყოფილი წვენით რეგულარულად ასველებს ორგანოს, რაც საგრძნობლად ამცირებს ხახუნს როგორც ორგანოებს, ასევე ორგანოსა და ღრუს კედელს შორის.
-
სასუნთქი სისტემა
სასუნთქი სისტემის ორგანოთა კედელი სამგარსიანია. ლორწოვანი გარსი მთელ სიგრძეზე დაფარულია მოციმციმე ეპითელიუმით. მისი წამწამების ცალმხრივი ტალღისებური მოძრაობით მტვრისა და ლორწოს ნაწილაკები გარეთ გამოიდევნება. ეს ლორწოვანი გარსის დრენაჟული ფუნქციაა და სუნთქვის სრულყოფილად განხორციელების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ფუნქციებში უხვი ლორწოვანი და სეროზული ჯირკვლები, რომლებიც სისტემატურად ასველებენ სასუნთქი გზების ლორწოვან ზედაპირს და ჩასუნთქულ ჰაერს ატენიანებენ.
სასუნთქი გზების ლორწქვეშა ჩანაფენში ვენური სისხლძარღვების უხვი ქსელია, რომელიც თავისი ზედაპირული მდებარეობის გამო ახორციელებს სითბოს რეგულაციას ჩასუნთქულ ჰაერსა და ორგანიზმის ტემპერატურას შორის. ამით ჩასუნთქული ჰაერის ტემპერატურა მეტ-ნაკლებად უახლოვდება ორგანიზმისას.
ცხვირის ღრუს რთული აგებულება აქვს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ცხვირის ღრუს ლორწოვანის ზედაპირს, ეს კი ხელს უწყობს ყველა ამ ფუნქციის განხორციელებას. სასუნთქი სისტემის კუნთოვანი გარსი ხრტილოვანი ჩონჩხის წყალობით ნაკლებაქტიურია, მაგრამ კუნთოვანი ბოჭკოების შეკუმშვა მაინც ავიწროებს სასუნთქი გზების სანათურს, ხოლო მათი სპაზმური შეკუმშვა იწვევს სუნთქვის პროცესის დარღვევას, რასაც მძიმე სიმპტომები ახასიათებს და სიცოცხლისთვის მეტად საშიშია.
გარედან სასუნთქი გზები დაფარულია ბოჭკოვანი შემაერთებელქსოვილოვანი გარსით, რომელიც მათ ფიქსაციაში მონაწილეობს და ამავე დროს შეიცავს სისხლძარღვებს, ლიმფურ ძარღვებსა და ნერვებს.
-
შარდსაწვეთი და შარდის ბუშტი
შარდსაწვეთის კედელი სამი გარსისგან შედგება. შიგნითა გარსი ლორწოვანია და ქმნის რამდენიმე გასწვრივ ნაოჭს, რომელთა განივი კვეთით ვარსკვლავისებურად განტოტვილი სანათური იქმნება.
შუა კუნთოვანი გარსი სამშრიანი აგებულებისაა. შიგნითა და გარეთა შრეები გასწვრივი ბოჭკოებითაა წარმოდგენილი, ხოლო შუა - ირგვლივით.
გარეთა გარსი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისგან შედგება, რომელშიც ელასტიკური ბოჭკოებია გაფანტული. ეს გარსი შეიცავს შარდსაწვეთის სისხლძარღვებსა და ნერვებს.
შარდის ბუშტის კედელი ასევე სამშრიანია. მისი შიგნითა ლორწოვანი გარსი ქმნის საკმაოდ ღრმა ნაოჭებს, რომლებიც, ბუშტის ავსების კვალად, თანდათან სწორდება. შარდის ბუშტის კუნთოვანი გარსი სამშრიანი აგებულებისაა. შრეები ერთმანეთისგან მკვეთრად არ არის გამოყოფილი და მათი ბოჭკოები თითქმის ერთიან მძლავ კუნთოვან კედელს ქმნიან.
შარდის ბუშტის კუნთოვან გარსზეა დამოკიდებული შარდის ბუშტის ტონუსი, რომელიც მისი შარდით ავსების ხარისხის შესაბამისად იცვლება. გარედან შარდის ბუშტის ნაწილი მუცლის სეროზული გარსით - პერიტონიუმით არის დაფარული, ნაწილს კი, რომელიც მცირე მენჯის ღრუში ძევს, შემაერთებელქსოვილოვანი საფარი ფარავს.
-
საშვილოსნო
საშვილოსნოს მეტად მძლავრი მრავალშრიანი აგებულების კედელი აქვს. მისი ძირითადი გარსებია: შიგნითა - ენდომეტრიუმი, შუა - კუნთოვანი მიომეტრიუმი და გარეთა - სეროზული ანუ პერიმეტრიუმი ან შემაერთებელქსოვილოვანი გარსი - პარამეტრიუმი.
ენდომეტრიუმი დაფარულია მოციმციმე ეპითელიუმით. მას არ აქვს ნაოჭები, მაგრამ შეიცავს ლორწოვანის სისქეში გაფანტულ მილაკოვანი აგებულების საშვილოსნოს ჯირკვლებს.
მიომეტრიუმი საშვილოსნოს კედლის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. მასში განირჩევა გლუვი კუნთოვანი ბოჭკოების სამი შრე. მიომეტრიუმი მდიდარია სისხლძარღვებით. სწორედ კუნთოვანი შრე აძლევს საშვილოსნოს ორსულობისას ნაყოფის ზრდის კვალდაკვალ გაფართოებისა და მისი ბოლომდე გამოზრდის საშუალებას.
გარეთა შრეს, პერიმეტრიუმს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საშვილოსნოს და მისი დანამატების ფიქსაციაში. ამავე ფუნქციაში მონაწილეობს შემაერთებელქსოვილოვანი საშვილოსნოს მრგვალი იოგი.